ყოველი ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ სრულყოფილი იყოს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება: იყავით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სრულყოფის პროცესი დაუსრულებელია. კაცს, სრულყოფის რაც არ უნდა მაღალ საფეხურს მიაღწიოს, არ შეუძლია თქმა იმისა, რომ ეს პროცესი დაასრულა. სრულყოფა იმ დაუსრულებელ ცხოვრებაშიც გრძელდება, სადაც სიკვდილის შემდეგ ყოველი მართლის სული გადადის. მაშასადამე, ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ რაც შეიძლება ახლოს მივიდეს ღმერთთან. ამისთვის აუცილებელია სულიერი განწმენდა, რომელიც მხოლოდ სინანულით მიიღწევა. ამავე დროს, ნურავის ეგონება, რომ თუ სულიერად განიწმინდება, ღირსი გახდება, ან დაიმსახურებს იმას, რომ მასში ღმერთი შევიდეს. დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოვანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვიწმინდებით, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით, ამიტომაც ვევედრებით სულიწმიდას: მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა.
მინდა თქვენი ყურადღება დღეს წაკითხული სახარების მეხუთე თავს მივაქციო. გენისარეთის ტბის ნაპირას მაცხოვრის მოსასმენად მრავალმა ადამიანმა მოიყარა თავი. იესო ნავზე ავიდა და იქედან ასწავლიდა ხალხს. იქვე იყვნენ მისი მოწაფენიც - სვიმონ პეტრე და ზებედეს ძენი - იაკობი და იოვანე. როცა უფალმა ქადაგება დაამთავრა, პეტრეს ტბის სიღრმეში შესვლა და თევზის დასაჭერად ბადის გადაგდება უბრძანა. პეტრემ უპასუხა, რომ, მართალია, მთელი ღამე იშრომეს და ვერაფერი დაიჭირეს, მაგრამ თუ უფალს ნებავდა, კიდევ ცდიდა. მიაქციეთ ყურადღება პეტრეს მორჩილებას და მის სიწმინდეს! მართლაც, იგი შევიდა ტბაში და იმდენი თევზი დაიჭირა, რომ ბადე მის სიმძიმეს ვეღარ უძლებდა. მაშინ დასახმარებლად მეორე ნავით იაკობი და იოვანეც მოვიდნენ, მაგრამ თევზი იმდენად ბევრი იყო, რომ ორივე ნავი სიმძიმისაგან ლამის წყალში ჩაიფლო. როცა ნაპირზე გამოვიდნენ, პეტრეში რაღაც სულიერი გარდაქმნა მოხდა და უცბად ის დაინახა, რასაც აქამდე ვერ ხედავდა. მან მთელი არსებით იგრძნო, რომ მის წინაშე არა მხოლოდ მოძღვარი, არამედ თვით უფალი იდგა, მაცხოვრის წინაშე მუხლებზე დავარდა და უთხრა: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილ ვარ. ეს სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ მოციქულმა დაინახა, რა დიდი იყო სხვაობა უფალსა და მას შორის, იგრძნო, რომ უფალი არა მხოლოდ მასთანაა, არამედ მასშია და ამ დიდი სიწმინდის ატანა გაუჭირდა. საერთოდ, ადამიანი უფალთან სიახლოვეს დიდხანს ვერ უძლებს, რადგან ის უდიდესი სიწმინდეა, ხოლო ჩვენ მიწიერნი და ცოდვილნი ვართ.
შეგახსენებთ, რომ ფერისცვალებაც ამ სამი მოციქულის - პეტრეს, იაკობისა და იოვანეს წინაშე მოხდა. მაშინაც, თაბორის მთაზე, მოწაფეებმა ღვთაებრივი ნათელის ჭვრეტას ვერ გაუძლეს და მაცხოვრის წინაშე დაემხნენ. როცა პეტრემ უფალს სთხოვა, რომ აქ მისთვის, ელიასა და მოსესათვის სამი კარავი დაედგათ, არა მხოლოდ თავისი, არამედ იაკობისა და იოვანეს სურვილიც გამოხატა იმის თაობაზე, რომ უფლის სიახლოვით გამოწვეული სიხარული და ნეტარება დაუსრულებლად გაგრძელებულიყო. მართალია, უფლის სიახლოვე მართლაც ენით უთქმელ სიხარულსა და ნეტარებას გვანიჭებს, მაგრამ ჩვენი ცოდვილობისა და მისი დიდი სიწმინდის გამო ჩვენი ფიზიკური სხეული ამ სიახლოვეს დიდი ხნით ვერ უძლებს. ამიტომაც უთხრა გენისარეთის ტბასთან პეტრემ მაცხოვარს: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილ ვარ, უფალო, მაგრამ მაცხოვარმა იცოდა, რომ, მართალია, პეტრე, როგორც ყველა ადამიანი, ცოდვილი იყო, მაგრამ ამავე დროს რჩეულ ტაძარსაც წარმოადგენდა, რომელშიც მადლი სულისა წმიდისა უხვად უნდა შესულიყო. ამიტომ მან პეტრე იქვე დააჯილდოვა, როცა უთხრა: ნუ გეშინინ, სვიმონ, რომ ამიერიდან იყო კაცთა მონადირე. ე.ი. თუ აქამდე მეთევზე იყავი და, ვითარცა სხვა მრავალი, თევზს იჭერდი, ამიერიდან კაცთა მონადირე, ანუ მათი მომქცეველი და უფალთან მიმყვანი იქნებიო. ეს უმაღლესი ჯილდო პეტრემ იმიტომ მიიღო, რომ თავისი სისუსტე და ცოდვილობა იგრძნო და უფალს მისგან, როგორც ცოდვილისაგან, გასვლა სთხოვა. ამის გამო, მაცხოვარი კიდევ უფრო ახლოს მივიდა მასთან და ის საღვთო საქმე დაავალა, რომელსაც თვითონვე კაცთა მონადირება უწოდა, რაც მათ ჭეშმარიტ გზაზე დაყენებასა და მოქცევას გულისხმობს.
პეტრე მოციქულის მაგალითი გვასწავლის, რომ ჩვენი უძლურება და ცოდვები ჩვენც უნდა ვიგრძნოთ და უფალს ყოვლისაგან ბიწისა განწმენდა ვსთხოვოთ, რაც იმის საწინდარი იქნება, რომ ღვთისაგან სიკეთის ქმნის კიდევ უფრო დიდ მადლს მივიღებთ, რომელთაგან ყველაზე დიდი მახლობელთა სულებზე ზრუნვა, მათი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევა და გადარჩენაა.
შევსთხოვ მოციქულებს - პეტრეს, იაკობსა და იოვანეს, რომ უფალმა მათი ლოცვით განცდაი თვისთა ცოდვათა მოგვცეს, რათა იგი, რაც შეიძლება, ახლოს იყოს ჩვენთან და ადამიანთა მოსაქცევად ჩვენც მოგვიწოდოს.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, ამინ.
6 ოქტომბერი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.