თქვენო აღმატებულებავ,
ახლოვდება 24 სექტემბერი. იგი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვენი ერის ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, ამ დღეს კრწანისის ბრძოლის ველზე სამშობლოს დასაცავად 3000-მდე ქართველი დაეცა, რომელთა შორის 300 არაგველი იყო. ქართველმა მამულიშვილებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ეს დღე უდიდეს ეროვნულ დღესასწაულად გადააქციეს.
რაოდენ სამწუხაროა, რომ ამ წმინდა ადგილზე ახლა წამოწყებულია მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქაურობა გართობისა და დროსტარების ცენტრად უნდა იქცეს.
ამას ჩვენი მოსახლეობა ვერ შეგუება. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი სწორედ თქვენ გადადგით, როდესაც ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნული მშენებლობა შეაჩერეთ, შემდეგ კი როგორც პრეზიდენტმა პირველი სამხედრო აღლუმი სწორედ აქ ჩაატარეთ.
დღეს, როგორც არასდროს ჩვენს მომავალ თაობას გმირული სულისკვეთებით აღზრდისთვის მაგალითები სჭირდება, სჭირდება დადასტურება იმისა, რომ პატივს მივაგებთ სამშობლოს ერთგულთ, ვაფასებთ ღირსებას ერისას.
ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს ტერიტორია უნდა გამოცხადდეს ისტორიულ და წმიდა ადგილად, ხოლო 24 სექტემბერი დადგინდეს 300 არაგველის და კრწანისის ომში გმირულად დაღუპულ სხვა მეომართა ხსენების დღედ. ამასთან, ვფიქრობთ, კარგი იქნება, თუ ამ ტერიტორიაზე განთავსდება ქართველი ხალხის გმირული ისტორიის ამსახველი მუზეუმი, ბაღში არსებულ სკოლას მიენიჭება 300 არაგველის სახელი და აქ პრიორიტეტად იქცევა სამხედრო-პატრიოტული აღზრდა. ამასთან, სასურველია, ბაღში დაიდგას რამდენიმე ქვა-ჯვარი და სტელა, განთავსდეს მუდმივმოქმედი კანდლებიც, რომელიც ყველას შეახსენებს სამშობლოსათვის ერთგულებისა და თავგანწირვის ამ ღირსსახსოვარ ფაქტს.
გთხოვთ თქვენო აღმატებულებავ, ხელი შუწყოთ, რომ ეს ადგილი საბრძოლო დიდებისა და სულიერების ცენტრად იქცეს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.
ღრმა პატივისცემით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II