„ამიერიდან მოინათლება მრავალი მორწმუნე შთაფლვით“
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს ეკურთხა ეს წმინდა ტაძარი, რომელიც სულიწმინდის სახელზე აშენდა. სულიწმინდა მოვიდეს ჩვენ ზედა და ძალი მაღლისა გვფარვიდეს ჩვენ.
მინდა დავლოცო ამ ტაძრის აღმშენებელი, ქალბატონი მანანა შარაშიძე, მინდა დავლოცო ყოველი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ მშენებლობაში. მინდა დავლოცო ტაძრის არქიტექტორი, ბატონი არჩილ მინდიაშვილი, რომელიც ასევე ბრძანდება ყოვლადწმინდა სამების ტაძრის კომპლექსის მთავარი არქიტექტორი და საპატრიარქოს არქიტექტორი.
ეს არის უბედნიერესი დღე ჩვენთვის, - აშენდა ემბაზი, რომელშიც ამიერიდან მოინათლება მრავალი მორწმუნე მართლმადიდებელი ადამიანი შთაფლვით, როგორც ამას ასრულებდნენ პირველ საუკუნეებში.
მინდა ქალბატონ მანანას გადავცე ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელიც მისი ოჯახის მფარველი იქნება. ამ ხატს მის ქალიშვილს, ნინოს გადავცემ და ვლოცავ, რომ ბევრი შვილი მისცეს ღმერთმა!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! თქვენ ყველანი მონათლული ბრძანდებით და მეორედ მონათლვა არ შეიძლება, ასე რომ, მოუნათლავები უნდა მობრძანდნენ და მიიღონ წმინდა ნათლობა. თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს და გააერთიანოს სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
21 ივნისი 2009 წ.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21, 2009 წ.