ყოველი ადამიანი, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა იგი თუ ურწმუნო, ხშირად ფიქრობს იმაზე, თუ რისთვის არის მოწოდებული და რა უნდა აკეთოს ამქვეყნად. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა ყველას სხვადასხვა აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ იგი მეცნიერებაში მოღვაწეობისათვის დაიბადა, ზოგსაც თავის მოწოდებად მწერლობა მიაჩნია, სხვა კიდევ ფიქრობს, რომ მისი მოწოდება ძალაუფლების ან სიმდიდრის მოხვეჭაში მდგომარეობს.
სინამდვილეში კი ჭეშმარიტ მოწოდებას, რომელიც ყველა ადამიანისათვის საერთოა, ღვთისგან ბოძებული უკვდავი სულის გადარჩენისა და ცხონებისათვის ზრუნვა წარმოადგენს. ადამიანის სულს ნებისმიერი საქმიანობა გადაარჩენს, რომელიც კი არა მხოლოდ მისი პიროვნებისათვის, არამედ სხვებისთვისაც სიკეთის მომტანი და სასარგებლო იქნება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამავე დროს მორწმუნეცაა და სიყვარული და თავმდაბლობა ახასიათებს.
მაშასადამე, ადამიანმა რომ თავისი ნამდვილი მოწოდება აღასრულოს და ყველაზე დიდ მიზანს მიაღწიოს, იგი აუცილებლად მორწმუნე უნდა იყოს. ზოგი ფიქრობს, რომ რადგან ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედი ძალისა ზოგადად სწამს, ეს სრულიად საკმარისია. ამ ძალას სხვადასხვა რელიგია და მათი აღმსარებლები სხვადასხვა სახელს უწოდებენ და მისკენ მიმავალი გზაც სხვადასხვაგვარად აქვთ წარმოდგენილი.
მოგეხსენებათ, არსებობს აღმოსავლური რელიგიები: ბუდიზმი თავისი განშტოებებით, იუდაიზმი, ისლამი, არსებობს აგრეთვე ქრისტიანული მიმდინარეობანიც და არსებობს მართლმადიდებლური სარწმუნოება. ცხადია, ადამიანს უჩნდება კითხვა: მაინც სად არის ჭეშმარიტება და როგორ უნდა მიაგნოს მას.
ჭეშმარიტება თავად ღმერთია. იესო ქრისტე კარგად იცნობდა ადამიანის მაძიებელ ბუნებას, ჭეშმარიტების პოვნის წყურვილს და ამიტომაც პირდაპირ განგვიცხადა: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.
ვინც ქრისტეს გზას დაადგება, არა მხოლოდ აუცილებლად გაიგებს სად არის ჭეშმარიტება, არამედ მიუახლოვდება კიდევაც მას, ხოლო ჭეშმარიტებასთან სიახლოვე საუკუნო ცხოვრებას მიანიჭებს. ასე რომ, ვისაც თავისი ნამდვილი მოწოდების აღსრულება - სულის გადარჩენა სურს, თავდაპირველად ჭეშმარიტების გზაზე უნდა დადგეს და მერე ამ გზით ჭეშმარიტებასთან უნდა მივიდეს, რაც უკვე მიზნის მიღწევას - მარადიული ცხოვრების მოპოვებას ნიშნავს.
ასეთია ჭეშმარიტი რელიგიის მოძღვრება სულის გადარჩენის ანუ ცხონების შესახებ. რაც შეეხება სხვა რელიგიებს, მართალია, მათში ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა შეიმჩნევა, მაგრამ ეს სწრაფვა უშედეგოდ რჩება, რადგან მასთან მისასვლელად მცდარ გზას ირჩევენ.
მაგალითისთვის ბუდიზმი ავიღოთ. თუ მას ობიექტურად გავაანალიზებთ, დავრწმუნდებით, რომ არსით იგი ათეისტურია. ბუდისტები სიტყვა „ღმერთის“ ხმარებას სამყაროს შემოქმედის გაგებით საერთოდ ერიდებიან, რადგან მის წარმოშობაზე მატერიალისტების მსგავსი შეხედულება აქვთ. მათი რელიგიურობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ზებუნებრივ არსებად გარდასახვისა სჯერათ და ფიქრობენ, რომ ეს გარდასახვა მანამდე გრძელდება, ვიდრე ადამიანი სრულიად არ განიწმინდება და ნირვანაში არ ჩაიძირება, რომელიც საუკუნო ნეტარებას ნიშნავს.
შეიძლება ვინმემ იკითხოს: თუ ჭეშმარიტი რელიგია ქრისტიანობაა, კათოლიკებიც, პროტესტანტებიც, ბაპტისტებიცა და კიდევ სხვა მრავალნიც ხომ ქრისტეს მიმდევარნი არიან, რატომ მაინცდამაინც მართლმადიდებლობა უნდა ვაღიაროთ ჭეშმარიტ სარწმუნოებადო.
მინდა შეგახსენოთ, რომ მართლმადიდებლური სარწმუნოება ის სარწმუნოებაა, რომელიც თავდაპირველ, განუყოფელ ეკლესიას ჰქონდა, როცა არც კათოლიციზმი არსებობდა და არც მისი, შედარებით გვიან წარმოშობილი, განშტოებანი: პროტესტანტიზმი, ბაპტიზმი და სხვ. ამიტომ დღეს დასავლეთის ქრისტიანები, განსაკუთრებით პროტესტანტები, ხვდებიან რა, რომ ქრისტეს ერთიანი და განუყოფელი ეკლესიის საუნჯე მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული, მასთან დაახლოებას ცდილობენ. საუნჯეზე რომ ვლაპარაკობთ, მოძღვრების სიწმინდეს ვგულისხმობთ, რომელშიც მართლმადიდებლობას არავითარი სიახლე არ შეუტანია, მაშინ, როცა კათოლიციზმმა რწმენის სიმბოლოში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც სული წმიდა არ მხოლოდ მამისაგან, არამედ ძისაგანაც, ე.ი. იესო ქრისტესაგანაც გამოდის. სწორედ ამ ცვლილების შეტანა გახდა ძირითადი მიზეზი ერთიანი ეკლესიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ანუ მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებად გაყოფისა. სამწუხაროდ, ამ სიახლეს შემდგომში სხვა მრავალიც დაემატა და კათოლიციზმი ჭეშმარიტ რწმენას დიდად დაშორდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, როცა ვამბობთ, რომ სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ.
დღეს წაკითხული სამოციქულო, სახელდობრ, პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ, ნათელ წარმოდგენას გვაძლევს ადამიანის ნამდვილ მოწოდებაზე. პირველ რიგში განვმარტოთ, რას ნიშნავს გალატეა. გალატეა იყო მთელი მხარე, რომელშიც რამდენიმე ქალაქი - ლუსტრა, დერბია, პისიდიის ანტიოქია და სხვ. შედიოდა. გადმოცემის მიხედვით, ამ მხარეს გალატეა იმიტომ დაერქვა, რომ აქ გალიიდან გადმოსახლებულნი ცხოვრობდნენ.
ამ დროისათვის ეკლესიაში იდგა საკითხი, მოეთხოვათ თუ არა წარმართებისაგან, ვიდრე ისინი იესო ქრისტეს სახელით ნათელს იღებდნენ, მოსეს სჯულისა და მისი ადათების აღსრულება. წერილში პავლე მოციქული გალატელებს განუმარტავდა, რომ ნათლობის მისაღებად ძველი სჯულის აღსრულება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა. ამ თვალსაზრისის დაცვამ მოციქულს მტრები გაუმრავლა, რომელიც აყვედრიდნენ, რომ იგი უშუალოდ იმ თორმეტთაგანი არ იყო, რომელთაც ქრისტემ მოუწოდა. მათ საპასუხოდ მოციქული ამტკიცებს, რომ იესო ქრისტემ საქადაგებლად მას გამოცხადებით მოუწოდა და წერს: ხოლო რაჟამს სათნო იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა, ე.ი. მუცლიდან გამორჩეული ვიყავი, მაგრამ სამსახურისათვის ღვთის მადლმა მაშინ მომიწოდა, როცა თვითონ ინება და ამის დროც მოვიდაო. და მართლაც, ეს დაუნდობელი მდევნელი ქრისტიანებისა სახარების მქადაგებელი გახდა. იგი გალატელებს წერს: ხოლო გაუწყებ თქვენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ. აი, რაში იპოვა პავლე მოციქულმა თავისი მოწოდება, - სახარების ქადაგებაში, რომელიც არა კაცობრივია.
მიუხედავად იმისა, რომ სახარების ქადაგება დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული, რადგან ქრისტიანებს, როგორც წარმართები, ასევე იუდეველებიც სასტიკად დევნიდნენ. პავლე მოციქულმა, რომელსაც როგორც რომის მოქალაქესა და ფრიად განათლებულ პიროვნებას, საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილის მოპოვების ყველა საშუალება ჰქონდა, მაინც ეს გზა აირჩია, რომელმაც იგი მოწამეობრივ აღსასრულამდე მიიყვანა. ამგვარი არჩევანის გაკეთებისთვის მას ძალა იმის შეგნებამ მისცა, რომ სახარების ქადაგებით არა მხოლოდ საკუთარი სულის, არამედ საერთოდ ადამიანთა სულის გადარჩენის უდიდეს საქმეს ემსახურებოდა, ამიტომ განსაცდელიც, რომელიც ელოდებოდა, ამ დიდ საქმესთან შედარებით უმნიშვნელოდ მიიჩნია.
პავლე მოციქული ყველა ჩვენგანისათვის მაგალითს უნდა წარმოადგენდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ქრისტიანი არა მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისთვისაა მოწოდებული, არამედ იმისთვისაც, რომ მახლობელთა სულებზეც იზრუნოს და მათი გადარჩენისთვისაც იღვაწოს.
ღმერთმა მოგცეთ ძალა და გფარავდეთ მადლი პავლე მოციქულისა, რათა სახარების, რომელი არა კაცობრივ არს, ქადაგება და ადამიანთა ჭეშმარიტ გზაზე დაყენება თქვენც შეძლოთ, ამინ.
20 ოქტომბერი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.