ეს ლოცვა უწმინდესმა და უნეტარესმა დაწერა
სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში,
ხოლო წარმოთქვა სინას მთის წვერზე, სადაც უფალმა მოსე წინასწარმეტყველს ათი მცნება
უბოძა
მამაო ჩვენო, - დიდება შენდა!
ძეო ღმრთისაო, - დიდება შენდა!
სულო წმიდაო, - დიდება შენდა!
ყოვლადწმიდა სამებაო, ერთარსებაო, შემოქმედო და განმგებელო ორსავ სამყაროსაო, - დიდება შენდა!
ვითარ ვთქვა ქება მე უღირსმან და გლახაკმან შემკობად შენდა; გონება ჩემი და გული ჩემი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად დიდებისა შენისა. გარნა გვედრი, მიითუალე იგი, ვითარცა უმეცარი სიტყუა ყრმისა მშობლისა მიმართ. ბაგითა ჩემითა მით ცოდვილითა, ღმერთო ჩემო, შენ შეგღაღადებს ერი ჩემი, შენს მიერ შეყვარებული.
უფალო ჩემო, შენ გიგალობენ სერაფიმნი და ქერუბიმნი, მთამარანგელოზნი და ანგელოზნი, ურიცხვნი ძალნი ზეციურნი. მე რა ვთქვა, როგორ შეგასხა ქება? ან რა საქმენი გიჩვენო; ოდეს ღვაწლითა თვისითა განბრწყინდნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმთავარნი, ღირსნი მამანი და ყოველნი სხვანი წმიდანნი შენნი?
ვითარ სახელ გსდვა? არა უწყი. დამიდუმდა ენა ჩემი წინაშე დიდებისა შენისა. ვიცი ოდენ, რომ ჩვენთანა ხარ და არა განგვეშორები, რომ ხარ დაუსაბამო და უსასრულო სიყვარული, რომ თბილა შენთან და გარეშე შენსა არა არს ცხოვრება ჩვენი.
წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანაი დიდებითა შენითა! დიდებაი შენი, ვითარცა სიყვარული შენი, დაუტეველი შენში, ეფინება ყოველსა ქმნულსა შენსა. და ჩვენც მდაბალნი ზიარებულნი მადლსა შენსა დიდებისასა ვმაღლდებით უფალო, ვიწმიდებით, მამაო ჩვენო.
მსგავსად წმიდისა მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირისა, მე, ცოდვილი მონა შენი, ილია II, ყოველთა ქართველთა სახელით ვხმობ: „დიდება და მადლობა შენდა ყოვლისათვის“, გადიდებ შენ, რომელი ყოველგან ხარ, რომელი ხარ ჩვენთან და რომლისა წიაღშიც ვართ ჩვენ, გადიდებ შენ, რომელმან სავანედ თვისსა აღირჩიე გული ჩვენი და მუნითგან გვსწავლი და გვწვრთნი, ვითარცა ასწავებდი მოსეს და ელიას ქორების წმიდასა მთასა ზედა.
გადიდებ შენ და გმადლობ შენ, მოწყალეო, რამეთუ გვქმენ მსგავსად შენდა, რამეთუ მოგვანიჭე ენა ქართული და რწმენა ჭეშმარიტი, სიყვარული ღმრთისა და სიყვარული მოყვასისა, მოგვფინენ ნათელი გონებისა და ჭეშმარიტებაი მეცნიერებისა!
გარნა რაი არს ჭეშმარიტი? ადამის მოდგმა დასაბამიდან ეძიებდა მას. ერნი მრავალნი, ჩვენზე ძლიერნი, მოსწყდნენ და აღიხოცნენ პირისაგან მიწისა მის ძიებაში. ჩვენზე მოიღე მოწყალება სახიერო და გამოგვიცხადე თავი შენი, და ოდეს კაცობრიობას მოუვლინე ძე შენი საყვარელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, შენი კურთხევით, შენი წყალობით ერმა ჩემმა ისმინა მისი, შეისისხლხორცა მცნებანი მისნი შენგნით ბოძებულნი, სიყვარულით იტვირთა უღელი მისი ტკბლი და ტვირთი მისი სუბუქი. ამისთვის გმადლობთ შენ, რამეთუ მოძღვრავდი და მოძღვრავ ხალხსა ჩემსა, ატარებ რა მას გზითა მით შენითა იწროითა, ვითარცა ატარებდი ერსა ისრაელისასა უდაბნოთა შინა.
გმადლობ მამაო უფალო, რამეთუ გვრწამს და აღვიარებთ, სულსა წმიდასა შენგნით გამომავალსა, სულსა, რომელი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს მადლითა შენითა; რომელი არს უძლურთა მკურნალი, დაცემულთა საყრდენი, ნაკლულევანთა სრულმყოფელი. გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, აღმავსებელო ჩვენო ძალითა შენითაო.
და კვლავ გმადლობ შენ, ღმერთო ჩემო, იმ მრავალთა წყალობისათვის, რომელი გარდმოავლინე, თავსა ზედა ჩემსა, რომე დამადგინე მოძღვრად ერისა შენისა ივერიისა. ხოლო დღეს მონა შენი ცოდვილი ღირს მყავ ხილვად წმიდისა მთისა ამისა და თაყვანისცემად დიდისა სიწმიდისა მისისა.
„ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“, - ბრძანებს მაცხოვარი და იტყვის ესე: „რასაცა ითხოვდით მამისაგან სახელითა ჩემითა, გეყოს თქვენ“. მამაო სახიერო, გევედრები სახელითა ძისა შენისათა, ნუ განეშორები ერსა ჩვენსა, შეცოდებათა გამო ჩვენთა; მოგვიძიენ ვითარცა მამაი მოიძიებს ძესა თვისსა წარწყმედულსა; შეგვინდევ ურწმუნოებაი, გულფიცხობაი, ამპარტავნებაი, შური და ვერცხლისმოყვარებაი, გეაჯებით, აღხოცენ ცოდვანი ჩვენნი და განკურნენ სულნი ჩვენნი ვნებულნი. მოგვმადლე, სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, ძალი წყლისა და ძლიერებაი ცეცხლისა, აღგვავსე მადლითა ყოვლადწმიდისა სამებისა, სარწმუნოებასა და სიყვარულსა შინა შენსა, სულიერად განამტკიცე მთავრობა ჩვენი, გვაკურთხე მშვიდობითა, უფალო, მოგვფინე სული სიწმიდისაი, თავმდაბლობისაი და მოთმინებისაი.
განამრავლენ შვილნი და შვილთა შვილნი ჩვენნი, გული წმიდაი დაბადე მათ შორის, სული წრფელი განუახლე გვამსა მათ შინა.
აკურთხე გვირგვინი ქორწინებულთა და სიყვარულითა განამტკიცე კავშირი მათი, ცოდვანი სიჭაბუკისა და უმეცრებისანი შეუნდევ და ნათელ ჰყავ მომავალი მათი.
სრულასაკოვანთა მიჰმადლე გული ბრძენი და მოწყალე, გონება საღი, რათა გიცნან შენ და აღასრულონ ნებაი შენი.
მხცოვანთა წელნი აკურთხენ სიმშვიდითა. განამრავლენ მოდგმა მათი, ცხოვრება მათი სათნო ჰყავ, რათა უშფოთველად შეერთონ საუკუნეთა.
გევედრები უფალო, განუნათლე გონება მეცნიერთა, მწერალთა და ხელოვანთა ჩვენთა. დალოცე საქმე მათი, რათა იქმნას ნაღვაწი მათი საკეთილოდ ქვეყნისა, რათა შრომითა თვისითა გემსახურონ შენ, ემსახურონ ერსა შენსა ივერიისასა.
დალოცე ჩვენი მშრომელი ხალხი, ყოველი მაშვრალი და ტვირთმძიმე. ჩვენთა დიდთა წინაპართა რწმენა, სიყვარული და სიწმინდე მიანიჭე მათ.
ღმერთო, განამტკიცე და განაძლიერე ჩვენი წმიდა სამოციქულო ეკლესია და მღვდელმსახურნი მისნი, ყვენ იგინი ნათელ ერისა, აღადგინე ტაძარი და მონასტერნი ჩვენნი და შეგვკრიბე საფარველსა ქუეშე შენსა.
გარნა რა გთხოვო, უფალო, მათთვის, რომელნი უარგყოფენ შენ, რომელნი ვლენან გზასა ცთომილთასა? გეაჯები, შეიწყალენ იგინი, მოაქციე და მრევლსა შენსა შეუერთე: „რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემს“.
მერმეცა გევედრები ღმერთო, რათა მოიხსენო სასუფეველსა შენსა სულნი ქართველთა მოღვაწეთა სინას მთისათა, გევედრები, რათა მოიხსენო მეფენი და დედოფალნი ჩვენნი, მამამთავარნი, კათოლიკოს-პატრიარქნი, სამღვდელო და სამონაზვნო წესით აღსრულებულმი, პატიოსანი შრომით დაღლილნი, აღმშენებელნი ტაძართა და მონასტერთა, ბრძოლის ველზე მოწყევტილნი და ყოველნი შვილნი შენნი ქართველნი. დალოცე სავანენი ზეციურისა საქართველოისა, შეუნდე შეცოდებულთა და იხსენ ტანჯვისაგან, მოჰფინე მათ ნათელი შენი და სიყვარული შენი.
მუხლმოდრეკილი აღვავლენ ლოცვებს, უფალო, მშვიდობისათვის სოფლისა, რათა სუფევდეს ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება: მამაო წმიდაო, გეაჯები, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი და დაგვიფარე ჩვენ!
დასაბამო და მიზეზო ყოვლისაო, არსთაგამრიგეო, სავსე დიდითა წყალობითა შენითა კვალად ვხმობ: „დიდება შენდა, უფალო, დიდება მენდა! დიდება შენდა შემოქმედო ჩვენო, მწყალობელო ჩვენო, დიდება შენდა! დიდება შენდა, ღმერთო ერისა ჩვენისაო, რომელმან დაწერე სახელნი ჩვენნი წიგნსა მას ცხოვრებისა კრავისასა!
„მე ვარ ანი და ჰოე, იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და, რომელი იყო და, რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი“ (გამოცხადება 1,8) მოვედ ჩვენთანა უფალო, და გვაცხოვნენ ჩვენ ღმერთო ჩვენო, ამინ!