„...ყველაფერი წყდება ზეცად და იქ აღესრულება!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დავით მეფე წინასწარმეტყველი ამბობს: „დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ადამიანის ცხოვრება საკვირველებით არის აღსავსე. დღეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მეფსალმუნე მეფე დავით წინასწარმეტყველს. იგი ქრისტეს შობამდე თერთმეტი საუკუნით ადრე ცხოვრობდა. ის გახლდათ მეშვიდე შვილი თავის ოჯახში. ერთხელ გამოეცხადა უფალი წინასწარმეტყველს და დაავალა, მისულიყო იესეს ოჯახში და მირონი ეცხო იესეს ძისათვის, რომელიც უფალმა ისრაელის მეფედ გამოირჩია. იმ ხანად მეფობდა საული. ცოცხალი მეფის დროს უფალი ირჩევს ახალ მეფეს, რადგან საული ვერ ასრულებდა იმას, რისთვისაც მოწოდებული იყო.
მივიდა წინასწარმეტყველი იესეს ოჯახში, მაგრამ არ იცოდა, რომელი შვილი გამოირჩია უფალმა. ებრაულ ენციკლოპედიაში წერია, რომ წინასწარმეტყველი აპირებდა მირონი ეცხო პირველივე ვაჟისათვის, რომელსაც მამა გამოიყვანდა, მაგრამ მირონი ჭურჭელიდან არ გადმოდიოდა. წინასწარმეტყველი მიხვდა, რომ ეს არ იყო ღვთის რჩეული და სხვა ვაჟები მოიკითხა; მამამ სხვებსაც უხმო, მაგრამ არც დანარჩენ ხუთ ვაჟზე გადმოდინდა მირონი. მაშინ შეშინდა წინასწარმეტყველი, - იქნებ ვცდები ან არასწორად გავიგე რამეო. მაინც ჰკითხა იესეს, კიდევ ხომ არ გყავს შვილებიო? იესემ მიუგო, რომ კიდევ ჰყავდა უმცროსი ვაჟი, რომელიც საქონელს მწყემსავდა. უხმეს დავითს და მას თავზე წინასწარმეტყველის ხელით უხვად გარდამოსდინდა მირონი. აი, ასე მოხდა დავითის გამორჩევა მეფედ სრულიად უბრალო ოჯახიდან.
ასეა, - ყველაფერი წყდება ზეცად და აქ აღესრულება! მას დიდი განსაცდელები მოუვლინა საულ მეფისაგან. თუმცა მეფე საულმა ინება და თავისი ქალიშვილი მიათხოვა დავითს, მაგრამ ამ ფაქტმაც არ უშველა და მტრობა გრძელდებოდა მათ შორის. საული ეძებდა საშუალებას, მოეკლა დავითი. ბევრი განსაცდელი გამოიარა დავითმა და საოცარი იყო მისი გამეფება.
ერთხელაც საული ბრძოლის ველზე დაჭრეს, მტერი ახლოს იყო უკვე და მას არ სურდა, ცოცხალი ჩავარდნოდა მათ ხელში. ამიტომ სთხოვა თავის ჯარისკაცს: მომკალი, რომ ცოცხალი არ ჩაუვარდე მტერსო. ჯარისკაცმა მოკლა მეფე, აიღო მისი გვირგვინი, მივიდა დავითთან და თითქოს მიახარა, - მეფე მკვდარიაო! დავითი დამწუხრდა, მიუხედავად იმისა, რომ საული მტრობდა მას, იგი ძლიერ დამწუხრდა და შერისხა ჯარისკაცი: „როგორ გაბედე მეფის მოკვლა, როგორ შეეხე ცხებულსა ღვთისასა!“ მოუხმო თავის მორჩილს და უბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ის ჯარისკაცი: „არ ხარ ღირსი ცოცხლად რომ გადარჩე, მეფის მკვლელო!“
კიდევ მრავალი განსაცდელი შეხვდა დავითს ცხოვრებაში. საკუთარი ვაჟი აბესალომი აღუდგა მას და სურდა, თავად გამეფებულიყო. აბესალომმა შეკრიბა ჯარი მამის წინააღმდეგ; დავითის ჯარისკაცები მას ტყეში დაედევნენ. აბესალომს ჰქონდა გრძელი ოქროსფერი თმა და ცხენზე ამხედრებული მიჰქროდა. თმებით გამოედო ხეებს, ცხენი წინ გავარდა და აბესალომი თმებით ჩამოკიდებული დარჩა. მხედრები მივიდნენ და განგმირეს დავითის შვილი. დავითი მწარედ დასტირის თავის შვილს და ამბობს: სჯობდა მე მომკვდარიყავი და შენ მეფედ დარჩენილიყავი!
აი, ასეთი მრავალი განსაცდელი გამოიარა დავითმა და ბოლოს, როცა მან მრავალი ომი მოიგო და იერუსალიმში ზეიმით შევიდა, მთელი ერი ადიდებდა მას. მან შეაჩერა საზეიმო მსვლელობა და უხმო მხედართმთავრებს: გადაეცით ხალხს და ჯარს, რომ უფალი მეფობს! ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ის კი არა, უფალი მეფობს!
მისი ცხოვრება არის მაგალითი ყოველი ადამიანისთვის. ვინც ყოფილხართ იერუსალიმში, ნახავდით, რომ სრულიად გამოცალკევებულია აბესალომის საფლავი და წესად არის დადგენილი, - ვინც გაუვლის მის საფლავს, ქვა უნდა ესროლოს მას, ნიშნად იმისა, რომ იგი აღუდგა მამას!
უფალი აღამაღლებს და უფალი დაამდაბლებს ადამიანს! ბიბლიაში წერია: „ღმერთი ამპარტავანსა შემუსრავს, ხოლო თავმდაბალთა მიანიჭებს მადლს“. აი, რაოდენ საჭიროა თავმდაბლობა, - ეს გამოცდილი გვაქვს საკუთარ ცხოვრებაში. მრავალი ასეთი ამაღლებული ადამიანი ყოფილა და არის ჩვენს სამშობლოში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ცნობილი მეცნიერი, ფიზიოლოგი ივანე ბერიტაშვილი. დღეს მას დაბადებიდან 125 წელი შეუსრულდებოდა. იგი გახლდათ მღვდლის შვილი, დაახლოებული იყო ეკლესიას, დაამთავრა სასულიერო სემინარია, მემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტი და გახდა მთელ მსოფლიოში ცნობილი სახელგანთქმული მეცნიერი.
დღეს ჩვენ ვიხსენებთ მას, როგორც სამაგალითო პიროვნებას, რომელმაც ბევრი გააკეთა საქართველოსათვის და მთელი მსოფლიოსათვის მეცნიერების ამ დარგში. ახლა ჩვენ აღვასრულებთ პანაშვიდს მისი სულის საოხად. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული! დღეს ვლოცავთ მის გვარს, მის ახლობლებს, ფიზიოლოგიის ინსტიტუტს, მის მეცნიერ-თანამშრომლებს.
უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!
დღეს ილოცება შემდეგი გვარები: მჭედლიძეები, ბოჭორიშვილები, აფხაძეები, შეყილაძეები, ლომიძეები, ჩხიკვაძეები, გაგუები და პირმისაშვილები. ასევე ილოცებიან ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მომსახურე პერსონალი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ!
შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს არის ახალი წელი ძველი სტილით და 12 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში შესრულდება ახალი წლის პარაკლისი, მშვიდობისა და ბედნიერებისთვის!
ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალ ახალ წელს დაესწარით!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №1, 2010 წ.