„ერთხელ უწმინდესმა და უწეტარესმა ეფრემმა მითხრა:
როცა გაგიჭირდებათ,
მოდით ჩემს საფლავზე, მითხარით თქვენი გასაჭირი და იქიდან დაგეხმარებითო!“
ქრისტე აღდგა!
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ხარების დღესასწაულს! ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა აღდგომა წინ უსწრებს ხარებას. ღმერთმა გაგახაროთ! დღეს ყოველმა ადამიანმა რაღაც სიკეთე უნდა გააკეთოს და სხვა ადამიანები გაახაროს.
დღეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ეფრემის (სიდამონიძე) გარდაცვალების დღე. იგი დიდი პატრიარქი და ერის სულიერი მამა ბრძანდებოდა, ამიტომ ჩვენ ახლა მისი სულისთვის პანაშვიდს შევასრულებთ.
ეფრემ II განსაკუთრებული პიროვნება გახლდათ და იგი ხშირად წინასწარმეტყველებდა. ამის მრავალი მაგალითის მოყვანა შემიძლია; ახლა ერთი შემთხვევა მახსენდება, მაშინ სასულიერო სემინარიის რექტორი ვიყავი. ერთხელ მივედი მასთან და სტუდენტების დაწერილი თხზულებები მივუტანე. იშხანად სულ 6-7 სტუდენტი გვყავდა. მან წაიკითხა ეს ნაშრომები და ერთ-ერთ სტუდენტზე მითხრა - ეს კაცი საქართველოს ეკლესიის მტერი იქნებაო. იგი ძალიან ნიჭიერი და კარგი სტუდენტია და რატომ ამბობთ მასზე ამას მეთქი? - შევწუხდი. გავიდა დრო და მისი სიტყვები აღსრულდა...
უწმინდესი და უნეტარესი ეფრემი 7 წელი გადასახლებაში იყო. რეპრესიამდე იგი წირვას წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში აღასრულებდა და იქვე რეზიდენცია ჰქონდა. სწორედ იქ დააკავეს იგი გვიან ღამით. მოგვიანებით გვიყვებოდა: „როდესაც კარს ვკეტავდი, კვერთხი დამივარდა და რაღაც ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ აქ კვლავ დავბრუნდებიო. მას 10 წლის გადასახლება მიუსაჯეს, თუმცა 7 წლის შემდეგ შინ დაბრუნდა.
გადასახლებიდან დაბრუნებულმა, უპირველეს ყოვლისა, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარს მიაშურა. გზად ფიქრობდა: ტაძრის კარიდან საკურთხველამდე მუხლის ჩოქით მივალ და პირველ ხატს, რომელსაც დავინახავ, სწორედ ის იქნება ჩემი მხსნელიო. ამ ფიქრებით მიუახლოვდა ეკლესიას. ტაძრის ზღურბლთან მუხლი მოიყარა და ჩოქვით საკურთხევლისკენ გაემართა. თავიდან იგი ვერავინ იცნო, რადგან ანაფორა არ ემოსა, პატიმრის ქურთუკში იყო ჩაცმული; ბოლოს მაინც იცნეს. პირველი ხატი კი, რომელიც დაინახა - წმინდა სერაფიმე საროველის ხატი აღმოჩნდა. უწმინდესი და უნეტარესი ეფრემი იგონებდა, რომ ადრე ამ ხატს სხვა ხატებისაგან არაფრით განასხვავებდა, ამის შემდეგ კი იგი განსაკუთრებულად შეუყვარდა.
მინდა კიდევ ერთი ამბავი გიამბოთ, რომელიც პატრიარქ ეფრემს თავს გადახდა. როდესაც იგი გადასახლებიდან საქართველოში ბრუნდებოდა, ზღვით უნდა ემგზავრა და ერთი ყურე ბორანით გაევლო. რიგი იდგა, ბორანს ბევრი მგზავრი ელოდა. როდესაც მისმა რიგმა მოიწია, ჩასხდომა შეწყვიტეს. პატრიარქი გულმხურვალედ იხვეწებოდა: იქნებ მეც წამიყვანოთ, 7 წელია სამშობლოში არ ვყოფილვარ და ძალიან მიმეჩქარებაო. მაგრამ მათ სასტიკი უარი უთხრეს. მეუფე ეფრემი თურმე მწარედ ტიროდა და ემუდარებოდა, გამონაკლისი დაეშვათ და ერთი მგზავრიც აეყვანათ, მაგრამ ამაოდ... გულდაწყვეტილი ნაპირზე დარჩა მორიგი რეისის მოლოდინში. 2 საათის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ის ბორანი ჩაიძირა და მგზავრები დაიხოცნენ. აი, ასე გადაარჩინა იგი უფალმა.
ასეთი შემთხვევები ბევრი იყო მის ცხოვრებაში. ეპისკოპოსობაში, როდესაც იგი წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მსახურობდა, მასთან ერთად ცხოვრობდა ერთი მოძღვარი. მათ ნაქირავები ჰქონდათ 2 ოთახი. წინა ოთახში მოძღვარი იყო, უკანაში კი - მეუფე ეფრემი. იმ პერიოდში მრავალი ყაჩაღობა და მკვლელობა ხდებოდა და ამიტომ, მარტო ყოფნას ყველა ერიდებოდა. ერთხელ მეუფე ეფრემს ასეთი რამ შეემთხვა: ნაშუაღამევს სიმყრალის სუნი იგრძნო, ლოგინში მხარი იცვალა და რომ გადმობრუნდა - ეშმაკი იხილა, რომელიც მისკენ დაიხარა და უთხრა: „უარჰყავი ღმერთი!“ მეუფემ მიუგო: „უფალსა ღმერთსა თაყვანსა ვსცემ და მხოლოსა მას ვემსახურები!“ ბოროტი უმალ განეშორა. როდესაც ხილვა გაუჩინარდა, მეუფე ეფრემი მოძღვარს შეეხმიანა - გძინავს, მამაო? მოძღვარს ეღვიძა. მეუფე ეფრემმა ჰკითხა: „შენ ხომ არ იყავი ჩემთან შემოსულიო?“ - იქნებ გაიხუმრაო, იფიქრა. მოძღვარმა მიუგო, რომ არც კი ამდგარა და პირიქით, ეგონა, მეუფე წამოდგაო, რადგან რაღაც ჩრდილი დაინახა. კარი შეამოწმეს და ნახეს, რომ კლიტე გახსნილი იყო და კარი გამოღებული.
აი, ასეთი საოცარი პიროვნება გახლდათ უწმინდესი და უნეტარესი ეფრემი. უდიდესი მოღვაწე და მოწყალე, ფრიად განსწავლული და წიგნიერი. მან ზედმიწევნით იცოდა ძველი ქართული ლიტერატურა, წმინდანთა ცხოვრება. კორნელი კეკელიძე იყო მისი მასწავლებელი. ერში ეფრემს გრიგოლი ერქვა. სახელი ეფრემი მას სწორედ კორნელი კეკელიძემ უწოდა. ეფრემმა დაამთავრა სემინარია და უნივერსიტეტი. ამ დროს კორნელი კეკელიძე, რომელიც ოდესღაც სიონის დეკანოზი გახლდათ, უკვე უნივერსიტეტში მოღვაწეობდა პედაგოგად. როგორც მოგეხსენებათ, კომუნისტებმა იგი აიძულეს, გაეხადა ანაფორა და მასწავლებლობა დაეწყო. კორნელი კეკელიძის კალამს ეკუთვნის ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის 2 ტომი და რამდენიმე ეტიუდი. მასთან სახლში ნამყოფი იყო ეფრემი და ბატონმა კორნელიმ მას ეფრემ მცირე ფილოსოფოსის პატივსაცემად სახელი შეურჩია.
დღეს ჩვენ ვიხსენიებთ უწმინდესსა და უნეტარეს ეფრემს, ვლოცულობთ მისი სულისთვის. მისი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ ყოველთა და სრულიად საქართველოს!
ერთხელ უწმინდესმა და უწეტარესმა ეფრემმა მითხრა: როცა გაგიჭირდებათ, მოდით ჩემს საფლავზე, მითხარით თქვენი გასაჭირი და იქიდან დაგეხმარებითო.
ღმერთმა დაგლოცოთ და დაგაჯილდოოთ თავისი სიყვარულით! მრავალ ხარებას დაესწარით!
ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტე აღდგა!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №11, 2010 წ.