„დედამიწა - ეს არის ადგილი, სადაც უფალმა ადამიანი
სამოთხიდან
განდევნა და იგი ვერასდროს იქცევა სამოთხედ...“
სახელითა მაშისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს ჩვენი ერი და, ზოგადად, კაცობრიობა მრავალი პრობლემის წინაშე დგას. ამ პრობლემათაგან ზოგი დიდია, ზოგი - არც თუ ისე. ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ და უნდა ვიცოდეთ - რა არის დღეს აქტუალური და გადაუდებელი და რისი გაკეთება შეიძლება სამომავლოდ გადავდოთ. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ადამიანი სამოთხეს ვერასდროს შექმნის დედამიწაზე; და რომ დედამიწა - ეს არის ადგილი, სადაც უფალმა ადამიანი სამოთხიდან განდევნა და იგი ვერასდროს იქცევა სამოთხედ...
ვფიქრობ, დღეს ყველაზე აქტუალური პრობლემა, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, ეს არის სხვისი მოსმენის კულტურა. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და არა მარტო მოსმენა, არამედ სხვისი კეთილი აზრების გაზიარებაც. თუკი ვინმესგან ჭეშმარიტად საღი აზრი გვესმის, ვინც არ უნდა მოგვაწოდოს იგი, თუნდაც მტრად ვთვლიდეთ, ჩვენს გულში უნდა მივიღოთ და აღვასრულოთ...
ძველი რომაელები ამბობდნენ: „ტემპორე მუტანტურ ეტნოს მუტამურ ინ ილის“ - დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. მთავარი ის არის, თუ როგორ იცვლება ადამიანი. ამქვეყნად ადამიანის წინაშე დგას კიბე, რომელიც ჯოჯოხეთში იწყება და სასუფეველში მთავრდება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვალებადობა. უნდა დავინახოთ საკუთარი თავი, ჩვენი თვისებები; შევთხოვოთ უფალს: „მომანიჭე მე, უფალო, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. ბედნიერია ადამიანი, რომელსაც აქვს „განცდაი თვისთა ცოდვათა“ და არ განიკითხავს საკუთარ ძმას. სხვისი განმკითხველი ცხოვრების სულიერ კიბეზე თანდათან დაბლა ეშვება.
მინდა შევეხო კიდევ ერთ მარადიულ პრობლემას: ეს არის მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა. ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ჩვენსა და ჩვენს შვილებს შორის არ უნდა იყოს წინააღმდეგობა! უფროსმა თაობამ გაიარა ცხოვრებისეული გამოცდა და ის გაცილებით უფრო გამოცდილია გაჭირვებასა და ლხინში. ამიტომ უმცროსმა თაობამ უნდა მოუსმინოს მას და გაიზიაროს იგი, უფრო სწორედ, ისწავლოს მშობლისაგან. ერთად უნდა გავიხსენოთ ის შეცდომები, რომელიც წარსულში იყო დაშვებული. ადრეც მიამბია თქვენთვის თაობებს შორის გამოცდილების გაზიარების ერთი მაგალითი. დიდი ფილოსოფოსი კონფუცი თავის მოსწავლეებთან ერთად გზაზე მიდიოდა და მას შეხვდა ადამიანი, რომელიც ჩიტებს იჭერდა, რათა მერე გაეყიდა და პურის ფული ეშოვა. მივიდა კონფუცი მასთან და დაინახა, რომ გალიაში დაჭერილი ჰყავდა სულ პატარა ჩიტები, თითქმის ბარტყები. კონფუციმ ჰკითხა მას: უფრო მოზრდილი ჩიტები რატომ არ გყავსო? კაცმა მიუგო: მოზრდილები გამოცდილები არიან და მათ ვერ ვიჭერო. მაშინ კონფუცი მიუბრუნდა თავის მოსწავლეებს და უთხრა: ისწავლეთ ამისგან, დაე, ეს მაგალითი გაკვეთილი ყოფილიყოს თქვენთვისო.
აი, საოცარი მაგალითი გამოცდილებისა!
თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ უფროს თაობას მართებს, გაგებით მოეკიდოს ახალგაზრდებს. კი არ უნდა ვაკრიტიკოთ ისინი, არამედ სიყვარულით უნდა გავუთბოთ გულები. სიყვარული კურნავს ნაკლს, რომელიც ადამიანს აქვს. წმინდა ბასილი დიდი ამბობს: „ბოროტება ვერ იკურნება ბოროტებით, არამედ - მხოლოდ სიყვარულითა და სიკეთით...“
ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ტაძრებსა და მონასტრებში ამდეწი ახალგაზრდაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ გაიაზრეს, თუ რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა. თუ გახსოვთ, უწინ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ასეთ ფილოსოფიურ გამოთქმაზე: „მე ვარ და მე მაქვს“, ანუ რომელი ჯობს: ვიყო ბრძენი, მორწმუნე, სიკეთის მკეთებელი და სათნოებების მქონე, თუ მქონდეს ფული, სახლები, მანქანები და ა.შ. რა თქმა უნდა, პირველი - ანუ ჯობს: ვარ, ვიდრე მაქვს.
უნდა ვიყოთ ხატება ღვთისა! მრავალი შემთხვევაა, როცა ადამიანი, რომელიც იხვეჭს მიწიერს, ბოლოს და ბოლოს, გრძნობს, რომ ეს საკმარისი არ არის. სიმდიდრე სამარის კარამდე მიგიყვანს და მას სხვა არაფერი მოჰყვება! თან კი ის სიკეთე გაგყვება, რომელიც ამქვეყნად თესე, როდესაც გაჭირვებულებს ეხმარებოდი, გასცემდი და ამრავლებდი სიყვარულს. ადამიანს, რომელიც უხვად გასცემს სიყვარულს, ღმერთი უფრო მეტი სიუხვით ანიჭებს მას სიყვარულით! ამიტომ უფროსსა და უმცროს თაობებს შორის ურთიერთობის მარადიული პრობლემა ყოველთვის აქტუალურია.
ადრეც მითქვამს თქვენთვის, ვისაც გყავთ მშთბლები, გაუფრთხილდით მათ. ყოველდღე ეცადეთ, რაღაცით გაახაროთ ისინი, რათა მშობლები გლოცავდნენ. მშობლების დალოცვა კი - ეს არის ღვთის კურთხევა! ალბათ გახსოვთ, არაერთხელ გირჩიეთ, რომ ყოველდღე მიხვიდეთ მშობლებთან, ემთხვიოთ ხელზე და მიიღოთ დიდი მადლი და წყალობა. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი!
დღეს განსაკუთრებული დღეა და ჩვენ ვაჯილდოებთ ჩვენი სამღვდელოების წარმომადგენლებს:
დეკანოზი პავლე ჯანგავაძე, რომელიც პეტერბურგში მსახურობს და ზრუნავს ქართველ მოსახლეობაზე, ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით.
მღვდელ-მონაზონი ანთიმოზ ბიჩინაშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით.
მღვდელი ილია ჩაკვეტაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
ჩვენთან დამკვიდრდა გვარების დალოცვის შესანიშნავი ტრადიცია, ეს უდიდესი წყალობაა ღვთისა. დღეს ვლოცავთ მგელაძეებსა და ფულარიძეებს.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! სიკეთე აკეთეთ და უკან მრავალი სიკეთე დაგიბრუნდებათ! ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ და გაგამრავლოთ!
ასევე ილოცება სამების საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდის ბაზაზე შექმნილი ბავშვთა გუნდი. დალოცვილები ყოფილიყვნენ ჩვენი ბავშვები, სრულიად საქართველოსა და მთელი მსოფლიოს პატარები. ასინი არიან კაცობრიობის მომავალი; ჩვენ ვცდილობთ, ბევრი რამ ვასწავლოთ „ჩვენს შვილებს, მივცეთ ცოდნა, მაგრამ მთავარია, მიეცეთ სათანადო აღზრდა. აი, ამაზე უნდა ვიზრუნოთ უმეტესად! ჩვენმა შვილებშა სიკეთე უნდა აკეთონ, სიყვარული უნდა თესონ და ღმერთი ჩვენთან იქნება!
დალოცვილი და გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №23, 2010 წ.