„წმინდა მამები ამბობენ, რომ ... ბოლო ჟამს
ადამიანი სასუფეველში განსაცდელითა და
მწუხარებით შევაო. აი, სწორედ ასეთ დროში ვცხოვრობთ დღეს“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ურთულესია ადამიანის ცხოვრების გზა. ბედნიერია ის, ვინც სასუფეველისაკენ მიდის, ვინც თავის ჯვარს ბოლომდე მიიტანს. არის ერთი შესანიშნავი ქართული სიმღერა - „გადი-გამოდი გუთანო“, რომელიც შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ჰეი, ბიჭებო, გავედით ბოლომდე!“ ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი თავისი ჯვრით გავიდეს ბოლომდე; და ღვთის მადლით, ჩვენმა ჯვარმა, რომელიც ყოველ ადამიანს აქვს განკუთვნილი, სასუფეველში მიგვიყვანოს!
საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ძველი ხალხი კარგი ფსიქოლოგები იყვნენ, აკვირდებოდნენ ადამიანის ბუნებას, ცდილობდნენ მის შემეცნებას; სწორედ ძველმა რომაელებმა თქვეს: ,,Tempora mutantur en tus mutamur in illis“ - „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. ცოცხალი და მოძრავი - მუდამ ცვალებადია, ხოლო ის, რაც უძრავია, რაც გაჩერებულია ერთ ადგილზე, - კვდება. ადამიანი და, ზოგადად, კაცობრიობა, სრულყოფის კიბეზე ან მაღლა ადის, ან ეცემა და დაბლა ეშვება, ანუ ჯოჯოხეთისაკენ მიდის.
საოცარია, როგორ შეიცვალა ადამიანი, თუნდაც ამ ბოლო ასი წლის მანძილზე! როგორ შეიცვალა ჩვენი შეხედულებები რწმენაზე, სიცოცხლეზე, ხელოვნებაზე, საერთოდ, ჩვენს ყოფაზე. დღეს ადამიანი ნაკლებად ინტერესდება საგალობლებით, კლასიკური მუსიკით. ერთი გერმანელი მინისტრი გულისტკივილით მიამბობდა, რომ მათ ქვეყანაში ახალგაზრდობა აღარ უსმენს ბახს, ბეთხოვენს, მოცარტს, რადგან აღარ აინტერესებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ აფორიქებულია მათი შინაგანი სამყარო, აფორიაქებულია მათი გონება და გულით დაეძებენ ისეთ მუსიკას, რომელიც ენათესავება მათ სულიერ მდგომარეობას.
გავიხსენოთ ღამის ბარები, იქ ღამის თევა და თანამედროვე მუსიკა, უმეტესად, აცარიელებს ადამიანს; ძველ დროს აკეთილშობილებდა, ახლა კი - სპობს და ანადგურებს. შვეიცარიაში ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ჩართეს წყნარი, კლასიკური მუსიკა და იქვე გალია დადგეს, რომელშიც იადონი იჯდა. ისე მოეწონა იადონს ეს მუსიკა, რომ თვითონაც გალობა დაიწყო. შემდეგ იგივე ჩიტს ჩაურთეს თანამედროვე მუსიკა და იმ ხმაურისა და დისონანსისაგან იგი მოკვდა. არსებობს მუსიკა და არსებობს ანტიმუსიკა!
საერთოდ, რა არის სილამაზე? ყველას თავისი დამოკიდებულება აქვს ამის თაობაზე, მაგრამ არსებობს ასევე ზოგადი, საკაცობრიო შეხედულებაც, რომელიც დიდმა მწერალმა დოსტოევსკიმ ასე გამოთქვა: „სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობას“. ის გულისხმობდა უზენაეს სილამაზეს, უფალს!
დღეს სილამაზის განსაზღვრება და მასზე წარმოდგენა ძალიან განსხვავებულია. მაგალითად, ევროპაში თითქმის ვერ ნახავთ ქალბატონს, კაბა რომ ეცვას, ყველა შარვლითაა. და არა მარტო ჩაცმულობაზე, მათ სრულიად სხვა შეხედულება აქვთ ზოგადად სილამაზეზეც.
ძალიან განვითარებულია გემოვნება იაპონიაში. იქ არსებობს X-XI საუკუნეების საიმპერატორო ბაღები, საოცრად მოვლილი და დახვეწილი. მაგალითად, დევს სადმე ერთი ქვა. და უყურებს ადამიანი. მზე ამოდის და ეს ქვა იცვლის ფორმებს. ეს ეხმარება იაპონელს, რომ ფილოსოფიურად იაზროვნოს, ახალ-ახალი იდეები გაუჩნდეს. აი, მაგალითად, დევს ხუთი ქვა და რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო მათ, ხედავ მხოლოდ ოთხს და მეხუთეს - ვერა. არადა იქ ხომ რეალურად ხუთი ქვაა.
ჩემს ერთ-ერთ ეპისტოლეში ვწერდი, ერთი ადამიანი როგორ ადევნებდა თვალ-ყურს პატარა ბიჭს, რომელიც მირბოდა თავისთვის და უცებ შეჩერდა, რადგან ყვავილი დაინახა. იმ კაცმა იფიქრა, ალბათ, ახლა მიირბენს მასთან და მოწყვეტს. ბიჭუნამ კი აკოცა მცენარეს და თავისი გზა გააგრძელა.
ნახეთ, როგორი დამოკიდებულებაა, როგორი ფაქიზი განცდაა!
საპატრიარქოში ჩამოყალიბებული გვაქვს ჯგუფი, რომელიც იკვლევს, როგორ უნდა ასწავლო ბავშვებს, როგორ უნდა აღზარდო ისინი. სამწუხაროდ, სკოლებში ბავშვს აძლევენ ცოდნას და აღზრდაზე არავინ ფიქრობს. ამიტომაა, რომ მათ არ აქვთ განცდა, მაგალითად, მუსიკის, საერთოდ - სილამაზისა. უაღრესად საინტერესოა ამ მხრივ ძველი ჩინეთის პედაგოგიკა. თქვენ იცით, რომ ჩინეთის ძველი ფილოსოფია არის მეტად საინტერესო და პედაგოგიკაც, შესაბამისად, ამ ფილოსოფიას ეყრდნობა. ჩინეთში სასწავლო საგნებს შორის პირველ ადგილზე მუსიკა იყო და როცა ამ ხალხს ეკითხებოდნენ, რატომ მაინცდამაინც მუსიკა, - პასუხობდნენ, რომ მუსიკა აკეთილშობილებს ადამიანის სულიერ სამყაროს და იგი ზეცად აჰყავს. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათ ვის! ერთმა პოეტმა თქვა, რომ ყოველ მოვლენას მეორე სახელი აქვს, ეს არის - ბედი. ალბათ, კაცობრიობის ბედი ასეთია, რომ ყველაფერი იცვლება. დიახ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. ჩვენი ცხოვრება ხშირად მთიდან დაგორებულ ქვას ჰგავს, რომელსაც უკვე ვერაფერი შეაჩერებს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გადავიდეთ ცხოვრების მდინარეზე. ალბათ, გინახავთ დარიალის ხეობაში შმაგი თერგი, რომელსაც ქვები მოაქვს. ამ მდინარეში შესვლა საშიშია, რადგან ქვები ფეხებს ამტვრევს ადამიანს. ჩვენც ასეთი ცხოვრების მდინარე უნდა გადავიაროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფეხები არ დაგვემტვრეს! მცირე ხნის წინ მქონდა შეხვედრა მოსწავლეებთან და მე ვუამბე მათ პატარა ზღაჰარი: იყო ერთი ადამიანი, რომელიც ჯოხით ხელში დადიოდა და ჭეშმარიტებას ეძებდა. გზად ადამიანებს ეკითხებოდა: სად არის ჭეშმარიტება? და ყველა სხვადასხვა პასუხს სცემდა. ერთხელ ტყეში შევიდა, დაინახა ია, ხის ძირში ამოსული, მივიდა და ჰკითხა მას: „სად არის ჭეშარიტება?“ იამ მედიდურად მიუგო: „ჩემშია ჭეშმარიტება, აი, როგორი ლამაზი ვარ, როგორ ვყვავი!“ ვერაფერი გაიგო ამ ადამიანმა. შემდეგ ერთ სახლში შევიდა და დაინახა, რომ კედელს თავს ახლის კაცი, ცდილობს თავით გაანგრიოს კედელი.
- რას აკეთებ? - ჰკითხა.
- მეც ჭეშმარიტებას ვეძებ.
- და მერე თავს რატომღა ურტყამ კედელს?
- უნდა გავანგრიო ეს კედელი, რადგან მის მიღმა არის ჭეშმარიტება!
- გვერდით ხომ კარია, კარით შედი, რატომ წვალობ, ასე თავი გაგიტყდება! - დაარიგა, მაგრამ კაცმა ყური არ ათხოვა.
გზა განაგრძო. დაბოლოს, გზად ბავშვების ჯგუფი შემოხვდა და მათაც დაეკითხა: „სად არის ჭეშმარიტება?“ ერთ-ერთმა ბავშვმა უპასუხა: „უზენაესი ჭეშმარიტება ღმერთია!“
- და ღმერთი სად არის?
- ღმერთი ისეთი პატარაა, რომ ჩემს გულში ეტევა და ისეთი დიდია, რომ მთელი სამყარო ვერ იტევს მას!
აი, ასე იპოვა იმ კაცმა ჭეშმარიტება. ჩვენც უნდა ვეძებოთ და აუცილებლად ვიპოვით ჭეშმარიტებას ჩვენს გულსა და სამყაროში. მაცხოვარი ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ - აი, ამ ხმას უნდა მივსდიოთ.
ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენთან ერთად დღეს ლოცულობენ და წირვას ესწრებიან ჩვენი ჯარისკაცები. ისინი ჩვენი სისხლი და ხორცია, ჩვენი შვილები არიან და უნდა შევიყვაროთ ეს ბიჭები, როგორც საკუთარი შვილები. მრევლს მინდა მოგცეთ ასეთი ლოცვა-კურთხევა: როცა ტაძარში მობრძანდებით, მათ რამე საჩუქარი მოუტანეთ. შეიძლება ეს უბრალო ცხვირსახოცი იყოს ან წინდები, ან კიდევ სხვა რამ, რაც გემეტებათ და რისი შესაძლებლობაც გაქვთ. ამით უფრო ადვილად მოხდება დაახლოება ჩვენს მრევლსა და ჯარისკაცებს შორის. ასე რომ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლერთ მასთან ერთად. ახლა რთული დროა. როცა ღირსი მამა შიო მღვიმელი და სხვა ასურელი მამები განმარტოვთნენ და მონასტრები დააარსეს, მათმა მოძღვარმა, წმინდა იოანე ზედაზნელმა მოისურვა, მოევლო თავისი მოწაფეების სავანეები და ენახა, რა სულიერებას და სიწმინდეს მიაღწიეს მათ. როდესაც მამა იოანე შიო მღვიმელთან მივიდა, იგი თავის მასწავლებელს ხელზე დანთებული ნახშირითა და საკმეველით დახვდა და ამით უჩვენა თავისი სულიერი მდგომარეობა - მას ნაკვერჩხალი ხელს აღარ წვავდა. საოცარია ის მღვიმე, რომელშიც შიო მღვიმელი მოღვაწეობდა! აბა, რომელი ჩვენგანი შეძლებს ახლა იქ ცხოვრებას?! აი, ასე იცვლება ადამიანის ხასიათი, მისი გონება. წმინდა მამები ამბობენ, რომ ძველად სულიერი ადამიანები, მოღვაწეები, ბერები სასუფეველს თავიანთი მოღვაწეობით, მარხვითა და ლოცვდთ აღწევდნენ, ბოლო ჟამს კი ადამიანი სასუფეველში განსაცდელითა და მწუხარებით შევაო. აი, სწორედ ასეთ დროში ვცხოვრობთ დღეს ჩვენ, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ, ჩვენთან არს ღმერთი!
ღმერთი დაგვეხმარება, რომ ჩვენი გზით, ჩვენი ჯვრით შევძლოთ ცხონების ღირსნი გავხდეთ.
დალოცვილი იყავით და ღმერთმა გაგახაროთ, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №42, 2010 წ.