„მინდა, გთხოვოთ და გაგაფრთხილოთ, არც ერთ
შემთხვევაში არ მიიღოთ ნარკოტიკი!
გახსოვდეთ, რომ ეს არის ადამიანის თვითმკვლელობა!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს განსაკუთრებით ვლოცავთ ჩვენს აბიტურიენტებს, ჩვენს ახალგაზრდობას.
უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოგვიწოდებს. იყავით სრულ, ვითარცა მამაი თქვენი ზეცათაი სრულ არს. სრულყოფილებისკენ სწრაფვა, განვითარება - აუცილებელია, მაგრამ განვითარებას ყველა სხვადასხვაგვარად განიხილავს. ზოგი განვითარებას ხედავს სიკეთეში, ზოგის განვითარება კი ბოროტებაში ხდება, ზოგი მაღლდება სულიერ კიბეზე, ზოგიც - დაბლა ეშვება.
დღეს განსაკუთრებულად გვმართებს ფიქრი ჩვენს ახალგაზრდობაზე. ცხადია, მათზე მუდამ ვფიქრობთ და ვზრუნავთ, მაგრამ დღეს ეს მეტად აქტუალურია. დღეს ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად უნდა ვიფიქროთ საქართველოს წარსულზე, მის აწმყოსა და მომავალზე, რადგან სამშობლოს ბედი და ჩვენი ბედი მჭიდრო ურთიერთკავშირშია.
ზოგიერთ ახალგაზრდას ჰგონია, რომ ის ჯერ ყმაწვილია და ამიტომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. თქვენ უნდა გაიხსენოთ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალი, სხვა ქართველი მეფეები. 15 წლის ჭაბუკს, ვახტანგ გორგასალს, მეფის გვირგვინი დაადგეს და იგი იცავდა საქართველოს! როცა მას და მოსტაცეს, შეაგროვა დიდი ჯარი, ასი ათას სამოცდათორმეტი მეომარი და მათთან ერთად სალაშქროდ გაემართა. სხვა ქართველი მეფეებიც ამ ასაკში უკვე დიდ საქმეებს იქმოდნენ ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. და არა მარტო მეფენი, სხვა მოღვაწენიც. ჩვენმა ახალგაზრდობამ უნდა მიბაძოს თავის დიდ წინაპრებს და იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე.
დღეს მრავალი პრობლემა აქვს ჩვენს ახალგაზრდებს. თქვენ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ემზადებით. ამიტომ განსაკუთრებით გმართებთ ფიქრი, აკეთებთ თუ არა სწორ არჩევანს. მახსენდება ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ვიცნობდი. მას დამთავრებული ჰქონდა ქიმიური ფაკულტეტი და როცა ვეკითხებოდი, რატომ აირჩიე პროფესიამეთქი, მპასუხობდა - უბრალოდ, ძალიან მიყვარდა და პატივს ვცემდი ქიმიის მასწავლებელსო. სინამდვილეში კი თავისი შინაგანი სამყაროთი ეს ადამიანი ფილოსოფოსი იყო, იგი შეიძლება ასევე კარგი ლიტერატორი ან კარგი ისტორიკოსი გამოსულიყო, მაგრამ არა ქიმიკოსი. ამას იმიტომ გიყვებით, რომ თქვენც არ დაუშვათ მსგავსი შეცდომა. ეს საკმაოდ ხშირად ხდება და დასანანია, თუ ადამიანი სწორ გზას დროულად ვერ ირჩევს.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუკი ადამიანმა სწორი გზა აირჩია, იგი შეიძლება გენიალური მეცნიერი გამოვიდეს. მახსენდება ჩემი სიჭაბუკე; ძალიან მიყვარდა სოფლის მეურნეობა, მიწა, საქონელი და ვფიქრობდი, ამ დარგის სასწავლებელში მესწავლა, მაგრამ ღმერთმა სულ სხვა რამ ინება. ასე რომ, ადამიანის მომავალი და ადამიანის ბედი ბევრადაა დამოკიდებული ღმერთზე და, რა თქმა უნდა, თვითონ ადამიანზეც. ამიტომ არაფერი უნდა გადაწყვიტოთ უცბად და მოუფიქრებლად და ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, დაეკითხეთ გამოცდილ ადამიანებს, უფროსებს. ყველაზე სწორი იქნება ის, თუ აირჩევ იმას, რაც გიყვარს, ეს პირველი პირობაა, რადგან, რაც უყვარს ადამიანს, იმ საქმეს უკეთ აკეთებს და იმ სფეროში უფრო ნიჭიერი გამოდის.
ჩვენო ახალგაზრდებო, თქვენ ემზადებით უმაღლეს სასწავლებელში სწავლისათვის და უნდა გახსოვდეთ, რომ საკმარისი არ არის მარტო ცოდნის მიღება. აუცილებელია საკუთარ თავში კარგი თვისებების აღზრდა, აუცილებელია სიკეთე, სიყვარული, სასოება, აუცილებელია უფროსების პატივისცემა. ძალიან ხშირად ჩვენ ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას და ის გვავიწყდება, თუ რა არის ბედნიერება. ბედნიერება არის, როცა მშვიდობა სუფევს ადამიანის გულსა და გონებაში. როცა ადამიანი კმაყოფილია და სიხარულით იღებს თავის დღევანდელ დღესა და მომავალს ასეთნი უდავოდ ბედნიერები არიან. ერთხელ ერთი მეუდაბნოე მოღვაწე - მონაზონი ქალი, აფხაზეთის უდაბნოებიდან ჩემთან ჩამოვიდა, ვკითხე - როგორ გრძნობთ თავს უდაბნოში-მეთქი. ასე მიპასუხა: „დედოფალი ვარ; ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც შეიძლება იყოს მეფე ან დედოფალი!“ მას მატერიალური არაფერი ებადა, არც პირობები ჰქონდა საცხოვრებლად ვარგისი და მაინც ბედნიერი იყო!
მსურს კიდევ ერთ თემას შევეხო, რომელიც ძალიან მაწუხებს - ეს არის ნარკომანიის პრობლემა. მინდა, გთხოვოთ და გაგაფრთხილოთ, არც ერთ შემთხვევაში არ მიიღოთ ნარკოტიკი! გახსოვდეთ, რომ ეს არის ადამიანის თვითმკვლელობა! ზოგიერთს ცნობისმოყვარეობა სძლევს და გასასინჯად იღებს, უბრალოდ, აინტერესებს... ნურც გასინჯავთ! გახსოვდეთ, რომ ეს არის საშინელი, დამღუპველი იარაღი პირადად თქვენი და თქვენი ოჯახისათვის. ასეთ ადამიანს მომავალი არ აქვს!
შეერთებულ შტატებში მოგზაურობისას შევხვდი ყოფილი ნაკრომანების ჯგუფს, რომლებიც ამ სენისგან ეკლესიის დახმარებით - გათავისუფლდნენ. მათ მიამბეს, რომ ახლა ისინი მთელ ამერიკაში მოგზაურობდნენ, ხვდებოდნენ ახალგაზრდებს, უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას და მოუწოდებდნენ, ეკლესიაში მისულიყვნენ და იქ ეპოვათ ნუგეში და კურნება. ისინი ამბობდნენ, რომ მათი მაგალითი ბევრმა ნარკომანმა გაიზიარა, ეკლესიაში მივიდნენ და განიკურნენ. მადლი ღვთისა და ძალა ღვთისა შველის მათ.
კიდევ ერთ საკითხს მსურს შევეხო. ეს არის წესრიგის მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში. წესრიგი უნდა ვისწავლოთ და ყველაფერში მოწესრიგებულები ვიყოთ, რადგან მხოლოდ ცოდნა არ კმარა... სახლში წესრიგი უნდა გვქონდეს, თქვენი ნივთები მიმოყრილი კი არ უნდა იყოს სახლში, არამედ ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს მიჩენილი.
ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება - ეს არის გამოცდა. ნუ წარმოვიდგენთ ცხოვრებას ისე, თითქოს სამოთხე იყოს. ბევრი წინააღმდეგობა ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე და ამ წინააღმდეგობებს უნდა გაუძლოს, უნდა გამონახოს გზა ჩიხიდან თავის დასაღწევად. მცირე ხნის წინ პოეტები იყვნენ ჩამოსული სტუმრად და მათ შორის იყო ერთი რუსი პოეტი ქალი. იგი მოვიდა ჩემთან ტირილით და თავისი გულისტკივილი გამიზიარა. ამ მოკლე ხანში მის ორ ძმას თავი მოუკლავს - ჯერ ერთს და ცოტა ხანში მეორესაც. ეს შეიძლება გააკეთოს მხოლოდ ურწმუნო და სულმოკლე ადამიანმა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ გახსოვდეთ: ყოველი გაჭირვების დროს არის გამოსავალი და ეს გამოსავალი უნდა მოიძებნოს...
გისურვებთ, რომ თქვენ გქონდეთ აკადემიური წარმატება, ზრდილობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული მომდინარეობს სიყვარულიდან და თუ სიყვარულს თესავს ადამიანი, სიხარულიც დიდი აქვს.
არაერთხელ მითქვამს თქვენთვის და მინდა გავიმეორო: ერთ-ერთი მცნება ამბობს - პატივი ეც დედასა და მამასა მენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. აი, ეს არის ბედნიერება, აქ უნდა მონახოთ თქვენ ბედნიერების გასაღები. ყოველდღე რაღაცით უნდა გაახაროთ დედ-მამა, ხოლო თუკი ისინი უკვე გარდაცვლილნი არიან, - საკურთხი უნდა მიართვათ, რაც მათ ისევე მისდით, როგორც ცოცხალს. ადრეც ბევრჯერ გირჩიეთ და კიდევ შეგახსენებთ, ყოველ დილით მიდით დედასა და მამასთან, ემთხვიეთ ხელზე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. და გახსოვდეთ, რომ მშობლების დალოცვა არის ღვთის კურთხევა. ეს დარიგება არ დაგავიწყდეთ; ახლა რომ დაბრუნდებით სახლში, მიდით დედ-მამასთან, ემთხვიეთ ხელზე, რომ მიიღოთ მადლი ღვთის კურთხევისა და მიიღეთ მათგან დალოცვა. ასე გააკეთეთ ყოველდღე და თქვენ ბედნიერი იქნებით.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ! ღმერთმა მოგცეთ წარმატება, რომ მოეწყოთ უმაღლეს სასწავლებელში და კარგი მეცნიერები გამოხვიდეთ.
დღეს ჩვენ ასევე ვლოცავთ ორ გვარს: ოჯიკაშვილებს და ფულარიებს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და გაგამრავლოთ; ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული!
დღეს ასევე ვლოცავთ ანსამბლ „ერისიონს“ და ბავშვთა ანსამბლ „ელეონს“, რომელიც უცხოეთში საგასტროლოდ მიემგზავრება.
ასევე ვლოცავთ მთელ საქართველოს, ყოველ ქართველს, მკვიდრს საქართველოსი და უცხოეთში მყოფ ქართველებს!
მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს მივიღეთ განჩინება, დეკანოზი მირიან სამხარაძე, რომელიც არის აჭარიდან, დაჯილდოვდეს მეორე ჯვრის ტარების უფლებით. მინდა აღვნიშნო, რომ ეს მოძღვარი ძალიან ბევრს შრომობს და მასთან ერთად მისი მეუღლეც. ღმერთმა დაგლოცოთ და დალოცვილი იყოს თქვენი ოჯახი!
დღეს უსრულდება ოცი წლისთავი რუსთავის წმინდა ვახტანგ გორგასალის სახელობის ტაძარს. რუსთავში საერთოდ ჯერ ტაძარი არ იყო და აი, პირველი ტაძარი აშენდა ვახტანგ გორგასალის სახელობის, იმიტომ რომ V საუკუნეში12 ეპარქიიდან ერთ-ერთი უკვე იყო რუსთავის ეპარქია. დალოცვილი იყოს, ამინ! დღეს საღამოს 6 საათზე ჩვენ მივდივართ იქ და შესრულდება საზეიმო პარაკლისი.
დაგლოცოთ უფალმა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №24, 2010 წ.