„უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს სამი სიწმინდე
მამული, ენა, სარწმუნოება და
მისგან გამომავალი სამი უდიდესი და შეუდარებელი საუნჯე ღმერთი, სამშობლო და
ადამიანი!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს სულიწმინდის გარდამოსვლას! დღეს ამ დიდებული ტაძრის დღესასწაულია. მადლი მამისა და ძისა და წმინდისა სულისა სუფევდეს თქვენზე, მთელ საქართველოსა და მსოფლიოზე, ამინ!
დღეს უფალს ანგელოზთა გალობით ვადიდებთ: წმინდაო, წმინდაო, წმინდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა! ოსანა მაღალთა მინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა!
დღეს ყოველმა ადამიანმა ღრმად უნდა ჩაიხედოს საკუთარ გულსა და გონებაში, თავის სულიერ სამყაროში, ყოველმა ადამიანმა უნდა გაუღოს გულის კარი უფალს, რათა სულიწმინდა შევიდეს და დამკვიდრდეს მასში. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „თქვენ ხართ ტაძარნი სულისა წმინდისანი“. ბედნიერია ის ადამიანი, ვინც ტაძარია სულისა წმინდისა.
გვახსოვდეს, რომ ადამიანი უძლურია - იგი ხშირად ეცემა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ კაცი დაცემულ მდგომარეობაში არ უნდა დარჩეს, იგი უნდა ადგეს და თავისი ცხოვრების გზა განაგრძოს. ამასთან, გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრებაში არ არსებობს კედელი და ჩიხი. მუდამ არის გამოსავალი, მით უმეტეს, თუკი ადამიანი ღმერთსაა მინდობილი.
ადამიანებს ხშირად არ ესმით, როგორაა ღმერთი ერთი და, ამავე დროს, სამება. წმინდა მამები ასეთ შედარებას გვთავაზობენ: წარმოვიდგინოთ, რომ მზის დისკო - მამა ღმერთია, ნათელი ძე ღვთისა და სითბო სულიწმინდა; ეს ყველაფერი ერთად კი მზეა. აი, ასე შეიძლება უკეთ შეძლოს ადამიანმა ერთი ღმერთისა და ყოვლადწმინდა სამების გაგება.
ჩვენ ვცხოვრობთ განსაკუთრებულ დროში, როცა ადამიანი თავის ფასს ჰკარგავს, ის აღარ არის დაფასებული. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვაქვს სამი სიწმინდე მამული, ენა, სარწმუნოება და მისგან გამომავალი სამი უდიდესი და შეუდარებელი საუნჯე ღმერთი, სამშობლო და ადამიანი!
ყოველი ადამანი ერთხელ მოდის ამქვეყნად და მან თავისი დანიშნულება უნდა აღასრულოს. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ცოდვებს ხედავენ და სიხარულსა და მადლს ვერ განიცდიან. ასეთებისთვის სხვა ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. სინამდვილეში ეს არის უდიდესი ფასეულობა, ფიზიკურიც და სულიერიც. ადამიანმა არ უნდა აღმართოს ხელი სხვა ადამიანზე და არავინ უნდა განიკითხოს. გვახსოვდეს, რომელი საზომითაც განვიკითავთ სხვებს, იმ საზომით განგვიკითხავს უფალი.
დღეს არის დიდი ზეიმი, ზეიმი ცათა და ქვეყანისა! გილოცავთ ამ დღესასწაულს! მადლი სულსა წმინდისა შემოვიდეს თქვენს გულში, თქვენს შვილებში, თქვენს სახლში, ამ ქვეყანაში! სული ღვთისა, სახიერი, გვიძღოდეს ჩვენ ქვეყანასა წრფელსა! ჩვენი საბოლოო და სანუკვარი ადგილი ღვთის სასუფეველია!
დღევანდელ დღეს ასევე დაემთხვა ჩვენი განმანათლებლის, წმინდა მოციქულ სვიმეონ კანანელის ხსენება, რომელიც აფხაზეთშია დაკრძალული. დღეს ამ ტაძარში აფხაზეთის ხელისუფლება ბრძანდება; ჩვენ ერთად შევთხოვთ უფალს, შეისმინოს ჩვენი ვედრება და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!
სამების ამ წმინდა ტაძრიდან დღევანდელ დღეს ვულოცავ აფხაზებსა და ქართველებს, ყველას, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს. ჩვენ ვიყავით ძმები და მომავალშიც ძმებად დავრჩებით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჩვენი ერების გათიშვას ცდილობს. ღვთის ძალა, ღვთის მადლი არ დაუშვებს ჩვენს გაყოფას! მადლი და წყალობა ღვთისა იყოს თქვენ თანა, ამინ!
კიდევ ერთხელ გილოცავთ სულიწმინდის მოფენას, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულსა და წმინდა სვიმეონ კანანელის ხსენების დღეს!
მინდა გამოვაცხადო განჩინება სამღვდელოების დაჯილდოების შესახებ: დღეს ჩვენთან ბრძანდება იღუმენი პიმენი (ქარდავა), რომელიც აფხაზეთიდანაა და ამ დღესასწაულთან დაკავშირებით ვაჯილდოვებთ არქიმანდრიტის წოდებით, მიტრითა და გამშვენებული ჯვრით. მინდა ვუსურვო მას, მალე დაბრუნდეს აფხაზეთში და ჭეშმარიტების გზაზე მოაქციოს იქ მცხოვრებნი.
იღუმენი ანტონი (კანდელაკი) მოღვაწეობს პარიზში, ერთგულად ემსახურება ქართველ ხალხს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართველები მალე დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში და თვითონაც, მათთან ერთად; იგი ჯილდოვდება არქიმანდრიტის წოდებით.
იღუმენი მოსე (ჭანკვეტაძე) მსახურობს იტალიის ქალაქ ბარში, სადაც დაბრძანებულია წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები; დღეს იგი აქ არ ბრძანდება; მას ვაჯილდოვებთ არქიმანდრიტის წოდებით.
დეკანოზი დავით სალაძე მოღვაწეობს ქუთაისში და გახლავთ ჩემი ნათესავი (მისი პაპა და დედაჩემი და-ძმანი იყვნენ); იგი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით.
მღვდელ-მოწაზონი ელისე (აბრამიშვილი) ჯილდოვდება იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით.
მღვდელ-მონაზონი დავითი (დავითაშვილი) ჯილდოვდება იღუმენის წოდებით.
მღვდელი იაკობ უშიკიშვილი ჯილდოვდება დეკანოზის წოდებით.
ღმერთი სიყვარული არს და ყველაზე დიდი საუნჯე მოგვცა. ქართველი ადამიანი უფალმა სიყვარულით დააჯილდოვა. ღმერთმა მოგცეთ სიხარული და სიყვარული!
დღეს ჩვენ ვლოცავთ შემდეგ გვარებს: წიკლაურებს, ტალახაძეებს, გულბანებს, გულბიანებს, სუთიაშვილებს, სულხანიშვილებს, კასრაძეებს, ნასყიდაშვილებს, ქუშაშვილებს, მარსაგიშვილებს, შიშნიაშვილებს, შანიძეებსა და კობიაშვილებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ! ღმერთმა მოგცეთ დიდი მადლი და დიდი სიხარული! ღმერთი იყოს თქვენი და მთელი საქართველოს მფარველი! წიკლაურების წარმომადგენელი ბატონი თეიმურაზიც აქ ბრძანდება და ასევე მამა ტიმოთეც - მრავალშვილიანი მოძღვარი.
ილოცება მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა „ხელოვნების კოლეჯი“. დალოცვილი იყავით, ღმერთმა გაგაძლიეროთ და მადლი ღვთისა სუფევდეს თქვენზე!
დალოცვილი და გახარებული ყოფილიყავით თქვენ და სრულიად საქართველო! ხშირად მითქვამს და მუდამ გაგიმეორებთ, - ნურაფრის შეგეშინდებათ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2010 წ.