„მტერი უძლურია საქართველოს წინაშე, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
წმინდა მეფე დავით წინასწარმეტყველი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ძალა და მშვიდობა - ორი დიდი სათნოებაა, რომელთა ბოძებას მუდამ ევედრებოდა უფალს ქართველი კაცი.
ერთი ბრძენი ადამიანი ამბობდა: „თუ ადამიანი დაკარგავს სიმდიდრეს ან ფულს, - მას არაფერი დაუკარგავს. სიმდიდრე და ქონება როგორც მოდის, ისევე მიდის. თუ ადამიანი დაკარგავს ჯანმრთელობას, შესაძლოა კიდევ იცოცხლოს, მაგრამ თუკი ის ღვთის მადლს დაკარგავს - მას ყველაფერი დაკარგული აქვს!“ სწორედ ამის ეშინოდა ჩვენს წინაპრებს. გასაკვირია, როცა უცხოეთში მიდიოდნენ, სიმდიდრე და თვალ-მარგალიტი კი არ ხიბლავდათ, უპირველეს ყოვლისა, სიწმინდეები ჩამოჰქონდათ სამშობლოში და ჰქონდათ კიდეც მადლი ღვთისა - „უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი“. ასეთი იყო ჩვენი სანუკვარი თხოვნა-ვედრება და დღესაც შევთხოვთ უფალს, მოგვმადლოს მადლი, რომელიც დაიცავს და დაიფარავს სრულიად საქართველოს!
ხშირად ვდგავართ სასწაულების წინაშე და ვერ ვხედავთ მათ; თითქოს ვიმეცნებთ ისტორიულ მოვლენებს, მაგრამ არ გვესმის მათი არსი. და გადის წლები, საუკუნეები და შემდეგი თაობები იწყებენ გარდასულ ჟამთა მოვლენების შეფასებას და აღქმას.
დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი! მართლაც, დიდია უფალი და ყოველ ადამიანსა და ყოველ ერს აჯილდოებს თვისითა მადლითა. ჩვენც, ყველანი, უფალმა თავისი უზენაესი თვისებით - სიყვარულით დაგვაჯილდოვა. წმინდა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“. აი, სწორედ ეს თვისება მოგვმადლა განსაკუთრებული სიჭარბით უფალმა და ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!
ვინ წარმოიდგენდა, რომ ქრისტეს შობამდე 6 საუკუნით ადრე საქართველოში ჩამოაბრძანებდნენ ხალენს წმინდა ელია წინასწარმეტყველისა! ეს იყო წინამორბედი ჩვენი ერის მიერ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიღებისა, ეს იყო უდიდესი სასწაული! როცა ებრაელები ჩამოვიდნენ საქართველოში, მათ კერპთაყვანისმცემელ ქართველებთან ჩამოიტანეს ერთი ღმერთის ჭეშმარიტი სარწმუნოება, ერთი ღმერთის თაყვანისცემა. ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო გახდებოდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა! რომ საქართველოში ჩამოიტანდნენ კვართს უფლისა! ამდენი მადლი, ამდენი ძალა! უფალი მუდან გვწყალობდა და გვჩუქნიდა თავის მადლსა და ძალას, უძლურთა მკურნალსა და ნაკლულევანთა აღმავსებელს. ასეა დღესაც და ჩვენ ვმადლობთ მას ამ დიდი წყალობისათვის!
ერდ-ერთი უდიდესი სასწაული და წყალობა რომელიც მოგვმადლა უფალმა, ეს არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, რაც უდიდესი მონაპოვარი და დიდი დამსახურებაა ჩვენი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალისა. სწორედ მისი მეოხებითა და თხოვნით, ანტიოქიის პატრიარქმა პეტრემ და ანტიოქიის ეკლესიის კრებამ საქართვეღაის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა. პირველი კათოლიკოსი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიისა გახლდათ პეტრე. იმხანად ანტიოქიაშიც და ჩვენთანაც ეკლესიების ორივე მეთაურს პეტრე ერქვა.
ამგვარად, V საუკუნეში ჩვენმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა მიიღო. სწორედ ამ დროიდან იწყება უნიკალური ხელნაწერების შექმნა, ეროვნული კულტურის აღორძინება და ჩვენი ენისა და მამულის დაცვა! ავტოკეფალიის მიღებას ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამან განაპირობა ჩვენი ერის საოცარი წინსვლა! - დღეს ჩვენ ვახსენებთ წმინდა ვახტანგ გორგასალს, რომელსაც უდიდესი ღვაწლი აქვს ქართველი ერის წინაშე. მისი დედა იყო სპარსეთის მეფის ასული, რომელიც უდიდესი ქრისტიანი, უდიდესი მორწმუნე გახლდათ. როცა მან იგრძნო საშიშროება, რომელიც სპარსეთიდან მოდიოდა და ქრისტიანული სარწმუნოების გამო საქართველოს განადგურებას უქადდა, ჩავიდა თავის მამასთან, სპარსეთში, დავარდა მუხლებზე და ევედრებოდა მას: ნუ გაწირავ საქართველოს, ნუ აიძულებ ქართველებს გახდნენ ცეცხლთაყვანის მცემლებიო. სპარსეთში წესად ჰქონდათ, როცა ქალს ყველაზე დიდი სათხოვარი ჰქონდა, ის გულისპირს გაიხსნიდა და ასე შეჰღაღადებდა. როცა სპარსეთის მეფემ იხილა ასულის ასეთი ერთგულება თავისი ოჯახის მიმართ, აღუთქვა, რომ არ შეეხებოდა საქართველოს იმ პირობით, რომ ვისაც სურდა, ცეცხლის თაყვანისმცემელი დარჩებოდა და ვისაც არა - ქრისტიანი. ნამდვილი სასწაული მოხდა! ვახტანგ გორგასლის დედამ ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, საქართველო განადგურებისაგან გადაარჩინა! ვფიქრობ, რომ ეს მისი უდიდესი ღვაწლი იყო. ვიდრე ვახტანგ გორგასალი გაიზრდებოდა, ეს ქალბატონი თვითონ მართავდა ქვეყანას. შვილი ითვლებოდა მეფედ, მაგრამ მცირეწლოვანების გამო მას ჯერ სახელმწიფო საქმეებში გარკვევა არ შეეძლო და როცა ვახტანგ გორგასალი 15 წლისა შეიქნა, მეფობა მას გადააბარა.
ჭაბუკ მეფეს ხაზარებმა და ოსებმა მოსტაცეს და იგი ოსეთში დაატყვევეს. ვახტანგ გორგასალმა შეკრიბა 172-ათასიანი ჯარი; აქედან 100 ათასი ცხენოსანი და 72 ათასი - ქვეითი; აი, ასეთი ჯარით გაემართა დის გამოსახსნელად და ჩრდილოეთ საზღვრის შემოსამტკიცებლად. წარმოიდგინეთ, როგორი ჯარი ჰყავდათ ქართველებს! შესადარებლად გეტყვით: ამჟამად ჩვეწი ჯარი შეადგენს 35-40 ათას მებრძოლს, ანუ 40 ათასიც კი არ გვყავს! ვახტანგ გორგასალმა კი როგორი ჯარი შეკრიბა! აი, რა ძლიერი ყოფილა საქართველო! და დაიძრა ჩვენი წმინდა მეფე ჯარით, გადმოსულა დარიალის ხეობით და აქ, სნოში შეჩერებულა. ამ სოფელში გახდა იგი ღუდუშაურთა წინაპრის ნათლია. წმინდა მეფემ განამტკიცა საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრები, დაიბრუნა თავისი და და გამარჯვებული უკან ბრუნდებოდა. ბერძნებმა კი ეს მოვლენები სათავისოდ გამოიყენეს: რადგან ომი იყო საქართველოში, შემთხვევით ისარგებლეს და აფხაზეთი დაიკავეს. მეფე ერთი ბრძოლის ველიდან პირდაპირ მეორისაკენ გაემართა; მან გაათავისუფლა აფხაზეთი და საქართველოს დაუბრუნა.
უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ვახტანგ გორგასალს ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. ამიტომაცაა იგი შერაცხული წმინდანთა დასში. იმდენად დიდი იყო მისი სარწმუნოება, რომ მას ეკუთვნის საოცარი სიტყვები: თქვენ ყველამ იცით ამ წმინდა მეფის ანდერძი: „ეძიებდეთ სიკვდილს ქრისტესთვის!“ იმდენად დიდი იყო იგი, რომ ასეთი სიტყვები წარმოთქვა!
როცა ჩვენი ავტოკეფელური ეკლესია პირველ ნაბიჯებს დგამდა, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალმა შექმნა 12 ეპარქია და დაადგინა მღვდელმთავარი. მათ შორის პირველები იყვნენ პეტრე და სამუელი.
სულ გვაწუხებს ფიქრი, რით შეგვიძლია გადავუხადოთ ჩვენს დიდ მეფეს ამ ღვაწლის წილ, ამ დიდი დამსახურებისათვის ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე? ამიტომ მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ:
„აღსანიშნავად იმ ისტორიული ფაქტისა, რომ დარიალისკენ მიმავალი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი შეჩერდა ხევს, სოფელ სნოში, განამტკიცა ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრები და გახდა ნათლია ღუდუშაურთა წინაპრისა, - სოფელ სნოში აშენდა ტაძარი წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობისა და დაიდგა მისი ძეგლი“.
მინდა გითხრათ, რომ ამჯერად ვდგამთ წმინდა მეფის ძეგლს, მისი საზეიმო გახსნა იქნება პეტრე-პავლობის მარხვის შემდეგ, როცა გახსნილდება და საზეიმოდ შესრულდება საღმრთო ლიტურგია:
და აი, მეორე, ძალიაწ მნიშვნელოვანი ისტორიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ. „ჩვენი ერის თავდადებულნი შვილნი, აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ასზღვრების მცველნი - მოხევეები, ხევსურნი და თუშნი, რომლებიც საუკუნეთა მანძილზე თავგანწირვით იცავდნენ და დღესაც იცავენ ჩვენს მამულს, ქრისტიანულ სარწმუნოებას და კულტურას, - ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის დაჯილდოვდნენ ოქროს ლომით“. ლომი არის სიმბოლო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს სრულიად საქართველო და განამტკიცოს ჩვენში პასუხისმგებლობა წინაშე კაცთა და სამშობლოსი, ამინ! დიდება და მადლობა უფალს!
ჯილდო, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, არის გადიდებული ფორმა იმ ლომისა, რომელიც აღმოჩენილია საქართველოში, ქრისტეს შობამდე უძველეს დროში; იგი გაკეთებულია სუფთა ოქროსგან.
ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს ჩვენი სამშობლო! ეს არის პირველი ჯილდო, რომელიც მიიღეს ჩვენმა ქართველებმა - მოხევეებმა, ხევსურებმა და თუშებმა. როგორც მოგახსენეთ, ლომი არის სიმბოლო მაცხოვრისა და მაცხოვარმა დაგიცვათ, დაგიფაროთ, გაგაძლიეროთ, დაიცვას, დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
მადლობა უფალს, რომ აშენდა წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეს საოცარი ტაძარი. ჯერ არ არის დამთავრებული მისი მოპირკეთება; პეტრე-პავლობამდე დასრულდება და ჩვენ დიდა ზეიმით აღვნიშნავთ ამას.
დალოცვილი და გახარებული იყავით. კიდევ ერთხელ მინდა მოგახსენოთ:
მტერი უძლურია საქართველოს წინაშე, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №21, 2010 წ.