არსებობს საკითხები, რომელთაც გარეგნულად ერთმანეთთან თითქოს არაფერი აკავშირებს, მაგრამ სინამდვილეში მათ შორის რაღაც იდუმალი, ღვთაებრივი კავშირია. დღეს მინდა ამ რიგის ორ საკითხს - ჭეშმარიტებასა და თავისუფლებას და მათ შორის არსებულ ურთიერთობას შევეხო.
წმიდა იოვანე ღვთისმეტყველის სახარებაში უფალი იესო ქრისტე გვეუბნება: და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (იოვანე 8,32).
ჭეშმარიტება და თავისუფლება! სწორედ მათი არსის გარკვევაზე ფიქრობდა კაცობრიობა იმ დღიდან, როცა იგი ადამისა და ევას სახით ცოდვით დაეცა. ადამის მოდგმას ოცნებად ჰქონდა გადაქცეული დაბრუნება ჭეშმარიტებისა, რომელიც დაკარგა და განთავისუფლება იმ ცოდვისაგან, რომელშიც ჩავარდა. ათასეულობით წლების მანძილზე ისმოდა გოდება ადამიანის სულისა, რომელიც ცოდვის ტყვეობაში აღმოჩნდა, მაგრამ გზა მისგან განთავისუფლებისა სხვადასხვაგვარად ჰქონდათ წარმოდგენილი, მრავალი სახელოვანი ფილოსოფოსი, მეცნიერი, მწერალი თუ პოეტი ცდილობდა გაერკვია, რაშია ჭეშმარიტება და სად არის გზა ხსნისა.
ქრისტეს შობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე ბუდამ განაცხადა, რომ ჭეშმარიტ მოძღვრებას მხოლოდ მისი მოძღვრება წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც ადამიანის ნამდვილი თავისუფლება ყველა საზრუნავის დავიწყებასა და ყველა ფიქრის დაძლევაში მდგომარობს, რადგან მისი აზრით, ფიქრიც კი იმაზე, რომ არსებობს თუ არა ღმერთი და უკვდავია თუ არა ადამიანის სული, უკვე თავისუფლებას გვართმევს და გვიმონებს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთმა თვით ჭეშმარიტების არსებობაში შეიტანა ეჭვი და განაცხადა, რომ ამაო იყო ძებნა იმისა, რაც, შესაძლოა, სულაც არ არსებობდეს. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჭეშმარიტება არსებობს და იგი ღმერთია. ბედნიერია ის ვინც მისკენ მიმავალ გზას იპოვნის, რადგან ამით თავისუფლებასაც მოიპოვებს.
ქადაგებისთვის ეს თემა განგებ შევარჩიე, რადგან თავისუფლების პრობლემა დღეს ფრიად აქტუალურად დგას მთელ მსოფლიოში. თქვენთვის, ალბათ, ცნობილია, რომ აფრიკაში წარმოიშვა მოძღვრება, რომელსაც განთავისუფლების თეოლოგია ანუ განთავისუფლების ღვთისმეტყველება ეწოდება. აფრიკელი ქრისტიანები ფიქრობენ, რომ განთავისუფლება პოლიტიკური და ეკონომიკური ანუ მატერიალური თავისუფლების მოპოვებას გულისხმობს, მაშინ, როცა თავისუფლების ჭეშმარიტი არსი არა პოლიტიკურ-ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში, არამედ სულიერ თავისუფლებაში მდგომარეობს. როცა უფალმა იესო ქრისტემ გვითხრა, რომ თავისუფლებას ჭეშმარიტების შეცნობა მოგვანიჭებდა, უპირველესად სულიერი თავისუფლება იგულისხმა.
მაცხოვრის მიერ იოვანეს სახარებაშივეა განმარტებული რა არის ჭეშმარიტება და თავისუფლება და რა კავშირი არსებობს მათ შორის. იგი გვეუბნება, უკუეთუ ძემან განგათავისუფლნეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მრავალი სახელოვანი ადამიანი ამაოდ დაშვრა ჭეშმარიტებისა და თავისუფლების ძიებაში, მაშინ, როცა ჩვენი ერთადერთი განმათავისუფლებელი და მხსნელი უფალი ჩვენი იესო ქრისტეა. იგი თავადაა ჭეშმარიტება, რომლის შეცნობაც თავისუფლებას გვაზიარებს. უფალი ამბობს: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მართლაც, სხვა გზა თავისუფლებისა გარდა ქრისტიანობისა არ არსებობს. ეს ის გზაა, რომელიც საქართველომ ორიათასი წლის წინ აირჩია, დღემდე ამ გზით მოვიდა და მომავალშიც ამ გზით ივლის, ვიდრე იარსებებს.
ჩვენ ხშირად ვემსგავსებით პილატეს, რომელმაც, როცა მას ებრაელებმა უფალი იესო ქრისტე წარუდგინეს, ვერ იცნო იგი და ჰკითხა, რა არის ჭეშმარიტებაო, კითხვა კი დაუსვა, მაგრამ პასუხს აღარ დაელოდა, რადგან მას, რომის იმპერიის მოქალაქეს, უკვე საერთოდ ჭეშმარიტების არსებობაში ეპარებოდა ეჭვი. მართალია, პილატე ვერ მიხვდა, რომ მის წინაშე თვით ჭეშმარიტება იდგა, მაგრამ შინაგანად მაინც იგრძნო ვინ იყო იესო ქრისტე და თითქოს ჭეშმარიტების გადარჩენა მოინდომა, როცა ებრაელებს შეახსენა, რომ პასექის დღესასწაულისათვის ჩვეულებისამებრ ერთ დასასჯელს გაათავისუფლებდა. იგი ელოდებოდა, რომ ებრაელები იესოს დაასახელებდნენ, მაგრამ მოტყუვდა. მათ კაცისმკვლელისა და ავაზაკის, ბარაბას, განთავისუფლება მოითხოვეს. ასე გასწირეს ებრაელებმა ჭეშმარიტება, მაშინ, როცა ღვთისგან მისი შენახვა და დაცვა ჰქონდათ დაკისრებული,
პილატეს მსგავსად ჩვენც ხშირად ვსვამთ კითხვას, რა არის ჭეშმარიტება და მას იქ ვეძებთ, სადაც არ არის. სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებსა თუ ფილოსოფიურ სისტემებში, მაშინ, როცა თვითონ უფალმა გაგვიმჟღავნა რომ თავადაა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე და რომ ნამდვილ თავისუფლებას ჭეშმარიტების ანუ მისი შეცნობა მოგვანიჭებს.
შევსთხოვ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას, მამას, ძესა და სული წმიდას, რომელიც თვით არის ჭეშმარიტება და წყარო ჭეშმარიტებისა, რომ აგვიხილოს თვალნი გულისა და გონებისანი, რათა ვსცნათ ჭეშმარიტება და თავისუფლების გზას დავადგეთ, ამინ.
28 იანვარი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.