„ეს არის წმიწდათა წმინდა ადგილი,
რომლის ყოველი გოჯი გაჟღენთილია ქართველთა სისხლით!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს - ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს! ისინი ჭეშმარიტად არიან ზეციური მხედრობანი, რომლებიც თავისი ლოცვითა და მეოხებით იცავენ ჩვენს სამშობლოს!
თქვენ იცით, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და ყველაფერი არაჩვეულებრივია ჩვენს ქვეყანაში!
ექვსი საუკუნით ადრე ქრისტეს შობამდე საქართველოში ებრაელებმა ჩამოიტანეს ხალენი წმინდა ელია წინასწარმეტყველისა. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო წინამორბედი ქრისტეს კვართისა!
ჩვენმა დიდმა მეფემ, წმინდა ვახტანგ გორგასალმა დაგვიტოვა ანდერძად - „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა!“ ჩვენს დიდ წინაპრებს სწამდათ მარადიული ცხოვრება, რომელიც ელოდება ყოველ ქრისტიანს და ეძიებდნენ სულიერ ფასეულობებს.
მინდა შევთხოვო უფალს, რომ აქ, ამ წმინდა ადგილას, მეტეხის ხიდის მახლობლად აგვაგებინოს წმინდა ასი ათასი ქართველი მოწამის სახელობის ტაძარი.
ერთმა ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა: მთელი საქართველოს მიწა არის მორწყული მოწამეთა სისხლით და მუჭით რომ აიღო და ხელი მოუჭირო, სისხლი გამოჟონავსო! ეს წმინდა ადგილი, რიყის მიდამოები, კი განსაკუთრებით არის მორწყული ქართველ მოწამეთა სისხლით! და რაოდენ უფრო სამწუხაროა ის მოარული ხმები, რაზეც ხალხში საუბრობენ, თითქოს აქ, სანაპიროზე, ბუდას ქანდაკების დადგმა სურთ! ეს ყოვლად დაუშვებელია! თუმცა, შესაძლოა, ეს არც იყოს სიმართლე. ეს წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ეს არის წმიწდათა წმინდა ადგილი, ეს არის წმინდა მიწა, რომლის ყოველი გოჯი გაჟღენთილია ქართველთა სისხლით!
და მე მინდა, რომ ახლა მოკლედ წავიკითხოთ წმინდა ასი ათასი მოწამის ცხოვრება, რომ ყველამ მოუსმინოთ, თუ როგორ მოხდა მათი წამება ჯალალ-ედ-დინის ბრძანებით.
დიდება და მადლობა უფალს, რომელმაც მოგვივლინა ასი ათასი ქართველი მოწამე! ჩვენ ყველანი თაყვანსა ვსცემთ მათ სულებსა და ღვაწლს! ყველამ დავიჩოქოთ და მადლობა შევწიროთ უფალს, რომ ასი ათასი ქართველი მოწამის ლოცვით, ღმერთმა დაიცვას, დაიფაროს საქართველო და ვსასოებთ, რომ მომავალშიც დაიცავს და გაამთლიანებს ჩვენს ქვეყანას!
მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წლის წინ ჩვენმა დიდმა კომპოზიტორმა ნოდარ გიგაურმა ასი ათასი მოწამის სახელზე დაწერა საგალობელი - „ალილუია“, რომელსაც ახლა გუნდი იგალობებს და ჩვენც ყველამ ვიგალობოთ მათთან ერთად.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №39, 2010 წ.