„ნურც ერთი დღე ნუ გავა ისე, რომ წიგნი არ წაიკითხოთ!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
„დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“
დიდია უფალი და ადამიანის სული, გული და გონება ვერასდროს მისწვდება იმ სიბრძნესა და იმ საიდუმლოს, რომელსაც უფალი გვაზიარებს. ადამიანი ურთულესი არსებაა და საოცარი ჰარმონიაა მის სულსა და სხეულს შორის; ძალიან რთულია ადამიანის სხეულის აგებულება და ჩვენ ძალიან ცოტა რამ თუ ვიცით მის შესახებ, შეიძლება ითქვას, იგი მეასედითაც კი არ არის შესწავლილი. ყველაზე საოცარი ის არის, რომ უფალი ყველაფერს მხოლობით რიცხვში ქმნის: ყვავილს, ბალახს და ა.შ. არ არსებობს ორი ერთნაირი ხის ფოთოლი, ერთნაირი ადამიანი ან ცხოველი. შეიძლება გარეგნულად ერთმანეთს ჰგავდნენ, მაგრამ მაინც ძლიერ განსხვავებულნი არიან. მაგალითად, ტყუპები ხშირად ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ რაღაცით აუცილებლად განსხვავდებიან გარეგნულადაც, ხასიათითაც და თვისებებითაც.
დღეს მსურს ადამიანისა და მისი აზროვნების შესახებ ვისაუბრო. აზროვნება ურთულესი პროცესია. საინტერესოა, ზოგადად, რა არის იგი? მარტო ადამიანს აქვს აზროვნების უნარი, თუ ცხოველიც ფიქრობს და აზროვნებს? ამასთან დაკავშირებით, მახსენდება ჩემი აფხაზეთში მსახურების პერიოდი. იქ არის ერთი სოფელი - გიორგევკა, რომლის მახლობლად, ტყეში, ორი განდეგილი მონოზონი ცხოვრობდა. ერთხელ ისინი უჩვეულო ამბის მომსწრენი გახდნენ (ეს ამბავი ერთ0ერთმა მონოზონმა მიამბო). მათ იხილეს, თუ როგორ მივიდა მათთან კოჭლობით დათვი. რა თქმა უნდა, შეეშინდათ და სასწრაფოდ სენაკში შეცვივდნენ. დათვი კი მიუახლოვდა დედების საცხოვრებელს და ღრიალით უკანა თათს უჩვენებდა. მათ შენიშნეს, რომ ცხოველს თათში ლურსმანი შერჭობოდა და ვერ იღებდა; მიხვდნენ, რომ მხეცი მათგან შველას ითხოვდა. მცირე ყოყმანის შემდეგ, დედებმა კარი ოდნავ შეაღეს, დათვი სენაკში რომ არ შესულიყო და ქანჩით სცადეს მისი თათიდან ლურსმნის ამოღება. დათვი მიხვდა, რომ ეხმარებოდნენ, დაწვა და თათი გაუწოდა. დედებმა მოახერხეს ლურსმნის ამოძრობა, ცხოველმა დაჭრილი თათი გაილოკა და წავიდა. საღამო ხანს მონაზვნებმა დაინახეს, თუ როგორ მობრუნდა დათვი და თან გულში ჩახუტებული სიმინდის ტაროები მოიტანა. ეტყობა, სადღაც ყანაში დაუტეხავს და დახმარებისთვის მადლობის ნიშნად დედებს მიართვა. ამის შემდეგ ისე შეეჩვია მათ ეს დათვი, რომ მისი აღარ ეშინოდათ, თავისუფლად გადიოდნენ და საჭმელიც გაჰქონდათ; ბოლოს დედებმა წითელი ბაფთა შეაბეს, რომ სხვა დათვებისაგან გამოერჩიათ და სოფლელებს არ მოეკლათ, თუმცა მათ მაინც მოკლეს.
აბა, როგორ ფიქრობთ, ეს დათვი აზროვნებდა, თუ არა? რა თქმა უნდა, ფიქრობდა. თუმცა, ცხადია, ისე სრულყოფილად ვერა, როგორც ეს ადამიანს შეუძლია. ასეთი მაგალითები ძალიან ბევრია.
ადამიანები მრავალი ნიშნით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან - სახით, თვალებით, იერით, ხმით. ორი ერთნაირი ხმა მსოფლიოში არ არსებობს. ასევე საოცარია ადამიანის ყურის ფორმაც. მსჯავრდებულებს ფოტოებს ანფასსა და პროფილში უღებენ ხოლმე; ამას იმიტომაც აკეთებენ, რომ პროფილში მათი ყური დააფიქსირონ. ყოველმა კრიმინალისტმა იცის, რომ მსოფლიოში არ არსებობს ორი ერთნაირი ყურის მოყვანილობა, ორი ერთნაირი თითის ანაბეჭდი...
კიდევ ერთი რამ, რაზეც დღეს მინდა გესაუბროთ. არის ერთი თვისება, რომელიც ადამიანებს ახასიათიბთ. არიან ავადმყოფები, რომლებიც უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე აზროვნებენ და არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებს ლაპარაკობენ და ბევრს ფიქრობენ. ჩვენ კი ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ყველაფერი ზედაპირული გახდა.
თითქოს დიდი აღმოჩენაა კომპიუტერი, თანამედროვე ტექნიკა, რადიო, ტელევიზია, მაგრამ, სინამდვილეში, შეიძლება მას ბევრი ნაკლიც ჰქონდეს და იგი ბევრად ვნებდეს ადამიანს. ეს ყველაფერი იმისკენაა მიმართული, რომ ნაკლებად იაზროვნოს ადამიანმა. და თუკი ადამიანი არ ფიქრობს და არ აზროვნებს, მისი გონება ჩლუნგდება. უნდა გვახსოვდეს, ის, ვინც ანელებს მოძრაობას, საკუთარ წვრთნას, კვდება. ძველ დროში ადამიანების აზროვნება უფრო ღრმა იყო. დღეს ბევრი იციან, მაგრამ ყველაფერი ზედაპირულია. ამიტომ, როგორც ჩვენს კუნთებს ესაჭიროება ვარჯიში, ისევე სჭირდება ვარჯიში ჩვენს გონებას. ამას ხელს უწყობს წიგნის კითხვა, განმარტოება, ფიქრი საკუთარ თავზე, ფიქრი ქვეყანაზე, ფიქრი სულიერ ცხოვრებაზე. ადამიანი გარკვეული დროით, თუნდაც ნახევარი საათით, აუცილებლად უნდა დარჩეს მარტო საკუთარ თავთან და იფიქროს, თუ რისთვის არის მოსული ამქვეყნად და რა გააკეთოს, რომ სწორად იცხოვროს.
შემთხვევით არაფერი ხდება, ყოველივეს უფალი განაგებს. იგი ეუბნება წინასწარმეტყველს: შენ ჩასახულიც არ იყავი დედის მუცელში, როცა მე გიცნობდი. ეს სიტყვები თითოეულ ჩვენგანს ეხება; მხოლოდ მას კი არ იცნობს უფალი, უფლის გონებაში ყოველი ჩვენგანია. შეიძლება, რომ წარმოიდგინოთ ისეთი დრო, როცა ჩვენ არ ვიყავით უფლის გონებაში? წარსული, აწმყო და მომავალი უფლისთვის - ყოველივე ერთია, ყოველივე აწმყოა. ასე რომ, ღრმა ანალიტიკური აზროვნება, მოვლენების გაანალიზება აუცილებელია და ეს უნდა ახასიათებდეს პიროვნებას.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ყოველთვის გვყავდა და დღესაც გვყავს ღრმად მოაზროვნე ადამიანები. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ მათ არ ვაფასებთ. თუნდაც, გავიხსენთთ მერაბ მამარდაშვილი; იგი გახლდათ უდიდესი ფილოსოფოსი, რომელსაც, სამწუხაროდ, რუსეთი და ევროპა უფრო იცნობს, ვიდრე ჩვენ, ქართველები. ევროპა და რუსეთი ამაყობს ამ პიროვნებით და ჩვენ, შეიძლება ითქვას, თითქმის არ ვიცნობთ მის ღვაწლს. დღეს იგი, როგორც იცით, უკვე გარდაცვლილია.
გავიხსენოთ თუნდაც ისეთი პიროვნებები, როგორებიცაა ნიკო ჭავჭავაძე ან შოთა ნადირაშვილი. ეს ადამიანები ფართო საზოგადოებისთვის, სამწუხაროდ, ცნობილნი არ არიან. ბატონი შოთა ცოცხალი ბრძანდება და ბევრ ახალგაზრდას სჯობს თავისი ღრმა და სხარტი აზროვნებით. ასეთ ადამიანებს სიცოცხლეშივე უნდა ვიცნობდეთ. მათ ჩვენი დაფასება არ სჭირდებათ, - უფალი მიაგებს სათანადო პატივს; მაგრამ მათ სჭირდებათ, დატოვონ თავისი მოწაფეები, თავიანთი საქმის გამგრძელებლები. ჩვენში კი დღეს რაღაც გაუგებარი ტენდენციაა გაბატონებული, - არავის უნდა ავტორიტეტები, უფრო მეტიც, ავტორიტეტებს ებრძვიან და თუკი ვინმე ავტორიტეტული პიროვნება გამოჩნდა, მას უმალ ბრძოლას უცხადებენ. ეს რას მოგვიტანს? იმას, რომ ჩვენი ერი სულიერად და ფიზიკურად დაკნინდება. ავტორიტეტები და მაგალითები უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, უცოდველი ადამიანი არ არსებობენ და შეცდომა შეიძლება ნებისმიერს მოუვიდეს; მაგრამ თუკი ადამიანი თავის შეცდომას დაინახავს და სხვას მოუსმენს, მიხვდება, რომ შეცდა, რომ მართალი არ იყო და აღიარებს კიდეც, რომ შეეშალა.
ძალიან დიდი სულიერი მნიშვნელობა აქვს ჩვენს უმაღლეს და საშუალო სასწავლებლებს. და მინდა მადლობა შევწირო უფალს, რომ ჩვენს ეკლესიაში უკვე 40-ზე მეტი სასწავლებელია, რომლებიც საპატრიარქოს ეგიდით ფუნქციონირებს. ამით ჩვენ ჩვენი წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის ჩანაფიქრს აღვასრულებთ, რომელიც მაშინ განაცხადა, როცა გელათის აკადემია დააარსა. მან ბრძანა, რომ ახლად შექმნილი აკადემია უნდა გამხდარიყო „ახალი იერუსალიმი და მეორე ათინა“, იერუსალიმი - სულიერებით და ათინა - მეცნიერების მაღალი დონით. თქვენ იცით, რომ იმჟამად თითქმის ყოველი მონასტერი იყო არა მხოლოდ სულიერების, არამედ მეცნიერების სულიერი ცენტრიც და ჩვენც ვცდილობთ, რომ ეს დღესაც ასე იყოს.
ქართველ ადამიანს არ შეუძლია განათლების გარეშე. ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, თუ რა ჯობია ახალგაზრდებისთვის: იყოს მცირე ნაწილი კარგად განათლებული და დიდი ნაწილი გაუნათლებელი?! თუ ყველამ მიიღოს განათლება?! მე მეორე ვარიანტისკენ ვიხრები, რადგან განათლებული ადამიანი მაინც უფრო ადვილად გამონახავს გამოსავალს, თუ ცხოვრების გზაზე გაუჭირდება, ეცდება, სხვა საქმე მოძებნოს; გაუნათლებელი კი იმედს კარგავს და სასოწარკვეთილებაში ვარდება.
დღეს მღელვარებაა ჩვენს საშუალო სასწავლებლებში. მე ძლიერ ვწუხვარ ამის გამო და მაფიქრებს ეს ამბავი. ასე არ უნდა ხდებოდეს... ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სასწავლო პროცესის და კონკრეტულად ამა თუ იმ დისციპლინის დაგეგმარება მეცნიერებმა უნდა განახორციელონ.
ცწობილია, რომ ამ დღეებში სკოლებიდან რამდენიმე დირექტორი გაათავისფფლეს. მე კარგად ვიცნობ განათლების მინისტრს, ბატონ დიმიტრი შაშკინს. ის ლმობიერი და კეთილი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, რომ იგი აუცილებლად დააბუნებს მათ თავიანთ თანამდებობებზე; თუმცა ეს ამბავი არ უნდა მომხდარიყო...
ხალხი ლაპარაკობს, რომ სკოლებში პოლიცია შევიდა. თუკი ჩვენს შვილებს ბავშობიდანვე შევაჩვევთ ასეთ ზედამხედველობასა და კონტროლს პოლიციის მხრიდან, რომ გაიზრდებიან, მერე ამ ფაქტმა შეიძლება ცუდი შედეგი გამოიღოს. უნდა ვეცადოთ ბავშვები აღვზარდოთ, არ დავაშინოთ და არ გავაუხეშოთ.
მინდა გისურვოთ, რომ ნურც ერთი დღე ნუ გავა ისე, რომ წიგნი არ წაიკითხოთ! გახსოვდეთ, არ არის საკმარისი მხოლოდ კომპიუტერი, ინტერნეტი, ტელევიზორი, - აუცილებლად უნდა გავაფართოვოთ ჩვენი აზროვნება წიგნების კითხვითა და ფიქრით; უნდა ვიფიქროთ და ვიაზროვნოთ. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - როგორც ჩვენს ფიზიკურ კუნთებს სჭირდება ვარჯიში, ისე ესაჭიროება ვარჯიში ჩვენს გონებას.
წარმოიდგინეთ, არის შემთხვევები, როცა მოსწავლეებმა გამრავლების ტაბულა არ იციან და ეს მათ არც აწუხებთ, უფრო მეტიც, თავმომწონედ ამბობენ: რად მინდა, რომ დავიზეპირო, კალკულატორით გავამრავლებ ან კომპიუტერით გამოვთვლი! ეს ყველაფერი აკნინებს, ამცირებს ადამიანს და აჩლუნგებს მის გონებას! იფიქრეთ ამაზე!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა მოგცეთ სიმშვიდე! ნაუცბათევად არაფერი გადავწყვიტოთ, ყოველივე გავაანალიზოთ, კარგად მოვიფიქროთ, სხვას დავეკითხოთ, იქნებ, რამე უკეთესი გვირჩიონ და მხოლოდ შემდეგ აღვასრულოთ დაგეგმილი საქმე. ჩვენ კი, უმეტეს შემთხვევაში, მოვლენებს უკან მივდევთ - ჯერ საქმეს ვაფუჭებთ და შემდეგ ვაანალიზებთ და ვიაზრებთ, იმ დროს, როცა ეს პირიქით უნდა ხდებოდეს - ანალიზი წინ უნდა უძღოდეს საქმეს. ქართველ ადამიანს ეს შეუძლია!
ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
დღეს ვლოცავთ 6 ქართულ გვარს - აჭაიძეებს, შუკვანებს, სამსონიძეებს, ბარბაქაძეებს, ზედგენიძეებსა და ვეზდენებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა ინებოს, რომ ბევრი სახელოვანი ადამიანი გამოსულიყოს თქვენი ოჯახებიდან და გვარებიდან!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №38, 2010 წ.