„თუ შეგიძლია - კეთილი რჩევა მიეცი მოყვასს; თუ შეგიძლია - მოეფერე და ამით ანუგეშე“
სახელითა მამისათა და ძისათა და წშიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენს წინაპრებს უთქვამთ: დრონი მეფობენ და არა მეფენიო. დღეს მსურს დროის შესახებ გესასებროთ. ჩვენ, ქართველები, თითქოს უბრად ვართ დროსთან: ვერ ვაფასებთ და არასოდეს გვყოფნის იგი. დრო - ღვთის დიდი მოვლენაა; ეს არის საშუალება, როცა ადამიანს შეუძლია აღასრულოს ბევრი სიკეთე ან ბევრი ბოროტება.
ბიბლიაში წერია: „ჟამი არს მშვიდობისა, ჟამი არს ომისა, ჟამი არს ნგრევისა, ჟამი არს შენებისა...“ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იყოს ჟამი მშვიდობისა, იყოს ჟამი შენებისა და არა - ნგრევისა. ადამიანი ღვთისაგან თავისუფალი ნებით არის შექმნილი. სამწუხაროდ, ამ თავისუფლებას ხშირად ბოროტად ვიყენებთ. ეს ბოროტება აუცილებლად თავს იჩენს ჩვენს ცხოვრებაში, აისახება ჩვენს ყოფასა და პირად ცხოვრებაზე, ან ჯანმრთელობაზე და შემდეგ ადამიანს სინანული ეწყება. მართალია, ადამიანი ქმნილებათა გვირგვინია, მაგრამ მაინც სუსტია და ადვილად ეცემა. უნდა გვქონდეს ძალა, რომ დაცემის შემდეგ ისევ ავდგეთ და კვლავ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. თუმცა არის შემთხვევა, როცა ძალა აღარ ჰყოფნის ადამიანს და დაცემის შემდეგ უკვე ვეღარ დგება. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაიწერა: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო !“ ეს ისეთი დროა, როცა ადამიანს აღარ შესწევს ძალა, მიეახლოს უფალს და შეჰღაღადებს: ვერ მოვდივარ შენთან, შენ თვითონ მოდი, წამომაყენე და მიშველე. აი, ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ; დღეს საქართველოს, ყოველ ადამიანს და მთელ მსოფლიოს სჭირდება ღვთის დალოცვა, მადლი და შეწევნა.
დრო შედგება სამი ნაწილისაგან: წარსულის, აწმყოსა და მომავალისგან. უფრო სწორად რომ ვთქვათ, არის წარსული და მომავალი, რადგან აწშყო იმწამსვე გადადის წარსულში.
ხშირად ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ვამაყობთ ჩვენი სახელოვანი წინაპრებით. ძველ დროში ქართველი დედები გმირებს უზრდიდნენ სამშობლოს და ჩვენს წინაპრებს საქმენი საგმირონი უკეთებიათ: ზოგს თავი შეუწირავს ან სხვაგვარად გამოდგომია მშობელ ქვეყანას. ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ამით, მაგრამ მარტო წინაპართა გმირობა საკმარისი არ არის, თუკი ჩვენ არაფერს ვიქმთ სამშობლოსათვის. აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ამაზე. ყველამ საკუთარ თავს უწდა ვკითხოთ, პირადად მე რა გამიკეთებია სამშობლოსათვის ან რის გაკეთებას ვფიქრობ? ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სამომავლო გემები. უნდა ვიფიქროთ მომავალზე და ზუსტი წარმოდგენა გვქონდეს, თუ რა უნდა ვაკეთოთ და არა მარტო საკუთარი თავისა და ოჯახისათვის, არამედ სამშობლოსათვის და ამ გეგმის მიხედვით ვიმოქმედოთ.
ერთი რამ ყველამ უნდა ვიცოდეთ: ვინც რას აკეთებს, საკუთარ თავს უკეთებს. ვინც ბოროტებას ჩაიდენს - თავის თავს უკეთებს ავს, ვინც სიკეთეს იქმს - საკუთარ თავს შეეწევა. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, ბასილი დიდი სიტყვებით, ეს სიყვარულითა და სიკეთით შეიძლება. ზოგს ძალუძს სიყვარული, ზოგსაც - არა, განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანის შეყვარება გვიჭირს. იყო ერთი ექიმი, რომელც ყველაზე ბოროტმოქმედ ადამიანებს კურნავდა. და მას წმინდა ექიმი დაარქვეს. არიან ისეთი ადამიანები, რომელთა გულშიც მთელი მსოფლიო ეტევა; შესაძლოა, მათი სიყვარული საქმით არა, მაგრამ გონებითა და კეთილი სურვილით ეფინებოდეს მთელ მსოფლიოს. ასეთი ადამიანი თითქმის ვერ ხედავს სხვა ადამიანის ნაკლს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა გულშიც საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ ეტევიან. ამ კატეგორიის ხალხი ხშირად ტოვებს საკუთარ მშობლებს. ამგვარებმა უნდა იცოდნენ, რომ მათაც იგივე მოელით მომავალში - როგორც მოექცევი შენს მშობლებს, ისე მოგექცევიან შენი შვილები. ამიტომ ჩვენ უფრო სერიოზულად უწდა დავაფასოთ დრო. დრო ისეთი რამაა, რომ უნდა ვიჩქაროთ, რათა ბევრი სიკეთის გაკეთება შევძლოთ. თუ შეგიძლია - კეთილი რჩევა მიეცი შენს მოყვასს; თუ შეგიძლია - მოეფერე და ამით ანუგეშე; რამდენადაც ძალგიძს, აკეთე სიკეთე და ეს ყველაფერი კეთილადვე დაგიბრუნდება.
ჩვენ კი, სამწუხაროდ, ხშირად დროს არ ვაფასებთ და ცხოვრებას ჭამა-სმაში ვატარებთ. ზოგჯერ ღრეობას მივეცემით მთელი ღამე და მერე შუადღემდე გვძინავს. ასეთი ცხოვრება სიკეთეს არ მოუტანს ადამიანს...
დროის ფასი უნდა ვისწავლოთ ქართველებმა; დროის კანონს უნდა დავემორჩილოთ. უნდა ვიცოდეთ: ადრე უნდა დაიძინოს ადამიანმა და ადრევე ადგეს და მაშინ ხანგრძლივი იქნება ჩვენი დღეც და ჩვენი ღამეც. მეკითხებიან ხოლმე, როდის დავიძინოთ და როდის ავდგეთო. მინდა გირჩიოთ, რომ დაიძინოთ 10 საათზე და ადგეთ დილის 6-ის ნახევარზე. მაშინ იგრძნობთ, რამდენი რამ შეიძლება გააკეთოს ადამიანმა დღის განმავლობაში.
ვისაც ასეთი რჩევა მივეცი, მკითხეს - 12 საათის ლოცვა როდისღა წავიკითხოთო? 12 საათის ლოცვა თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ 9-საათიან ლოცვასთან ერთად ან ძილის წინ - 10 საათზე. თუ გაგეღვიძათ 12 საათზე, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ 12-საათიანი ლოცვა. საოცარია, არსებობს ასეთი გამოთქმა: ვინც ადრე დგება, მას ღმერთი ბევრს აძლევსო. არსებობს კიდევ ასეთი ლოცვა: „განთიად შეისმინე ლოცვისა ჩემისა, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო!“ „განთიად“, ანუ უნდა ვილოცოთ გათენებისთანავე.
მახსენდება, ჩემს ახალგაზრდობაში გვყავდა ერთი პროფესორი, რომელიც ხშირად გვარიგებდა სტუდენტებს, რომ შუაღამემდე ძილის 1 საათი უდრის 2 საათის ძილს ნაშუაღამევს. შუაღამემდე ძილი და ადრე ადგომა ჯანსაღი ცხოვრების წესია. ღმერთმა მოგვცეს ძალა, ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ვაკეთოთ სიკეთე და ვერიდოთ ბოროტებას! მინდა გითხრათ, რომ ღმერთი მოწყალეა და არაფრის უნდა გვეშინოდეს. ვიქონიოთ იმედი ღვთისა და იმედი მომავლისა! საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელის წილხვედრია! ამიტომ მწამს, რომ ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის დაცემას!
დღეს ასევე ვლოცავთ რამდენიმე გვარს. ძალიან მახარებს უკვე ტრადიციად ქცეული გვარების დალოცვა. დღეს ილოცებიან: ჩიქოვანები, ილურიძეები, ბექაურები, დიდებაშვილები, ანელები, ჩახავები, შამუგიები, ბუაჩიძეები, დამენიები, ბერიაშვილები და ლაზაგაშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა გაგამრავლოთ! ღმერთმა ინებოს, რომ მრავალი გამოჩენილი ადამიანები გამოვიდნენ თქვენი გვარიდან. მინდა მადლობა ვუთხრა ჩიქოვანებს შესანიშნავი ხატისთვის, რომელიც მათ შემოგვწირეს. დალოცვილი და გახარებული იყავით ამ გვარის წარმომადგენლები. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთი იყოს მფარველი მთელი საქართველოსი!
დღეს გვინდა დავაჯილდოვოთ მღვდელ-მონაზონი ამბროსი მაისურაძე, რომელიც წლებია ემსახურება საქართველოს ეკლესიას. იგი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და აყვანილია იღუმენის ხარისხში.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს არის ნათლისღების დღესასწაული. ჩვენ ვგეგმავდით საჯარო ნათლობის აღსრულებას, მაგრამ შემდეგ ნათლობა ნინოობისთვის - 27 იანვრისთვის გადავიტანეთ. ორშაბათს შესრულდება დიდი აიაზმა. დიდი აიაზმა ასევე იკურთხება სამშაბათს. მოგეხსენებათ, დიდი აიაზმა წელიწადში მხოლოდ ორჯერ იკურთხება.
სამშაბათს, საზეიმო წირვის შემდეგ, ეზოში შესრულდება დიდი აიაზმის წესი - წყალკურთხევა.
დალოცვილი და გახარებული იყავით!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო!
ღმერთმა გაამთლიანოს საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №2, 2010 წ.