„ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „მშვიდობა უნდა ყველას,
მაგრამ მშვიდობის დამყარება ყველას თავისებურად აქვს წარმოდგენილი“
თქვენო უწმინდესობავ,
ბატონებო და ქალბატონებო,
პირველ რიგში, გულითადად მივესალმები აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილხამ ალიევს, ქალბატონ მეხრიბან-ხანუმს და აზერბაიჯანის ხელისუფალთ, ასევე ჩემს ძმას, შეიხულ ისლამ ალახ-შუქურ ფაშა ზადეს და ყველა აქ დამსწრეს.
ვწუხვარ, რომ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ვესწრები რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტს, რომელიც ბაქოში ტარდება და რომელიც მეტად აქტუალურ თემებს განიხილავს; მიუხედავად ამისა, მსურს, ჩემი პოზიცია მოკლე მიმართვით გამოვხატო.
ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესი გლობალური ცვლილებებისა, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და ამ შეკრების მიზეზი და მიზანიც სწორედ არსებული სიტუაციის გაანალიზებაა.
მოგეხსენებათ, კაცობრიობამ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა წინ მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ასეთივე დიდი ნაბიჯი გადაიდგა უკან, სულიერ სფეროში. ამის შედეგია თუნდაც ის, რომ რაც ზნეობრივი თვალსაზრისით ყოველთვის მიუღებელი იყო ფართო საზოგადოებისათვის, ახლა ჩვენი ყოფის ნორმად სურთ წარმოაჩინონ და ეს ადამიანის „ბუნებრივი“ მოთხოვნილებებით ახსნან.
ღმერთმა თავისი მცნებებით მოგვცა ზუსტი განსაზღვრება ადამიანის დანიშნულებისაც და იმისაც, თუ რა არის მისთვის კარგი და რა - უარსაყოფი.
სერიოზული განსხვავების მიუხედავად, თითქმის ყველა რელიგია ერთმანეთის მსგავს ზნეობრივ ნორმებს აღიარებს და ქადაგებს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: ვის სჭირდება და რატომ უბიძგებენ საზოგადოებას ამ საკითხისადმი სეკულარული მიდგომისკენ, რაც ცოდვის ლეგალიზებას ნიშნავს?
გლობალიზაციის პროცესის თანამდევად იქცა შეტევა ეროვნულ ფასეულობებზეც და მათ ნაცვლად კოსმოპოლიტური ღირებულებების შემოთავაზება, რაც ასევე არასწორია.
პიროვნება - ოჯახი - სამშობლო - მსოფლიო.
სიყვარულის ასეთი საფეხურებრივი განვითარებებისთვისაა ადამიანი მოწოდებული. თუ ამ ჯაჭვში რომელიმე რგოლი იქნა ამოღებული, ყალბი ურთიერთობების დამკვიდრებას შევუწყობთ ხელს, რაც თავის უარყოფით შედეგს მალევე გამოიღებს.
ესა თუ ის ხალხი საუკუნეების მანძილზე სისხლს ღვრიდა თავისი სამშობლოსათვის და ქმნიდა თავის ტრადიციებს. ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ.
მსოფლიო მშვენიერია თავისი მრავალფეროვნებით. ეს მისი ღვთივდადგენილი მდგომარეობაა და ამიტომ კაცობრიობამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული იდენტურობა.
მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია კულტურათა შორის ურთიერთობა და ცივილიზაციათა დიალოგი.
ერებმა და ცალკეულმა პიროვნებებმაც უნდა შეისწავლონ და დააფასონ ამა თუ იმ ხალხის მონაპოვარი და, ამასთან, შეძენილი ცოდნით გაამდიდრონ თავისი კულტურა.
გლობალიზაციის პროცესი, რა თქმა უნდა, ვლინდება ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში. ლაპარაკია ახალ მსოფლიო წესრიგზე, ტრანსნაციონალური კომპანიების შექმნაზე. ამავე დროს ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებათა დაცვაზეც. სამწუხაროდ, კარგი იდეები ასეთივე კარგი შედეგებით ზოგჯერ არ გვახარებენ.
ჩემს სამშობლოში მიმდინარე მოვლენები ამის გამოხატულებაა. ჩვენ დიდი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთის ადგილს წარმოვადგენთ და ამიტომაც გვაქვს სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. მსგავსი სიტუაციაა სხვა ქვეყნებშიც.
მიმაჩნია, რომ დროა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და მშვიდობიანი თანაარსებობა. ჩვენ უნდა დავძლიოთ კატეგორიული აზროვნება და ძალის პოზიციით მოქმედება.
ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „მშვიდობა უნდა ყველას, მაგრამ მშვიდობის დამყარება ყველას თავისებურად აქვს წარმოდგენილი“.
თუ მართლაც გვსურს სახელმწიფოებს, თუნდაც რეგიონებს შორის მშვიდობამ დაისადგუროს, ისტორიულ სამართლიანობაზე დამყარებული მშვიდობა უნდა მოვიპოვოთ. ეს აქსიომაა.
აქედან გამომდინარე, საქართველო ვერასოდეს შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოყოფას, რაც იქნება საზიანო როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისა და ოსებისთვის და, ამავე დროს, ძალიან ცუდი მაგალითის მიმცემი მთელი კაცობრიობისათვის.
ასე რომ, გლობალიზაციის პროცესი, მართალია გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ იქ, სადაც ეს აუცილებელია და ვფიქრობ, მსოფლიო საზოგადოება არ იქნება გულგრილი ამ მცდელობების მიმართ.
ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს მომავალი თაობის სწორად აღზრდა. ამიტომაც უნდა ვეცადოთ საუბრები ზნეობრივ ღირებულებებზე, ერთვნულ ფასეულობებზე, სიცოცხლის აზრზე, სიკეთესა და ბოროტებაზე უფრო აქტუალური გავხადოთ.
და საერთოდაც, ყველასათვის აუცილებელია გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე: ვართ ან ღმერთთან, ან ბოროტის სამსახურში.
მართალია, ადამიანი სუსტია, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა, ღვთის ძალა მოიხმაროს სიკეთის მსახურებისათვის და გახდეს უძლეველი.
უფალმა თითოეულ ჩვენგანს მისცა შესაძლებლობა დედამიწაზე თანაშემოქმედებითი საქმიანობისა, რათა მან იგი შემოქმედთან კავშირში უფრო ლამაზი და მშვენიერი გახადოს. ესაა ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების მთავარი არსი, ხოლო როდესაც ადამიანის ნამოქმედარი კი არ სრულყოფს ღვთის ქმნილებას და არ იცავს მის მიერ დადგენილ წესრიგს, არამედ სახეს უცვლის, არღვევს ან ანგრევს მას, ბუნებრივია, ვცოდავთ და სასჯელსაც დავიმსახურებთ.
არჩევანი ჩვენზეა.
ერთი რამ კი ცხადია - რწმენის გარეშე საზოგადოებას მომავალი არ აქვს.
ინებოს ღმერთმა, რომ კაცობრიობამ განვითარების ამ მეტად რთულ პერიოდში სწორი ნაბიჯები გადადგას.
ბოლოს ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ღვთისსათნო საქმიანობაში.
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №15, 2010 წ.