„თუ
დავკარგავთ რწმენას, სიყვარულს და სასოებას, უბედური ხალხი ვიქნებით.
ღმერთმა მოგვცა მართლმადიდებელი ჭეშმარიტი
სარწმუნოება და ეს სარწმუნოება და ეკლესია მიგვიყვანს სასუფეველში!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისაო, დაგვიცევ და დაგვიფარე ჩვენ“, დაიცევ და დაიფარე და გაამთლიანე სრულიად საქართველო!
დღეს არის უდიდესი დღესასწაული. ამ დღეს კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, დედოფალი ელენეს ბრძანებით, გოლგოთაზე მოიძიეს ჯვარი უფლისა. შეგროვდა დიდძალი მორწმუნე ერი, ყველას სურდა, თაყვანი ეცა ჯვრისათვის. იერუსალიმის პატრიარქმა ოთხივე მხარეს აღამაღლა ჯვარი, რომ ყველას ეხილა და თაყვანი ეცა ამ უდიდესი სიწმინდისათვის!
და აი, ეს დღესასწაულია დღეს და ჩვენ თაყვანსა ვსცემთ ჯვარსა პატიოსანსა უფლისასა.
ჯვარი უდიდესი საიდუმლოებითაა მოცული. ქრისტეს მოსვლამდე ჯვარი იყო სიკვდილით დასჯის სამარცხვინო იარაღი. როდესაც უნდოდათ ადამიანის დამცირება, მისი შეურაცხყოფა, თუკი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ, - მას ჯვარზე აკრავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სურდათ სამაგალითოდ დაესაჯათ პავლე მოციქული, იგი ჯვარს არ აცვეს, რადგან რომის მოქალაქის მაღალი წოდება ჰქონდა და მას თავი მოჰკვეთეს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე არ იყო რომის მოქალაქე და ამიტონ იგი ჯვარს აცვეს, მაგრამ ამით შეიძინა ჯვარმა უდიდესი ძალა ძლევისა!
რა მნიშვნელობა აქვს ჯვარს ჩვენს ცხოვრებაში? უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას ჯვარი. ამ სულიერი ჯვრის ვერტიკალური ძელი არის სწრაფვა ღვთისაკენ, ხოლო ჰორიზონტალური - სიყვარული ადამიანებისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც შექმნის ჯვარს თავისი ცხოვრებით. ჩვენი ცხოვრება იწყება და მთავრდება ჯვრის გამოსახვით. დღეს, მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ, ჯვარი უდიდესი სიწმინდე და უდიდესი ძალაა ეშმაკის წინააღმდეგ.
მოხარული ვარ, რომ დღეს ამ დიდ დღესასწაულზე არის სკოლების დალოცვა. მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ბავშვების შესახებ. ძალიან ბევრი ბავშვია დღეს ეკლესიაში და ალბათ ყველას ვერ გავაგონებ. ამიტომ მშობლებმა მიგდეთ ყური და აღასრულეთ, რასაც ვიტყვი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ბავშვებს რწმენა უნდა ვასწავლოთ, ვაზიაროთ მართლმადიდებელ სარწმუნოებას. არ მახსოვს ჩვენს ოჯახში ისეთი საღამო, რომ დასაძინებლად ლოცვის გარეშე დავწოლილიყავით. ეს იყო აუცილებელი სულიერი განწმენდა. მამა ზეპირად წაიკითხავდა ხოლმე ლოცვებს, გვათქმევინებდა 90-ე ფსალმუნს და შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა. ეს იყო ყოველდღიური აუცილებელი წესი ჩვენს ოჯახში და ეს წესად უნდა იქცეს ყოველ მორწმუნე ოჯახში. სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი და ყოველდღე უნდა ასხურებდეთ სახლს, საწოლს, ოთახებს.
მაშასადამე, პირველი, რაც უნდა ასწავლოს მშობელმა შვილს, არის რწმენა, ეკლესიაში სიარული, აღსარების თქმა და ზიარების მიღება. მაგრამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ბავშვის მონათვლა.
ჩვენ ბავშვებს ვუსურვებთ ბედნიერებას; ყველას უნდა, რომ მისი შვილები ბედნიერები იყვნენ. ამისთვის ყოველდღიურად უნდა დალოცოთ ისინი. შვილი - დიდი თუ პატარა, დედ-მამას ხელზე უნ და ემთხვიოს და დალოცვა სთხოვოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბავშვების გასაგონად და მშობლების საყურადღებოდ, აუცილებლად ყოველდღე ითხოვეთ მშობლებისაგან ლოცვა-კურთხევა. აუცილებლად ემთხვიეთ ხელზე და მათი დალოცვით იქნება თქვენზე ღვთის კურთხევა.
მეორე, რაც უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, ეს არის სიყვარული. „ღმერთი სიყვარული არს“, - ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. უფალმა უხვად მოგვმადლა მადლი და ძალა სიყვარულისა და ჩვენ ეს სიყვარული უნდა გავცეთ. სასწაულია, - რაც უფრო მეტს გასცემს ადამიანი, იმდენად მეტი უბრუნდება მას. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ სიყვარული მშობლების, სიყვარული ადამიანების, სიყვარული გაჭირვებული ადამიანების, სიყვარული ბუნების, ცხოველების. უსაზღვრო სიყვარული უნდა სუფევდეს ადამიანის გულში; იმდენად მოსიყვარულე გული უნდა ჰქონდეს მას, რომ მთელ მსოფლიოს იტევდეს.
მესამე, რაც აუცილებლად უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, ეს არის - იმედი, იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა და იმედი მომავლისა - სარწმუნებასა და სიყვარულზე დამყარებული. უიმედო ადამიანი ძალიან საცოდავია. თუ იმედი გვექნება, ღმერთი მოგვანიჭებს მადლს, აღასრულებს ჩვენს სათხოვარს.
დღეს ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, როგორი იყვნენ ჩვენი წინაპრები, როგორი ვართ ჩვენ და როგორი იქნება ჩვენი მომავალი თაობა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი პროგრესია მეცნიერებაში, ტექნიკაში და ძალიან დიდი რეგრესი - სულიერებაში; უკან არის გადადგმული ერთი კი არა, ძალიან ბევრი ნაბიჯი! ჩვენ უნდა ვფიქრობდეთ მომავალზე. თუ დავკარგავთ რწმენას, სიყვარულს და სასოებას, უბედური ხალხი ვიქნებით. ღმერთმა მოგვცა მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოება და ეს სარწმუნოება და ეკლესია მიგვიყვანს სასუფეველში!
დღეს ჩვენ ვლოცავთ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას. ბევრჯერ მსმენია, რომ ამ ბოლო ხანებში ბავშვები ჯიბით ატარებენ დანებს. მინდა გითხრათ, ჩვენო სულიერო შვილებო, რომ ეშმაკს არ სძინავს, ეშმაკი ქმნის ისეთ საცდურებს, ისეთ განსაცდელს, რომ შეიძლება ბავშვმა დანა თავისი მეგობრისა თუ ამხანაგის წინააღმდეგ გამოიყენოს. ამიტომ არავითარ შემთხვევაში დანა არ უნდა გქონდეთ, არც ჩანთაში და არც ჯიბეში.
მინდა ასევე მივმართო მასწავლებლებს. მასწავლებელს, უპირველეს ყოვლისა, ბავშვები უნდა უყვარდეს, უნდა ეფერებოდეს მათ, უნდა შეაყვაროს თავი. მასწავლებელი, რომელიც ბავშვს ეტყვის, რომ ის „უნიჭო, დებილი და ცუდია“, იგი იმ დღესვე უნდა წავიდეს სკოლიდან, სამუდამოდ უნდა დატოვოს სკოლა, რადგან ასეთი ადამიანი ბავშვს კარგს ვერაფერს ასწავლის. ყოველი მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, გაესაუბროს, მოეფეროს ბავშვს, გამონახოს მასთან საერთო ენა. მოსწავლეს უნდა უყვარდეს თავისი მასწავლებელი, ყოველ ბავშვს კარგად უნდა იცნობდეს, უნდა იცოდეს - ვის რა უჭირს და, შეძლებისდაგვარად, ეხმარებოდეს პატარას, რათა დააძლევინოს პრობლემები.
საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი მასწავლებლის გულქვაობა. ისე დავამთავრე საშუალო სკოლა, - ერთხელაც არ მომფერებია, თავზე ხელი არ გადაუსვამს მასწავლებელს, არც ჩემთვის და არც სხვებისთვის. ეს იყო ადამიანი, მკაცრი პოლიციელის მსგავსი. მე არ მიყვარდა არც ის და მის გამო - აღარც სკოლა. ერთხელ ის მასწავლებელი ავად გახდა და იგი სხვამ შეცვალა, რომელიც სულ სხვა ადამიანი იყო, სიყვარულით სავსე. მან შემაყვარა სკოლაც, სწავლაც. მე ის მიყვარდა და გავხდი ფრიადოსანი. აი, რას ნიშნავს მასწავლებლის სიყვარული!
სიტყვას უდიდესი ძალა აქვს, თუ მასწავლებელი ეტყვის ბავშვს „შენ ხარ ნიჭიერი, შენ ხარ გენიალური!“, ის ბავშვი აუცილებლად გამოიჩენს თავს, მოინდომებს სწავლას და გაამჟღავნებს თავის ნიჭს, რომელიც ყოველ ბავშვს აუცილებლად აქვს ღვთისგან მომადლებული. და ასეთ შემთხვევაში ის ბავშვი აუცილებლად გენიალური გამოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ადამინი გენიალურია, მაგრამ ჩვენ ვერ ვპოულობთ ჩვენს ადგილს ამ ცხოვრებაში. მასწავლებლები, მშობლები და განსაკუთრებით, ფსიქოლოგები უნდა აკვირდებოდნენ მოსწავლეებს და უნდა გამოავლინონ მისი ნიჭი, რა საგნები უყვართ, რა აინტერესებთ, რისი ნიჭი აქვთ, - ეს ყველაფერი მათ უნდა დაინახონ. ბავშვის ნიჭი პატარაობიდან უნდა გამოვლინდეს და განვითარდეს. ამიტომაა დაუშვებელი, რომ მასწავლებელმა, ფაქიზი, ჯერ კიდევ არამდგრადი ფსიქიკის მქონე ბავშვს უთხრას: „შენ უნიჭო, უვიცო!“ ასეთი ადამიანი მასწავლებლად არ გამოდგება და სხვა სამსახური უნდა ეძებოს.
ვლოცავთ თბილისის I საჯარო სკოლას, რომლის დირექტორიც აქ ბრძანდება. და მინდა მივცე ლოცვა-კურთხევა მას და განსაკუთრებით მასწავლებლებს, - მოეფერონ ბავშვებს. მინდა ასევე ვითხოვო, რომ მასწავლებლებმა ორიანი არ დაუწერონ ბავშვებს; ან სულ არაფერი დაუწეროთ, ან - კარგი ნიშანი.
მეორე სკოლა, რომლსაც ჩვენ დღეს ვლოცავთ, არის ლიცეუმი - „მწიგნობართუხუცესი“, მისი დირექტორიც აქ ბრძანდება. იგივე სურვილები მაქვს თქვენ მიმართაც - მოეფერეთ ჩვენს ბავშვებს და ისინი ბევრს გააკეთებენ, შეუძლებელს შეძლებენ!
ხანდახან ზოგიერთ ბავშვზე ამბობენ, რომ იგი „ძნელად აღსაზრდელია“. სინამდვილეში ასეთი ბავშვი ძნელად აღსაზრდელი კი არ არის, მას დიდი ნიჭი და ენერგია აქვს და არ იცის, სად დახარჯოს და რაში გამოიყენოს. თქვენ, პედაგოგებმა, უნდა დაინახოთ ეს ნიჭი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ბავშვებისაგან დიდი პიროვნებები გამოვლენ.
ადრე მიამბნია მრევლისთვის, მაგრამ თქვენ შეიძლება არ იცოდეთ. იყო ერთი ინგლისური ოჯახი; ბავშვს 6 წელი რომ შეუსრულდა, მამამ მას ლამაზი ცული აჩუქა. როდესაც მამა სამსახურში წავიდა, ბავშვი ამ ცულით ბაღში გავიდა და სულ დაჭრა, რაც კი ნერგები ჰქონდათ. უბრალოდ, მას უნდოდა გაესინჯა, როგორი ცული აჩუქეს. მამა რომ შინ დაბრუნდა და ეს ამბავი შეიტყო, არ გაუწყრა შვილს. პატარა ბიჭი უკვე დარდობდა და განიცდიდა, რომ ცუდი საქმე ჩაიდინა. მამა მოეფერა ბავშვს და უთხრა: ნუ განიცდი, მე კიდევ დავრგავ სხვა ნერგებსო. და ეს ბავშვი გახლდათ აშშ-ს პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი. ასე რომ, ძნელად აღსაზრდელი ბავშვები ყველაზე საყურადღებოა პედაგოგისთვის.
მინდა, კიდევ ერთი რჩევა მოგცეთ, ჩვენო შვილებო. თუ გინდათ, რომ ჯანმრთელები იყოთ, სისუფთავე აუცილებლად უნდა დაიცვათ, ხშირად უნდა გამოიცვალოთ ტანსაცმელი, საცვლები, ლოგინის თეთრეული. ყოველი ჭამის წინ ხელები კარგად უნდა დაიბანოთ. პირადი ჰიგიენა ყველასათვის აუცილებელია, თუ გინდათ, რომ ჯანსაღი იყოთ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავითარ შემთხვევაში დანები არ უნდა ატაროთ!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა დალოცოს მოსწავლეები და მათი პედაგოგები!
დღეს ტაძარში ასევე ბრძანდება მე-5 სამშობიარო სახლის კოლექტივი. ჩვენ მეტად მოხარული ვართ, რომ ვხედავთ მათ წირვაზე. თქვენ ემსახურებით მომავალს და ჩვენი მომავალი, ღვთის მადლით, კარგი უნდა იყოს. ღმერთმა დალოცოს მე5 სამშობიარო სახლის დირექტორი ბატონი დავითი და მთელი კოლექტივი.
დღეს ვლოცავთ ძალიან გამორჩეულ და ცნობილ გვარს - მძელურებს. სიონის საპატრიარქო მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, ქალბატონი მარიკა, მძელურია. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბევრი დიდი ადამიანი გამოსულა თქვენი გვარიდან და მომავალიც ბრწყინვალე ყოფილიყოს, გამრავლდით და გაძლიერდით, ამინ!
ხვალ შედგება საჯარო ნათლობა ჩემი ნათლულებისა. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია, მაგრამ დღეს მწუხარე დღე გვაქვს - დღეს სოხუმის დაცემის დღეა. სიხარულს და სიყვარულს ხშირად მწუხარება მოსდევს. დღეს ის დღეა, როცა დახვრიტეს ჩვენი საამაყო შვილი - ბატონი ჟიული-დავით შარტავა. მინდა ვთქვა, რომ ბატონმა ჟიულიმ საქართველოს ტკივილი იტვირთა. სოხუმის დაცემამდე ცოტა ხნით ადრე მასთან ჩავიდა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე. მას იგი თავის კაბინეტში მიუღია. ჟიული შარტავას ხელები მაღლა აღუპყრია და უთქვამს: ღმერთმა მე დამსაჯოს და საქართველო გადაარჩინოსო! სულ მოკლე ხანში იგი დახვრიტეს. როგორც ამბობენ, მასთან ერთად დახვრიტეს მამია ალასანია, ბატონ ირაკლი ალასანიას მამა და მრავალი სხვა.
ერთხელ რუსეთიდან წერილი მივიღე. წერილის ავტორს ეტყობოდა, არც რუსი იყო და არც ქართველი, რომელიღაც სხვა ეროვნების ადამიანი გახლდათ. იგი მწერდა, დიდხანს ვიფიქრე, მომეწერა თუ არა ეს წერილიო, და მიამბობდა, რომ ესწრებოდა ჟიული შარტავას დახვრეტას და არ იცოდა ვინ იყო ეს პიროვნება. მერე უკითხავს და მისი სახელი და გვარი რომ არ დავიწყებოდა, ასანთის კოლოფზე წაუწერია. ეს ადამიანი გააკვირვა ბატონი ჟიულის გმირობამ, მას ეწერა: „საქართველო უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავს ასეთი შვილები, როგორიც ჟიული შარტავა იყო!“
დღეს ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ ჟიული, მამია და სხვანი, ბრძოლის ველზე დაცემულნი, ქართველები, აფხაზები, რუსები, სხვა ეროვნების წარმომადგენლები, ყველანი, ვინც დაეცა ამ უაზრო ომის ველზე, ღმერთმა ნათელში ამყოფოს და დააწესოს მათი სულები, სადაცა მართალნი განისვენებენ! ღმერთმა დალოცოს მათი სულები!
ღმერთმა დაგლოცოთ და ინებოს ღმერთმა, რომ ჩვენი მწუხარება სიხარულად გადაიქცეს, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 2009 წ.