„გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, არც ერთმა დღემ არ
განვლოს ისე,
რომ რამე არ წაიკითხოთ ქართული ლიტერატურიდან!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის წმინდა კალისტრატეს ხსენება. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავდა დიდი კათოლიკოს-პატრიარქი, საქართველოს ეკლესიის ბრძენი საჭეთმპყრობელი - კალისტრატე ცინცაძე. იგი იყო მმართველი საქართველოს ეკლესიისა ყველაზე მძიმე 1932-დან 1952 წლებში, ანუ 20 ურთულესი წელი! ამ საშინელმა წლებმა მის მხრებზე გადაიარა, მაგრამ ღვთის წყალობა იცავდა მას. იყო ისეთი დრო, როცა მას სიონის საპატრიარქო ტაძარში შესვლის უფლება არ ჰქონდა! მთელი სინოდი დაპატიმრებული იყო! მაგრამ ღმერთმა მოგვხედა და იგი შეიქნა ერთ-ერთი უდიდესი რჩეულთაგანი პატრიარქებს შორის. დღეს თქვენი სახელით, წმინდა სიწოდისა და პირადად ჩემი სახელით ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს ანგელოზის დღეს, მისი ლოცვა-კურთხევა არ მოგვაკლოს ღმერთმა!
დღეს ასევე არის ანგელოზის დღე ჩვენი უხუცესი მღვდელმთავრის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატესი. ვულოცავთ მეუფე კალისტრატეს ამ დიდებულ დღესასწაულს...
დღეს მინდა ვისაუბროთ ჩვენს ეროვნულ ფასეულობებზე, რომელთაც სათუთად უნდა მოვუფრთხილდეთ და დავიცვათ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი მართლმადიდებელი სარწმუნოება, ეს არის ჩვენი ეროვნება, ეს არის ჩვენი ენა ქართული, ჩვენი კულტურა, ჩვენი ლიტერატურა - პროზა და პოეზია, ჩვენი არქიტექტურა, ქართული ხელოვნება და მრავალი სხვ.
საუკუნეების მანძილზე ქმნიდა ქართველი კაცი ამ კულტურას და დღეს გაგვაჩნია უდიდესი სულიერი და კულტურული სიმდიდრე და თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას!
უდიდესი საუნჯეზეა ჩვენი ქართული ენა! იგი უძველესი და უტკბილესია, რაღაც განსაკუთრებული მადლით მოსილი! როდის წარმოიშვა იგი? როდესაც ქართველი კაცი გაჩნდა ამქვეყნად, აი, მაშინ წარმოიშვა ქართული ენაც! ქართული ენა დიდებულია თავისი სიღრმით, თავისი ფილოსოფიური დატვირთვით, თავისი უძველესი ფორმებით! ამაზე მეტყველებს ისეთი საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური შრომები, რომლებიც ჰქონდათ, მაგალითად, ეფრემ მცირეს, იოანე პეტრიწს, - ისინი გადმოცემულია ქართული ენით! ქართული ენა მდიდარია საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური ტერმინოლოგიითა და ისეთი სიტყვებით, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანს, ზედმიწევნით ზუსტად გამოთქვას თავისი აზრი. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არის კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ენა.
დღეს ამაზე იმიტომ ვსაუბრობ, რომ ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომელთა აზრით, არსებობს ე.წ. „ქართველური ენები“. მინდა გითხრათ, რომ არავითარი ქართველური ენები არ არსებობს, არის მხოლოდ ერთი ენა ქართული, თავისი მრავალრიცხოვანი დიალექტით, როგორიცაა - სვანური, მეგრული, მესხური და სხვა... ეს არის არა ცალკე ენები, არამედ ერთი ქართული ენის განშტოებანი!
ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ენას! გავიხსენოთ იოანე ზოსიმეს დიდებული სიტყვები, ქართული ენის შესხმა - „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“.. სხვათა შორის, არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, იოანე ზოსიმე ამ ქებაის ტექსტის გადამწერი და არა ავტორია. მაშინ ეს შესხმა უფრო ძველიც შეიძლება იყოს. იოანე ზოსიმეს უწერია, რომ „სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან“, იგი აღდგება, როგორც ოთხი დღის მკვდარი ლაზარე და გაბრწყინდება; შემდეგ კი ჰიმნოგრაფი გვამცნობს, რომ მეორედ მოსვლის ჟამს ქართულითა ენითა განისჯება სამყარო. ჩვენ ბევრი გვიფიქრია ამის შესახებ და, ალბათ, თითოეულ თქვენგანსაც უფიქრია, თუ რით დაიმსახურა ქართულმა ენამ ესოდენი პატივი? არსებობს წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ უკანასკნელ ჟამს კაცობრიობა დაკარგავს სარწმუნოებას, ჩაეფლობა ცოდვებში და მხოლოდ ქართველი კაცი დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას და აი, ამის გამო, როგორც ჯილდო, ქართველ ერს მიეცემა ეს წყალობა ღვთისა, რომ საყოველთაო განკითხვა ქართული ენით მოხდება.
მინდა მოგიწოდოთ, გავუფრთხილდეთ ჩვენს ღვთითბოძებულ ენას! დავიცვათ იგი და დავეუფლოთ მას! მოგეხსენებათ, ჩვენ გაგვაჩნია სამი დამწერლობა, სამი ანბანი, უძველესი მათ შორის არის ასომთავრული (ალბათ, იმაზე ადრეც იქნებოდა სხვა), შემდეგ - ნუსხა-ხუცური და მხედრული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, სამი ანბანი რომ ჰქონდეს! ზოგს თავისი დამწერლობაც კი არ გააჩნია! ამიტომ, ჩვენ მოვალენი ვართ, ვიცოდეთ სამივე ანბანი, თავისუფლად უნდა ვკითხულობდეთ სამივე დამწერლობას. ხშირად ჩვენი ახალგაზრდობა შედის რომელიმე უძველეს ტაძარში და არ შეუძლია ასომთავრული და ხუცური წარწერების ამოკითხვა. მეტსაც გეტყვით, ამ 33 წლის წინ, როცა სრულიად საქართველოს პატრიარქად მაკურთხეს, იშვიათად თუ მოიძებნებოდა ადამიანი, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური რომ სცოდნოდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ჟამნსა და კონდაკს მხედრულად იწერდნენ და ასე კითხულობდნენ ეკლესიაში. მე მათ ავუკრძალე ასეთი ქმედება და ამ სამივე ანბანის სწავლა დავიწყეთ.
სამწუხაროა, რომ დღეს მრავალი პრობლემა აქვს ქართულ ენას. მათ შორის, უპირველესად ის ადამიანები, რომელთა შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, - ვინც ფიქრობს, რომ სვანური, მეგრული და სხვა დიალექტები ქართული ენა არ არის, არამედ რაღაც ე.წ. ქართველური ენებია. ქართული ენა მხოლოდ ერთია, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ არ არსებობს არც მეგრული და არც სვანური დამწერლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა ამის მტკიცებულებები, უძველესი ხელნაწერები. მაშასადამე, არის მხოლოდ ერთი ქართული ენა! ამის საწინააღმდეგოდ ილაშქრებენ ის ადამიანები, ვისაც განზრახული აქვს, თარგმნოს ქართულიდან სვანურად და მეგრულად წმინდა წერილი და სხვა საეკლესიო წიგნები! ისინი დიდ შეცდომას უშვებენ და ნებსით თუ უნებლიეთ ერს მტრობენ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მეგრული და სვანური დიალექტები, მაგრამ ეს ოჯახებში უნდა მოხდეს. ჩვენი ოფიციალური სახელმწიფო, სალიტერატურო ენა კი არის ერთი - ქართული ენა.
დღეს ასევე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო კიდევ ერთ, მეტად საგულისხმო საკითხზე. მოგეხსენებათ, როგორ შემოდის და მკვიდრდება თანდათან ჩვენს ლექსიკაში უცხოური სიტყვები. მაგალითად, სიტყვა - „მენეჯერი“. რატომ უნდა ვამბობდეთ „მენეჯერს“, როცა შეიძლება ითქვას მმართველი? რატომ უნდა ვიხმაროთ სიტყვა „შოუ“, როცა შეგვიძლია იგივე ვთქვათ ქართულად - „ჩვენება“? ან კიდევ „ქეისი“ - ჩანთა და ა.შ. ამ ბოლო დროს ასეთი სიტყვების რაოდენობა ქართულ ენაში ძალიან მომრავლდა და არ დავიწყებ ახლა აქ ყველას ჩამოთვლას. უფრო ხშირად ეს სიტყვები დღეს ინგლისური ენიდან შემოდის. ეს არ არის გამართლებული. ჩვენი ქართული ენა ძალიან მდიდარია და ყოველ ამ სიტყვას აქვს შესაბამისი ქართული თარგმანი და თუკი ენაში არსებობს ამგვარი ტერმინოლოგია, რაღა საჭიროა უცხო სიტყვების შემოტანა და დანერგვა? ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს და ეს ყველა სიტყვა ქართულად უნდა იყოს წარმოთქმული.
ასევე ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ დღეს ხშირად დაწესებულებებზე წარწერები უცხოურ ენებზე კეთდება. ზოგ შემთხვევაში ქართულად არც აწერია, არამედ მხოლოდ ინგლისურად ან კიდევ რომელიმე სხვა ენაზე. ასეთი რამ ხშირად მინახავს არა მარტო თბილისში, ასევე, მაგალითად, აჭარაში. აი, კიდევ ერთი სიტყვა მომაგონდა, წარწერა „შოპინგი“. რატომ „შოპინგი“? განა შესატყვისი ქართული არ მოიძებნა? ამ ყველაფერზე დაფიქრება გვმართებს და სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. თავად თუ არ გავუფრთხილდით ჩვენს ენას, სხვა, მით უმეტეს, არ გაუფრთხილდება! ქართულმა ენამ გადაარჩინა ჩვენი ერი და ქართული ენა და ჩვენი სარწმუნოება გადაარჩენს მას ასევე მომავალშიც. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ქართული ენა, ჩვენი დამწერლობა, სამივე ანბანი. ვფიქრობ, რომ დაწესებულებებზე წარწერა უნდა იყოს სამივე ქართული ანბანით. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს მოსახლეობას, თვალი შეაჩვიოს და შეისწავლოს სამივე დამწერლობა: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. მივმართავ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ბიზნესმენებს, თავიანთ დაწესებულებებს წარწერები გაუკეთონ სამივე ანბანზე. ამით ჩვენ მივაღწევთ, რომ ერთ წელიწადში ყველას ეცოდინება სამივე დამწერლობა.
მართლაც, საოცარია ქართული ენა და ხშირ შემთხვევაში, ქართული პოეზიის თარგმნა შეუძლებელია, იმდენად ღრმა არის ქართული ენა. ქართული ლექსის თარგმანი უცხოურ ენაზე ძალიან ფერმკრთალი და უბრალო გამოდის. ბევრს უთქვამს შესხმა ქართული ენისა, მაგრამ ბოლო დროს ბრწყინვალედ გამოთქვა ეს ირაკლი აბაშიძემ. მინდა, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ირაკლი აბაშიძის ეს სიტყვები ქართული ენის შესახებ: „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“...
სრულყოფილად რომ ვფლობდეთ ქართულ ენას, უნდა ვიკითხოთ ქართული წიგნები. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, არც ერთმა დღემ არ განვლოს ისე, რომ რამე არ წაიკითხოთ ქართული ლიტერატურიდან. აუცილებლად უნდა ვიკითხოთ ჩვენი კლასიკა, - ამ წიგნებში არის დიდი სიღრმე.
დალოცვილი იყავით! გახსოვდეთ მუდამ, რომ ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ჩვენი ქართული ენა, მართლმადიდებელი სარწმუნოება გადაარჩენს საქართველოს!
დალოცვილი იყოს ქართული ენა, რომელსაც აღადგენს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მსგავსად ლაზარესი, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №33, 2010 წ.