„მინდა გთხოვოთ ყველას, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა მშვიდობა სუფევდეს
საქართველოში, სათნოება და კეთილი განწყობა ადამიანებს შორის“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ადამიანის ცხოვრება - ეს არის ურთულესი პროცესი და იგი კიდევ უფრო მეტად რთულდება და მძიმდება, თუკი ადამიანი შორდება ღმერთს.
ბედნიერია ადამიანი, როცა ძალა ღვთისა და მისი ძალისხმევა უახლოვდება და ერწყმის ერთმანეთს. ამ ორი ენერგიის დაახლოებას - ღვთაებრივისა და კაცობრივისა - სინერგია ეწოდება.
ერთი მწერალი ამბობს, რომ ყოველ შემთხვევას აქვს ასევე მეორე სახელი - ბედი. დღეს მინდა გესაუბროო იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ, რა როლი ეკისრება ადამიანს ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ მეტად რთულ პერიოდში ვცხოვრობთ, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი ბედი, ჩვენი ჯვარი, რაც გვარგუნა უფალმა და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა ავიტანოთ. ეს არის ჩვენი გამოცდა და უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთისაგან ბოძებული გამოცდა არასდროს არის იმისათვის, რომ ადამიანი დაეცეს და ვეღარ ადგეს. თუკი ადამიანი დაეცემა, უფალი მივა მასთან და ააყენებს.
მრავალი ადამიანი გაღიზიანებულია დღევანდელი რეალობით. ზოგი კარგავს იმედს, სიყვარულს. ღვთის იმედი არასდროს უნდა დავკარგოთ! უფალი მუდამ ჩვენთანაა! ვფიქრობ, ის დაპირისპირება, რომელიც ჩვენ შორის, უფრო სწორედ, - პოლიტიკურ მოღვაწეთა შორის, - არსებობს, ღვთის ნებით, კეთილად დამთავრდება.
დღეს არის ორი დიდი წმინდანის ხსენება - კირილესა და მეთოდესი. ისინი წარმოშობით ბერძნები იყვნენ, მაგრამ არიან სლავების განმანათლებლები და მაშასადამე, არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს ანგელოზის დღე. ჩვენ გავუგზავნეთ მას მისალოცი დეპეშა, მაგრამ მინდა, თქვენთან ერთად აღვავლინო ლოცვა, რომ ღმერთმა მისცეს მას სიბრძნე და მრავალჟამიერი სიცოცხლე.
მე კარგად ვიცნობ მას და მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი მის შესახებ. ეს იყო ორი ათეული წლის წინ, მაშინ მე უკვე პატრიარქი ვიყავი, ის კი მიტროპოლიტი გახლდათ და ჩვენ ერთი განსაცდელი შეგვემთხვა. ჟენევაში იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შეკრება. მოგეხსენებათ, იმ დროს მე ვიყავი ამ ორგანოს პრეზიდენტი, მიტროპოლიტი კირილე კი საბჭოს წევრი იყო. საბჭოს სხდომაზე განიხილეს ერთი მეტად რთული და მძიმე საკითხი. იმ დროს ავღანეთში საბჭოთა ჯარი იყო და ყველა ამ ჯარის გამოყვანას მოითხოვდა. ბოლოს ეს საკითხი კენჭისყრაზე დააყენეს. გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამ კრების ყველა მონაწილე ერთხმად უჭერდა მხარს ავღანეთიდან საბჭოთა ჯარის გამოყვანას. როცა დადგა კენჭისყრა, ჩვენც ამას დავუჭირეთ მხარი. ჩვენ რომ წინააღმდეგი წავსულიყავით, მხოლოდ ორნი ვიქნებოდით ამგვარ პოზიციაზე. მაგრამ მოსკოვში ხომ უნდა ჩამოვსულიყავით? ამ ამბავმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოძახილი ჰპოვა. მთელი მსოფლიოს პრესა წერდა, რომ საქართველოს პატრიარქმა და რუსეთის მიტროპოლიტმა მხარი დაუჭირეს საბჭოთა ჯარის გამოყვანას ავღანეთიდან. ცხადია, რომ მერე გვქონდა უმძიმესი და უსიამოვნო შეხვედრები მოსკოვში. მე კიდევ ნაკლებად და მეუფე კირილეს - მეტად. იმხანად იყო ე.წ. რელიგიის საბჭო, რომლის თავმჯდომარეც გახლდათ ვინმე კურაედოვი და ჩვენც სწორედ მასთან გამოგვიძახეს. პირველი, რაც კურაედოვმა შემოგვთავაზა - ჩაის ხომ არ მიირთმევთო. რა დროს ჩაი იყო, როცა ვიცოდით, რომ წინ მეტად მძიმე საუბარი გველოდა! მან მითხრა: „თქვენო უწმინდესობავ, რატომ დაუჭირეთ მხარი ამ საკითხს, თქვენ მხარი არ უნდა დაგეჭირათ“. ვუთხარი, რომ მე, როგორც ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, ვალდებული ვიყავი, უმრავლესობის მოთხოვნისთვის მხარი დამეჭირა-მეთქი. მათ შემდეგ შავ დღეში ჩააგდეს მიტროპოლიტი კირილე. დღეს მეუფე კირილე გახლავთ პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა. თქვენი და ჩვენი სამღვდელოების სახელით მე ვულოცავ მას ანგელოზის დღეს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ეკლესებს, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს ბევრი რამ შეუძლიათ გააკეთონ ჩვენი ქვეყნების სასიკეთოდ და ჩვენ ვეცდებით, რომ ასეც მოხდეს.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო.
მოგვიახლოვდა 26 მაისი. შესაძლოა, ეს რთული დღე გამოდგეს ჩვენთვის. მინდა გთხოვოთ ყველას, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა მშვიდობა სუფევდეს საქართველოში, სათნოება და კეთილი განწყობა ადამიანებს შორის.
დღეს შედგება საჯარო ნათლობა და ამჯერად 540-ზე მეტი ბავშვი მოინათლება. ისინი გახდებიან ჩემი ნათლულები. მადლობა და დიდება უფალს, რომ თანდათან მრავლდება ქართველი ერი! მე თავად დავლოცავ დღეს ამ ჩვილებს.
მინდა მოგახსენოთ, რომ მამა ადამი (ახალაძე), დღეს დაინიშნა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. ღმერთმა დაგლოცოთ და ძალა მოგცეთ!
დღეს ვლოცავთ ბუაძეების გვარს. ეს ცნობილი ქართული გვარია. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმინდისა, ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე და სიბრძნე.
დღესვე ვლოცავთ სკოლას, რომელსაც ეწოდება „ფესვები“. მისი დირექტორი გახლავთ მაია ალანია. ღმერთმა გაგაძლიეროთ და გაგახაროთ!
ბავშვების აღზრდა - ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე.
დღეს ასევე ვლოცავთ სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლას და სამტრედიის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის თანამშრომლებს. ღმერთმა ძალა და მშვიდობა მოგცეთ და ღმერთმა ინებოს, რომ ძალიან მალე მოვესწროთ გამთლიანებულ საქართველოს!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ქრისტე აღდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №17, 2009 წ.