„ომი აფხაზეთში სინამდვილეში იყო არა ქართველთა და
აფხაზთა შორის,
არამედ ქართველთა და აფხაზთა ძმობის წინააღმდეგ!“
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!
დღეს არის განსაკუთრებული დღე და ამ დღესთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო შემდეგი განცხადება:
ომი აფხაზეთში სინამდვილეში იყო არა ქართველთა და აფხაზთა შორის, არამედ ქართველთა და აფხაზთა ძმობის წინააღმდეგ. და ამიტომ იგი არის როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა დამარცხება. ზოგიერთს სურს ჩვენი გათიშვა, რათა იბატონოს ჩვენზე. შევიცნოთ ეს ფაქტი და გავაანალიზოთ, თუ რას მოუტანს იგი აფხაზეთს. ქართველებმა და აფხაზებმა უნდა შევუნდოთ, უნდა მივიდეთ, მივუსამძიმროთ ერთმანეთს, - ამაშია ჩვენი გადარჩენა! ღამე წავა და მზე კვლავ ამობრწყინდება! გვწამს, რომ ჩვენი მწუხარება სიხარულით შეიცვლება. იყოს ნება ღვთისა, ამინ!
დღეს ჩვენ მოვიხსენებთ როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს პანაშვიდზე, რომელსაც ახლა შევასრულებთ.
ყველას გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს. ჯვრის ძალა გეწეოდეთ და გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! ჯვრის ძალამ გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისაგან, ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №31, 2010 წ.