„დღეს სულიერად იზრდება და მტკიცდება ეს ეპარქია და
ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
ჩვენ დღეს ვდღესასწაულობთ ამ წმინდა ტაძრის ოცი წლისთავს. მახსენდება ის დრო, როცა არც ერთი ტაძარი არ იყო რუსთავში. მაშინ ვფიქრობდით, რომ ეს ქალაქი თითქოს დარაჯის გარეშე, ღვთის მფარველობის გარეშე დარჩა. პირველი ტაძარი, რომელიც აქ დავაფუძნეთ, კერძო სახლში გაიხსნა; შემდეგ იმ ოჯახიდან ორი ადამიანი სასულიერო პირი გახდა.
ეს იყო სასწაულის დარი მოვლენა, ეს იყო უდიდესი ზეიმი და მთელი ხალხი მიდიოდა იმ სახლში, სადაც ორი ოთახი იყო გამოყოფილი სამლოცველოსთვის და იქ სრულდებოდა წირვა-ლოცვა. მაგრამ დადგა დრო, როცა უფალმა ინება ამ დიდებული საკათედრო ტაძრის აშენება. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის! ახლა რუსთავის ეპარქია არის ერთ-ერთი ეპარქიებს შორის, რომელიც ტაძრების სიმრავლით გამოირჩევა. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ უფრო მეტად გაძლიერდეს იგი.
მინდა მადლობა ვუთხრა მიტროპოლიტ ათანასეს, რომელიც წლების მანძილზე მოღვაწეობდა ამ ეპარქიაში; დღეს იგი ავადმყოფობს. მინდა დავლოცო და მადლობა ვუთხრა მეუფე იოანეს, რომელიც ამჟამად სათავეში უდგას რუსთავისა და მარნეულის ეპარქიას და რომელმაც აქ მორწმუნე ერი შემოიკრიბა ეკლესიის გარშემო.
ერთი მწერალი და პოეტი ამბობს: „ყოველ შემთხვევას აქვს მეორე სახელი - ბედი“. კარგი ბედი ჰქონია რუსთავს. დღეს სულიერად იზრდება და მტკიცდება ეს ეპარქია და ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის! „კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას.“
მე დიდად ვაფასებ მეუფე იოანეს მოღვაწეობას. ის წლების მანძილზე იყო პროტოპრესვიტერი - პირველი მოძღვარი საქართველოსი, ის იყო და არის საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე. ამიტომ ვითვალისწინებთ მის დიდ დამსახურებას ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე და დღეს მას ენიჭება მთავარეპისკოპოსის წოდება. აქსიოს! „აქსიოს“, როგორც იცით, ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს - „ღირსია“, „ღირს არს“!
ღმერთმა დალოცოს მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარეპისკოპოსი იოანე. და ღმერთმა შეაძლებინოს უფრო მეტი სიკეთის გაკეთება ამ ეპარქიასა და სრულიად საქართველოში!
ახლა კი შევთხოვთ უფალს, რომ დალოცოს საქართველო, აკურთხოს და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა!
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №24, 2010 წ.