„მინდა, მოგილოცოთ კიდევ ერთხელ სიყვარულის დღესასწაული!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის განსაკუთრებული დღე. დღე, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ სიყვარულის დღესასწაული. ყველას გილოცავთ!
მინდა გითხრათ, რომ სიყვარული არის ყველაზე აღმატებული სათნოება. სიყვარულის შესახებ დაწერილია მრავალი წიგნი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სიყვარული ისევე მიუწვდომელია, როგორც თავად ღმერთი. ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, რომ „ღმერთი არის სიყვარული“.
როცა ჩვენ ვუყურებთ ჩვენს წარსულს, ვხედავთ, რომ ყოველი ერი უფალმა დააჯილდოვა ღვთის მადლით, რამე განსაკუთრებული თვისებით. ჩვენ ღმერთმა სიყვარულით დაგვაჯილდოვა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის! სიყვარული უნდა გამოიჩინოთ არა მარტო ტაძარში, არამედ ყოველდღე და ყველაგან - თქვენს შვილებთან, თქვენს ნათესავებთან, სხვა ადამიანებთან. ისე არ უნდა ჩავიდეს მზე, რომ შენ არ შეურიგდე შენს ახლობელს. მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთხელ სიყვარულის დღესასწაული! უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტი დეფიციტი, ანუ ნაკლოვანება კაცობრიობას სწორედ სიყვარულში აქვს. დაცარიელდა ჩვენი გული, დაცარიელდა ადამიანი და მისთვის უკვე აღარ არსებობს არც დედა, არც მამა, არც ახლობელი. ღმერთმა დაგლოცოთ და უხვად მოგმადლოთ ნიჭი სიყვარულისა!
შეგახსეწებთ, ხვალ 12 საათზე სნოში იქნება წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ძეგლის გახსნა. ჩვენ ეს სიყვარულით გავაკეთეთ და ეს ძეგლი სიყვარულს ემყარება, მან სიყვარული უნდა დათესოს ადამიანებს შორის.
დაგლოცოთ უფალმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2010 წ.