„ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შეიქმნას XXI საუკუნის ქართული სოფლები...“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანი ურთულესი ბუნების მქონეა. იგი მიუწვდომელია გონებისთვის თავისი სირთულით, თავისი აგებულებით. ვერასდროს მივხვდებით, რა არის სიცოცხლე, როგორ მუშაობს გული. ამ თემაზე მისაუბრია მეცნიერებთან და ვერავინ იძლევა პასუხს, თუ როგორ მუშაობს გული და ცოცხლობს ადამიანი. მაგრამ გარდა სხეულისა, რომელიც ურთულესია, არსებობს კიდევ სული. მე არაერთხელ მისაუბრია თქვენთან ამ თემებზე. ისეთი სირთულეა სხეულისა და სულის თანაარსებობაში, რომ დაფიქრდე, ადამიანი გაოცდები. როცა იმეცნებ ამას, მით უფრო გაკვირვებას ეძლევი, ხედავ რა ამ საოცარ ჰარმონიას! როგორი დაცვის მექანიზმი აქვს ჩვენს ორგანიზმს! მაგალითისთვის, ვთქვათ, ადამიანი გაცივდა და გახდა ავად; მას სიცხეს აძლევს, იმიტომ რომ ორგანიზმი იწყებს ბრძოლას, იგი ცდილობს, განდევნოს ის ვირუსი, რომელიც მას შეეყარა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჯარია ადამიანის სხეულში მის დასაცავად. მაგრამ სული სულ სხვა არის...
არსებობს სულთა კავშირი. ქართველმა ადამიანმა ყველაზე კარგად გამოთქვა სიტყვით ეს მდგომარეობა: გარდაცვალება. ადამიანი გარდაიცვალა, ე.ი. კი არ მოისპო, არამედ მხოლოდ შეიცვალა თავისი ფორმით, თავისი არსით და იგი აღარ არის ისეთი, როგორიც ხორცში იყო. სულისა და ხორცის განშორების ეს პროცესი მეტად რთულია და ძნელი. ძნელია იმიტომ, რომ ადამიანი შექმნილია უკვდავად. იგი მუდამ უნდა ყოფილიყო ცოცხალი, რომ არ დაეშვა შეცდომა ედემის ბაღში. თქვენ იცით, რომ ხშირად მომაკვდავ ადამიანს ეცხადებიან მისი გარდაცვლილი ნათესავები. ამით ისინი უადვილებენ მას სულისა და ხორცის განშორებას.
სულთა კავშირის შესახებ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ვიდრე სხეულში ვართ, ცოცხალი ვართ, მაგრამ იმ გარდაცვლილი ადამიანის სულიც ხომ ცოცხალია და ჩვენ შორის უთუოდ არის კავშირი. ჩვენი წინაპრები ითხოვენ ჩვენგან ლოცვას, ჩვენც ვთხოვთ მათ დალოცვას. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი უფრო მეტად გვეხმარებიან, ვიდრე ჩვენ - მათ.
მე ადრეც მომიყოლია თქვენთვის და მინდა გავიმეორო... მახსენდება ჩემი პატრიარქად კურთხევის დღე. მაშინ სრულიად გამოუცდელი ვიყავი, თუმცა ახლაც გამოუცდელი ვარ... და მოვიდა ჩემთან ერთი სასულიერო პირი და მითხრა: პატრიარქობა მძიმე ჯვარია, ამიტომ ილოცე პატრიარქებისა და მეფეებისთვის და ისინი გაგიადვილებენ მის ტვირთვასო. მართლაც, ღვთის მადლით, ჩვენ ყოველ კვირას ვიხსენებთ ჩვენს მეფეებს და პატრიარქებს და, ღვთის მადლით, არ ვჩერდებით: ვეცემით, ვდგებით, ისევ ვეცემით, ისევ ვდგებით და უფალი გვეხმარება ჩვენ ამაში.
წინა კვირას მე მოგეცით ლოცვა-კურთხევა, დაგეწერათ თქვენი წინაპრების მოსახსენებელი ლოცვა. სამწუხაროდ, მრავალმა ჩვენგანმა არ იცის, პაპისა და ბებიის იქით ვინ იყვნენ წინაპრები, მაგრამ ხომ შეიძლება ზოგადად ვთქვათ: მოიხსენე, უფალო, ესა და ეს და ყოველი ჩემი წინაპარი, ვიდრე ადამ და ევამდე.
მინდა გითხრათ, რომ თქვენთან ერთად მეც ვწერ ჩემს მოსახსენებელს. მაგრამ, ჩემი წინაპრების გარდა, მე ვალდებული ვარ მოვიხსენიო ჩვენი მეფეები და პატრიარქები. თუმცა, ვიდრე ამას დავწერდეთ, გახსოვდეთ, რომ მანამდე სულიერად უნდა განვიწმინდოთ. მე სწორედ ამას ვაკეთებ, როცა იმ მოსახსენებელში აღსარებას ვამბობ, რათა თავიდან ბოლომდე განიწმინდოს სული, სხეული, გონება. 2-3 წლიდან მახსოვს ჩემი თავი და მახსოვს ჩემი ცოდვები; იქიდან მოყოლებული ყველაფერს ვიხსენებ. თქვენც ჯერ მონანიებით და განწმენდის ლოცვით უნდა შეუდგეთ წინაპრების მოხსენიებას.
მინდა გითხრათ, რომ მე უკვე მივიღე ზოგიერთი თქვენგანის მოსახსენებელი. ზოგმა ძალიან იოლად გადაწყვიტა ეს საკითხი. უბრალოდ აიღო და პატარა ფურცელზე ჩამოწერა თავისი წინაპრების სახელები. ეს არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ უფალმა ისმინოს ჩვენი ვედრება, ჯერ ჩვენ უნდა განვიწმინდოთ და მერე უფრო ისმენს უფალი ჩვენს ვედრებას.
ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ სცადოთ და დაგვიწეროთ. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან სულიერი თხზულება, რომელიც კრებულის სახით, შესაძლოა, შემდეგ ცალკე წიგნად გამოვცეთ. ეს იქნება ჩვენი აღსარებაც და მოსახსენებელიც.
წინა კვირას მე ასევე გესაუბრეთ თქვენ ახალი სოფლების შექმნასა და სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მიწა-წყალზე. ამასთან, ყველას ძალიან გვადარდებს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა. ვფიქრობ, სოფლების განაშენიანება და მათში მცხოვრებთა დოვლათი და მატერიალური კეთილდღეობა ხელს შეუწყობს ამ საკითხის მოგვარებასაც. ამიტომ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა შეიქმნას XXI საუკუნის ქართული სოფლები, რომელთაც მე ზოგადად ვუწოდე: „მზე შინა და მზე გარეთა“, - ეს სოფლები იქნება მზით გაბრწყინებული. როგორც ვიცი, „მზე შინა და მზე გარეთა“ - მესხური სიმღერაა და, შესაძლოა, იგი ქრისტეს შობამდეც იყოს დაწერილი.
დღეს უკვე მრავალი ადამიანი გვეკითხება: როდის მოხდება მიწების გადაცემა, როდის შეიქმნება სოფლები? მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არ დაყოვნდება, ყოველივე დროულად მოგვარდება. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მოვემზადოთ ამისთვის. ამიტომ ვისაც გაქვთ სურვილი, იცხოვროთ ასეთ სოფლებში, დაწერეთ თქვენი ბიოგრაფია და პირადად მომაწოდეთ. და ჩვენ უკვე დავიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ ვინ სად განაწილდეს.
მე ასე წარმომიდგენია, რომ, ალბათ, სოფელში უნდა ცხოვრობდეს ერთი 100 კომლი. იქ ყველა უნდა მუშაობდეს და ანაზღაურებას ყველა მიიღებს იმის მიხედვით, თუ რამდენი სულია ოჯახში და რას საჭიროებენ ისინი. ვფიქრობ, ყველა კმაყოფილი იქნება.
ზოგიერთი ამბობს, პატრიარქს კოლმეურნეობის აღდგენა ხომ არ მოუნდომებიაო? მინდა ყველას გასაგონად ვთქვა: არა, ეს კოლმეურნეობა არ არის! კოლმეურნეობაში, თქვენ გახსოვთ, მთავრობას მიჰქონდა მთელი დოვლათი და ასეთ მეურნეობებში ყველაფერი დარჩება იმ ხალხს, ვინც იქ იშრომებს. ვფიქრობ, რომ ამ 100 ოჯახს, ასი ჰექტარი მიწა რომ გადაეცეს, შესანიშნავი იქნება.
აი, მე ასე წარმომიდგენია: ყველა ოჯახს ექნება საკარმიდამო ან 1500, ან 2000 ჰექტარი და დანარჩენი დამუშავდება და ყველა ოჯახს შორის განაწილდება. არავითარი გადასახადი არ უნდა იყოს მათზე, სახელმწიფოსგან არ დაიბეგრება და ბედნიერი იქნება მშრომელი ოჯახი, აღარ ექნება დარდი, სად იმუშაოს და რით არჩინოს ცოლ-შვილი. ამ სოფლებში უნდა იმუშაოს ყველამ, იქ იქნება: ფერმები, მეყვავილეობა, ქარგვა, ხალიჩების ქსოვა, ხის დამუშავება, ავეჯის დამზადება და ა.შ. სხვადასხვა წარმოება.
ახლა, ამ დღეებში, იწერება დებულება, გასაგები ენით იქნება ყოველივე ჩამოყალიბებული, რათა ყველამ წავიკითხოთ და ადვილად გავიგოთ, თუ როგორი იქნება ეს სოფელი და რა პირობები ექნება მათში მცხოვრებთ. ეს ძალიან გაუადვილებს ადამიანს გადაწყვეტილების მიღებას.
ასეთ სოფლებში უმეტესად მიიღებენ ახალგაზრდებს, რომ გამრავლდეს ერი. მათ შვილები უნდა გააჩინონ და გაამრავლონ ჩვენი ერი.
ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი წამოწყებაა. სწორედ ასეთმა სოფლებმა შექმნეს ისრაელი, როგორც სახელმწიფო და ასეთმა სოფლებმა გადაარჩინეს იგი ეკონომიკურ კატასტროფას. ასე რომ, ღვთის მადლით, ყველაფერი კარგად იქნება და უფალი დაგვეხმარება ჩვენ ამ ჩანაფიქრის განხორციელებაში.
დღეს ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს - მშვილდაძეებს და ლაცაბიძეებს. „ეს ცნობილი გვარებია საქართველოში, მრავალი ღირსეული ადამიანი გამოსული ამ გვარებიდან.
მოგეხსენებათ, ახლა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში იკლო შობადობამ. შევთხოვ უფალს, რომ გამრავლდეს თქვენი გვარები. გვარების ლოცვა-კურთხევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინ საგანგებოდ დაიწერა, ნათქვამია, რომ ყოველ ოჯახს უნდა ჰყავდეს 7 და მეტი შვილი. მე, მაგალითად, მეშვიდე ვაჟი ვიყავი ჩვენს ოჯახში. ჩემი აზრით, ძალიან საჭიროა ჩვენი ქვეყნის ყოველ ოჯახში იყოს 7 შვილი და სასურველია, მეტიც...
ღმერთმა დალოცოს მშვილდაძეები და ლაცაბიძეები! მოგცეთ მშვიდობა, სიხარული, სიყვარული. აქ მოძღვრებიც არიან იქიდან და დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა.
დღეს ასევე მინდა აღვნიშნო ჩვენი მოძღვრების დამსახურება და დავაჯილდოვო რამდენიმე მათგანი.
იღუმენი იოანე გვაჯაია, რომელმაც ააშენა მონასტერი დიღომში და თავდადებულად იღვწის ეკლესიისა და თავისი სულისთვის, ჯილდოვდება არქიმანდრიტის წოდებით.
თქვენ ყველანი კარგად იცწობთ დეკანოზ გიორგი გეგენიშვილს, თავდადებული კახელი კაცია და დღეს იგი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით.
დეკანოზი არჩილ ავანაშვილი ჯვრის მამის წინამძღვარი ბრძანდება და დღეს იგი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. ღმერთმა ისმინოს თქვენი ლოცვები და ღმერთმა ინებოს საქართველოს დამშვიდება და გამთლიანება, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №29, 2010 წ.