„სულიწმიდის სახელობის ტაძარი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანი მუდამ სასწაულს ეძიებს. ამ დროს ყველაზე დიდი სასწაული თვითონ არის. იგი ღვთის ურთულესი ქმნილებაა და ყველაზე დიდი საოცრება, რომელიც ბოლომდე მიუწვდომელი და შეუსწავლელი რჩება მეცნიერებისთვის.
მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები. ერთი პროფესორი გვიამბობდა ორი ასტრონომის შესახებ, რომლებიც ღვთის არსებობის საკითხზე მსჯელობდნენ. ერთ-ერთი მათგანი ღრმად მორწმუნე იყო, მეორე კი - სრულიად ურწმუნო. ეს უკანასკნელი უარყოფდა ღმერთს და არგუმენტად მოჰქონდა ის, რომ იგი, აი, უკვე რამდენი წელია, აკვირდება ზეცას და არაფერი შეუნიშნავს ღვთის არსებობის დამადასტურებელი. ამაზე მეორე ასტრონომმა მიუგო, ჩემი მეგობარო, შენ ღმერთს ეძებ ცაზე და იმიტომ ვერ პოულობ, - დაგავიწყდა, რომ იგი საკუთარ გულში ეძებო.
და მართლაც, ადამიანმა უნდა ჩაიხედოს თავის გულში და იქ დაინახავს უფალს. ადამიანის გული არის დიდი გონება.
დიდი ცნობილი ფიზიოლოგი პავლოვი ამბობდა, რომ ადამიანს აქვს ორი გონება - მცირე და დიდი. მცირე გონება არის ჩვენი აზროვნება, ხოლო დიდი გონება - ჩვენი გული. ბედნიერია ის ადამიანი, რომლის გულშიც ცხოვრობს უფალი. ბედნიერია ის ადამიანი, რომლის გული არის ტაძარი სულისა წმინდისა და მასში ყველაფერი ორი ძალის (ღვთიურისა და ადამიანურის) შეერთებით ხდება. ღვთის ენერგია და ადამიანის ენერგია შეერწყმის ურთიერთს და იქმნება სინერგია, რომელიც ადამიანს უდიდეს საქმეებს აკეთებინებს. ამ სინერგიის წყალობით ხედავს ადამიანი თავის თავში უდიდეს სასწაულს, ხედავს, რომ ის სხვაგან კი არ უნდა ეძიებდეს ღმერთს, - არამედ საკუთარ თავში იხილოს თავისი შემოქმედი.
ბევრჯერ მქონია საუბარი მედიკოსებთან. ექიმები მიამბობდნენ გულის ოპერაციის შესახებ. რა არის ის ძალა, რომელიც ამუშავებს გულს! ადამიანის გული ისეთივე ქსოვილია, ისეთივე მატერიალურია, როგორც, ზოგადად, ადამიანის სხეული.
და რა არის ის ძალა, რომელიც აძგერებს და აცოცხლებს მას, რომელიც სისხლით კვებავს მთელ სხეულს! ეს არც თუ ისე მარტივი საკითხია და ამიტომ, ასე ზერელედ და ზედაპირულად არ უნდა შევხედოთ ამას.
მახსენდება ჩემი ბავშვობა, სულ პატარა ვიყავი, როდესაც ერთ ჩემს მეგობართან სარწმუნოებრივ საკითხზე კამათი მომიხდა. ის ამტკიცებდა, რომ ღმერთი არ არსებობს, მე კი საპირისპიროს ვუმტკიცებდი. ის ადამიანი დღეს სახელოვანი მეცნიერია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. მაშინაც ძალიან ნიჭიერი იყო; დაამთავრა სამხედრო სამედიცინო აკადემია პეტერბურგში და უკვე მერამდენე წელია მოსკოვში მოღვაწეობს... მე იგი ბავშვობის შემდეგ არ მენახა და მოხდა ისე, რომ წლების შემდეგ მოვძებნეთ ერთმანეთი. მასთან საუბარში ჩვენი ბავშვობისდროინდელი კამათი გავიხსენე, - მას უკვე აღარ ახსოვდა ამის შესახებ. და მითხრა: მე დღესაც ურწმუნო ვარო. ძალიან შევწუხდი და ამ შეხვედრის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობდი.
ერთხელაც დავჯექი და წერილი მივწერე. ჩემს ცხოვრებაში არავისთვის მიმიწერია ასე ვრცელი წერილი, ალბათ 15 გვერდი იყო. ეტყობა, ისე იმოქმედა მასზე ამ წერილმა, რომ დამირეკა და მკითხა: ხომ არ იცი, მონათლული ვარ თუ არაო. და როცა მივუგე, რომ არაფერი ვიცდი ამის შესახებ - ძალიან შეწუხდა. მაშინ მას ვურჩიე, რომ მოსკოვში, ქართულ ტაძარში მისულიყო, იქ ქართველი მოძღვარი ენახა და ის აუხსნიდა ყველაფერს. დღეს, ღვთის მადლით, ეს ადამიანი მორწმუნეა!
ბიბლიაში წერია: „და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. ბედნიერია ადამიანი, რომელსაც აღამაღლებს უფალი. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანი ამაღლდეს - მან უნდა დაიმდაბლოს თავი თვისი. მაგონდება ჩემი სტუდენტობა და პირველი შეხვედრა საქართველოს პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-თან. არდადეგებზე ვიყავი ჩამოსული თბილისში და სიონში მივედი. იქ დიაკონი პახომი აბოლაძე დამხვდა და შემომთავაზა: თუ გინდა, პატრიარქთან მიგიყვანო. ცხადია, სიხარულით დავთანხმდი. უწმინდესმა მელქისედეკმა თბილად მიმიღო, გაუხარდა ჩემი მისვლა და პირველი, რაც მითხრა, - ეს იყო სიტყვები ბიბლიიდან, რომელიც მან, რატომღაც, რუსულად წარმოთქვა (ალბათ ეგონა, რომ ქართული დავიწყებული მქონდა): „ღმერთი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალს მიანიჭებს მადლს“. ეს სიტყვები ჩაიბეჭდა ჩემს გულში, სულ მახსოვს და თან მაშინებს კიდეც; ხშირად მიფიქრია, რომ ალბათ რაღაც ამპარტავნული დაინახა მან ჩემში და გამაფრთხილა. დიდება და მადლობა უფალს, ვცდილობ, ვებრძოლო ამპარტავნებას.
დღეს ეკლესია აღნიშნავს ღვთის რჩეული ადამიანის - თევდორე მღვდლის ხსენებას. დღეს შესრულდა 400 წელი მისი წამებიდან. თქვენ ისტორიიდან იცით, რომ როცა ახალციხიდან თურქები შემოიჭრნენ საქართველოში და მეფე ლუარსაბ II-ის შეპყრობა მოისურვეს, მათ ქართველ მღვდელ თევდორეს მოსთხოვეს, გაძღოლოდა და გზა ეჩვენებინა მეფის სამყოფელისკენ. თევდორე მღვდელმა მტერი სულ სხვა გზით წაიყვანა და როდესაც ამას თურქები მიუხვდნენ, - თავი მოჰკვეთეს. იგი შეეწირა თავის სამშობლოს, დედა-ეკლესიას. მისი მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!
მინდა შეგახსენოთ, მრავალგზის ყოფილა გაჭირვებაში ჩვენი ქვეყანა, მრავალი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობით, რომლის წილხვედრია ჩვენი სამშობლო, - იგი მუდამ სასწაულებრივად გადარჩენილა მშვიდობით.
დღეს, როცა კვლავ განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა, შევთხოვ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას, წმინდა თევდორე მღვდელს, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა ნიკოლოზს, საქართველოს წმინდანებს, მეფეებს, პატრიარქებს, - დაიცვან და დაიფარონ სრულიად საქართველო! გაამთლიანოს უფალმა ჩვენი სამშობლო, ჩვენი ერი და ჩვენი ეკლესია!
ჩვენ წინაშე დღეს მწვავედ დგას მრავალი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ გადაწყვეტას. და მე იმედი მაქვს, რომ ყოველი ადამიანი დატოვებს თავის პირადულ ინტერესებს და ეროვნული საქმის კეთებაზე იზრუნებს.
დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენმა მრევლმა, ქალბატონმა მანანა შარაშიძემ ყოვლადწმინდა სამების ეზოში ააშენა სანათლავი, რომლის კურთხევაც დღეს აღესრულა. ახლა ჩვენ ჩავალთ იქ და კიდევ ერთხელ დავლოცავთ.
სანათლავი ტაძრის მსგავსია და შუაში ემბაზია ამოკვეთილი. ამიერიდან აქ აღესრულება შთაფლვით ნათლობა, როგორც ეს სრულდებოდა მოციქულების მიერ პირველ საუკუნეებში. მინდა დავლოცო ქალბატონი მანანა და მასთან ერთად ყველა ადამიანი, რომელმაც ერთი აგური მაინც შეწირა ამ მშენებლობას.
მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენთან ბრძანდებიან ჩვენი მღვდელმთავრები, მათ შორის, ბოლნისის ეპისკოპოსი, ყოვლადსამღვდელო ეფრემი. მოგეხსენებათ, რამდენად რთულია ეს ეპარქია და მინდა მადლობა ვუთხრა მეუფეს. აქვე ბრძანდებიან მღვდლები ამ ეპარქიიდან და მინდა დავაჯილდოვო ისინი ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდება მივანიჭო. ბოლნისის ეპარქია დღეს გამდიდრდა დეკანოზებით და ღმერთმა ინებოს, რომ უფრო მეტი სიკეთე გააკეთონ, რაც გაუკეთებიათ აქამდე.
დღეს ვლოცავთ ოთხ გვარს: ნაყოფიებს, სოფიებს, სხირტლაძეებსა და იობაშვილებს. ეს გვარები ცნობილია საქართველოში. დალოცვილები იყავით, ღმერთმა გაგამრავლოთ. ღმერთმა ინებოს, რომ მრავალი მეცნიერი გამოვიდეს თქვენი გვარიდან. ღმერთმა ინებოს, რომ ბევრი სიკეთე გააკეთოთ ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის. და ნაყოფიებს და სოფიებს ვაჯილდოებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატით.
დღეს საქართველოს ჰუმანიტარული სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემია აღნიშნავს თავის 15 წლის იუბილეს. მისი პრეზიდენტი ბრძანდება ბატონი დემურ ბუშელეიშვილი. ვულოცავ მათ ამ საიუბილეო თარიღს. საქართველოს ჰუმანიტარული სახელოვნებო მეცნიერებათა აკდემიის პრეზიდენტს გადავცემთ წმინდა სპირიდონ სასწაულთმოქმედის ხატს. მოგეხსენებათ, წმინდა სპირიდონი არის უდიდესი სასწაულთმოქმედი. იგი IV საუკუნის მოღვაწეა და წმინდა ნიკოლოზთან ერთად პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა. მან ხალხის წინაშე მოახდინა სასწაული. განმარტა არსი ყოვლადწმინდა სამებისა: „ღმერთი ერთია, ამასთან ერთად, - ყოვლადწმინდა სამება“ - თქვა მან, აიღო ქვა, მოუჭირა ხელი და უეცრად მას ცეცხლი ავარდა, წყალი დასდინდა და ხელში ქვიშაღა შერჩა, - და აი, ასე, როგორც ერთ ქვაში არის სამი სტიქია, - განმარტა წმინდა მამამ, - ყოვლადწმინდა სამების სამი სახეა ერთში.
ღმერთმა დალოცოს აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსები და ღმერთმა ინებოს, ბევრი სიკეთე მოუტანონ მათ საქართველოს.
მადლობას მოგახსენებთ საქართველოს ჰუმანიტარული სახელოვნებო მეცნიერებათა აკდემიის პრეზიდენტს, აკადემიკოსებს ჩემი არჩევისთვის ამ აკადემიის საპატიო წევრად. იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება.
დღეს კიდევ ერთი სიხარული გვაქვს. ჰერეთიდან ჩამოსულნი არიან ბავშვები, მათი მასწავლებლები და მშობლები. ჩვენ გვინდა დავლოცოთ ისინი. მინდა გახაროთ, რომ ჰერეთის ეპისკოპოს მელქისედეკთან ერთად ჩამოსულ ბავშვებს საჩუქრად ხატებსა და 1000 ლარს გადავცემთ.
ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ ვლოცავთ იმ ხალხს, რომელთაც ააშენეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის სანათლავის დიდებული ტაძარი. იქ არის ტრაპეზი სულიწმინდისა. სულიწმიდის სახელობის ტაძარი ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21, 2009 წ.