„ჩვენთან არს ღმერთი! - ეს სიტყვები არ არის
უბრალო სიტყვები, ეს არის ჩვენი
მტკიცე საფუძველი, რომელიც გვიცავს, იცავს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დედაეკლესიას“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“
განუზომელია მადლი, სიყვარული და მოწყალება ღვთისა! სიყვარული ღვთისა აღემატება ადამიანის ცოდვებს და არა მარტო ჰფარავს მათ, არამედ აღხოცავს ისე - თითქოს არც ყოფილა სრულებით. მე მყავდა საოცარი მოძღვარი - მამა შიო ძიძავა, რომელიც ამბობდა: ღმერთი ბავშვივითაა, მას მალე ავიწყდება ჩვენი ცოდვები, ისევე როგორც ბავშვს - წყენაო.
ჩვენმა დიდმა წინაპარმა, ილია მართალმა, ჭავჭავაძემ, ანდერძად დაგვიტოვა სამი უდიდესი სათნოება, სამი საზრუნავი: მამული, ენა, სარწმუნოება და ამით ჩვენ ვსაზრდოობთ. ჩვენ ჩვენებურად განვმარტეთ ეს მოწოდება, დღევაწდელი პრობლემებიდან გამომდინარე, როცა ხდება ფასეულობათა გადაფასება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი გადაფასება შეიძლება და რისი - არა. და აი ჩვენ გამოვთქვით სამი საზრუნავი: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. უნდა ითქვას, რომ ზოგიერთში დაკარგულია ერთიც, მეორეც და მესამეც. განვმარტოთ ყოველი ეს საზრუნავი ცალ-ცალკე.
უპირველეს ყოვლისა, - ღმერთი! ქართველი ადამიანი, ქართველი ერი მუდამ მორწმუნე იყო. და მუდამ იგულისხმებოდა, თუ იტყოდნენ ქართველიაო, ის აუცილებლად მართლმადიდებელი უნდა ყოფილიყო. ჩვენი დიდი მეფეები ქადაგებდნენ: სარწმუნოების გულისთვის თავი უნდა დადოს ადამიანმაო. თქვენ იცით, წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი ამბობს თავის ანდერძში: ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსო. არც ერთ მეფეს და საერთოდ არც ერთ ადამიანს არ უთქვამს მსგავსი სიტყვები! დააკვირდით, - იმას კი არ ამბობს, გამხნევდი სიკვდილის დროს ან ვაჟკაცურად შეხვდი სიკვდილსო, არამედ შენ თვითონ ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილსო! აი, სწორედ ეს იყო ქართული იდეა და ალბათ ასეთად დარჩება იგი მეორედ მოსვლამდე.
მინდა ვთქვა, რომ ქართული იდეა მთლიანად დაფუძნებულია სულიერებაზე, სარწმუნოებაზე, ღვთის დიდებაზე. ამიტომაა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, ერთმანეთს ვესალმებით სიტყვებით - ჩვენთან არს ღმერთი! ეს სალამიც არ არის, ეს არის წმინდა წერილის სიტყვა - ემანუილ, ერთ-ერთი სახელი ღვთისა, რომელიც ითარგმანება ებრაულიდან, როგორც ჩვენთან არს ღმერთი! - ეს სიტყვები არ არის უბრალო სიტყვები, ეს არის ჩვენი მტკიცე საფუძველი, რომელიც გვიცავს, იცავს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დედაეკლესიას. მსოფლიოში სხვაგან ვერსად ნახავთ ეკლესიას, სადაც ტაძრებში, თუნდაც საპატრიარქო ტაძარში, იყოს ამდენი ახალგაზრდობა, როგორც, მაგალითისთვის, თქვენ ხართ ამჟამად სამების საპატრიარქო ტაძარში. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის არც ჩემი დამსახურება, არც ჩვენი მღვდელმთავრებისა და სამღვდელოების. ეს არის ცოცხალი ეკლესია და თქვენ ხართ ღვთისაგან მოწოდებული არა ჩემს მიერ. „ეკ კლეო“ - ბერძნულად ნიშნავს „შორიდან ვეძახი“, „ვუხმობ“. ჩვენ ყველანი: თქვენც და მეც ეკლესიის შორიდან მოსული წევრები ვართ, უფლისგან მოწოდებულები და ჩვენ ვმადლობთ და ვადიდებთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის! დიდება უფალს ყველაფრისათვის! - როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი.
ჩვენი საზრუნავის შემდეგი საფეხურია - სამშობლოს ცნება. ერთმა ჩვენმა დიდმა წინაპარმა თქვა: როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა! სამშობლო - ეს არის ჩვენთვის ღვთისაგან ბოძებული სამყარო. ეს არ არის მხოლოდ მიწა, ეს არ არის: ჩვენი მშვენიერი მთები და ველები, ეს არის ჩვენი წინაპრების სული, სამშობლო არის ჩვენი ფესვები! და ამ ფესვებს თუ მოსწყდება ადამიანი, ის ძნელად გაიხარებს. განსაკუთრებით დიდი ფიქრი მაქვს უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეებისა. დაბრუნდება თუ არა ის ქართველობა, უცხოეთში რომ გავიდა ლუკმა-პურის საშოვნელად. ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ, თორემ მოსწყდებიან თავის ფესვებს. სამწუხარო ფაქტია, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების უკვე მეორე თაობა ივიწყებს მშობლიურ ენას, ეროვნულ ტრადიციებს. მათმა შვილებმა უკვე აღარ იციან ქართული, იმიტომ რომ სკოლაში უცხო ენაზე სწავლობენ. სამშობლო ძვირფასია; ასეა ყოველი ადამიანისთვის.
და ჩვენი ზრუნვის მესამე ობიექტია - ადამიანი. ყოველი ადამიანი მხოლობით რიცხვში ჰყავს შექმნილი უფალს. ქვეყნად არასდროს მოვა სხვა ასეთი ადამიანი. უფალი საერთოდ ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის. თქვენ რომ შეისწავლოთ მთელი მსოფლიოს მცენარეები, დააკვირდეთ ხეხილის ფოთოლს, ვერსად ნახავთ ორ სრულიად ერთნაირს! აი, ასეთია ყველა ქმნილება ღვთისა და ეს არის უფლის წყალობა.
როდესაც ადამიანი რამეს აკეთებს მრავლად, იგი შტამპავს, მას შეუძლია გააკეთოს ათასი, მილიონი, ზუსტად ერთნაირი. მაგრამ რაც არ უნდა მიამსგავსოს ადამიანმა თავისი შემოქმედება ღვთის ქმნილებას, მისი გაკეთებული მაინც ყველაფერი უსიცოცხლოა. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ზუსტად ისეთივე ხორბლის მარცვალი, როგორიც არსებობს ბუნებაში, მაგრამ სიცოცხლე მასში არ იქნება! და რა არის სიცოცხლე? ვერავინ ხსნის ამას. თუნდაც, რა ამუშავებს ჩვენს გულს ან რა არის ადამიანის სისხლი?
ადრეც ბევრჯერ მიამბნია თქვენთვის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და იმიტომ ვიმეორებ ხოლმე, რომ მინდა ყველამ იცოდეს. როდესაც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი, სოხუმში ჩამოვიდა ერთი მოხუცებული ექიმი ქალბატონი, რომელიც გახლდათ პავლოვის მოწაფე. მე გავიცანი იგი და სწორედ მან მიამბო თავისი მასწავლებლის შესახებ. ერთხელ კომუნისტური მთავრობის მეთაურს უკითხავს მისთვის: თქვენ მსოფლიოში ცნობილი და უდიდესი მეცნიერი ბრძანდებით და ნუთუ მორწმუნე ხართო? და პავლოვმა უპასუხა: როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, იმდენად ამტკიცებს ეს ღვთის არსებობას, რომ არა მარტო მორწმუნე, არამედ წმინდანიც კი შეიძლება გახდეო.
ერთი ბოტანიკოსი ამბობს: მე ვიხილე კვალი უფლისა მცენარეებში, მაგრამ ღმერთი არ მინახავსო. მახსენდება ჩვენი ერთ-ერთი პროფესორის, მამა იოანე კოზლოვის ქადაგება. ძალიან გვიყვარდა სტუდენტებს ეს პროფესორი, იგი დეკანოზი გახლდათ და მუდამ ამბობდა ხოლმე მოკლე ქადაგებებს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი ერთი ქადაგება: ორი ასტრონომის საუბარი, ერთი მათგანი იყო მორწმუნე, მეორე კი ურწმუნო და ურწმუნო ადამიანი ეუბნება თავის მორწმუნე კოლეგას: მთელი ცხოვრება ვუყურებ ცას და ვერსად ვიხილე ღმერთი. მორწმუნე კი პასუხობს: შენ ცაში ეძებდი ღმერთს და ის კი დაგავიწყდა, რომ იგი საკუთარ გულში უნდა მოგეძებნა; შენს გულში ჩაიხედე და იქ იპოვი შემოქმედსო... მახსენდება კიდევ ერთი ამბავი: სოფელში ვიყავი და ხშირად ბავშვები მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან. ერთხელ ვკითხე მათ: როგორ წარმოგიდგენიათ ღმერთი-მეთქი? - და ერთმა ბავშვმა აეთი პასუხი გამცა: ღმერთი ისეთი პატარაა, რომ ეტევა ჩემს გულში და ამავე დროს ისეთი დიდია, რომ მთელი სამყარო ვერ იტევსო. მართლაც ასეა, და ბავშვმა გამოთქვა უდიდესი სიბრძნე!
ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანს. ჩემი ბავშვობიდან მახსოვს, როცა ვინმე ადამიანი გარდაიცვლებოდა, სოფელში ეს იყო ცის ჩამოქცევის მსგავსი ამბავი! მთელი სოფელი გლოვობდა მას და როგორ შეიძლებოდა, ვინმეს რადიო ჩაერთო, ან სიმღერა ეთქვა! მთელი სოფელი უთანაგრძნობდა იმ ოჯახს. დღეს ამას უკვე ვერსად ნახავთ, ახლა სიკვდილი თითქოს აღარაფერია. ყოველდღე გვესმის ან ვხედავთ სიკვდილს და ადამიანის სიცოცხლემ თითქოს ფასი დაკარგა. ვფიქრობ, ეს დიდი ტრაგედიაა კაცობრიობისთვის!
ჩვენ უნდა მოვეფეროთ, სიყვარულით უნდა გავათბოთ ყოველი ახლობელი და შორებელიც. აი, მაგალითად, მიდიხარ ქუჩაში და გზად შემოგხვდება მათხოვარი. შენს გულში უმალ იწყება ბრძოლა: მივცე, თუ არ მივცე, დავეხმარო, თუ არ დავეხმარო. ერთი ხმა გეუბნება: თუ მისცემ, წავა და დალევს ღვინოს ან არაყს. და რომ არ მისცე, რა განა ვერ დალევს? ის ხომ მაინც დალევს! მაგრამ შენი სითბო აღარ გაათბობს მას... და აი, ამ ფიქრებში ხშირად ხდება ხოლმე, დამემოწმებით ალბათ, რადგან უეჭველად თქვენც და მეც ჩაგვივლია ამ გაჭირვებული ადამიანების გვერდით და მერე კვლავ უკან მოვბრუნებულვართ და მიგვიცია მისთვის წყალობა, გაუმარჯვია ჩვენში კეთილ აზრს, მოწყალების გაცემის სურვილს. გახსოვდეთ, ადამიანი უძვირფასესი საუნჯეა! მთელი ქვეყნის ძვირფასეულობა ვერ შეედრება ერთი ადამიანის სულს!
დღეს ვლოცავთ ოთხ გვარს: ჯაფარიძეებს, დალალიშვილებს, ფულარიანებსა და ფურელიანებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ და ღმერთმა მოგცეთ მადლი ღვთისა, რომელიც იფარავს ადამიანს და მადლსა ღვთისასა მიჰყავს იგი ქვეყანასა წრფელსა! „მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი!“ დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №29, 2010 წ.