„როგორც ჩვენს ფიზიკურ კუნთებს ესაჭიროება გავარჯიშება, ასევე საჭიროებს მუდმივ ვარჯიშს ჩვენი გონებაც!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ერთი დიდი საკითხი, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას, - ეს არის ჩვენი აზროვნება. რაზეა დამოკიდებული აზროვნების პროცესი? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ კეთილი და ბოროტი აზრები გულიდან გამოდის. ისეთი დიდი ფიზიოლოგი, როგორიც პავლოვი იყო, ამბობდა, რომ ადამიანს გააჩნია ორი გონება, დიდი და მცირე: მცირე არის ჩვენი ტვინი, ხოლო დიდი - ჩვენი გული.
საინტერესოა, მაინც რაზეა დამოკიდებული ჩვენი გონება - სულიერ სამყაროზე თუ ფიზიკურ სხეულზე? იქნებ უჯრედების დონეზე ხდება რაღაც პროცესები ჩვენს ტვინში და ეს არის აზროვნება?
XIX საუკუნეში მოღვაწეობდა დიდი მეცნიერი და ასტრონომი კამილ ფლამარიონი, რომელსაც აქვს დაწერილი წიგნი სახელწოდებით: „ღმერთი ბუნებაში“. იგი მოგვითხრობს ერთ ექსპერიმენტზე, რომელიც მეცნიერებმა ჩაატარეს: საცდელ ცხოველებს შეფერილ საკვებს აძლევდნენ, შემდეგ კი დროდადრო თითო ცხოველს კლავდნენ და მის შიგნეულს აკვირდებოდნენ. 28-30 დღეში სულ გაფერადდა ამ ცხოველების ძვლებიც, ხორციც, ტვინიც, ყველა სხვა ორგანოც. ამის შემდეგ, პირიქით, სუფთა საკვებს აძლევდნენ და კვლავ 28-30 დღეში ყველაფერი გამოსწორდა. ამით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 1 თვის განმავლობაში სხეულში ხდება ფიზიკური უჯრედების მუდმივი, სრული განახლება. საბოლოო ჯამში, ამის საფუძველზე მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ ადამიანის აზროვნება არ არის დამოკიდებული მის ფიზიკურ სხეულზე. აზროვნება სხეულზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მაშინ ჩვენი მსოფლმხედველობა, ჩვენი აზროვნება ყოველთვიურად ისევე შეიცვლებოდა, როგორც ჩვენი სხეულის ქსოვილის უჯრედები. შემდეგ მეცნიერებმა უფრო თამამი აზრი გამოთქვეს, რომ ჩვენი აზროვნება სულზეა დამოკიდებული, რომ მას სულიერი წარმომავლობა აქვს. მინდა, რომ თქვენ დაიმახსოვროთ ამ წიგნის სახელწოდება და მისი ავტორის გვარი - Камиль Фламарион «Бог б Природе» (იგი რუსულადაა თარგმნილი).
დღეს მინდა ორიოდე სიტყვით გესაუბროთ იდეებზე, როგორც ჩვენი აზროვნებების პროდუქტზე. არიან ადამიანები, რომელთაც სულ ახალ-ახალი იდეები უჩნდებათ და, პირიქით, არიან, ასე ვთქვათ, მიძინებული აზროვნების ადამიანები. ასეთნი, სამწუხაროდ, არც სხვებს უსმენენ, რომლებიც ცდილობენ, რაღაც ახალი მოიფიქრონ და შექმნან.
ადრეც არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, - ადამიანის გონება მუდმივად საჭიროებს ვარჯიშს. რას ნიშნავს ეს? გონებამ უნდა ივარჯიშოს ფიქრით, წიგნების კითხვით, ამა თუ იმ ბრძნული აზრების დამახსოვრებით. ეს ყველაფერი სწორედ გონების ვარჯიშია. როგორც ჩვენს ფიზიკურ კუნთებს ესაჭიროება გავარჯიშება, ასევე საჭიროებს მუდმივ ვარჯიშს ჩვენი გონებაც. ეს აუცილებელია ადამიანისთვის.
დავუშვათ, რომ ადამიანი მუშაობს რომელიმე დაწესებულებაში და მოულოდნელად იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ამის გამო ზოგიერთი სასოწარკვეთილებაში ვარდება და ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი დამთავრებულია და სხვა გზა აღარ დარჩენია. სინამდვილეში, ძალიან ბევრი საშუალება და მრავალი გზა არსებობს. ადამიანს უამრავი რამ შეუძლია, ოღონდ მან უნდა მიაგნოს, რა აკეთოს და აუცილებლად უნდა იქმოდეს იმას, რაც უყვარს.
ეს ადვილია მაშინ, როდესაც ადამიანი მუდმივად ავარჯიშებს თავის გონებას, ხოლო თუკი იგი ამას არა იქმს, - უსაქმურობით მისი გონება ჩლუნგდება, სულიერი და ფიზიკური ძალა კი სუსტდება და იგი სასოწარკვეთილებისაკენ მიიდრიკება. მახსენდება ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში; ჩვენ მიგვიყვანეს ისეთ კლინიკაში, სადაც იმყოფებოდნენ წელს ქვევით მოწყვეტილი, დამბლადაცემული ახალგაზრდები. ისინი მუშაობდნენ და თავს საზოგადოების სრულყოფილ წევრებად გრძნობდნენ. არ მავიწყდება ერთი ახალგაზრდა ვაჟკაცი, რომელსაც ფეხები მოწყვეტილი ჰქონდა, - იგი პირქვე იწვა და მამაკაცის სარტყელს კერავდა. იმ ვიზიტის დროს ჩვენ ასევე მოვინახულეთ მოხუცებულთა თავშესაფარი, სადაც ხანდაზმული ადამიანები თოჯინებს აკეთებდნენ. ამ შენობის ვესტიბიულში გახსნილი იყო სპეციალური მაღაზია, სადაც ეს თოჯინები იყიდებოდა.
ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი ადამიანი მოინდომებს და დაფიქრდება, მას ყველა ასაკში და ნებისმიერ მდგომარეობაში შეუძლია რამე სასარგებლო საქმის კეთება და თავისი შრომით თავის რჩენა.
ახლა ჩვენთვის ყველაზე აქტუალური და სასარგებლოა სოფლის მეურნეობის დარგის და მისი ერთ-ერთი მიმართულების - მელიორაციის განვითარება. მორწყვის სისტემები, თუნდაც უმარტივესი, ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის. დავუშვათ, 1-2 კვირით ან მეტით მივდივართ სადმე; ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რა მოუხერხოს ქოთნის ყვავილებს და მოსავლელად მეზობლებს უტოვებს. ზოგი კი ფიქრობს ამაზე, გამოსავალს ეძებს და შესანიშნავ შედეგებსაც აღწევს. მაგალითად, ქოთნის ყვავილის გვერდით, უფრო მაღალ ადგილას, უნდა დაიდგას წყლიანი ჭურჭელი, ბამბიდან შეიძლება გაკეთდეს ფითილი, მისი ერთი პირი მოთავსდეს წყალში, მეორე კი მიწაზე ქოთანში და ამგვარად, ჩვენი ყვავილი მუდამ მორწყული იქნება.
ადამიანის აზროვნება მისი სულის აუცილებელი თვისებაა. ჩვენ არ უნდა ველოდოთ სხვას, ვინ რას გვეტყვის ან რას მოიფიქრებს, - ყოველმა ჩვენგანმა თავისი გონება უნდა აამუშაოს. რამდენიმე წლის წინ გამოვთქვი სურვილი, შექმნილიყო იდეების ბანკი, რომ თქვენი ძვირფასი იდეები არ დაკარგულიყო. ამ მიზნით ჩვენ სპეციალური ყუთებიც კი დავდგით, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ასეთ ყუთებში ვიპოვეთ მხოლოდ შემდეგი შინაარსის წერილები: მჭირდება ფული, მჭირდება მკურნალობა. განა ეს იდეებია? ეს იდეები კი არა, გაჭირვებაა.
დღეს თავად მინდა მოგაწოდოთ რამდენიმე იდეა. ყველას, მამაკაცებსაც და ქალბატონებსაც, ასეთი დავალება გეძლევათ, თოჯინები გააკეთეთ. ვინც უფრო ლამაზ თოჯინას გააკეთებს, მას წიგნებს ვაჩუქებ.
ეს ერთი იდეა, ახლა მეორე - მორწყვის საკითხი. თქვენ იცით, რომ არსებობს სპეციალური სარწყავი მოწყობილობა, - ყვავილებთან დებენ რეზინის მილს, რომელსაც აქვს წვეთოვანი და პერიოდულად თითო წვეთს ასხამს მცენარეს და ეს საკმარისია ამ ყვავილის სასიცოცხლოდ. აი, ეს შეიძლება გააკეთოთ თქვენს ბაღებში. აბა, გაიხსეწეთ, როგორ ვრწყავთ ბაღებს? ხშირად მივუშვებთ ხოლმე წყალს და იგი რეცხავს მიწას, რასაც არავითარი სასიკეთო შედეგი არ მოჰყვება. პირიქით, ჩვენ ამით ვაფუჭებთ ნიადაგს, იმიტომ, რომ ის ნივთიერებები, რაც მიწაშია და მცენარეს კვებავს, ირეცხება და მიწა იფიტება.
და კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო შემოთავაზება მაქვს თქვენთვის. მე ხშირად ვხვდები სოფლის მეურნეობის მუშაკებს და ჩვენ ერთად ვმსჯელობთ, რა არის დღეს უფრო შემოსავლიანი საქმე, რა უნდა აკეთოს ხალხმა. მე მითხრეს, რომ ყველაზე შემოსავლიანი საქმე მეცხვარეობა და მეღორეობაა. ამიტომ მე გამიჩნდა ასეთი აზრი, რომ სადმე, თბილისის მახლობლად, გავაკეთოთ მეღორეობის ფერმა. ვისაც აქვს სურვილი, ამ საქმეში მონაწილეობა მიიღოს, თითო ადამიანმა უნდა დადოს სულ 10 ლარი. ზოგიერთისთვის ეს თანხა ძნელი დასადებია, ზოგს კი ამის შესაძლებლობა გააჩნია. მეც დაგეხმარებით. ეს ფერმა ეკლესიის კი არა, მრევლის იქნება. ეკლესიას ეს არაფერში სჭირდება, ეს სჭირდება მრევლს. ჩემი აზრით, ჩვენ შესანიშნავ ფერმას გავაშენებთ. მაგრამ ამისთვის თქვენ შორის უნდა გამოვნახოთ 1-2 ადამიანი, რომელიც ამ საქმეს უხელმძღვანელებს. თუ ახლა აქ, ამ ტაძარში არის ვინმე ასეთი პიროვნება, ვისაც ჰქონია შეხება ფერმასთან, მობრძანდით ჩემთან და ჩვენ ვეცდებით, ერთად განვახორციელოთ ეს იდეა. ეს ჩვენი ექსპერიმენტი იქნება საცდელი და თუ ამან გაამართლა, ასეთ ფერმებს სხვა ტაძრებთანაც გავხსნით. ხალხიც დასაქმდება და შესანიშნავი ფერმებიც შეიქმნება.
ასე რომ, გეძლევათ სამი დავალება - მიწის მორწყვა, თოჯინების გაკეთება და მეღორეობის ფერმის გაშენება.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა მოგცეთ ახალი იდეები, ახალი აზრები. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
დღეს არის ბედობის დღე, გუშინაც იყო და დღესაც არის. ისე, ალბათ, ყოველი დღე ბედობისაა... მინდა, რომ სიკეთე დაგვებედოს და დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ ჩვენს სამღვდელოებას.
დეკანოზი გელასი ნატროშვილი დაჯილდოებულია მიტრის ტარების უფლებით.
დეკანოზი დავით დათუაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით.
დეკანოზი იოსებ მინდიაშვილი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით.
მღვდელი აბიბოს გუბაევი ჯილდოვდება დეკანოზის წოდებით.
მღვდელი თომა სოსელია ჯილდოვდება დეკანოზის წოდებით.
მღვდელი მატათა ქარქაშაძე დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
მღვდელი ლუკიანე ხურცია დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
მღვდელი ზენონ ხახალეიშვილი დაჯილდოებულია ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.
დღეს ჩვენთან იმყოფებიან მესტიისა და ზემო სვანეთის საკვირაო სკოლის ბავშვები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გააძლიეროთ!
ფაზისის აკადემიამ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარს შემოწირა შესანიშნავი ხატი წმინდისა ცოტნე აღმსარებლისა დადიანისა! ღმერთმა შეუწიროთ და წმინდა ცოტნე აღმსარებლის ლოცვით ღმერთმა დალოცოს საქართველო, ამინ!
მეც მივიღე დღეს საჩუქარი - სახარება.
ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და ბედნიერი ახალი წელი გაგითენოთ ახლითაც და ძველი სტილითაც!
ღმერთმა მშვიდობიანი და ბედნიერი შობა გაგითენოთ!
ჩეენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №44, 2010 წ.