დღევანდელი ჩემი საუბარი ქადაგება არ იქნება, მე მინდა უბრალოდ ვისაუბროთ და ისეთ საკითხს შევეხოთ, რომელიც ყოველი ჩვენგანისათვის საინტერესოა, კერძოდ, ადამიანი და კულტურა. რა არის კულტურა, რა კავშირი აქვს ჩვენთან, რომელია მისი სახეები, - აი, ის კითხვები, რომელთა პასუხებზეც მინდა ერთად ვიფიქროთ. ამ პრობლემას ხშირად სვამენ ფილოსოფოსები, მაგრამ მის სხვადასხვაგვარ განმარტებას იძლევიან, არსებობს კულტურა მატერიალური და არსებობს კულტურა სულიერი, რას გულისხმობს ერთი და რას - მეორე? მატერიალურ კულტურას ეკუთვნის ის, რასაც ადამიანის გონება, ინტელექტი ქმნის, მაგალითად ხატებს, ტაძრებსა და სხვა საინტერესო არქიტექტურულ ნაგებობებს მატერიალურ კულტურას უწოდებენ, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სულიერი კულტურა, რომელშიც რწმენა, რელიგია, ენის გამოყენება და დაცვა, ადამიანის სულიერი მდგომარეობა და მისი ზნე-ჩვეულებანი შედის.
ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსის განმარტებით, კულტურა ძალის განვითარებაა, მაგრამ არ შეიძლება ძალა კულტურა იყოს. როცა რომელიმე ადამიანს ან ერს ძალა აქვს, ეს კიდევ არ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი ან ერი კულტურულია, მოგეხსენებათ, მონღოლებმა ნახევარი მსოფლიო დაიპყრეს, მაგრამ კულტურულად ყველაზე დაბლა იდგნენ. ამიტომაც ვერ შეინარჩუნეს ის, რაც დაიპყრეს.
როცა ადამიანის კულტურაზე ვლაპარაკობთ, ძირითადად ამ დროს მისი შინაგანი სამყაროს მდგომარეობა უნდა ვიგულისხმოთ. არ კმარა, რომ ადამიანი განსწავლული იყოს, შეიძლება იგი სულაც უსწავლელი იყოს, მაგრამ კულტურულად განსწავლულზე მაღლა იდგეს, ამ შინაგან კულტურას მას მისი სიწმინდე, და ზნეობრივი სისპეტაკე ანიჭებს. მოიგონეთ თქვენი მშობლები, ბებია-ბაბუები, წინაპრები, შეადარეთ თქვენ თავს და მიხვდებით, რამდენად მაღლა იდგნენ ისინი ჩვენთან შედარებით. ცოდნის მიღება, ყელსახვევის გაკეთება და ფაქიზად ჩაცმა-დახურვა კულტურაზე ნაკლებად მეტყველებს, არც ისაა კულტურის მაჩვენებელი, როცა ადამიანი უცხოებთან ურთიერთობისას, ან სტუმრად ყოფნისას ზრდილობიანად იქცევა. ჭეშმარიტად კულტურული ადამიანი ყველგან კულტურულია და უპირველეს ყოვლისა, თავის სულსა და პიროვნებაში.
დღეს თითქმის ყველა ცოდნის მიღებას ცდილობს, მაგრამ თუ ადამიანი ამავე დროს სულიერადაც არ აღიზარდა, შეძენილი ცოდნის წყალობით, საზოგადოებისათვის უფრო მავნებელი აღმოჩნდება ვიდრე უსწავლელი კაცი. როცა ბოროტი ცოდნას იძენს, ბოროტების სამსახურს უკეთ ახერხებს და უბოროტესი ხდება.
მთავარია ადამიანი სულიერად იყოს აღზრდილი, დანარჩენი - ცოდნა, ზრდილობა, ქცევის ნორმები, მას თავისთავად მიეცემა, ყოველივე ეს ისეთივე გარეგნული შესამოსელია სულისა, როგორც მატერიალური სამოსელი სხეულისა. ისინი ისევე ვერ შეცვლიან სულს, როგორც ტანსაცმელი - სხეულს.
ყოველი ადამიანი კულტურის არა მხოლოდ მომხმარებელი, არამედ შემქმნელიც უნდა იყოს. ალბათ შემეკითხებით: ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც არც პოეტია, არც მხატვარია და არც მუსიკოსი, როგორ შექმნის კულტურას, მაგრამ რა შექმნა წმიდა ნინომ, მას არც არაფერი დაუწერია და არც არაფერი დაუხატავს, მაგრამ მთელ ქართველ ერს სახე უცვალა, სულითა და ხორცით შეცვალა იგი. რა შექმნა შიო მღვიმელმა იმით, რომ მღვიმეში ჩავიდა! უპირველეს ყოვლისა, თვითონ იცვალა ფერი, სულიერად ამაღლდა და მისი ლოცვით მთელი საქართველო აამაღლა. ე.ი. კულტურის ამაღლებაში უდიდესი ძალა რწმენასა და ლოცვას ჰქონია. ამიტომ, როცა ჩვენში ჭეშმარიტი რწმენა განმტკიცდება და გაძლიერდება, ჩვენი კულტურაც - მატერიალურიცა და სულიერიც ამაღლდება.
ღმერთმა ინებოს სრულიად საქართველოს სულიერი ამაღლება!
ღმერთმა დალოცოს ჩვენი ერი!
ყველას გილოცავთ ახალი წლის დადგომას. მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, ჭეშმარიტი რწმენის განმტკიცება დაგბედებოდეთ თქვენ და სრულიად საქართვვლოს, ამინ!
1982 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.