„ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით იდიდება საქართველოში და ეს ასეც
უნდა იყოს,
რადგან არც ერთ ქვეყანას არ ხვდომია წილად ამგვარი მადლი -
ეწოდებოდეს მამული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ყველას გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს - ღვთისმშობლობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა განსაკუთრებით იდიდება საქართველოში და ეს ასეც უნდა იყოს, რადგან არც ერთ ქვეყანას არ ხვდომია წილად ამგვარი მადლი - ეწოდებოდეს მამული ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა!
დღეს ჩვენ თაყვანს ვცემთ დედა ღვთისმშობელს და ვევედრებით, რომ იყოს ჩვენი მფარველი ხილული და უხილავი მტრებისგან, გადააფაროს საქართველოს თავისი მოწყალე კალთა, გაამთლიანოს ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა. მალე გვეზეიმოს გამთლიანებული საქართველო, ამინ!
დღეს მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ ჩემი ვიზიტის შესახებ სამეგრელოში. უნდა ითქვას, რომ სამეგრელოს განსაკუთრებული ადგილი უკავია გეოგრაფიულად და სულიერად. ჯერ ერთი, ის მოსაზღვრეა აფხაზეთისა და ამიტომ ამ ვიზიტს განსაკუთრებული მისია და დანიშნულება ჰქონდა.
შემიძლია თამამად ვთქვა: არც ერთ ქვეყანაში და საქართველოს არც ერთ კუთხეში არ დამხვედრიან ასეთი სითბოთი და სიყვარულით, როგორც ზუგდიდში და საერთოდ, სამეგრელოში. მათ გამათბეს მე და მთელი საქართველო და ჩვენ გავათბეთ ისინი.
მინდა აღვნიშნო, დასავლეთის ხალხი, მართალია, ემოციურები არიან, მაგრამ ასეთი სიყვარული არც ერთ სხვა კუთხეს არ გამოუვლენია; რაც იქ ვიხილე, საოცრება იყო! მთელი სამეგრელო გამოვიდა ჩემს შესახვედრად, კოცნიდნენ მანქანას, კოცნიდნენ ერთმანეთს, ბავშვები ყვიროდნენ: „ჯანმრთელად იყავით!“ - ეტყობა გაგონილი ჰქონდათ ჩემი უძლურების შესახებ. ვერც კი წარმომედგინა ასეთი შეხვედრა. სკოლებიდან გზებზე გამოდიოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები... მთელი მოსახლეობა გზის პირას იყო გამოფენილი... ეს სასწაულს ჰგავდა!
ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ როგორი ძლიერია სულიერად ქართველი ადამიანი! „ღმერთი სიყვარული არს“ - ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. და აი, თავისი ეს თვისება - სიყვარული, უხვად მიმადლა უფალმა საქართველოს, ქართველ ერს. და ეს თვისება მოგვეცა იმისთვის, რომ თავადაც გავცეთ, თავადაც შევიყვაროთ, თავადაც ვიქონიოთ მოწყალება, სიყვარული, სასოება, ვხედავდეთ სხვა ადამიანის გასაჭირს და მისი თანადგომა შეგვეძლოს! აი, ამისთვის მოგვანიჭა უფალმა ეს მადლი, ეს უზენაესი თვისება!
არც ერთ ქვეყანას და არც ერთ ერს არ ჰყავს ისეთი მრევლი, როგორიც საქართველოს ეკლესიას! თქვენ გახსოვთ საქართველოში ჩამოსული პატრიარქები და მაღალი იერარქები სხვადასხვა ქვეყნებიდან, - ისინი, ყველანი, ერთხმად ამბობდნენ, რომ მსოფლიოში არსად უნახავთ ასეთი მრევლი, ასეთი მოსიყვარულე და მორწმუნე ერი! ასეთი თბილია ქართველი ადამიანი და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის! ეს უფლის უსაზღვრო მადლია ჩვენზე, უდიდესი წყალობა და ჯილდო. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რადგან უფალი ბევრს გვაძლევს, ბევრს მოგვკითხავს კიდეც. ჩვენ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ შევთხოვოთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით გაგვაძლიეროს, რათა ღირსი ვიყოთ ღვთის სიყვარულისა!
მართლაც რომ შეძრული დავრჩი იმ სიყვარულით, რომელიც სამეგრელოში მაგრძნობინეს. ჩვენ ყველას ერთად გაგვიჩნდა აზრი, რომ სამეგრელოში აუცილებლად უნდა იყოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია, რომ ხშირად მომეცეს საშუალება ჩავიდე იქ და ისევ მოვესიყვარულოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს. ისინი არ დაგვაკლებენ თავის სიყვარულს და სითბოს.
სამეგრელოში დამპირდნენ, ჩვენ თავად ავაშენებთ თქვენთვის რეზიდენციასო და ამისთვის უკვე გამოყვეს 2 ჰა მიწა.
დღეს მთელი ქართველი ერისთვის სამეგრელო და მეგრელები არიან მაგალითნი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს მორწმუნე ხალხი. ბოლო დღეს ძლიერი წვიმა მოდიოდა და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც იდგნენ ამ თავსხმაში და დალოცვას ელოდებოდნენ. შეუძლებელი რამ იყო ყველას პერსონალურად დალოცვა, რადგან ათი ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი და მე მათ საერთო ლოცვა-კურთხევა გადავეცი.
ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეს კუთხე! მე მათ მივეცი განსაკუთრებული ლოცვა-კურთხევა და დავალება, რომ ქართველი ერის გამთლიანების პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღონ.
თქვენ მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ქართველია დღეს უცხოეთში და მათ სამშობლოში დაბრუნება სურთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა შეიქმნას სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი, ღვთის მადლით, აუცილებლად იქნება!
კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის შობას! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით და მისი მეოხებით ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 2009 წ.