უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

საკვირაო ქადაგება

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 29 მარტი, 2009 წ.

„პატრიარქი არ უნდა შეშინდეს, იმიტომ რომ უფალი მუდამ მასთან არის“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

ჯერ კიდევ ძველ რომაელებს უთქვამთ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად“. რატომ ხდება ასე? რას მოასწავებს ეს ცვლილება? სოლომონ ბრძენი ამბობს: „ჟამი არს მშვიდობისა და ჟამი არს ომისა“ - აქაც ცვალებადობაა. ასეთია განგება ღვთისა! გარშემო ყველაფერი იცვლება და ადამიანიც იცვლება. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ ცვლილებებს საკუთარ თავში. უნდა ვიცოდეთ: სად მივდივართ, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ვინ ვიქნებით ხვალ. ეს კითხვა მუდამ დგას ჩვენ წინაშე და ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.

დღეს არის ხსენება იოანე კლემაქსისა, ანუ კიბისაღმწერლისა. იოანე კიბისაღმწერელი გვისახავს სულიერ კიბეს, რომელზეც უნდა ავიდეს ადამიანი.

დღეს ასევე არის ხსენება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ამბროსი ხელაიასი, რომელიც აღიარებულია წმინდანთა შორის და მას ეწოდა ამბროსი აღმსარებელი. საოცარია მისი ცხოვრება. მას მოუწია საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელობა ძალიან მძიმე დროს; ეს იყო ჟამი, როცა ყველაფერი სწრაფად იცვლებოდა და, მათ შორის, - ხელისუფლებაც. გათავისუფლდა საქართველო და ეს აღიარა მსოფლიომ - მალე სუვერენულ ქვეყანაში შემოიჭრა საბჭოთა ჯარი და კვლავ დაიპყრო საქართველო. უწმინდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ გენიუს კონფერენციაზე მემორანდუმი გაგზავნა, ასე გამოთქვა მან თავისი პროტესტი მომხდარი ფაქტის წინაშე. ამის გამო საბჭოთა ხელისუფლებამ იგი დააპატიმრა; ჩატარდა გამოძიება, გაიმართა სასამართლო და მას სიკვდილით დასჯა მიესაჯა. თუმცა მერე შეუცვალეს ეს სასჯელი. სწორედ უწმინდესსა და უნეტარეს ამბროსი ხელაიას ეკუთვნის საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული სიტყვები, რომელიც მან წარმოსთქვა, როდესაც უკანასკნელი სიტყვის თქმა მოსთხოვეს. მათ ეგონათ, რომ ამით პატრიარქს შეაშინებდნენ, მაგრამ პატრიარქი არ უნდა შეშინდეს, იმიტომ რომ უფალი მუდამ მასთან არის და პატრიარქმა ბრძანა: „ჩემი სული ეკუთვნის ღმერთს, გული - სამშობლოს, ხოლო ამ სხეულს, რაც გინდათ, ის უყავით.“

მახსენდება უწმინდესისა და უნეტარესის ეფრემ II-ის ნაამბობი იმის შესახებ, თუ როგორი იყო უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი, როგორც პიროვნება, როგორც ადამიანი. ეფრემ II იმ დროს იყო მღვდელ-მონაზონი და მდივანი უწმინდესი ამბროსისა. იმ პერიოდში ბოლნისის რაიონში, გომარეთში, მღვდელი მოუკლავთ და იმდენად მძიმე მდგომარეობა ყოფილა, რომ ვერავინ ეკარებოდა თურმე გვამს და იგი დასვენებული იყო მდინარის პირას. უწმინდეს ამბროსის უთქვამს მღვდელ-მონაზონი ეფრემისთვის, „უნდა წახვიდე და უპატრონო გარდაცვლილ მღვდელს, დაკრძალო და მღვდელმოქმედება შეასრულო.“ და მამა ეფრემს დაუფიქრებლად უთქვამს: „არ წავალ იქ, როგორ უნდა წავიდე, როცა ისეთი ვითარებაა, რომ შიშისაგან მღვდელს ვერ ასაფლავებენ!“ ამ დროს უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი შეუძლოდ ყოფილა და ამ სიტყვების გაგონებაზე, თურმე კედლისკენ გადაბრუნებულა და ცრემლები გადმოსცვენია. მერე მამა ეფრემმა თურმე დაუჩოქა და უთხრა: „წავალ, უწმინდესო“. და გვიამბობდა, როგორ ასრულებდა წირვა-ლოცვებს ამ სოფელში. ისეთი წესი ჰქონიათ, რომ თითქმის ყოველდღე ეკლესიაში შესაწირავი მიჰქონდათ და კლავდნენ ცხვარს ან საქონელს და მათი ჩვეულებით ერთი ბარკალი ეკუთვნოდა მღვდელს და ეს შესაწირი მათ თურმე საკურთხეველში შეჰქონდათ და ტრაპეზზე დებდნენ. აი, ასეთი მდგომარეობა იყო იქ სარწმუნოებისა! მამა ეფრემს ეს მათთვის აუკრძალავს. ასევე გვიყვებოდა: „წირვა როგორ უნდა შემესრულებინა, როცა არც მგალობლები იყვნენ, არც მედავითნე და არაფერი იცოდნენ წირვისო! მე ვასწავლე „უფალო შეგვიწყალე-ს“ გალობა და მთელი წირვის დროს მარტო ვკითხულობდი, მღვდლის, დიაკვნის და მედავითნის საკითხავებსა და გუნდის საგალობლებსაც. ისინი კი მთელი წირვის განმავლობაში „უფალო შეგვიწყალენს“ გალობდნენ.“ აი, ასეთი მდგომარეობა იყო იმ დროს. უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი საქართველოს ეკლესიას სათავეში 1921- 1927 წლებში ედგა.

როდესაც უწმინდეს ამბროსის სიკვდილით დასჯა პატიმრობით შეუცვალეს, იგი მეტეხის ციხეში ბრძანდებოდა. საქართველოში ჩამოსულა კალინინი და უბრძანებია: დღესვე გაათავისუფლეთ პატრიარქიო. იმდენად დაუძლურებული, ნატანჯი და ნაწამები იყო პატრიარქი ამბროსი, რომ წირვა-ლოცვის ჩატარების ძალა აღარ შესწევდა. ციხიდან გამოსულ პატრიარქს სთხოვეს, სიონში, აღსავლის კართან, ამბიონიდან ჯვარი გადაესახა ხალხისთვის. მთელი თბილისი შეკრებილიყო ამ კურთხევის მოლოდინში. უწმინდესი ამბროსი მივიდა სიონში, მორწმუნე ერს ჯვარი გადასახა და იქვე ჩაიკეცა და გონება დაკარგა. აი, ასეთი დიდი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს ქართველ ერს! და მისი ლოცვითა და ვედრებით ღმერთმა მოგვცეს მშვიდობა, საქართველოს მთლიანობა და ერთსულოვნება!

მინდა გითხრათ, რომ დღესაც რთული და მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში, დღესაც ბევრი პრობლემაა საქართველოს წინაშე. და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ როგორღაც შევინარჩუნოთ ერთსულოვნება. ალბათ, ყველამ მოისმინეთ ჩემი მიმართვა სრულიად საქართველოსადმი - ჩვენი ხალხის, მთავრობის და ოპოზიციის მიმართ. მინდა დღესაც წაგიკითხოთ ამ მიმართვის ტექსტი:

ვწუხვარ, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში, თანდათან იმდენად იძაბება, რომ სიტუაცია უკვე კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით მოგმართავთ როგორც ხელისუფლებას, როგორც ოპოზიციას, რათა არც ერთმა მხარემ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოს ძალისმიერი მეთოდები, არამედ პირიქით, სამშობლოს საკეთილდღეოდ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომ არსებული პრობლემები გადაიჭრას და დაძაბულობა მშვიდობიანი გზით განიმუხტოს. ასევე მოვუწოდებთ ჩვენს საზოგადოებას, თითოეულ წევრს, გამოიჩინონ სიბრძნე, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გააძლიერონ ლოცვა ქვეყნისათვის.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და მოგვცეს მშვიდობა და ერთსულოვნება, ამინ.

აი, ასეთი სიტყვებით მივმართეთ გუშინ სრულიად საქართველოს. ეს დაიწერა იმიტომ, რომ ძალის გამოყენების საშიშროება არსებობს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ხელის აღმართვა, იარაღის გამოცენება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ! იმედი მაქვს, რომ ღვთის მადლით, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.

გვიახლოვდება 9 აპრილი. ეს მწუხარების დღეა ჩვენი ერისთვის, დავკარგეთ ადამიანები... არასოდეს დამავიწყდება ის საშინელი ღამე! მე ვესწრებოდი იმ მოვლენებს და ვხედავდი, როგორ კლავდნენ ქართველ ადამიანებს.

ღმერთმა მოგცეთ ძალა და მშვიდობა!

ღმერთმა მისცეს საქართველოს მშვიდობა და მთლიანობა! ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ხალხი!

მინდა ასევე მოგმართოთ მოწოდებით, - არავითარ შემთხვევამი არ დატოვოთ სამშობლო და უცხოეთში საცხოვრებლად არ გადაიხვეწოთ! არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, - მუდამ მახსენდება დედაჩემის დარიგება. როცა ჩვენ პატარები ვიყავით, იმ დროს წარმოუდგენელი იყო უცხოეთში გასვლა, დედა მაინც ხედავდა ამ საშიშროებას და გვარიგებდა: „არავითარ შემთხვევაში არ წახვიდეთ უცხოეთში საცხოვრებლად!“ თქვენ უნდა ზიდით ის უღელი, უნდა ატაროთ ის ტვირთი, რომელიც ჩვენს ხალხს ერგუნა. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით, ამინ.

 

დღეს ჩვენთან არის მოსული ანსამბლი „ჩოხოსნები“, რომელთაც მოიტანეს მათ მიერ შესრულებული ხატი წმინდა გრიგოლ ხანძთელისა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ღმერთმა დალოცოს მათი ხელმძღვანელი გიორგი გუგიანიშვილი.

 

დღეს ჩვენთან ბრძანდება ასევე ხმელიძეების გვარი. ჩვენ ვლოცავთ მათ, - ღმერთმა ძალა მოგცეთ! ბევრი დიდი ადამიანი გამოსულა თქვენი გვარიდან. ღმერთმა გაგამრავლოთ, მშვიდობა მოგცეთ და სარწმუნოება გაგიძლიეროთ!

მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიმართვაში ასევე წერია, რომ უნდა გაძლიერდეს ლოცვა. დღეს თქვენ დაგირიგდათ მოსახსენებლები, სადაც ჩამოწერილია სახელები საქართველოს მეფეების, პატრიარქების, მათი მოღვაწეობის წლები. ამ მოსახსენებელში შეყვანილი არიან ასევე ქრისტიანობამდელი პერიოდისა და მუსლიმი ხელმწიფენი. ისინი ჩაწერილი არიან იმიტომ, რომ თქვენ იცოდეთ თანმიმდევრობა, - მათ ნუ მოიხსენებთ, მხოლოდ მართლმადიდებელი მეფეები მოიხსენეთ.

ასევე გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე წაიკითხოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი - „გიხაროდენ, სძალო უსძლოო!“. ეს მოგვცემს ჩვენ დიდ ძალას!

ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველოს ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი, აფხაზი ერი! 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მღვდელმთავარი და ვიცი, როგორი კეთილი ადამიანები არიან აფხაზები. არაერთხელ ვყოფილვარ მათ ოჯახებში და ისინიც ბევრჯერ ყოფილან ჩემთან. მინდა დავლოცო ოსები, ბერძნები, რუსები, სომხები და ყველანი, ვინც ცხოვრობს საქართველოში. როგორც ვიყავით ძმები, ისევე ძმებად დავრჩებით, ღვთის მადლითა და წყალობით! დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!

ნურაფრის შეგეშინდებათ!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №12, 2009 წ.