მსოფლიოს დიდსა მოძღვარსა, სასწაულთმოქმედსა და
მსწრაფლ შემწესა, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსსა, წმიდასა

ნიკოლოზს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის

ი ლ ი ა  II

მოკრძალებული თხოვნა

წმიდათა შორის საკვირველო, დიდო სასწაულთმოქმედო, მოწყალეო ჩვენო მამაო ნიკოლოზ, მე, მდაბალი მორჩილი შენი ილია II, განგებითა და ნებითა ღვთისაჲთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ჩემი ერისა და ეკლესიის სახელით შეგივრდები და გევედრები:

უწინამძღვრე და მარადჟამს იყავ მფარველი საქართველოს წმიდა ეკლესიისა და ქართველი ხალხისა, რათა ერსა ჩვენსა აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს; მოგვმადლე სარწმუნოება ჭეშმარიტი და სიყვარული შეუორგულებელი, დაგვიცევ ხილულ და უხილავ მტერთაგან, უწმიდურ ზრახვათა და უკეთურ საქმეთაგან, გვიხსენ ღვთის გმობისა და უარყოფისაგან, ამპარტავნებისა, შურისა და დიდებისმოყვარეობისაგან; ურთიერთმტრობისა, განკითხვისა, ცილისწამებისა და ვერცხლისმოყვარეობისაგან; სიცრუისა, სიძულვილისა, ანგარებისა და ცუდმეტყველებისაგან.

მოგვანიჭე განცდა ცოდვათა ჩვენთა, სიმდაბლე და მოთმინება, გული სახიერი და წრფელი, რათა ვიხილოთ უფალი და დაემკვიდროს იგი ჩვენ თანა. მოიღე წყალობა მწყალობელო: სოფელს მშვიდობა მოჰფინე და კაცთა შორის სათნოება დანერგე; განაახლე და მოქმედჰყავ ეკლესია-მონასტრები ჩვენი სადიდებელად ღვთისა; განანათლენ, დაიფარე და დაიცევ ყოვლადსამღვდელონი, ბერ-მონაზონნი და მღვდელმთავარნი... ქართველნი განგვამრავლენ, მოგვიტევენ უშჯულოებანი ჩვენნი და ღვთის კალთის ქვეშ შეგვკრიბე, რათა ერთი სამწყსო ვიყოთ და მწყემსი მხოლოდ უფალი იყოს.

წმიდაო მღვდელმთავარო და მსწრაფლშემწეო ნიკოლოზ, მხურვალითა გულითა შეგავედრებ წარსულთა ჩვენთა წინაპართა, მეფეთა, დედოფალთა, კათოლიკოს-პატრიარქთა, მღვდელმთავართა, ბერ-მონაზონთა და ყოველთა სამღვდელო და სამონოზნო წესით აღსრულებულთა, ერისმთავართა, მწერალთა, მეცნიერთა, აღმშენებელთა ეკლესია-მონასტერთა, მათ შინა მშრომელთა, მხედართა და მხედართმთავართა, ბრძოლის ველზე მომწყდართა, რწმენისა და მამულისათვის თავდადებულთა და საუკუნითგან გარდაცვალებულთა ქართველთა; მოიხილენ იგინი და ეყავ მეოხად წინაშე წმიდისა სამებისა, რათა წყალობითა ღმრთისაჲთა დაიმკვიდრონ სავანე მართალთა. ხოლო ჩვენ ყოველთათვის შესთხოვე შემოქმედსა, ქრისტიანული მშვიდობითი აღსასრული მოგვანიჭოს და ჟამსა განკითხვისასა გვიხსნას საუკუნო სიკვდილისაგან.

მსასოებელთა შენთა შემწეო, მომმადლე მე უღირსსაცა ძალა, რათა ყოვლითა გულითა და გონებითა ჩემითა ვემსახურო უფალს, ეკლესიასა და ერსა ჩემსა.

მუხლმოდრეკით გამოვითხოვ შენს წმიდა ლოცვა-კურთხევას.

ჩვენთან არს ღმერთი.

მორჩილი და მარად მადიდებელი შენი,
მდაბალი ილია II

წმიდა ნიკოლოზობა
9.V.85 წ.