„როგორც განუყოფელია კვართი უფლისა, ისე განუყოფელია საქართველო!“
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ძმანო და დანო,
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის საოცარი დღე, როცა ჩვენ ერთად შევასრულეთ საღმრთო ლიტურგია და შევთხოვეთ უფალს საქართველოს კეთილდღეობა და მთლიანობა! თვითონ ამ ქალაქის სახელი სენაკი, უკვე მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ მოღვაწეობდნენ დიდი ბერები და მონაზვნები. მინ და გავიხსენო სენაკის მკვიდრნი დიდი მოღვაწენი. ჩემი მოძღვარი, არქიმანდრიტი შიო (ძიძავა), დიდი სულიერი მამა კონსტანტინე (ქვარაია), მამები ფავსტო და კეფსიმე. ისინი დიდი პიროვნებები და წმინდა ადამიანები იყვნენ და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღეს აქ, მათ ნალოც კუთხეში, ვიმყოფებით. ასევე მინდა გავიხსენო ერთი პიროვნება, რომელსაც მე პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ ბევრი მსმენია მასზე - ეს იყო უთუთი ფაჩულია. იგი აქ შრომობდა, ჰქონდა თავისი სახლი, კარ-მიდამო, ხალხი მიდიოდა მასთან და სულიერ დახმარებას იღებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის დიდი მოღვაწეების აღმზრდელი მხარე, რომელსაც მუდამ დიდი სიხარულითა და სიყვარულით ვიგონებ. მახსენდება ჩემი ჩამოსვლა სენაკში მრავალი წლის წინ, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი; იმ დროს შემოქმედელი ეპისკოპოსი გახლდით და ვსტუმრობდი ამ რაიონში; დიდი შთაბეჭდილებები წავიღე აქედან მაშინ. მინდა ვთქვა, რომ სამეგრელოს რეგიონი განსაკუთრებულია.
მეუფე შიომ ახსენა, რომ სამეგრელოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან იგი აფხაზეთის მიმდებარე მხარეა. ამიტომ სწორედ სამეგრელომ უნდა იკისროს მთელი ქართველი ერის გამთლიანების მისია. არიან შიდა თუ გარე მტრები, რომლებიც ცდილობენ ქართველი ხალხის დაყოფას, მაგრამ მათი ეს მცდელობა ამაოა! როგორც განუყოფელია კვართი უფლისა, ისე განუყოფელია საქართველო! და აი, დღეს კიდევ ერთხელ გამოვლინდა სიყვარული, სიხარული, ურთიერთპატივისცემა ამ რეგიონსა და სხვა რეგიონებს შორის, გამთლიანდა ქართველი ხალხი და ჩვენ იმედით ვართ, რომ გამთლიანდება საქართველო.
საქართველოს ამ კუთხიდან, სამეგრელოდან, მივმართავ აფხაზებს, ოსებს, ჩვენს ძმებს, ჩვენ თქვენ ძმებად მიგვაჩნიხართ! ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე! მინდა გითხართ, რომ დიდი კულტურის მქონე ხალხი ბრძანდებით. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და თქვენ გახსოვთ, როგორი სიყვარული იყო ჩვენ შორის ეს არ უნდა შეიცვალოს. ვშიშობ, რომ თუ თქვენ არ იქნებით საქართველოს ფარგლებში, აფხაზეთი კვლავაც იარსებებს, აფხაზები კი აღარ იქნებიან. ამიტომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ.
დღეს განსაკუთრებული დღეა. კიდევ ერთხელ მინდა თაყვანი ვცე ჩემს მოძღვარს, მამა შიო ძიძავას. მინდა, რომ ეს დღე იყოს დაუვიწყარი, ეს დღე იყოს მოსაგონარი. მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეპისკოპოს შიოს მიენიჭოს მთავარეპისკოპოსის წოდება.
თქვენი სახელით, პირადად ჩემი სახელით, წმინდა სინოდისა და სამღვდელოების სახელით ვულოცავთ მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, მთავარეპისკოპოს შიოს ამ მაღალ ჯილდოს. მასთან ერთად, ასევე, მინდა დავაჯილდოვო ზოგიერთი სასულიერო პირიც. დალოცვილი და გახარებული იყავით!
მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი მოძღვარი, რომელიც დღეს დავაჯილდოვეთ, მამა იოსებ ესაკია, ჩვენს ჯარისკაცებს ემსახურება. დიდად ვაფასებთ მის ამ ღვაწლს და მინდა გაცნობოთ, რომ მომავალში ის იმსახურებს უცხოეთში.
დღეს ჩვენ ვლოცავთ სამეგრელოში მცხოვრებ მრავალ გვარს, რომლებმაც ამის სურვილი გამოთქვს. დალოცვილი არიან გვარები, მონანი და მხევალნი ღვთისანი: გიგიბერიები, ცაავები, ადამიები, ალანიები, ბარკალაიები, ბაღათურიები, გვარამიები, გვასალიები, დავითაიები, დგებუაძეები, ეჯიბიები (ეჯიბაიები), თოდუები, ამინ! კანკავები, კილასონიები, კუპრეიშვილები, მისაბიშვილები, ნარმანიები, გარუჩავები, სილაგაბეები, ოდიშარიები, სანიკიძეები, სიჭინავები, ქავთარაძეები, შალამბერიძეები, შონიები, ამინ! შუშანიები, წულეისკირები, ჯანჯღავები, ჭანტურიები, ჯინარიები, ჯოჯუები, ხარბედიები, ხაბურზანიები, ჩაჩიბაიები, გოგიები, ერფანიები, გუგუნავები, ამინ! ღმერთმა დალოცოს ეს გვარები, ღმერთმა გაახაროს, გაამრავლოს, გააძლიეროს.
ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 2009 წ.