„დღეს, როცა ტაძრებში ამდენ ახალგაზრდას ვხედავ, გულს უხარია, რომ მოდის დამაიმედებელი, ძლიერი თაობა“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს სამშობლო საქართველოზე, ვფიქრობთ, როგორი იყო იგი წარსულში, როგორია დღეს და როგორი იქნება ხვალ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, რადგან ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ.
სამშობლოსთან დაკავშირებული სირთულეები დღეს მთელს მსოფლიოს აწუხებს. ამას უწოდებენ გლობალიზაციას. გლობალიზაცია ეს ურთულესი პროცესია და ამ პროცესში არსებობს სუბიექტი და ობიექტი. სუბიექტი არის დიდი ქვეყანა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს მცირე ქვეყანაზე, ცდილობს, თავს მოახვიოს მას თავისი ფასეულობანი და თითქმის უარყოფს უმცირესობაში მყოფი ერების ფასეულობებს. ხოლო ობიექტი არის ის პატარა ქვეყანა, რომელიც დიდი ქვეყნის ზემოქმედებას განიცდის.
ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ უნდა გავუფრთხილდეთ და შევინახოთ ჩვენი რწმენა, ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ჩვენი მიწა, ენა, დამწერლობა, ჩვენი კულტურა. მაგრამ თქმა ადვილია, განხორციელება - ძნელი. მოგეხსენგბათ, ჩვენი უმაღლესი კულტურის წარმომაჩინებელი მრავალი ექსპონატი დევს უცხოეთის მუზეუმებში, რაც, თავის დროზე, საიდუმლოდაა გატანილი ან გაყიდული. მრავალი ასეთი ნივთი მინახავს უცხოეთში.
დღეს, როცა ტაძრებში ამდენ ახალგაზრდას ვხედავ, გულს უხარია, რომ მოდის დამაიმედებელი, ძლიერი თაობა! მინდა აღვნიშნო, რომ ამ საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვით სკოლის ხელმძღვანელობას, დირექტორებს, მასწავლებლებს. თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, თქვენ ჩვენი შვილები სამშობლოს სიყვარულით უნდა გაზარდოთ.
მინდა შევეხო კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს. გვახსოვდეს, რომ ბავშვობის პერიოდში, როდესაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ პატარა პიროვნებას უწევს უცხოეთში გამგზავრება, ცხადია, იგი ჯერ არ არის განმტკიცებული თავის ნიადაგზე, ჯერ არ იცნობს საკუთარ ისტორიასა და კულტურას, ამ დროს კი უკვე უცხოურ კულტურას ეცნობა და მას აღარ უჩნდება ისეთი სიყვარული სამშობლოს მიმართ, როგორიც უნდა ჰქონდეს.
გვაქვს ასეთი მაგალითებიც, როდესაც უცხოეთში ძალით წაყვანილ ქართველებს უფრო უყვართ საქართველო, ვიდრე ჩვენ, სამშობლოში მცხოვრებთ. ჩემი ვიზიტის დროს ირანში შეხვედრა მქონდა ფერეიდნელ ქართველებთან. თქვენ იცით, ირანში, კერძოდ, ფერეიდანში - ქართველები ცხოვრობენ. ისინი, როგორც ისტორიიდან ვიცით, მარტყოფიდან და მთელი კახეთიდან ძალით გახიზნული ხალხია, შაჰ-აბასის დროს. ჩვენ მაშინ მხოლოდ 2 საათით ვიყავით მათთან და მთელი მოსახლეობა შეიკრიბა! საკვირველია, როგორ გააგებინეს ერთმანეთს! ისინიც და ჩვენც სიხარულისაგან ვტიროდით 2 საათის განმავლობაში. გვთხოვეს, სამშობლოში რომ ჩახვალთ, ქართული მიწა დაგვიკოცნეთო. წამოსვლისას მოგვძახოდნენ: ღმერთს ებარებოდეთო, ზოგი ამოკლებდა და მხოლოდ ერთ სიტყვას ყვიროდა: „ებარებოდეთ!“ როგორღაც მოახერხეს, 40-მდე მოტოციკლი შეკრიბეს და საზეიმო გაცილება მოგვიწყვეს.
საოცრად დიდია მათში სამშობლოს სიყვარული! ისინი გრძნობენ, რომ იქ დროებით არიან. როცა ეკითხებიან, სად არის თქვენი სამშობლო, საოცარი პასუხი აქვთ: როცა ცაზე ცისარტყელა გამოჩნდება, მის ქვეშ უწდა გაიარო და იქ არის საქართველოო. აი, ასეთი სიყვარული აქვთ ამ ადამიანებს თავიანთი ქვეყნის მიმართ. შემდეგ მათ შემომითვალეს, რომ სპარსეთში, მაზანდარადში, ასევე ცხოვრობენ ქართველებიო. სამწუხაროდ, მათ დავიწყებული აქვთ ქართული ენა, მაგრამ ისევ უყვართ თავიანთი სამშობლო, სუფთად ინახავენ ქართულ სისხლს, სპარსელებში არ ერევიან. მათაც შემომითვალეს, ჩვენც ნუ დაგვივიწყებ, მაზანდარადში მცხოვრებ ქართველებსო.
დღეს ზოგიერთი ქართველი ერისადმი მტრულად განწყობილი ადამიანი ცდილობს, დაჰყოს ჩვენი ახალგაზრდობა, ცდილობენ - ერთმანეთს დაუპირისპირონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ღმერთი არ დაუშვებს საქართველოს დაცემას!
სულ 2-3 კვირის წინ ჩვენთან ჩამოსული იყო ესპანეთის პარლამენტის თუ კონგრესის თავმჯდომარე, 60-65 წლისა. ის ძალიან დაინტერესებული იყო ჩვენი საეკლესიო ცხოვრებით და გამომკითხა, თუ როგორ ვითარდება იგი. მოგეხსენებათ, ისტორიულად ესპანეთს ძლიერი სარწმუნოებაჰქონდა, თუმცაღა კათოლიკეები არიან. როცა ვკითხე, თქვენს ტაძრებში ბევრი ახალგაზრდა თუ დადის-მეთქი, მან მიპასუხა: სამწუხაროდ, ტაძარში, სადაც დავდივარ, ყველაზე ახალგაზრდა მე ვარო. ე.ი. 65 წლის კაცია ყველაზე ახალგაზრდა მათ ეკლესიაში. ეს არის კატასტროფა, ეს არის ძალიან ცუდი რამის მაჩვენებელი, ეს არის დაცემის დასაწყისი.
ამიტომ მინდა ვთხოვო ჩვენს პედაგოგებს, გაუფრთხილდით ჩვენს ბავშვებს. მე აღზრდილი ვარ იმ დროს, როცა სკოლაში მკაცრი კანონები იყო. 10 წლის მანძილზე ერთხელაც არ მახსოვს, რომ მასწავლებელი მოსულიყო და თავზე ხელი გადაესვა. იყო ასეთი შემთხვევა, როცა შემთხვევით დავეჯახე ერთ-ერთ მასწავლებელს: ასე, მე-3, მე-4 კლასში ვიყავი, მივრბოდი, მოუსვენარი ვიყავი; ამის გამო გაკვეთილების შემდეგ დამტოვეს, მასწავლებელს უნდოდა ჩემთვის წიგნები წაერთმია. შემდეგ ჩემს მშობლებს მისწერა: გთხოვთ, მობრძანდეთ სკოლაში, რათა გადავწყვიტოთ ბედი თქვენი შვილისა. საოცარია, მასწავლებელი წყვეტდა ჩემს ბედს! იმდენად დამძიმებული ვიყავი, რომ ჩემთვის, ჩემი ბავშვური გონებით ვფიქრობდი მასწავლებლის სიტყვებზე: „რათა გადავწყვიტოთ ბედი“. ხომ შეიძლება დადებითად გადაწყდეს-მეთქი - თავს ვინუგეშებდი.
ამიტომ, ვიდრე მასწავლებელი დაიწყებს საგნის სწავლებას, ჯერ თავი უნდა შეაყვაროს მოსწავლეს. თუ მოსწავლეები შეგიყვარებენ, თქვენს საგანსაც კარგად ისწავლიან; ჩვენ უნდა მივცეთ მათ არა მარტო ცოდნა, არამედ აღვზარდოთ, ვასწავლოთ ყოფა-ქცევა, ეთიკა, სისუფთავე.
მახსენდება, დიდ ბრიტანეთში ვიყავი და იქ შევხვდი პროფესორებს, ექიმებს. იქ იყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ დიდ ბრიტანეთში ტუბერკულიოზი არ არის, იმ დროს, როცა მთელ მსოფლიოში თითქმის ეპიდემიაა. როცა ვკითხე, როგორ მიაღწიეთ ამას, რა წამლები გაქვთ? მათ მიპასუხეს: სისუფთავით. ამიტომ, თქვენ უნდა ასწავლოთ ბავშვებს ყველაფერი, ქცევა, სიყვარული... წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ბოროტება ბოროტებით არ იკურნება; ბოროტება მხოლოდ სიკეთით და სიყვარულით იკურნება“.
ასევე, მასწავლებლებს და დირექტორებს მინდა ვთხოვო: ორიანს ნურავის დაუწერთ!
ღმერთმა დაგლოცოთ!
დღეს ვლოცავთ 159-ე, 183-ე, 163-ე, საჯარო სკოლებს, კერძო სკოლებს - „ივერიას“, ქართულ სასწავლებელს, თბილისის ქართულ-იტალიურ სკოლა „ცისკარს.“
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №18, 2010 წ.