სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!
მირქმის დღესასწაული არის დღესასწაული ადამიანის შეხვედრისა უფალთან, იესო ქრისტესთან. მოსეს სჯულის თანახმად მშობიარობიდან ორმოცი დღის შემდეგ დედა ვალდებული იყო მისულიყო ტაძარში და განსაწმენდელად მსხვერპლი შეეწირა. მართალია, ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი განწმენდას არ საჭიროებდა, მაგრამ მაინც აღასრულა ეს წესი და უფალი ჩვენი იესო ქრისტე ტაძარში მიიყვანა. ამ დროს სული წმიდის შთაგონებით ტაძარში მივიდა ღრმად მოხუცებული სვიმეონი. სვიმვონ მართალმა სული წმიდისაგან იცოდა, რომ სიკვდილს მანამდე არ იხილავდა, სანამ უფლის ცხებულს, იესო ქრისტეს არ ნახავდა. არსებობს აზრი, რომ სვიმეონ მიმრქმელი ერთი იმ სამოცდაათთაგანი იყო, რომელნიც ებრაული ენიდან თარგმნიდნენ ბიბლიას ბერძნულ ენაზე. გადმოცემის თანახმად, სწორედ სვიმეონ მართალს შეხვედრია სათარგმნელად წმიდა წერილიდან ის ადგილი, სადაც ნათქვამია, რომ ქალწული შობს ქრისტეს. მას მოუნდომებია სიტყვა „ქალწულის“ ამოშლა და მის მაგივრად ქალის ჩაწერა, რადგან იგი შეცდომად მიუჩნევია, მაგრამ გამოცხადებია ანგელოზი და უთქვამს მისთვის, რომ არ მოკვდებოდა მანამ, სანამ ქალწულისაგან შობილ იესო ქრისტეს არ იხილავდა.
როდესაც სვიმეონმა ყრმა იესო იხილა, სული წმიდის შთაგონებით მიხვდა, რომ ეს იყო ის მესია, რომელსაც ისრაელი და მთელი ქვეყანა ელოდებოდა, ხელში აიყვანა იგი და უთხრა: „აწ განუტევე მონაი შენი, მეუფეო, სიტყვსაებრ შენისა მშვდობით“ (ლუკა 2,29).
წლებით დამძიმებული სვიმეონი განკაცებულ მესიას, ყრმა მაცხოვარს, შეევედრა, რომ მშვიდობით განეტევებინა. ეს საოცარი ლოცვა აუცილებელი სავედრებელი უნდა იყოს ყოველი ქრისტიანისათვის, ყოველი ჩვენთაგანი უნდა ლოცულობდეს იმისათვის, რომ უფალმა ამ ქვეყნიდან მშვიდობით განუტევოს. კვერექსშიც ხომ ვითხოვთ, რომ აღსასრული ჩვენი მშვიდობიანი იყოს. ამ ლოცვამ კიდევ ერთხელ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, თუ რა არის ჩვენი ცხოვრება და როგორ უნდა განვლოს იგი ადამიანმა. მახსენდება ასეთი შემთხვევა: ერთხელ სასაფლაოზე გახლდით და ერთ-ერთ საფლავზე ამოვიკითხე წარწერა - ზღაპარი დამთავრდაო, ე.ი. ზოგიერთი ჩვენგანისათვის ეს ცხოვრება ზღაპარია მაშინ, როცა იგი რეალობაა და უდიდესი გამოცდა ადამიანისა, აღსავსე მრავალი საშიშროებით. ეს ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, არის ბრძოლა საკუთარ თავთან. ბედნიერია ამ ბრძოლაში გამარჯვებული, რადგან ის, ვინც საკუთარ თავს დაძლევს, დაძლევს ყოველგვარ წინააღმდეგობასაც, რომელიც კი მის წინაშე წარმოიშობა.
ზოგიერთს მართლაც უნდა, რომ ეს ცხოვრება ზღაპარი იყოს და ყოველივე აქ დამთავრდეს. გავიხსენოთ რას ამბობს წმიდა დავით წინასწარმეტყველი ფსალმუნში: თქუა უგუნურმან გულსა შინა თჳსსა: არა არს ღმერთი. თუ არ არის ღმერთი და არ არის საუკუნო ცხოვრება, მაშინ ყოველგვარი უზნეობის ჩადენა შეიძლება. აი, რას ქადაგებს ურწმუნოება და აი, რისკენ მიჰყავს მას ადამიანი. დღეს ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ დასცა ურწმუნოებამ ქართველი კაცი, რომელიც მუდამ რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობდა. როგორც საშინელი სენი, ისე შემოიჭრა ჩვენს სულსა და გონებაში ურწმუნოება, რის შედეგადაც პირველ რიგში ადამიანმა თავისი სულიერი ტაძარი დაანგრია, ხოლო როცა სულიერი ტაძარი მოსპო, შემდეგ მიწიერ ტაძრებსაც მიადგა, თავისი ხელით დაანგრია ის ეკლესია-მონასტრები, რომელთაც ჩვენი მორწმუნე წინაპარი ღვთის შიშითა და სიყვარულით აშენებდა.
საფრანგეთის რევოლუციის მთავარი დევიზი ურწმუნოება იყო. მე მახსენდება ერთ-ერთი შემთხვევა, როცა რევოლუციური სულით აღტყინებულმა ურწმუნო ბრბომ ცოცხლად დაგლიჯა ახალგაზრდა კაცი, მაგრამ ეს როდი იკმარა, ერთმა ყველაზე აქტიურმა ქალმა გული ამოგლიჯა და ხალხის წინაშე შეჭამა. აი, სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი: რომელიც რწმენასა და სიყვარულს დაკარგავს.
მადლობა უფალს, რომ დღეს ხალხმა გაიღვიძა, საშინელი ღამის შემდეგ ისევ წყალობით მოგვხედა ღმერთმა. მე არაერთგზის მითქვამს თქვენთვის, რომ ღმერთი სიყვარულია, მაგრამ სიყვარულს აუცილებლად სჭირდება ობიექტი, რომელსაც იგი უნდა მოეფინოს. ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეგვიძლია ღვთის გარეშე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არც მას სურს ჩვენს გარეშე ყოფნა. ამიტომ როცა უკვე დაცემულ ადამიანს აღარა აქვს ძალა, ადგეს და წავიდეს ღვთისკენ, მაშინ თვითონ უფალი მიდის მასთან. უფალი გვეხმარება წამოდგომაში, გვეხვევა და ისე მივყავართ ჭეშმარიტების გზაზე, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთან მოსულ უფალს წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ და უნდა გავყვეთ. თუ ამას შევძლებთ, მაშინ გამოიღებს ჩვენი ცხოვრება კეთილ ნაყოფს, მაშინ აღვასრულებთ ჩვენს ვალს და მაშინ იქნება ჩვენი აღსასრული მშვიდობიანი. ყველაზე ბრძენი და გონიერი ისაა, ვინც უკანასკნელი სამსჯავროსათვის ემზადება. ნუ გვგონია, რომ სიკვდილთან შესახვედრად მომზადება მხოლოდ მოხუცებულთ სჭარდებათ. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ყოველი აღსარებისას, რომელსაც მოძღვარს ვეუბნებით, წარმოდგენილი უნდა გვქონდეს, რომ იგი ჩვენი უკანასკნელი აღსარებაა. რომლის შემდევაც შეიძლება დამთავრდეს ჩვენი ცხოვრება და უფლის წინაშე აღმოვჩნდეთ. აღსარებისა და ზიარების გზით უფალთან შეერთება - აი, რა გვიშველის ჩვენ და რა მოგვანიჭებს მშვიდობიან აღსასრულს.
დასასრულს, ერთხელ კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ მირქმის დღესასწაული უდიდესი დღესასწაულია, რომელიც რა თქმა უნდა, პირველივე საუკუნიდან დაწესდა, მაგრამ განსაკუთრებით იგი VI საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს მეფობის ჟამს, იდღესასწაულეს. როგორც ისტორიიდანაა ცნობილი, ამ დროს ბიზანტია, განსაკუთრებით კი ანტიოქია, მეტისმეტად შეუწუხებია ჯერ მიწისძვრებსა და შემდეგ საშინელ ჭირს. აი, ამ დროს ერთ-ერთ მორწმუნეს ჰქონია გამოცხადება, რომ განსაკუთრებული ზეიმით აღენიშნათ მირქმის დღე და უბედურებათა ჯაჭვიც შეწყდებოდა. აქედან მოყოლებული მირქმა ერთ-ერთია თორმეტი დიდი ქრისტიანული დღესასწაულიდან.
ამ დღესასწაულის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!
მირქმა, 15 თებერვალი, 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.