„წმინდა მოციქულები არიან პირველი წმინდანები და
დიდია მათი ღვაწლი,
მათი ლოცვა წინაშე ღვთისა... პირველი საუკუნეებიდან იწყება მათი დიდება“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
წმინდა მოციქულებმა იღვაწეს, მოიარეს მთელი მსოფლიო და ამიტომ არის ნათქვამი მათზე - „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი“. წმინდა მოციქულები არიან პირველი წმინდანები და დიდია მათი ღვაწლი, მათი ლოცვა წინაშე ღვთისა... პირველი საუკუნეებიდან იწყება მათი დიდება.
მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე დავალებას აძლევს მათ, რომ წავიდნენ და იქადაგონ სახარება მთელს ქვეყანაზე და ნათელს სცემდნენ ხალხს სახელითა მამისათა, და ძისათა და წმინდისა სულისათა; მაგრამ, ამავე დროს, აფრთხილებს მათ, რომ არ აიღონ გასამრჯელო, ვინაიდან „უსასყიდლოდ მიგიღებიეს და უსასყიდლოდ გასცემდით“.
დღეს არის სვეტიცხოვლობა. სვეტიცხოველი არის საქართველოს პირველი საპატრიარქო ტაძარი, რომელიც იყო აშენებული 12 მოციქულის სახელზე; წარმოიდგინეთ, - არა ყოვლადწმინდა სამების, არც დედა ღვთისმშობლის, არამედ სწორედ მოციქულების სახელზე, რადგან „ყოველთა ქვეყანასა განხდა ხმა მათი“.
ეს დღესასწაული მუდამ ერთსა და იმავე დროს აღინიშნება - პეტრე-პავლობის მეორე დღეს და მე გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს; მოციქულთა მადლით, ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენც შეგვამკოს უფალმა დიდი წყალობით.
ახლა ყველამ ერთად ვიგალობოთ ტროპარი წმინდათა მოციქულთა:
„მოციქულთა თავნო და ყოველთა სოფლისა მოძღვარნო მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობა და სულთა ჩვენთა დიდი წაყლობა“.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
წმინდა ათთორმეტთა მოციქულთა ლოცვით ღმერთმა აგისრულოთ ყოველი თქვენი ლოცვა და თხოვნა!
უფალმა დაგაჯილდოვოთ თქვენ და მთელი საქართველო ჭეშმარიტი რწმენით, სიყვარულითა და სასოებით!
მინდა მოგახაროთ, რომ დღეს არის მორიგი საჯარო ნათლობა ჩემი მომავალი ნათლულებისა. დღეს კიდევ 700 ჩვილი მოინათლება სვეტიცხოვლის ეზოში.
ასევე დღეს შესრულდება საჯარო ნათლობა სხვა მსურველებისთვის, მდინარეზე, რომელსაც მოძღვრები შეასრულებენ.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2010 წ.