„ნარკომანი ოჯახში - უდიდესი სირცხვილია!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ მენ, უფალო, და საკვირეელ არიან საქმენი შენნი“ . მართლაც, დიდია უფალი და მიუწვდომელია მისი საქმენი. ჩვენ ვხედავთ უდიდეს სასწაულს - მოქცევას ჩვენი ერისა, მთელი ერის მოსვლას სარწმუნოებაში. მახსენდება ჩემი სტუდენტობის წლები, როცა არდადეგებზე თბილისში ჩამოვდიოდი და სიონში 10-15 კაცი ლოცულობდა. და აი, ღმერთმა ინება და ყველას ეკლესიაში მოგვიწოდა. სიტყვა „ეკლესია“ შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან „ეკ“ და „კლეო“. „კლეო“ - ნიშნავს ვიხმობ, მოვუწოდებ, ე.ი. ჩვენ მოგვიწოდა უფალმა. ეს მოწოდების ისეთი ფორმაა, როდესაც შორს დგას ადამიანი და უხმობ - „მოდი ჩვენთან“, - აი, ასე მოგვიწოდებს უფალი, ასეა მოწოდებული ყოველი წევრი ეკლესიისა.
დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეკლესია სავსეა ახალგაზრდებით. დღეს აქ მოსული არიან ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ისინი უერთდებიან ივერიელთა ერთობის ტრაქტატს, რომელიც ტაძარშია დადებული და რომელზეც ხელი უნდა მოვაწეროთ ყველამ. ეს არის ჩვენი ერის მთლიანობის ტრაქტატი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ღვთის მადლითა და ღვთის ძალით ჩვენ ვართ ერთი ერი და მუდამ ვემსახურებით ჩვენს ეკლესიას, ჩვენს სიწმინდეებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ფასეულობებს!
მინდა, რომ კიდევ ერთხელ მოისმინოთ ტექსტი, რომელიც აქ დევს და რასაც თქვენ უნდა მოაწეროთ ხელი. მას მრავალმა ადამიანმა მოაწერა ხელი და ეს გაგრძელდება მომავალშიც.
სრულიად საქართველოს და ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით
მსგავსად „ივერიელთა ერთობის ტრაქტატისა“ (1790 წ.) შეიქმნაღვთისმშობლის წილხვედრი სრულიად საქართველოს და
ყოველთა ივერიელთა ერთობის ახალი ტრაქტატი (2009-2010 წწ.)დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის!
ვინაიდან ივერიის ყოველნი მკვიდრნი, მცხოვრებნი აფხაზეთს, აჭარას, გურიას, თუშეთს, იმერეთს, კახეთს, ლაზეთს, მესხეთს, მთიულეთს, ოდიშს, რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, ფშავ-ხევსურეთს, ქართლს, ხევსა და ჰერეთს და ჩვენი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამოძმენი ვართ შთამომავალნი ერთი წინაპრისა, საუკუნეთა წინ ერთ ერად ჩამოყალიბებულნი, მრავალფეროვნებით გამორჩეული ერთი ენისა და კულტურის მქონენი, ნათესაობითა და მოყვრობით შესისხლხორცებულნი და ასევე ამ ქვეყნის გულშემატკივარი ყოველნი შვილნი მისნი და თანამდგომნი
საქვეყნოდ ვაცხადებთ:
კვლავაც განვამტკიცებთ ჩვენს საუკუნო ერთობას და ყოვლადძლიერი ღმერთის სახელით აღვუთქვამთ საქართველოს ერთგულებას, ერთმანეთს კი - მტკიცე თანადგომასა და სიყვარულს, გამოხატულს ჩვენსა აზრსა და ქმედებაში, რათა თითოეულმა ჩვენგანმა, გმირი წინაპრების მსგავსად, დავიცვათ ჩვენი მიწა-წყალი და ტრადიციები, ჩვენი თავისუფლება და ღირსება.
აი, ეს არის ტექსტი, რომელიც მოუწოდებს ჩვენს ერს მთლიანობისაკენ. მინდა შეგახსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“. ე.ი. ყოველმა მორწმუნემ უნდა იტვირთოს სიმძიმე სხვა ადამიანისა და ასე აღასრულოს ქრისტეს სჯული.
დღეს მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ პრობლემებს, რომლებიც აწუხებს ჩვენს ახალგაზრდობას. ახალგაზრდობა - ეს არის ბედნიერი დრო, ამავე დროს, ეს არის მეტად საშიში ხანა, როდესაც შესაძლოა ადამიანი ჭეშმარიტ გზას ასცდეს და დაიღუპოს. მრავალი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ახალგაზრდობა. რა თქმა უნდა, დღეს საქართველოში სოციალური პირობები არ არის ისეთი, რაც უნდა იყოს, მაგრამ ვმადლობ უფალს, რომ ჩვენი ახალ გაზრდობა მოიყვანა ეკლესიაში მინდა მოგახსენოთ ერთი ფაქტი. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყველაზე მეტი სულიერი კრიზისი არის იქ, სადაც სიუხვეა. უნდა ითქვას, რომ თვითმკვლელთა რაოდენობა უფრო მეტია იქ, სადაც ნაკლებია სიღარიბე და მატერიალური კეთილდღეობა. ასე რომ, როგორც ხედავთ, ეს არ ყოფილა დამოკიდებული ადამიანის კეთილდღეობაზე, არამედ ადამიანის სულიერ ცხოვრებაზე, მის სულიერ სამყაროსა და იმაზე, თუ რა სუფევს მის სულსა და გონებაში.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სენი, რომელიც დღეს ემუქრება ქართველობას, არის ნარკომანია. არაერთხლ მისაუბრია თქვენთან ამის შესახებ, მაგრამ დღეს ჩვენში იგი მაინც ღრმად ფესვგადგმული რჩება და ეს ჩვენი ერისთვის დამღუპველია. მინდა გითხრათ, - ზოგიერთს ჰგონია, თითქოს ნარკომანობა ვაჟკაცის საქმეა. სინამდვილეში ეს უდიდესი სირცხვილია, ეს ლაჩრობაა. ეს უნდა ვიცოდეთ და კარგად გვქონდეს გაცნობიერებული. ნარკომანი ოჯახში - უდიდესი სირცხვილია. ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვედრ ერს, უნდა გვრცხვენოდეს, რომ გვყავს ნარკომანები!
ნარკომანობა ნიშნავს რეალური ცხოვრებიდან გასვლას და ილუზორულ სამყაროში გადასახლებას. თუმცა, უნდა იცოდე, რომ სინამდვილეში ვერსად გახვალ რეალური ცხოვრებიდან, - ეს მხოლოდ მოჩვენებითია და ნარკომანი თავს იტყუებს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე არ არის სამოთხე, - ეს არის განსაცდელი, - როგორც ამბობს მართალი იობი: „განსაცდელი ხომ არ არის ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე?“ რა თქმა უნდა, განსაცდელია და გამოცდაა და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამ განსაცდელისათვის.
ვფიქრობ, ერთი ნაკლია ჩვენში - ვერ ვზრდით ჩვენს შვილებს ისე, როგორც საჭიროა. ამაზე მიმანიშნა ერთმა ებრაელმა ქალბატონმა, რომელთანაც მქონდა საუბარი. იგი გხლდათ პირველი ელჩი ისრაელისა საქართველოში, რამდენიმე წელი დაჰყო აქ და საკმაოდ კარგად შეისწავლა ჩვენი ცხოვრების წესი. როდესაც მას შემდეგ იერუსალიმში შევხვდი, დიდხანს ვისაუბრეთ და მან აღნიშნა: „ქართველები რყვნით შვილებსო.“ „რატომ-მეთქი?“ - ვკითხე. „იმიტომ რომ საქმეს არ ასწავლით, ასწავლით კარგ სკოლებში, ასწავლით ენებს, მუსიკას და ათას რამეს, ატარებთ სპორტზე, - მაგრამ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა მომავალში, როგორ უნდა შეხვდეს განსაცდელს და სიძნელეებს, როცა დაოჯახდება, - ამას არ ასწავლით. ყველაფერს უსრულებთ თქვენს შვილებს და მათში ამკვიდრებთ განცდას, რომ ვიღაც სხვამ უნდა იზრუნოს მათზე მუდამ და ამიტომ თავად უკვე აღარაფერს იქმან“. მართალია ის ქალბატონი, ჩვენ არასწორად ვზრდით შვილებს. ადამიანმა უნდა იცოდეს, - შეიძლება საჭმელიც აკლდეს, ტანსაცმელიც, შესაძლოა რაიმე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, განსაცდელი გაიაროს, მაგრამ ყოველივე ამან არ უნდა გატეხოს კაცი, არ უნდა დათრგუნოს ადამიანი, არ უნდა ჩააგდოს იგი სასოწარკვეთილებაში. ბავშვობიდან უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ ცხოვრებისეული სიმძიმეები გარდაუვალია და რაც უნდა მაღალი თანამდებობა ეკავოს ადამიანს, - მით უფრო მეტი განსაცდელი და სხვებზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა მართებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს შრომა, სიყვარული, თანადგომა, - დახმარება სხვა ადამიანისა.
ჩვენთან, მთაში, არის ასეთი გამოთქმა: „შვილი გაზარდე მტრულადა, გამოგადგება ძმურადა“. ეს არის მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხი და ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენი მომავალი თაობის სწორად აღზრდას.
ჩვენს შვილებს ხშირად ვუსურვებთ კეთილდღეობას, ბედნიერებას. რა არის ადამიანისთვის ბედნიერება? იგი ფიქრობს, რომ ბედნიერება - ეს არის კეთილდღეობა, რომლითაც კმაყოფილია ადამიანი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ არიან ადამიანები, რომლებიც არასდროს და არაფრით არიან კმაყოფილნი და მუდამ რაღაც განსაცდელს ხედავენ თავის ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენს გვაქვს სხვა მაგალითებიც სულიერი ცხოვრებიდან. როდესაც აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი, - მთიდან ჩამოდიოდნენ მეუდაბნოები. მათ შორის იყო ერთი მოხუცი ქალბატონი, - მას პატარა სენაკი ჰქონდა მიწაში ამოთხრილი და აი, ამ მიწურში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. როდესაც ვეკითხებოდი ხოლმე ამ მონაზონს, „როგორ ბრძანდებით-მეთქი?“ ყოველთვის ასე მპასუხობდა: „მეუფეო, მე ვარ დედოფილი, ვარ მეფე, - არაფერი მჭირდება, უბედნიერესი ადამიანი ვარ!“ აი, როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს ბედნიერებას!
ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს შვილებს ბედნიერებას, მაგრამ არ ვასწავლით, რა არის სინამდვილეში ბედნიერება და როგორ მიაღწიოს მან ამ მდგომარეობას. ერთ-ერთი ცნება, რომელიც მისცა უფალმა მოსე წინასწარმეტყველს, შემდეგია: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. აი, რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება: „კეთილი გეყოს შენ“ - ეს ნიშნავს ბედნიერებას. თუკი პატივს მივაგებთ ჩვენს მშობლებს, ბედნიერი და დღეგრძელი ვიქნებით ქვეყანაზე. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, დაალოცინეთ თავი მშობლებს. ოჯახებში ყველას უნდა გქონდეთ ასეთი წესი: ხატი მიაწოდეთ მშობლებს და სთხოვეთ კურთხევა, მუხლი მოიყარეთ მათ წინაშე და, დაე, ხატით გამოგსახოთ პირჯვარი დედ-მამამ. იცოდეთ, როგორც ისინი დაგლოცავენ, ისეთი ცხოვრება გექნებათ. ზოგიერთს ჰგონია, რომ მშობლების პატივსცემა შეიძლება მანამ, ვიდრე ისინი ცოცხლები არიან. ეს არ არის სწორი შეხედულება. სიკვდილი არ არსებობს, არსებობს გარდაცვალება. ჩვენს გარდაცვლილ მშობლებს ისევე უნდა მივმართოთ, როგორც ცოცხლებს; უნდა ვთხოვოთ მათ დახმარება და დალოცვა. ხოლო ვისაც ცოცხალი ჰყავს მშობლები, ყოველდღე, დილით, რომ ადგებით და მოწესრიგდებით, უნდა მიხვიდეთ მათთან, ლოცვა-კურთხევა სთხოვოთ და აუცილებლად ემთხვიოთ ხელზე. ხელზე მთხვევით მადლი გადმოდის შვილზე და ბედნიერი და დღეგრძელი იქნებით ქვეყანაზე.
ეს არის პირველი გზა ბედნიერებისკენ. ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს მორწმუნე და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება უნდა ჰქონდეს და ამასთან, იგი სიკეთეს უნდა აკეთებდეს. აი, კიდევ ერთი გზა ნეტარებისაკენ - მოწყალების საქმე. ადამიანმა მუდამ სიკეთე უნდა თესო, უნდა ხედავდე გაჭირვებულ ადამიანს და შეეწეოდე მას.
მოგეხსენებათ, აქ, ყოვლადწმინდა სამების ხატის გვერდით დგას ყულაბა. იგი ჩაბარებული აქვს ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც შემოწირული თანხის ნახევარს გაჭირვებულ მრევლს უნაწილებენ, ხოლო თანხის მეორე ნახევარს - სემინარია-აკადემიის სტუდენტებს ურიგებენ, - იმათაც უჭირთ.
ყველამ აკეთეთ მოწყალების საქმე. მიმოიხედეთ და დაინახეთ: ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომელთაც პურის ფულიც კი არ გააჩნიათ, ტანსაცმელიც კი არ აქვთ. თქვენი ეს შემოწირულობანი ძალიან ეხმარება მათ.
ასევე მინდა გითხრათ, - როდესაც უფალი ბრძანებს: „პატივი ეც დედასა და მამასა შენსა“, - აქ იგულისხმება უფროსის პატივისცემაც. როგორც საკუთარ მშობლებს, ისე უნდა სცეთ პატივი უფროს ადამიანებს. ეს კავშირი უფროსებსა და უმცროსებს შორის აუცილებლად უნდა არსებობდეს. უმცროსი ადამიანი გამოუცდელია და უნდა უსმინოს უფროსების რჩევა, ჰკითხოს მათ აზრი, - ამ შემთხვევაში ნაკლებ შეცდომას დაუშვებს ცხოვრებაში. მინდა მოგიყვანოთ ერთი მაგალითი. დიდი ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი გამორჩეულია ღრმა აზროვნებით და მრავალი მოწაფე ჰყავდა. ერთხელ თავის მოწაფეებთან ერთად მიდიოდა და გზის ნაპირას დაინახა ერთი კაცი, რომელიც ჩიტებს იჭერდა და გალიაში სვამდა; იგი მათ ჰყიდდა და ამით შოულობდა საზრდოს. კონფუციმ შეხედა გალიას და შენიშნა, რომ სულ მომცრო ჩიტები ჰყავდა დაჭერილი და ჰკითხა. თითქმის ბარტყები გყავს დაჭერილი და უფრო მოზრდილი ჩიტები რატომღა არ გყავსო? კაცმა მიუგო: მოზრდილები უფრო გამოცდილები არიან და მათ ვერ ვიჭერ, მხოლოდ პატარა ბარტყების დაჭერას ვახერხებო. კონფუციმ გადახედა თავის მოწაფეებს და უთხრა: „დაიხსომეთ, ახალგაზრდა უფრო ადვილად შეიძლება გაებას მახეში, ვიდრე ხანდაზმული, იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს მეტი გამოცდილება აქვსო“. აი, ამიტომაა აუცილებელი კავშირი უფროსსა და უმცროს თაობებს შორის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა უფროსი თაობის პატივმცემელია და იგი ბედნიერი იქნება.
დღესვე დაიწყეთ იმის აღსრულება, რაც მე გასწავლეთ, - მშობლებმა აუცილებლად უნდა დაგლოცოთ! მიხვალთ თუ არა სახლში, სთხოვეთ მათ დალოცვა, კურთხევა და რასაც ისინი გეტყვიან - დაიმახსოვრეთ, რადგან ეს სიტყვები აღსრულდება! იცოდეთ, რომ მათი პირით თავად უფალი გლოცავთ!
ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ!
ღმერთმა ინებოს, რომ ვძლიოთ საკუთარ თავს! უპირველეს ყოვლისა, ადამიანმა უნდა გაიმარჯვოს საკუთარ თავზე, ადამიანმა უნდა დაინახოს თავისი ნაკლი. შეგიძლიათ იფიქროთ თქვენს დადებით მხარეებზეც, მაგრამ უფრო ნაკლზე იფიქრეთ და გახსოვდეთ ეფრემ ასურის ლოცვა: „ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა!“ ეს არის მთავარი - განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა!
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა გაგახაროთ!
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ბედნიერი იქნება და აუცილებლად გამთლიანდება, რადგან ყოვლადწმიწდა ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა მას თავისი კალთა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №37 (523), 2009 წ.