„უფრო მეტად უნდა მივენდოთ უფალს, უფრო მეტი სარწმუნოება, სასოება და მორჩილება
უნდა გვქონდეს ღვთისა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ქრისტე აღდგა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის დიდი დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ დღესასწაულს! ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანებს შორის არსებობს დაპირისპირება, გააჩნიათ ურთიერთსაპირისპირო აზრები. აზრთა მრავალფეროვნება ცუდი არ არის, ეს დამახასიათებელია ადამიანის თავისუფალი ბუნებისათვის. ყოველ ადამიანს აქვს თავისი აზრი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან აუცილებლად უნდა შეასრულოს, გაატაროს, განახორციელოს თავისი მოსაზრება. ადამიანმა უნდა მოუსმინოს სხვებს, განიხილოს მათი შეხედულებანი და რომელიც საუკეთესო იქნება მათ შორის, ის განახორციელოს.
ერთ ბრძენს ჰკითხეს: „რა არის ყველაზე საშიში?“ და მან უპასუხა: „კატეგორიული აზროვნება“. კატეგორული აზროვნებაა, როდესაც ადამიანი ვერ უსმენს სხვას; მას ჰგონია, რომ მხოლოდ იგი ფლობს ჭეშმარიტებას, სიბრძნეს და სწორედ მისი თვალსაზრისი უნდა იყოს საყოველთაოდ გაზიარებული და აუცილებლად განხორციელდეს.
„დიდ ხარ შენ, უფალო, და, საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ უფალი მეფობს! უფალი ქმნის! ხშირად ვფიქრობთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი სურვილი საკმარისია იმისათვის, რომ ესა თუ ის აზრი განხორციელდეს. ღვთისმეტყველებაში არსებობს ასეთი ტერმინი - სინერგია. ეს ნიშნავს ღვთისა და ადამიანის ორი ენერგიის დაახლოებას, შერწყმას. ბედნიერია ადამიანი, რომელშიც ხორციელდება სინერგია, ვინაიდან ის აღასრულებს ღვთის ნებას! გახსოვდეთ, რომ ყოველი მოვლენა ღვთის განგებით აღესრულება. სწორედ იქ, ზეციურ სამყაროში, წყდება ესა თუ ის საკითხი და თვით მოვლენა შემდეგ აქ ხორციელდება.
დღეს მინდა დავლოცო მთელი ქართველი ერი. ქართველები ხშირად სხვა აზრის მქონეთ უცხო ადამიანებად ვრაცხთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველანი ძმები ვართ და ერთსულოვნება უნდა სუფევდეს ჩვენში! განსხვავებული აზრი არსებობს და უნდა იარსებოს კიდეც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ის უნდა იქცეს ქვაკუთხედად.
ამასთან, ისიც აღვნიშნოთ, რომ ჩვენ გვახასიათებს ამპარტავნება. შევთხოვთ უფალს, გვიხსნას ამ დიდი ცოდვისაგან! ამპარტავნება საშინელი ცოდვაა, ამ ცოდვამ დაღუპა ანგელოზი და ეშმაკად აქცია. ამპარტავნების გამო ადამიანი სამოთხიდან დედამიწაზე გამოიდევნა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ამპარტავნებას ვერ კურნავს ვერც წმინდანნი, ვერც ანგელოზნი, მას ჰკურნავს მხოლოდ წმინდა სამება! ამიტომ შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, გვიხსნას ამ საშინელი ცოდვისაგან, ამინ!
დამოუკიდებლობის დღეს მინდა საგანგებოდ დავლოცო ჩვენი შინაგანი ჯარი, რომელსაც დიდი და მძიმე განსაცდელი ხვდა წილად და ყველაფერი ღირსეულად აიტანა. დღეს მათ სჭირდებათ გამხნევება და სულიერი განმტკიცება. ღმერთმა მისცეს მათ სიმტკიცე და ძლიერება!
აი, უკვე თითქმის თვე-ნახევარია, ნაწილი ჩვენი მოსახლეობისა პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს. ეს მეტად რთული საკითხია. და საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ თითქოს წესად იქცა ჩვენში პრეზიდენტის გადაყენება. ასე დაასრულეს მოღვაწეობა საქართველოში პირველმა და მეორე პრეზიდენტებმა. და თქვენ კარგად იცით, რა მოგვიტანა ამ გადაყენებამ... ამიტომ, მე ვფიქრობ და ამას უბრალოდ მოგახსენებთ, როგორც ჩემს პირად აზრს, - ხომ არ იქნება უფრო სწორი, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. ყველას უნდა გვქონდეს უნარი მოსმენისა, - პატრიარქსაც, პრეზიდენტსაც, უბრალო რიგით ადამიანს. ყველამ მოვუსმინოთ ერთმანეთს. და საუკეთესო აზრი მივიღოთ და გავითავისოთ. ჩვენში არ უნდა იყოს მიკერძოება, არ უნდა ვფიქრობდეთ ასე: „ეს ჩვენი პარტიის წევრია, ამიტომ - ჩვენიანია, ის სხვა პარტიის წევრია, ამიტომ - უცხოა“. ჩვენ ერთნი ვართ, ერთი ერი, ერთი ქვეყანა და ერთსულოვნება გვჭირდება. მოდით, ყველამ ერთად შევთხოვოთ უფალს, რომ შემოქმედმა თავისი უზენაესი ნებით გადაწყვიტოს ყველა სადავო საკითხი, რომელიც დღეს ასე მწვავად დგას ჩვენ წინაშე. საკუთარ თავზე ნუ ავიღებთ უფრო მეტ უფლებებს, ვიდრე დაშვებულია ღვთისაგან. უნდა ვიყოთ მორჩილნი ღვთის ნებისა! ღვთის მადლი ყველაფერს განაჩენს, ყველაფერს დაალაგებს თავის ადგილზე.
მახსენდება დავით წინასწარმეტყველის ლოცვა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. სწორედ ეს სიმშვიდე გვაკლია დღეს, რომელსაც დავით წინასწარმეტყველი, სოლომონ ბრძენის მამა ითხოვს უფლისგან!
ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე! ღმერთმა მოგცეთ მოთმინება, ღმერთმა მოგცეთ თავმდაბლობა!
მახსენდება ჩემი სტუდენტობის პერიოდი, როცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბრძანდებოდა მელქისედეკ III (ფხალაძე). როდესაც მას პირველად შევხვდი, მისი პირველი სიტყვები ჩემდამი იყო: „ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.
ღმერთმა მოგვცეს მადლი ღვთისა, რომელიც გადაარჩენს ჩვენს სამშობლოს! ნუ ვიფიქრებთ, რომ შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ - არა, ეს მხოლოდ უფალს შეუძლია! ეს სინერგია უნდა შედგეს, მაშინ იკურთხება ჩვენი საქმე. თითოეული ადამიანის ხსნა და ცხონებაც ხომ ღვთის ხელთაა! ერთი ცნობილი პოეტი ამბობს: „ყოველ შემთხვევას აქვს მეორე სახელი - ბედი“. ღმერთმა კარგი ბედი მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა! უფრო მეტად უნდა მივენდოთ უფალს, უფრო მეტი სარწმუნოება, სასოება და მორჩილება უნდა გვქონდეს ღვთისა და ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2009 წ.