„თუშეთმა უნდა აღადგინოს ძველი ტრადიციები, თუშეთმა უნდა აღადგინოს მეცხვარეობა!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ღვთის განგება მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის. აღსრულდა ის, რაც უნდა მომხდარიყო მრავალი საუკუნის წინაც - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ჩამოვიდა ამ წმინდა მიწაზე. მინდა გითხრათ, რომ მთელი საქართველო ამაყობს თქვენით, თქვენ მძიმე კლიმატურ პირობებში ცხოვრობთ აქ, შეინარჩუნეთ ეს მიწა-წყალი და ამით საქართველოს მთლიანობა დაიცავით!
ხევში არის სიმღერა - „თუშებმა უთხრეს თუშებსაო, გადვიდეთ ხევის მთაზედაო, იქ რომ შიოლას აქებენ, იმას მიუხდეთ კარზედაო“. ეხლა მოხევეები მოვიდენ თქვენთან, ოღონდ მხოლოდ სიყვარულისთვის, იმისთვის რომ ჩვენ ერთნი ვართ, ერთი სისხლი და ხორცი.
შევნიშნავ იმასაც, რომ ზოგიერთი მეცნიერი ჰყოფს თუშებსა და წოვა თუშებს. სინამდვილეში ეს ერთი ხალხია, ჩვენ ყველანი ქართველები ვართ: წოვათუშები, ისევე როგორც თუშები არიან ქრისტიანები და იცავენ ჩვენს კულტურას, ჩვენს ენას, ჩვენს მიწა-წყალს.
დიდია ამ მხარის დამსახურება, სოფლის მეურნეობის, განსაკუთრებით კი მეცხვარეობის განვითარებაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრი ოჯახი წავიდა აქედან, წავიდნენ თბილისში ან უცხოეთში. არადა თუშეთმა უნდა აღადგინოს ძველი ტრადიციები, თუშეთმა უნდა ააღორძინოს მეცხვარეობა. თუშური ცხვარი ეს იყო და არის უდიდესი დოვლათი ჩვენი ერისა, ამიტომაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხი დაუბრუნდეს ამ წმინდა მიწას.
მე ვახსენე მეცხვარეობა. საერთოდ მთა გამორჩეული იყო ამ საქმიანობით. სამწუხაროა, რომ მაგალითად ყაზბეგშიც, ამ ბოლო დროს ძალიან ნაკლებად მისდევენ ამ საქმეს, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. რა თქმა უნდა, უნდა გაჩნდეს დასაქმების სხვა საშუალებაც. ისეთ პირობებში, როგორშიც თქვენ ბრძანდებით, შეიძლება გაკეთდეს თევზის საშენები, მოეწყოს საოქრომჭედლოები, აქ უნდა იყოს მატყლის გადამუშავება, ფარდაგების ქსოვა; თუშეთში ხომ შესანიშნავი ფარდაგები იქსოვებოდა. ეს ყველაფერი არ უნდა დავივიწყოთ!
მე ვიფიქრე, რომ ეს უნდა მეთქვა, უნდა ვთქვა, რომ დიდია თქვენი თავდადება. უნდა ვთქვა, რომ დიდი ადამიანები ბრძანდებით, საქართველოს ძირძველი კუთხის თუშეთის ღირსეული შვილები. აქ მცხოვრები ადამიანების დამსახურება ყველასი დიდია, მაგრამ ჩვენ გამოვარჩიეთ ერთი ადამიანი, რომელიც თქვენი განსახიერებაა და მინდა, რომ მას გადავცე საქართველოს ეკლესიის ორდენი. ეს არის ბატონი ფრიდონ გაფრინდაული. იგი მრავალი წელია შრომობს, წლებია, რაც მწყემსია და ამიტომაც ვაფასებთ მის ღვაწლს. ბატონ ფრიდონ გაფრინდაულს გადავცემთ უმაღლეს ჯილდოს - წმინდა გიორგის ოქროს ორდენს. ეს არის მთელი ამ კუთხის დამსახურება და ეს არის მისი პირადი დამსახურებაც. დალოცვილი იყავით, გაიხარეთ, გაძლიერდით!
მინდა ასევე აღვნიშნო ჩვენი სამღვდელოების ღვაწლი. თუშეთში ბევრს აკეთებს ჩვენი სამღვდელოება და უფრო მეტიც უწდა გააკეთოს. გადავწყვიტეთ, დავაჯილდოვოთ ზოგიერთი მათგანი:
დეკანოზი ადამ ბეწუნაიძე დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი დავით ჭვრიტიძე, რომელიც მრავალი წელი მსახურობს ეკლესიაში, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით;
დეკანოზი ისააკი ფეიქრიშვილი დაჯილდოვებულია გამშვენებული ჯვრით და მიტროს ტარების უფლებით;
მღვდელი ზაქარია ჩიხრაძე დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;
მღვდელი რაჟდენ თანდილაშვილი დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;
მღვდელი რომანოზი ექვთიმიშვილი დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;
მღვდელი გიორგი პაპუნაშვილი დაჯილდოვებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
ახლა აღვავლენთ ლოცვას თქვენთვის და საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და მთელი საქართველო!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №27, 2010 წ.