„მუდამ სხვაგან, სადღაც ჩვენს გარშემო ვეძებთ ღმერთს, - სინამდვილეში კი უფალი ჩვენშია და ჩვენ მასში ვართ!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ერთ-ერთი სათნოება, რომელიც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადამიანს, არის მადლიერება. კაცმა მადლობა უნდა შეწიროს ღმერთს ყოველივესთვის! განსაცდელი გვაქვს თუ კეთილდღეობა - მუდამ ვმადლობდეთ უფალს მისი სახიერებისა და სიყვარულისთვის, იმ მადლისთვის, რომელსაც დღენიადაგ გვანიჭებს.
დღევანდელი სახარება მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდა იესო ქრისტეს ათი კეთროვანი, რომლებმაც შორიდან შეჰღაღადეს მას. უფალმა იხილა ამ ადამიანთა რწმენა, ისმინა ვედრება და ბრძანა: „წადით და მოძღვარს ეჩვენეთ“. ეს იმას ნიშნავდა, რომ მოძღვარს სნეულთა განკურნება უნდა დაედასტურებინა. კეთროვნებმა უფლის სიტყვები ისე მიიღეს, როგორც ლოცვა-კურთხევა და რწმენით აღივსნენ; სწორედ ამ დროს მოხდა ამ ადამიანთა განკურნება. მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა უფალთან, რათა მადლობა შეეწირა მისთვის და იგი სამარიტელი იყო. უნდა ითქვას, რომ ბევრ ადამიანს მართლაც არ აქვს საკმარისი მადლიერების გრძნობა; მაშინ, როცა იგი ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა. და უფალი ეკითხება სამარიტელს: „ხომ ათივე განიკურნენით და სხვანი იგი ცხრანი სად არიან?“... თუმცაღა, მხოლოდ ეს კაცი მოვიდა და მუხლებზე დავარდნილი მადლობას სწირავდა მაცხოვარს.
მადლიერების გრძნობა ჩვენც გვაკლია. მახსენდება ერთი შემთხვევა, რომელიც ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე. ერთი მოძღვარი ფსიქიატრიულ კლინიკაში დადიოდა და ავადმყოფებს ანუგეშებდა. სნეულებს შორის იყო ერთი ქალბატონი, რომელსაც დროდადრო ბოროტი სული ეუფლებოდა და სნეულება ძლევდა, ზოგჯერ იგი ამ მდგომარეობიდან გამოდიოდა და ერთხელ, როდესაც კარგად იყო, მოძღვარს ჰკითხა: „მადლობას თუ სწირავთ უფალს, ჯანსაღი გონება რომ მოგცათ?“ ეს მოძღვარი წერდა, რომ ამ შემთხვევამდე მას არასდროს მოსვლია აზრად ეს გაეკეთებინა. ამ დღის შემდეგ იგი მუდამ მადლობდა ღმერთს ამისთვის. და ჩვენც გვმართებს, მადლობას ვწირავდეთ უფალს ყოველი მისი წყალობისათვის! ეს წყალობა ვლინდება ყოველ ადამიანში. კაცმა ხშირად უნდა ჩაიხედოს საკუთარ გულში. ჩვენ მუდამ სხვაგან, სადღაც ჩვენს გარშემო ვეძებთ ღმერთს, - სინამდვილეში კი უფალი ჩვენშია და ჩვენ მასში ვართ!
დღეს არის ხსენება წმინდა ამბროსი მედიოლანელისა. მედიოლანი - დღევანდელი მილანია. ამბროსის ჰქონდა მაღალი საერო წოდება და იგი, როგორც საერო ხელისუფლების წარმომადგენელი, ეპისკოპოსის არჩევას ესწრებოდა. ვერაფრით აერჩიათ მღვდელმთავარი და მოულოდნელად იქ მყოფმა ჩვილმა წამოიძახა: „ამბროსია ეპისკოპოსი!“ ეს ყურად იღეს და ღვთის ნებად მიიჩნიეს. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა, რომ ამბროსი მღვდელმთავარი გახდა. მას მეტად აშინებდა ეს ხვედრი და ყველაფერი იღონა, ხელდასხმა რომ თავიდან აეცილებინა. იგი ხალხს გაექცა და დაიმალა, მაგრამ მაინც იპოვეს. შემდეგ თავის ბინაში ქალის ტანისამოსი მიმოფანტა, რათა ეფიქრათ, თითქოს მასთან ქალები დადიოდნენ. ხალხი კი ამბობდა: „არაფერი ვიცით, თავად უფალმა გამოგირჩია!“ ერთ კვირაში აკურთხეს ამბროსი დიაკვნად, მღვდლად და ეპისკოპოსად. იგი უდიდესი მოღვაწე იყო, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა IV საკუნეში. საოცარია ამ წმინდანის ცხოვრება! ის ნათლად ხედავდა ადამიანს, მის შინაგან ბუნებას. ერთხელ მასთან მივიდა კაცი, რომელსაც სურდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო. ამბროსი მას არც კი იცნობდა - ფანჯრიდან უყურებდა, როგორ მიდიოდა მასთან. წმინდანს თურმე უცნაური განცდა დაეუფლა, შოლტივით მირტყამდა თვალებში მისი სიარული, მისი მიხვრა-მოხვრაო - ასე აღწერს იგი თავის იმჟამინდელ მდგომარეობას: ამგვარად გამოუცხადა უფალმა საკუთარ რჩეულს მთხოვნელის ბუნება და ამბროსიმ იგი უარით გაისტუმრა. ღმერთმა ინებოს, რომ ამ წმინდანის ლოცვა-ვედრებით ყველას მადლი და წყალობა მოგვენიჭოს!
ამბროსი მედიოლანელი ასევე ცნობილია იმით, რომ მისი ლოცვით ღმერთმა ნეტარი ავგუსტინე მოაქცია. ნეტარი ავგუსტინე, ეს უდიდესი პიროვნება, სიჭაბუკეში ქრისტიანი არ იყო და აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა. 16 წლის ჭაბუკს უკვე უკანონო შვილი ჰყავდა. დედამისი ცრემლით ევედრებოდა უფალს შვილის გადარჩენას. ერთხელ დედა წმინდა ამბროსისთან მივიდა და ცრემლით ევედრებოდა: „უშველე ჩემს შვილს!“ წმინდანმა ჰკითხა: „ცრემლით თუ ლოცულობ შენი შვილისთვის?“ და როდესაც დედისგან დასტური მიიღო, მიუგო - მაშინ „შეუძლებელია, რომ დედის ცრემლი დაიკარგოს ღვთის წინაშე, შენი შვილი აუცილებლად მოიქცევა“. სწორედ ამ დროს ნეტარმა ავგუსტინემ, თვითონაც არ იცოდა - რატომ, ხელში აიღო სახარება და კითხვას შეუდგა. მადლი გადმოვიდა მასზე, დაინახა საკუთარი თავი და ტირილი და გოდება იწყო! სახარებით ხელში გავიდა ბაღში და იქ ცრემლით ინანიებდა ცოდვებს. აი, ასე მოხდა ნეტარი ავგუსტინეს მოქცევა და ეს არის დამსახურება წმინდა ამბროსი მედიოლანელისა.
შევთხოვთ უფალს, რომ წმინდა ამბროსი მედიოლანელის ლოცვით მოექცეს მთელი საქართველო! სადაც არის ღვარძლი, ბოროტება, უკეთურება, იქ, ღვთის მადლით, დაისადგუროს - სიყვარულმა, სასოებამ და ჭეშმარიტმა სარწმუწოებამ!
ღმერთმა დაგლოცოთ წმინდა ამბროსი მედიოლანელის ლოცვით!
დღის ჩვენთან მობრძანდნენ უმაღლესი სასწავლებლის ლექტორები. გვინდა დავლოცოთ მათი მოღვაწეობა. დღეს უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგობა ადვილი საქმე არ არის. მრავალი პრობლემა არსებობს, მაგრამ, მინდა ვანუგეშო ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები. ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი დალაგდება. ჩვენ წინ უნდა წავიდეთ და არა - უკან!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ყველას უნდა გვახსოვდეს სიტყვები დიდისა მეფისა ჩვენისა, წმინდა დავით აღმაშენებელისა; როცა მან გელათის აკადემია დააარსა, ასე ბრძანა: ეს აკადემია თავისი სულიერებითა და სარწმუნოებით უნდა იქცეს მეორე იერუსალიმად, დიდი განათლებით კი - მეორე ათინად! მას გისურვებთ თქვენც, ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №40 (526), 2009 წ.