ძლევაშემოსილსა საკვირველთმოქმედსა,
ბოროტის დამთრგუნველსა, დიდსა მოწამესა, წმიდასა ნათელ

გიორგის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის

    II

მოკრძალებული თხოვნა

ტყვეთა განმათავისუფლებელო, ტანჯულთა შემწეო, უძლურთა მკურნალო და მწუხარეთა ნუგეშინისმცემელო, ქართველთა დიდო იმედო, ძლევაშემოსილო წმიდაო გიორგი, მე მსასოებელი შენი, ილია II, წყალობითა და განგებითა ღმრთისათა კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, გევედრები, აწ და მარადის იყავ წინამძღვარ ქართველთა ერისა და მფარველ ეკლესიისა ჩვენისა.

შენ ბრძანდები ოდითგანვე ერისმთავარი ჩვენი; ნუ დაივიწყებ ერსა შეცოდებულსა; მეოხ გვეყავ, რათა უფალმან შეგვინდოს და განკურნოს უძლურებანი სულთა ჩვენთანი; გვიხსნას ურწმუნოებისა, ამპარტავნებისა და შურისაგან, ღვარძლისა, მტრობისა და ცილისწამებისაგან, ვერცხლისმოყვარეობისა, ურთიერთშუღლისა და წყევისაგან, სიძვისა, პატივმოყვარეობისა და სხვათა ქონების მითვისებისაგან, მკვლელობისა, შურისძიებისა, არაწმიდა გრძნობებისა და ფიქრებისაგან და მოგვიტეოს უმეცრებანი ჩვენნი: ეკლესია-მონასტერთა ნგრევა, კერპთაყვანისმცემლობა, ცრუმორწმუნეობა...

შესთხოვე უფალსა, რათა მოგვმადლოს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; მოგვანიჭოს გრძნობები წმიდა და სული წრფელი; გაგვიხსნას გულისყური შეწევნად ქვრივთა, ობოლთა, მწირთა და ყოველთა გაჭირვებულთად, განამრავლოს ურთიერთშორის სათნოებანი და საქმენი კეთილნი;

დიდმოწამე გიორგი, განგვინათლე გონება, რომ ვცნათ უფალი, ვითარცა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე, აღგვავსე ღვთაებრივითა სიბრძნითა, რათა ყოვლითა არსებითა შევიყვაროთ შემოქმედი, მოყვასი, მამული და ენა ჩვენი; ჰყავ გულნი ჩვენნი ლმობიერ და ურთიერთ ცოდვათა მიმტევებელ; მოგვიძიე და შეგვკრიბე ქრისტეს წმიდა ეკლესიაში;

სასოებით შეგვედრებ ხალხსა ჩემსა, ქრისტეს გვირგვინოსანო მხედარო გიორგი; წმიდითა მახვილითა შენითა მარად დაგვიცევ და დაგვიფარე ბოროტთაგან და ყოველთა ძვირთა საქმეთა მათთაგან; ხოლო ჟამსა განკითხვისასა შუამდგომელ გვეყავნ წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, რათა ღირს ვიქმნეთ მოპოვებად საუკუნოისა ცხოვრებისა.

მხურვალითა გულითა შეგთხოვ, შეეწიე საუკუნითგან გარდაცვალებულთა მამათა, დედათა და ყოველთა წინაპართა ჩვენთა და დასჯილნი სულნი სატანჯველთაგან იხსენ.

მუხლმოდრეკილი გევედრები, წმიდაო გიორგი, ნუ უგულებელსყოფ ვედრებასა ჩემსა, აკურთხე ერი ქართველთა და წმიდა ეკლესია მისი; მოიღე წყალობა ჩემ ცოდვილსაცა ზედა, რამეთუ მძიმეა ჯვარი ჩემი; შემეწიე და დამიცევ მადლითა შენითა, უძლეველო.

ჩვენთან არს ღმერთი!

შენი სულიერი შვილი,

ძალისაებრ ჩემისა აღმასრულებელი ნებისა შენისა
მდაბალი ილია II

წმიდა გიორგობა
23.X.85 წ.