„მოწყალება არის უდიდესი ძალა, რომლითაც ღმერთი
გვაძლევს
შენდობას ჩვენი ცოდვების წილ და ამ საქმეს მივყავართ სასუფეველში!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ადამიანის ცხოვრება - ეს არის ძალიან რთული გზა, რომელიც მან ამქვეყნად უნდა განვლოს. მახსენდება ერთი შემთხვევა, ჩვენთან სტუმრად იყო მოხუცი ცოლ-ქმარი და მე მათ ვკითხე, იყვნენ თუ არა მორწმუნეები. პასუხმა გამაოგნა: არ ჰქონდათ გარკვეული ეგ საკითხი და ჩემი თანდასწრებით ეუბნებოდნენ ერთმანეთს: შენ მორწმუნე ხარო? წარმოგიდგენიათ, მთელი სიცოცხლე განვლეს ერთად და ის მთავარი საკითხი, რომელიც იცავს და ასაზრდოებს ადამიანს, არ ჰქონდათ გაცნობიერებული!
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მაშვრალნი, ნიშნავს მშრომელს).
ადამიანის ცხოვრების გზა ია-ვარდით არ არის მოფენილი, უფრო ეკლითაა სავსე. თუმცა, ვარდებსაც ხომ ეკლები ახლავს... მწუხარება და სიხარული სულ ერთად არიან, ერთმანეთს ენაცვლებიან და ჩვენი ცხოვრების გზას ქმნიან. მთავარია, ვიცოდეთ, რა გვინდა - სასუფეველი თუ ჯოჯოხეთი? ბოროტი ადამიანი რომ შეიყვანოთ სასუფეველში, ის იქ დაიტანჯება; ამის მსგავსად მართალი კაცის ადგილი არ არის ჯოჯოხეთში. ადამიანი თვითონ ირჩევს თავის ადგილს ჯერ კიდევ ამქვეყნად ყოფნისას და ეს ძალიან რთული პროცესია. თითქოს ყველას უნდა სასუფეველი, მაგრამ ჩვენი საქმენი ღაღადებენ ჩვენ შესახებ.
„არა არს კაცი, რომელი სცხონდეს და არა სცოდოს“, - ვკითხულობთ ფსალმუნში. დიახ, უცოდველი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ ცოდვა ცოდვად უნდა მიგაჩნდეს; უნდა იცოდე, რომ ეს მანკიერი მიდრეკილებაა და იგი კარგს არაფერს მოგიტანს არც აქ და არც საიქიოში. ადამიანი არ უნდა შეურიგდეს ცოდვას, არ უნდა დატკბეს ცოდვით! მას უნდა სძულდეს ცოდვა! დიდება უფალს, რომ ჩვენი ხალხი ასე ცხოვრობს და ამ აზრით მივდივართ უფლისაკენ...
ძალიან უბრალო საგალობელი დაიწერა: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო!“ ადამიანი მიდის უფლისაკენ, მაგრამ ბოროტი ეღობება წინ და ხშირად ისეთ განსაცდელს უქმნის, რომ დაეცეს. წარმოიდგინეთ, მივდივართ სიბნელეში, ვერ შევნიშნეთ ღრმა ორმო, ჩავვარდით, მაგრამ ვიღაც გვეხმარება და ფეხზე გვაყენებს. ასეა ადამიანიც, მიდის უფლისაკენ, მაგრამ ეცემა და აღარ აქვს ძალა, რომ თავად წამოდგეს და გზა განაგრძოს. ამ დროს უნდა ვთხოვოთ უფალს ქრისტეს სიტყვებით: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე...“, „მოდი და შეეწიე უძლურებასა ჩემსა“. უფალი ხომ არ ტოვებს ადამიანს, თუ მას ღვთის სასოება აქვს, წამოაყენებს და ძალასა და მადლს ანიჭებს, რათა კვლავ განაგრძოს სვლა ცხოვრების გზაზე.
უნდა ვცოდეთ, რომ ყოველ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული თავისი ჯვარი, რომელიც მან ბოლომდე უნდა მიიტანოს და შუა გზაში არ გაჩერდეს. ამისთვის უფალი გვანიჭებს მადლს, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი. მადლი, რომელიც წმინდა სამებისაგან გარდამოდის, როგორც დიდი მდინარე, ისე გადმოსჩქეფს და ეფინება ყოველთა და ეს მადლი ღვთისა არის უძლურთა მკურნალი (ე.ი. ფიზიკურად თუ სულიერად დაუძლურებული ადამიანის მკურნალი) და ნაკლულევანთა აღმავსებელი (ნაკლი ყველა ადამიანს აქვს და მას ჰფარავს უფალი თავისი მადლითა და დიდი სიყვარულით). მადლით აღვსილი ადამიანი, მიუხედავად თავისი ცოდვებისა, მაინც წინ მიიწევს!
საერთოდ დიდი სიფრთხილე გვმართებს სულიერ ცხოვრებაში, განსაკუთრებით, როცა ადამიანი ბერად მიდის ან უდაბნოში გადის სამოღვაწეოდ. გამოცდილი ბერები ახლად მოქცეულ ადამიანს უდაბნოში არ უშვებდნენ, რადგან ამგვარი მოღვაწეობა სრულყოფის კიბეზე სწრაფ ამაღლებას მოასწავებს, რაც ძალიან სახიფათოა ჯერ კიდევ სუსტი და გამოუცდელი მოღვაწისათვის. ეკლესიის მამები ამბობენ: დააკავე ახალმოსული მოშურნე, ტანსაცმელზე მოეჭიდე და ჩამოქაჩე უკან, რადგან ამაღლებას დაცემა თან სდევს და რაც უფრო მაღლა ავა ადამიანი, მით უფრო მტკივნეული იქნება მისთვის დაცემა.
მინდა მოგიყვანოთ ერთი მაგალითი: ახალგაზრდა ბერი უდაბნოში გავიდა და რამდენიმე ხნის შემდეგ სასწაულთმოქმედების და კურნების მადლი მიიღო. ხალხიც მიაწყდა უდაბნოს. როცა ადამიანს ეძლევა მკურნალობის უნარი, მასში ჩნდება აზრი, თითქოს მან უკვე რაღაცას მიაღწია, - ანუ ამპარტავნება ეუფლება და ამ სახით ეშმაკი იბუდებს მასში. და აი, ამ ბერთან მიჰყავდათ ავადმყოფი ადამიანები და იგი ჰკურნავდა მათ. ერთხელაც მიუყვანეს ერთი სნეული ქალწული, რომელიც მისი ლოცვით ვერ განიკურნა. მაშინ სთხოვა მის მშობლებს, დატოვეთო ჩემთან და მე მისთვის ვილოცებო. მართლაც, შეუდგა დაუღალავ ლოცვას და ქალწული განიკურნა. მაგრამ ბოროტმა სულმა ვნებები აღძრა მათში და ეს ბერი, რომელმაც ამდენი იღვაწა, ცოდვით დაეცა. სულიერად მაღლა მდგომი ადამიანისთვის დაცემა არის ძალიან მძიმე, საშინელი და სასტიკი განსაცდელი! ცოდვას ახალი ცოდვა მოჰყვა... ბერმა მოკლა ეს ქალი, მისი გვამი კლდეში გადააგდო და წავიდა იმ ადგილიდან, რომ თავი მოეკლა. ღვთის განგებით, გზაში მას შემოხვდა დიდი მოღვაწე ბერი, რომელმაც თავისი დიდი სულიერებით განჭვრიტა ის განსაცდელი, რომელიც ამ ახალგაზრდა ბერს ჰქონდა. გაესაუბრა მას და სთხოვა: მიამბე, ძმაო, რა გაწუხებსო. ბერმაც ყველაფერი მოუთხრო დაუფარავად. მაშინ გამოცდილმა მოღვაწემ უთხრა: მოდი ერთად ვილოცოთ, მეც იგივე შემემთხვა ოდესღაც ახალგაზრდობაშიო. სინამდვილეში მას არ ჰქონია ჩადენილი ეს ცოდვა; ასე იმიტომ უთხრა, რომ ახალგაზრდა ბერისთვის ის უმძიმესი ტვირთი შეემსუბუქებინა. მართლაც, დარჩა მასთან ეს ახალგაზრდა ბერი რამდენიმე წლის მანძილზე, იღვაწა, ისევ ამაღლდა სულიერ კიბეზე და უფალმა შეუნდო მას ის საშინელი ცოდვა. როცა მოხუცებულმა ბერმა დაინახა, რომ ახალგაზრდა უკვე განიკურნა, უთხრა: ახლა კი წადი და ცალკე იღვაწეო.
ადამიანის ცხოვრების გზა ასეთი სირთულეებითაა აღსავსე და მან არასოდეს არ უნდა დაკარგოს ღვთის წყალობის იმედი. ჩემი მოძღვარი მამა შიო ძიძავა ამბობდა: „უფალი ბავშვივით არის, - ცოდვა თუ მოინანიე, მაშინვე ავიწყდებაო“. მაგრამ მართლა კი არ ავიწყდება, წყალობას მოიღებს და მადლს ჰფენს ადამიანს...
თუმცა მადლის მისაღებად უნდა ვიღვაწოთ. ღვთის მადლი განსაკუთრებით ენიჭება ისეთ ადამიანს, რომელიც მოწყალებას გასცემს, რომელიც სხვებს ეხმარება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მძიმე დროში, როცა ყველას უჭირს. მაგრამ თუკი არ შეგიძლია ანუგეშო, ან თუნდაც მცირედი დახმარება გაუწიო გაჭირვებულს, ციხეში მყოფს, მაშინ მადლს ვერ ჰპოვებ. შეიძლება ციხეში არ შეგიშვან, მაგრამ ხომ შეგიძლია, პატიმრის ოჯახს დაეხმარო, ისინი ხომ უპატრონოდ არიან დარჩენილები... მქონდა ასეთი შემთხვევა. ერთხელ წერილი მივიღე საპატიმროდან. პატიმარი მწერდა: ჩემს ოჯახს ძალიან უჭირს და თუ შეგიძლიათ, დაეხმარეთ მათ და თუ ვერ შეძლებთ, იძულებული ვარ, გავიქცე ციხიდან, რომ ოჯახი გადავარჩინოო. ჩვენ მაშინ დავეხმარეთ იმ ოჯახს და ის კაციც, ღვთის მადლით, მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით ცოლ-ქმარი მოვიდა ჩვენთან მადლობის სათქმელად...
მოწყალება არის უდიდესი ძალა, რომლითაც ღმერთი გვაძლევს შენდობას ჩვენი ცოდვების წილ და ამ საქმეს მივყავართ სასუფეველში. სასუფევლის მკვიდრნი დგანან მარჯვენით ღვთისა და უფალი ეუბნება მათ: მშიერი ვიყავი და დამაპურეთ, მწყურვალი ვიყავი და მასვით, შიშველი. ვიყავი და შემმოსეთ, საპატიმროში თუ საავადმყოფოში ვიყავი და მომინახულეთ... ეს საქმე უნდა ვაკეთოთ, თუკი თავს მართლმადიდებლად მივიჩნევთ და ცხონება გვსურს. თუმცა მე ვერავის დავავალებ და მითუმეტეს ვერ დავაძალებ ამ საქმეს, - თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ. თუ არაფერი გაქვთ მისატანი ავადმყოფთან, უბრალოდ ანუგეშეთ, ტკბილი სიტყვა უთხარით და თქვენ იქნებით მისთვის ღვთის მადლის მახარობელი!
ამასთან დაკავშირებით მივმართავ სრულიად საქართველოს და ახლა მინდა გაგაცნოთ ეს ბრძანება:
საქართველოს სამღვდელოებასა და მორწმუნე მრევლს ეძლევა ლოცვა-კურთხევა,
ყოველ კვირა დღესა და ხუთშაბათს მოინახულონ გაჭირვებულები, უძლურებასა შინა მყოფნი, პატიმრები და მათი ოჯახები, ნუგეში სცენ მათ და შეძლებისდაგვარად დაეხმარონ სურსათით, ტანსაცმლითა და მედიკამენტებით, რითაც შეუძლიათ... და მზრუნველობით მოეკიდონ მათ გაჭირვებას.
ამ ლოცვა-კურთხევის შესრულებით თქვენ აღასრულებთ პავლე მოციქულის მოწოდებას: „ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“ და ღვთისაგან მიიღებთ დიდ მადლს, ყოველი თქვენგანი და მთელი საქართველო.
ამ ლოცვა-კურთხევის აღსრულებას მცხეთა-თბილისის ეპარქიაში უხელმძღვანელებს ცურტაველი ეპისკოპოსი იაკობი, სხვა ეპარქიებში - მმართველი მღვდელმთავრები.
აი, ასეთი ბრძანება დაიწერა ამ დღეებში და ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ აღვასრულოთ იგი. თქვენ გუშინ ყველამ მოისმინეთ ეს მოწოდება და დღეს უკვე ჩვენმა მორწმუნეებმა მოიტანეს სურსათი. ყველას მადლობას გიხდით. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო, ღმერთმა შეგიწიროთ და ამის წილ მადლი მოგანიჭოთ.
აქედან დღეს ჩვენ მივდივართ კარდიოლოგიურ ცენტრში, რომელსაც ხელმძღვანელობს აკედემიკოსი გულიკო ჩაფიძე და იქ მოვინახულებთ ავადმყოფებს. თქვენ იცით, თბილისში ასევე არის საავადმყოფო, სადაც წვანან ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანები და მათ შორის არიან ბავშვები. ასევე სხვა საავადმყოფოები... მიბრძანდით, მოინახულეთ ისინი; ეცადეთ შეასრულოთ ეს ლოცვა-კურთხევა.
ჩვენ დღესვე ვიგრძნობთ, რამდენად დიდია ის მადლი, რომელსაც მივიღებთ მოწყალების საქმის აღსრულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამგვარი მოღვაწეობით ჩვენ მოვიპოვებთ დიდ წყალობას და საქართველო მალე გამთლიანდება!
დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ სამღვდელოებას:
იღუმენი იოანე (სვანიძე), რომელიც ერთგულად ემსახურება საქართველოს ეკლესიას, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით;
იღუმენი ისე (გელაშვილი) ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით;
მღვდელი გიორგი უშიკაშვილი ჯილდოვდება დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით.
ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაახაროს, დაამშვიდოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
კურთხევა უფლისა თქვენ ზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ღმერთმა დაგლოცოთ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27, 2010 წ.