„ჩემი სურვილი იყო ვყოფილიყავი მოძღვარი ყველაზე
პატარა სოფელში, მინდოდა, მემუშავა გლეხებთან ერთად...“
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო!
დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა - ილიაობა! დღეს ის დღეა, როცა ღმერთმა მოაქცია ჩვენი პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი, როცა მას თვალთ დაუბნელდა და უფალს ევედრა, მხედველობა დაბრუნებოდა. ეს არის მთელი საქართველოს მოქცევა და იქიდან იწყება ღვთის მადლის გარდამოსვლა. როგორც დიდი მდინარე, დიდი წყაროს ანკარა წყალი, ისე გადმოდის ქართველ ხალხზე მადლი ღვთისა - უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ ამ მადლს.
მახსენდება ის დღე, როცა მოხდა ჩემი ბერად აღკვეცა. მაშინ სასულიერო აკადემიის II კურსის სტუდენტი, 24 წლისა ვიყავი. ჩემმა რექტორმა შეიტანა განცხადება პატრიარქ ალექსი I-თან, რომ მოეცა ჩემთვის ლოცვა-კურთხევა ბერად აღკვეცისა და დიაკვნად კურთხევისა. უწმინდესმა პატრარქმა ალექსიმ იქვე დაადო რეზოლუცია - ღმერთმა დალოცოსო! ეს იყო აღდგომის წინა დღეები, ვნების შვიდეული. ჩამოვედი თბილისში და შევედი უწმინდესსა და უნეტარეს მელქისედეკ III-სთან. მან მომიწყო გამოცდა და დიდხანს მარწმუნებდა, რომ აჯობებს ოჯახი შექმნაო, ალბათ, რაღაც სისუსტეს ხედავდა ჩემში. მე მტკიცედ მოვახსენე მას, რომ უკვე გადაწყვეტილი მაქვს ეს საკითხი და არ ვმერყეობ არჩევანში. ჩემი სურვილი იყო ვყოფილიყავი მოძღვარი ყველაზე პატარა სოფელში, მინდოდა, მემუშავა გლეხებთან ერთად. და როცა ნახა პატრიარქმა ეს ურყევი ნებისყოფა, დაურეკა მეუფე ზინობს, წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში და მისცა მას ლოცვა-კურთხევა, ჩემი ბერად აღკვეცა აღესრულებინა. მოუთმენლად ველოდი ამ დღეს; ვნების შვიდეულის სამშაბათს აღმკვეცეს და სამწუხარო ის იყო, რომ არც ერთი ქართველი არ ესწრებოდა ამ რიტუალს. სულ დაშლილი იყო ყველაფერი და არავინ იცოდა, რა ხდებოდა ეკლესიაში... დიდი მღელვარებით ველოდებოდი, რა სახელს დამარქმევდა მეუფე ზინობი და უეცრად მომესმა: „აღიკვეცება მონა ღვთისა ილია...“ მე მერქვა ერეკლე, ირაკლი და შევკრთი, ისე შეჩვეული ვიყავი ჩემს სახელს და უცებ - ილია! ეს იყო რაღაც საოცარი გამოცდა ჩემთვის. აღკვეცის შემდეგ შევედით მეუფის ოთახში და მეგონა, რომ ტაძარში დამტოვებდნენ, მაგრამ გამოუძახეს მანქანას და მითხრეს: შეგიძლია სახლში წახვიდეო. ჩვენს ოჯახს არ ჰქონდა ბინა თბილისში და მივედი ჩვენს ნათესავთან. მან რომ დამინახა, გაოცდა: ეს რა ჩაგიცვამსო? - არაფერი ესმოდა შესამოსლის, თუმცა ისე მორწმუნე ადამიანი კი იყო. და აი, ასე დაიწყო ჩემი ბერობა. საოცარი, უმძიმესი ბრძოლები მქონდა, მეგონა, ცოცხალი არ გადავრჩებოდი, - იმდენად მძიმე მდგომარეობა მქონდა, ფარული სასტიკი შინაგანი ბრძოლა მაუძლურებდა, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი; ჩემს ნათესავს ვთხოვე, ლოგინი გაეშალა, რომ დავწოლილიყავი. მეგონა, დასრულდა ჩემთვის ყველაფერი და ცოცხალი აღარ დავრჩებოდი. არ ვიცი, რა იყო ეს; თუმცა, როგორ არ ვიცი, ეს იყო ბოროტი ძალის ბრძოლა. ასე, სამშაბათს აღმკვეცეს და ვნების კვირეულის ხუთშაბათს ჩემი დიაკვნად კურთხევა დაინიშნა. ეს ის დღეა, როცა პატრიარქი ფეხს ბანს სამღვდელოებას. სიონში შედგა ჩემი კურთხევა. და მოხდა სასწაული: სად გაქრა ეს ბრძოლები, ჩემი უძლურება! მიწაზე კი არ დავაბიჯებდი, დავფრინავდი! ისეთი საოცარი სიხარულით შეიცვალა ეს უმძიმესი ბრძოლა, წარმოუდგენელია ამის ახსნა... ვერც ერთი თქვენგანი ვერ წარმოიდგენს, რა სიხარული იყო ეს. ყველანი წავიდნენ სახლებში და მე დავრჩი საკურთხეველში, არ მინდოდა იქიდან გამოსვლა. იმხანად გვიან იწყებოდა წირვა, 11 საათზე ან 12-ის ნახევარზე და წირვის შემდეგ დიდ ხანს ვიყავი საკურთხეველში. უკვე სადღაც 5 საათი იყო... მინდოდა, სულ მეგალობა ან რაღაც სიკეთე მეკეთებინა და თვითონაც არ ვიცოდი, საიდან მოვიდა ეს სიხარული. საკურთხევლიდან რომ გამოვედი, წმინდა ნინოს ჯვართან მივედი და შემთხვევით კუნკულით კანდელი ამოვატრიალე, - მთელი ზეთი თავზე გადმომესხა. იქ დამლაგებლები იყვნენ და მითხრეს: ეს მადლი გადმოვიდა კიდევ შენზეო. ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ კანდელის ზეთი გადმომესხა, მეორე მხრივ კი შევწუხდი, რადგან სხვა შესამოსელი არ მქონდა და ვფიქრობდი, როგორ წავიდოდი აკადემიაში. მაგრამ სახლში რომ მივედი, გავწმინდე და შესამოსელს არაფერი ეტყობოდა. სწორედ იმ შესამოსლით დავამთავრე სასულიერო აკადემია. აი, ასეთი სიმძიმე უსაზღვრო სიხარულით შეიცვალა.
მინდა აღვნიშნო საოცარი რამ, - სახელი ერეკლე ჰერაკლედან წარმოიშვება და ფიზიკურად ძლიერს ნიშნავს; ეს ძალა შეიცვალა სულიერი ძალით - სახელით ილია, რომელიც თარგმანში ღვთის ძალას ნიშნავს! მართალია, ბევრი ვერაფერი შევიძინე, რადგან სუსტი ვიყავი და ახლაც სუსტი ვარ, მაგრამ მადლი ღვთისა მიცავდა მე, როგორც ბავშვს, ისე მატარებდა ამ ქვეყანაზე.
მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას ლოცვებისათვის, სიყვარულისათვის, მზრუნველობისათვის. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ თქვენი სიყვარული და თანადგომა რომ არ ყოფილიყო, ვერ გავუძლებდი ამ უმძიმეს ჯვარს! მადლობა უფალს და გმადლობთ თქვენ!
მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანის ნახევარი არის ნათლიისა და იმ სახელისაგან, რაც მას უწოდეს. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაში წერია: „როგორც არის სახელი შენი, ისეა ცხოვრება შენი“. სახელი ნიკოლოზი ნიშნავს გამარჯვებულს და ცხოვრებაც ასეთი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, წმინდა ნიკოლოზი იყო გამარჯვებული საკუთარ თავზე. თუ ადამიანი თავის თავზე გაიმარჯვებს, მან უნდა ჩათვალოს, რომ მთელს მსოფლიოს დასძლევს. ყველაზე მძიმე და ყველაზე საშიში არის ბრძოლა საკუთარ თავთან. ჩემი ცხოვრების გზაზე წმინდა ილია წინასწარმეტყველის მადლი მიცავდა, ასევე სხვა წმინდანების მფარველობა და თქვენი ლოცვები. მე მუხლს ვიყრი თქვენს წინაშე და გთხოვთ, არ დამივიწყოთ თქვენს ლოცვებში, ამინ.
ღმერთმა დაგლიაცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო! იცოდეთ, რომ ეს აუცილებლად მოხდება, რადგან უამრავი წმინდანი და მოწამე გვყავს ჩვენ მეოხი წინაშე ღვთისა და რაც მთავარია, საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა! არსებობს ერთი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც ასე ეწოდება - „მე თქვენ თანა ვარ და ვერვინ შემძლებელ არს მბრძოლად თქვენდა“. ასე რომ, გვწამდეს, გვიყვარდეს და იმედი გვქონდეს!
დღეს განსაკუთრებული დღეა და მინდა დავაჯილდოვო ზოგიერთი ჩვენი სამღვდელოთაგანი. დიდ შრომას ეწევა ჩვენი სამღვდელოება. მახსენდება, აკადემიაში ერთი პროფესორი გვეუბნებოდა: სამღვდელოებას ხალხი გამადიდებელი შუშით უყურებს: თუ კარგს გააკეთებს, ძალიან დიდად ეჩვენებათ, თუ ცუდს - ისიც ძალიან დიდად მოეჩვენებათო.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე დაჯილდოვდეს მიტროპოლიტის წოდებით;
მაღალყოვლადუსამღვდელოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მთავარეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდეს მიტროპოლიტის წოდებით;
არქიმანდრიტი ლაზარე გაგნიძე, რომელიც გახლავთ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის მოძღვარი დაჯილდოვდეს მეორე გამშვენებული ჯვრით;
დეკანოზი ევდემოზ ალელიშვილი დაჯილდოვდეს გამშვეწებული ჯვრით;
მღვდელი ანდრია ნაცვლიშვილი დაჯილდოვდეს ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;
მღვდელი დავით მინდორაშვილი დაჯილდოვდეს ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №26, 2010 წ.