სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
დღევანდელ კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირა ეწოდება. ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაული წმიდა მამებმა დააწესეს დიდი მარხვის მესამე კვირას ადამიანის სულიერად განმტკიცების მიზნით. ეს დღესასწაული იმისთვის დაწესდა, რომ მორწმუნემ შეხედოს ჯვარს, თაყვანი სცეს მას და მისი მადლითა და ძალით ერთხელ კიდევ გაძლიერდეს.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ ადამიანი სულისა და ხორცისაგან შედგება და რომ ორივეს საზრდო სჭირდება, მაგრამ ისიც მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უმეტესწილად ჩვენი სხეულისათვის უფრო ვზრუნავთ, ვიდრე სულისათვის და ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ფიზიკური სხეული მიწად უნდა მიიქცეს, ანუ იმად იქცეს, რისგანაც თვითონაა შექმნილი, ხოლო სული კი, რომელიც უკვდავია, მარადიულად უნდა დაემკვიდროს იქ, სადაც დაიმსახურებს. დიდი მარხვაც იმიტომ დაწესდა, რომ ადამიანმა თავისი სული გაიხსენოს და მისთვის იზრუნოს. წმიდა ანდრია კრეტელის დიდ კანონში არის ერთი მუხლი, სადაც ნათქვამია: სულო ჩემო, სულო ჩემო, რასა გძინავს. მართლაც რომ სძინავს ადამიანს, მართლაც რომ მისი ინტერესები მიწიერ საგნებზე ზრუნვითაა შემოფარგლული. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი წარმოვიდგენთ, რამდენ დროს ვხარჯავთ სულისათვის და რამდენს - სხეულისათვის. ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და დავინახავთ, რამდენად უფრო დიდი აღმოჩნდება ხორცზე ზრუნვისათვის დახარჯული დრო. მაგრამ საბედნიეროდ უფალი ხშირად ტკივილით, ტანჯვითა და განსაცდელით გვახსენებს მივიწყებულ სულსა და თავის თავს, გვახსენებს იმას, რომ ყოველი ჩვენგანის საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა, სული უნდა იყოს. ზოგიერთს ჰგონია, რომ სულისთვის ზრუნვა მხოლოდ ლოცვასა და მარხვას გულისხმობს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ სულზე ზრუნვა პირველ რიგში სიყვარულია, რომელსაც ჩვენ ჩვენს გარშემო მყოფთა მიმართ გამოვავლენთ.
ადამიანის სულიერი ზრდა ძირითადად რამდენიმე საფეხურს მოიცავს. შესაძლებელია ურწმუნოებიდან იგი რწმენისაკენ მოიქცეს, მაგრამ ეს როდი იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მისი სული ცხოვნდეს. სარწმუნოება ხომ ბოროტ სულსაც აქვს, მაგრამ იგი მაინც ვერ გადარჩება, რადგან მთავარი აკლია - სიყვარული. მომდევნო საფეხური ცოდნაა. შეგახსენებთ კლიმენტი ალექსანდრიელის სიტყვებს მორწმუნე ადამიანი მონაა ღვთისა, ხოლო ადამიანი, რომელსაც რწმენაც აქვს და ცოდნაც - მეგობარია ღვთისა. ე.ი. მორწმუნე ადამიანმა უნდა შეიძინოს ცოდნა და მეორე საფეხურზე ავიდეს. მაგრამ აქ ერთ გარემოებასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. რა თქმა უნდა, ჩვენი ცოდნა ღმერთზე შეზღუდული იქნება, რადგან ვერასოდეს ვერ შევიცნობთ ღვთის არსს, რომელიც ჩვენი გონებისათვის ყოველთვის მიუწვდომლად დარჩება. სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ გამოვლინება ღვთის ქმედებისა სამყაროში. ერთერთმა სწავლულმა ბიოლოგმა განაცხადა: მართალია, მე არ მინახავს ღმერთი, მაგრამ დავინახე კვალი ღვთისა ბუნებაშიო. თუნდაც თვითონ ადამიანი ავიღოთ, მისი სხეული, როგორ ჰარმონიულადაა აწყობილიგი. ყოველივეში, სადაც კი ჰარმონია სუფევს, სუფევს უზენაესი აზრიც, ე.ი. შეიმჩნევა კვალი ღვთისა. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ უფალი ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს მადლითა თვისითა, და რომ უფალი ჩვენშია და ჩვენ უფალში ვართ. ბედნიერია ადამიანი, რომელიც გრძნობს და ხედავს, რომ უფალი მასშია და თვითონ უფალშია და რომ იგი ტაძარია ღვთისა, სულისა წმიდისა.
მესამე საფეხური, რომლის გარეშე ასევე შეუძლებელია ცხოვნება, - არის სიყვარული, სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა. ყველაზე მეტად ჩვენ ამ საფეხურზე ასვლა გვიჭირს, მაგრამ ღვთის მადლითა და ძალით ესეც უნდა შევიძლოთ და ეს უდიდესი ჯილდოც დავიმსახუროთ. ზოგიერთი სიყვარულს ვნებებთან აიგივებს, მაგრამ სიყვარული უფრო დიდია, იგი უნაპიროა და უსაზღვრო. კიდევაც რომ მოვინდომოთ დახასიათება იმისა, რა არის სიყვარული, ვერ შევძლებთ, რადგანაც იგი თვისებაა ღვთისა და მისგან გამოდის. ერთადერთი ძალა, რომელსაც ადამიანის სულის ხსნა შეუძლია, ეს არის სიყვარული, ოღონდ სიყვარული რწმენასა და ცოდნაზე დამყარებული. სიყვარული ის კი არაა, როცა იგი უყვართ, ვისგანაც სიყვარულს გრძნობენ, არამედ როცა შეუძლიათ სიყვარულით გულში ჩაიკრან მთელი კაცობრიობა, მთელი სამყარო. ასეთი ადამიანი უდიდესი მადლითაა დაჯილდოვებული. ხოლო ვისაც ეს გრძნობა სიყვარულისა აკლია, იგი შესაბრალისია და სულით მწირი, თუმცა თვითონ ვერ გრბნობს, რომ ამ საშინელი ნაკლის გამო სიბრალულის ობიექტი ხდება. ამგვარი ადამიანი ყოველდღიურად უკან მიდის, საერთოდ ყოველი ჩვენგანი როგორც ფიზიკურად ასევე სულიერადაც იზრდება. ამიტომაც გვეუბნება უფალი: იყავით სრულყოფილნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციური სრულყოფილ არს, სულიერი ზრდის პროცესი დაუსრულებყლია. ადამიანი, რომელიც აქვე ზრუნავს თავისი სულისათვის და სიყვარულის მომატებას ყოველდღიურად გრძნობს, ასევე გააგრძელებს სასუფეველშიც და მისი სულიერი ზრდა დაუსრულებლად გაგრძელდება. ასეთივე პროცესი, ოღონდ საწინააღმდეგო ხასიათასა, ხდება იმ კაცში, რომელიც აქ ცოდვით ეცემა და იარაღი ხდება ბოროტი ძალისა. ეს დეგრადაცია, მისი სულიერი უკანსვლა საიქიოშიც გაგრძელდება, მაგრამ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომელთა სულიერი ზრდა ჩერდება და ერთ წერტილზე იყინება, რადგანაც ბოროტი სულით შეპყრობილნი თავიანთ თავს ვერ სძლევენ. ერთადერთი, ვისაც მათი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია, უფალია, მაგრამ უფალიც არჩევს ჭურჭელს, ისევე როგორც ჩვენ, როცა ვცდილობთ, რომ სურნელოგანი ზეთი შესაფერის ჭურჭელში ჩავასხათ. ყოველი ადამიანი ჭურჭელია და თუ უნდა, რომ ღვთაებრივი მადლით აღივსოს, ამისთვის ჯერ ხორციელად და სულიერად უნდა განიწმინდოს. დღეს წირვაზე სახარებიდან ის ადგილი იქნა წაკითხული, სადაც უფალი გვეუბნება: რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე (მათე 16,24). ე.ი. ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაწყვიტოს, რომ უფალს შეუდგება, შემდეგ კი უნდა უარყოს თავისი ეგოიზმი, კაცობრივი ვნებები და ცოდვები, რაც საკუთარ თავთან ბრძოლას გულისხმობს. ყველაზე დიდი ბრძოლა ხომ საკუთარ თავთან ბრძოლაა და არა სხვასთან, როგორც ჩვენ ამას დღეს ვხედავთ.
ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ მისი მადლით უარყოთ თავი თქვენი, აიღოთ ჯვარი თქვენი, სხვისი კი არა თქვენი ჯვარი, ის ჯვარი, რომლის ტარებაც ხელგეწიფებათ, რადგან ზოგიგრთი ადამიანის ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავისას კი არა სხვის ჯვარს იღებს, და შეუდგეთ ქრისტეს.
ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ!
სიონი, 29 მარტი, 1992 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.