„დღეს, როდესაც მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს
ცვლილებები, გადაფასებები,
მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც მცირე ერისთვის, კარგად გვახსოვდეს,
თუ რა არის მთავარი ფასეულობა ჩვენი ერისა!“
ქრისტე აღდგა!
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“ - ასე ადიდებდა წმინდა დავით წინასწარმეტყველი უფალს. ჩვენც ვხედავთ ჩვენს ერზე მოვლენილ მრავალ სასწაულს; ვხედავთ, როგორი წყალობა მოჰფინა ღმერთმა საქართველოს!
თქვენ იცით, სულ ახლახანს გახლდით ჩეხეთში, ვესტუმრეთ პრაღას და მინდა გითხრათ, რომ გამაოცა ამ ხალხის ურწმუნოებამ! თვითონვე ამბობენ, შესაძლიაა, ასი ადამიანიდან მხოლოდ 10 იყოს მორწმუნეო. წარმოიდგინეთ, 90% მათ შორის ურწმუნოა! ვესაუბრებოდი ჩეხებს და რომ ვეკითხებოდი, გწამთ თუ არა ან დადიხართ თუ არა ეკლესიაში-მეთქი, ისინი მპასუხობდნენ: ჩვენი მშობლებიც და ჩვენც ათეისტები ვართო. ეს საოცრად მორწმუნე ქვეყანა ათეისტური სახელმწიფო გახდა!
ამიტომ მინდა, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ჩვენს ფასეულობებზე: რა არის ის ძალა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს და ჩვენს ეკლესიას? უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება, ეს არის ის რწმენა და ტრადიციები, რაც ახასიათებდა განუყოფელ მთლიან ეკლესიას, როდესაც ჯერ არ იყო არც მართლმადიდებლური, არც კათოლიკური და მით უმეტეს არც პროტესტანტული გაყოფა. ამიტომაც გვმართებს ამაზე ფიქრი. დღეს, როდესაც მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ცვლილებები, გადაფასებები, მით უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც მცირე ერისთვის, კარგად გვახსოვდეს, თუ რა არის მთავარი ფასეულობა ჩვენი ერისა!
ნუ გვეგონება, თითქოს ჩეხები თავიდანვე ურწმუნონი იყვნენ; პირიქით, ისინი რწმენით გამოირჩეოდნენ, მაგრამ კომუნისტურმა რეჟიმმა, რომელმაც იქ ფეხი მოიკიდა, მოსპო სარწმუნოება და სულიერად გააღატაკა ხალხი. როცა მე ვეკითხებოდი მათ, გაქვთ თუ არა მონათვლის სურვილი, ისინი მპასუხობდნენ: არა, ჩვენი მშობლები მოუნათლავები არიან და ჩვენც ასე უნდა ვიყოთო. გამაოცა ამან და ჩვენი ხალხის უდიდესი რწმენა გამახსენა, თქვენ გამახსენდით. და მართლაც, საქართველოს არის განსაკუთრებული ქვეყანა, თავისი რწმენით, თავისი სიყვარულით, თავისი თავდადებით!
მინდა შეგახსენოთ, რაც არაერთხელ მითქვამს და კვლავ მსურს გავიმეორო: ჩვენმა დიდმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ წმინდა ილია მართალმა ჩვენი ერის ძირითადი ფასეულობანი სამ სიტყვად გამოთქვა: „მამული, ენა, სარწმუნოება“, მე მისი აზრი ასევე სამი სიტყვით დავაკონკრეტე: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი (ადამიანის ძალა, მისი ფასი, პიროვნულობა).
როდესაც ჩვენ ღვთის შესახებ ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, უფალი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შემოქმედი ცათა და ქვეყანისა და შემოქმედი ადამიანისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის.
ჩვენს დიდ წინაპრებს უთქვამთ: „როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!“ მინდა, რომ ჩვენც გავითავისოთ, გავაცნობიეროთ, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვები, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სამშობლოს. რა თქმა უნდა, უფალს ვერაფერი შეედრება, მაგრამ ნახეთ, რაოდენ მაღლა ასწია პოეტმა სამშობლოს ფასი!
დაბოლოს, ადამიანი: ჩვენ ადამიანს არ ვაქცევთ სათანადო ყურადღებას. ჩვენ ვსჯით მას, ვუმძიმებთ ჯვარს, რომელიც უფალმა დააკისრა და ამიტომ ჩვენი ჯვარიც უფრო მძიმდება.
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მამული, ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი მთები, ჩვენი მდინარეები და, უპირველეს ყოვლისა, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, რომელიც იყო, არის და იქნება მართლმადიდებელი ქრისტიანი.
დღეს ვლოცავთ სკოლებს, ოჯახებს, გვარებს. ვაჯილდოვებთ სამღვდელოებას. ამ დღესასწაულზე მინდა გავახარო და დავაჯილდოვო შემდეგი სასულიერო პირები:
დეკანოზი გიორგი უგრეხელიძე უკვე მრავალი წელია ემსახურება საქართველოს ეკლესიას. დღეს იგი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს!
დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი ჯილდოვდება ასევე გამშვენებული ჯვრით. აქსიოს!
მღვდელი ნოდარ ქათამაძე ჯილდოვდება დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით. აქსიოს!
დღეს ვლოცავთ შემდეგ გვარებს: შავერდაშვილებს, გუგბერიძეებს, აბულაშვილებს, კახნიაშვილებს, ყველაიძეებს, ანჯაფარიძეებს, ცისკარაძეებს, ქალდანებს, ჩოხელებს, ლეკაშვილებს, მატუებს, ნიშნიანიძეებს, მოლოდინაშვილებს, ირემაშვილებს, მეზვრიშვილებს, იაშვილებს, კვიციანებს, დალალაშვილებს, გავაშელებს, გოგრიჭიანებს, გობეჯიშვილებს, ბოხაშვილებს, ქოჩიაშვილებს, გაფრინდაშვილებს, ხოჯევანიშვილებს, ცქიტიშვილებს, ბუბუტეიშვილებს, ასევე 163-ე, 45-ე, 26-ე, 27-ე, მე-100, 116-ე, 96-ე, 156-ე, 130-ე, 97-ე, 170-ე, მე-7, 90-ე, 170-ე, 136-ე სკოლებს, თბილისის 136-ე ბაგა-ბაღს, სკოლა-გიმნაზია „გორდას“, სკოლა-ლიცეუმს - „ენკაე“ - ეროვნული განათლება, უცხო ენების სასწავლო ცენტრ „ოქსფორდის სახლსა“ და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტს.
ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა გაგაძლიეროთ, გაგახაროთ! ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაახაროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №14, 2010 წ.