„ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც განიცდის საკუთარ
ცოდვებს და
მოყვასს არ განიკითხავს; ასეთი ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დგას“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დედამიწაზე ყველაზე დიდი საუნჯე და ყველაზე დიდი საიდუმლო - ადამიანია. ადამიანი სულისა და ხორცისგან შედგება, მაგრამ მასში დავანებული უნდა იყოს სულიწმინდა, რომელიც ცხოველყოფს და აძლიერებს მას. სულიწმინდა არის მამისაგან გამომავალი უდიდესი ძალა: მადლი სულისა წმინდისა - უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელია და ბედნიერია ის ადამიანი, რომელშიც სულიწმინდის მადლია დაუნჯებული. ადამიანი ეცემა, მაგრამ ისევ დგება და სვლას აგრძელებს. ადამიანს შეურაცხყოფენ, მაგრამ სულიწმინდის ძალით იგი შეურაცხყოფას შეურაცხყოფით არ პასუხობს და ყოველივეს მოყვასის სიყვარულით ითმენს; თუკი მას აქებენ, იგი კვლავ მშვიდად არის სულიწმინდის მადლით და არც ამ საცდურზე რეაგირებს.
რა არის სულიწმინდის მადლი? ამაზე შესანიშნავი პასუხი დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, რომელთაც შეადგინეს ლოცვა - „მეუფეო ზეცათაო“, რომელშიც სულიწმინდის მადლის შესახებაა გაცხადებული. სულიწმინდის ეს ლოცვა, ამავე დროს, წმინდა სამების ლოცვაცაა. მოდით, ერთად ვთქვათ ახლა ეს ლოცვა: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშიnისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი, ამინ.“ დაუკვირდით ამ სიტყვებს: „რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა,“ - სულიწმინდა ჩვენშიცაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ეს გვსურს. უნდა შედგეს შეერთება ორი ძალისა - ღვთისა და ადამიანისა. ამ ორი ენერგიის შერწყმას ეწოდება სინერგია. და თუკი ეს მოხდა, მაშინ ბედნიერია ადამიანი.
ღმერთი მოწყალეა. ნათქვამია: „არა არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა სცოდოს“. მაშ, როგორღააა, ნუთუ ჩვენში არ დაივანებს სულიწმინდის მადლი? ჩვენ ვართ მატარებელნი ამ მადლისა და ეს არის წყალობა ღვთისა. მე დავწერე ასეთი საგალობელი: „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“. ამით ჩვენ შევთხოვთ უფალს შეწევნას და ვუცხადებთ მას: „მე დავეცი ჩემი ჯვრის სიმძიმის ქვეშ და აღარ მაქვს ძალა, მოგიახლოვდე, ამიტომ გევედრები, მოდი ჩემთან და აღმადგინე“. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც განიცდის საკუთარ ცოდვებს და არ განიკითხავს მოყვასს; ასეთი ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დგას. ამიტომ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უხვად მოგვმადლოს მადლი სულისა წმინდისა!
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ! სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა!
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა!
დღეს დიდი დღესასწაულია და ამასთან, ამ ტაძრის დღესასწაულიცაა; ამიტომ მინდა დავაჯილდოვო მღვდელმსახურნი: დეკანოზი თეიმურაზ ბარაბაძე, რომელიც წლების მანძილზე ერთგულად ემსახურება საქართველოს ეკლესიას, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით. მღვდელმონაზონი აბიათარი (ქაფიანიძე) დაჯილდოებულია იღუმენის წოდებით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს და გააძლიეროს სრულიად საქართველო, ამინ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №19, 2010 წ.