დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული - იერუსალიმში იესო ქრისტეს დიდებით შესვლისა. ამქვეყნიური ცხოვრების მანძილზე იესო ქრისტე მრავალგზის შესულა იერუსალიმში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შესვლა იყო, შესვლა ზეიმით ოქროს კარიბჭიდან. იერუსალიმის დამცველ გალავანს რამდენიმე კარიბჭე ჰქონდა დატანებული, რომელთაგან ერთ-ერთი მთავარი ოქროს კარიბჭე იყო. იგი დღესაც არსებობს. როდესაც მე ისრულიმში გახლდით, ეს კარიბჭეც ვინახულე. მისი სიგანე ხუთი მეტრი იქნება. დღეს იგი ამოქოლილია და როგორც წმიდა მამები ამბობენ, მეორედ მოსვლის ჟამს გაიხსნება.
სახარებაში ვკითხულობთ, რომ როცა უფალი ამ კარიბჭით ქალაქში შევიდა, მთელი იერუსალიმი შეიძრა და გამოეფინა მის შესახვედრად. ერთხმად ღაღადებდნენ და ადიდებდნენ იესო ქრისტეს; ასეთი დიდებული შეხვედრა იერუსალიმში მანამდე არცერთი მეფისა და არცერთი კეისრისათვის არ მოუწყვიათ. ხალხი არა მხოლოდ მწვანე რტოებს, არამედ სამოსელსაც იხდიდა და იმ სახედარს უფენდა, რომელზეც უფალი იჯდა. ბზის ტოტები, რომელნიც თქვენ ახლა გიჭირავთ ხელში, იმის მომასწავებელია, რომ თქვენც სიხარულით ხვდებით უფალს, რომელიც ჩვენთან მოდის და ჩვენთან დარჩება, უკეთუ ამას ჩვენ თვითონ მოვინდომებთ, რადგან სადაც რწმენა, ლოცვა, მიტევება და სიყვარულია, უფალიც იქაა.
მინდა ამ კურთხეულ დღეს თქვენი ყურადღება ერთ ფაქტზე გავამახვილო. მაშინ, როცა მთელი ერი ადიდებდა და ისე ხვდებოდა უფალს, იესო ქრისტე, ნაცვლად იმისა, რომ სიხარული დაუფლებოდა, ტიროდა. იგი ტიროდა იმიტომ, რომ იცოდა ადამიანის ბუნება, იცოდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც მას ზეიმით ხვდებოდა, სულ სამი-ოთხი დღის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა. იგი თავისთავს კი არა, ამ ხალხს დასტიროდა, რადგან მან - ნათელი, რომელიც მის შორის იყო, ვერ იხილა და ღვთისგან ბოძებული მადლი და წყალობა უარყო.
მინდა შეგახსენოთ დღეს წაკითხული სამოციქულო. პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყვი, გიხაროდეს (ფილიპ. 4,4). შესანიშნავი სიტყვებია, რომელიც უდიდეს საიდუმლოს იტევს: გიხაროდენ მარადის, ე.ი. მხოლოდ დღეს კი არა, არამედ მარადის, მხოლოდ აქ, დედამიწაზე კი არა, არამედ აქაც და იქაც, იმ ქვეყანაშიც. გიხაროდეს მარადის უფლისა მიერ, ანუ შენი სიხარული დაუსრულებელი და მარადიული მაშინ იქნება, თუ იგი უფლის მიერაა მონიჭებული, თუკი იგი უფლის რწმენასა და სიყვარულზეა დაყრდნობილი.
საერთოდ გიხაროდენ არა მიწიერი, არამედ ზეციური მისალმებაა. თქვენ გახსოვთ, როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს უფლის ბრძანებით მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა, პირველი სიტყვა, რომლითაც მიმართა, იყო გიხაროდენ. გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა. აი, როდის უხარია ჭეშმარიტად ადამიანს, როდესაც უფალი მასთანაა. თქვენ ალბათ შემეპასუხებით, მიწიერი სიხარულიც ხომ არსებობსო, რა თქმა უნდა არსებობს და მას არც უფალი უარყოფს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მიწიერი სიხარული წუთიერი და წარმავალია, უფლისმიერი კი - მარადიული. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ. შესაძლებელია მდიდრულმა სახლ-კარმა თუ ძვირფასმა ნივთმა ერთ დღეს, ორ დღეს, ერთ თვეს გაგახაროთ, მაგრამ შემდეგ სიხარული ნელ-ნელა განელდება და ბოლოს სულ გაქრება. ასეთივეა ის სიხარულიც, რომელსაც რომელიმე ამქვეყნიური დიდი ხნის ოცნების აღსრულება გვანიჭებს. თქვენ შემეკითხებით, როგორ მოვიპოვოთ მარადიული სიხარული, რომელზეც პავლე მოციქული ლაპარაკობს. მისი მოპოვების გზას თავად მოციქული გვასწავლის, როცა ამავე ეპისტოლეში მოგვიწოდებს: ამიერითგან, ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, აი, თუ ამ თვისებებით - პატიოსნებით, სიმართლით, სიწმინდით და სათნოებით შევიმოსებით, უფალი ჩვენთან იქნება, ხოლო უკეთუ უფალი ჩვენთან იქნება, მაშასადამე სიხარულიც ჩვენთან იქნება. სიხარული ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს. ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება. მაგალითი თუნდაც მიწიერი ცხოვრებიდან მოვიტანოთ. როდესაც თქვენ ვინმე გიყვართ, გინდათ განუშორებლად მასთან იყოთ და ამ დროს სხვა აღარავინ და აღარაფერი გახსოვთ. მით უმეტეს, რამდენად საყვარელი და სათნოა უფალი, რომელიც თვითონ არის უზენაესი სიყვარული. მაშასადამე, თუ ღმერთი ჩვენთან იქნება, ჩვენთან იქნება მარადიული სიხარულიც. თანამედროვე კაცობრიობას სწორედ ეს სიხარული აკლია, რადგან მან რწმენა და სიყვარული დაკარგა. თუ იგი კვლავ დაიბრუნებს რწმენას და სიყვარულს, სიხარულიც დაუბრუნდება.
მე შევსთხოვ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, რომ ის რწმენა და სიყვარული, რომლითაც მან ჩვენი კურთხეული ერი დააჯილდოვა, არ დავკარგოთ, შევსთხოვ, რომ მთელ ქვეყანასა და მთელ საქართველოს ბედნიერი აღდგომა გაუთენოს.
განსაკუთრებით მინდა ვილოცო იმ ქართველებისათვის, რომელნიც უცხოეთში ცხოვრობენ და მშობლიური მიწა-წყალი ენატრებათ. ღმერთმა ყველანი შეგიწყალოთ და მტერი მოყვარედ და გლოვა სიხარულად გადაგიქციოთ.
შეგახსენებთ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირას ვნების შვიდეული ეწოდება. ვისაც ამდენ ხანს არ უმარხულია, კარგი იქნება ეს ერთი კვირა მაინც იმარხულოს. ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს პირველშეწირულის წირვა შესრულდება, ხუთშაბათს იქნება ზეთის კურთხევა, რომელიც შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთს წარმოადგენს. იგი განსაკუთრებული საიდუმლოა, რომელიც იშვიათად, წელიწადში ერთხელ სრულდება. როგორც წმიდა მამები გვასწავლიან, იგი სულისა და ხორცის საცხოვნებელია, რადგან ადამიანს ის ცოდვები ეპატიება, რომელთა თქმაც აღსარებაში დაავიწყდა. ზეთის ცხების შემდეგ ათ საათზე დაიწყება წირვა, რადგან ეს ის დღეა, როცა ჩვენ საიდუმლო სერობას ვახსენებთ. თქვენ გახსოვთ, რომ ამ დღეს უფალმა ზიარება დააწესა და თავისი მოციქულები პირველად აზიარა. ამიტომ თქვენც შეეცადეთ, რომ უზიარებელი არ დარჩეთ. წირვის შემდეგ ფერხთბანა შესრულდება.
ხუთშაბათს საღამოს იქნება ცისკარი, რომელზეც 12 ვნების სახარება იქნება წაკითხული. პარასკევს დილას ჟამნობა დაიწყება, ხოლო 2 საათზე გარდამოხსნის გამოსვენება. შაბათს დილას წირვა შესრულდება, ხოლო შუაღამეზე კი - შუაღამიანი და სააღდგომო ლიტანიობა.
ღმერთმა ბედნიერი და სიხარულის მომტანი აღდგომა გაგითენოთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!
1 მაისი, 1983 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.