სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!
წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ადამიანი შექმნილია ხატად ღვთისა და ნეტარებისა, სრულყოფისა, სიხარულისა და სიყვარულისათვისაა მოწოდებული. მაგრამ წმიდა წერილი იმასაც გვასწავლის, რომ არსებობს ბოროტი სულიც, რომელიც ცდილობს ადამიანი ამ ნეტარებას ჩამოაშოროს და მისი უკვდავი სული დაღუპოს. ადამიანის სული კი იმდენად დიდი და ძვირფასია, რომ მთელი სამყაროს სიმდიდრეც რომ შეიკრიბოს, ერთი ადამიანის სულადაც კი არ ეღირება. სწორედ ამიტომაც მთავარი ობიექტი, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის ბოროტი სული, ადამიანია. იგი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა ქმნილება შემოქმედს განაშოროს და თავის იარაღად აქციოს.
სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება არსებობა ბოროტი სულებისა, რომელნიც მუდმივად ეძიებენ გზებს ადამიანის სულში შესაღწევად და მის წარსაწყმედად. დღეს ზოგიერთი იქამდეც მივიდა, რომ საერთოდ უარყო არსებობა ბოროტი სულისა. ლათინურ ამერიკაში მთელი მოძღვრებაც კი შეიქმნა ბოროტი სულის არარსებობის დასამტკიცებლად და ეს მაშინ, როცა იგი არსებობს და დიდი გავლენაც აქვს ადამიანზე.
დღეს წირვაზე მათეს სახარებიდან ის ადგილი იქნა წაკითხული, რომელიც მოგვითხრობს, რომ უფალი იესო ქრისტე მივიდა სოფელსა გერგესეველთასა, სადაც მას საფლავებში მცხოვრები ორი ეშმაკეული შეხვდა (მათე 8,28-34). მიაქციეთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ეს ეშმაკეულნი საფლავებში ცხოვრობდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ხშირად სწორედ საფლავი ხდება სავანე ბოროტი სულისა. ამიტომაც ყოველ საფლავზე უნდა იდგეს ნაკურთხი ჯვარი, რათა ჩვენს ახლობელთა საფლავები ბოროტი სულების სამყოფელად არ იქცეს. რაც შეეხება სახარებაში მოხსენიებულ ორ ეშმაკეულს, ისინი იმდენად საშიშნი იყვნენ, რომ ხალხი იმ ადგილზე გავლას ერიდებოდა. უფალმა იესო ქრისტემ კი სწორედ იმ გზით გაიარა. ეშმაკეულები აყვირდნენ: რაჲ ძეს ჩუენი და შენი, იესუ, ძეო ღმრთისაო? რამეთუ მოხუედ აქა უწინარეს ჟამისა ტანჯვად ჩუენდა, ანუ რა არის ჩვენს შორის საერთო, რომ აქ მოხვედიო. ამავე დროს ასე მიმართავენ. ძეო ღმრთისაო, რადგანაც იციან, რომ იესო ქრისტე ძე ღვთისაა, ე.ი. რწმენა აქვთ, მაგრამ მაინც ბოროტნი არიან. ასევეა ადამიანიც, შეიძლება მას ჰქონდეს რწმენა, მაგრამ მაინც დაიღუპოს, რადგან არ ჰქონდეს სიყვარული. ასევე უნდა დავუფიქრდეთ სიტყვებს - უწინარეს ჟამისა; ისინი საყვედურობენ უფალს, რომ დროზე ადრე მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოროტი სულები იმ ორ ადამიანში გარკვეული დროით იყვნენ შესულები და იმ ხნის მანძილზე იქ უნდა ყოფილიყვნენ. იქვე ღორების კოლტი იყო და ბოროტი სულები უფალს შეევედრნენ, რომ იმ კოლტში შესვლა ებრძანებინა მათთვის. როგორც ვხედავთ, ამ ბოროტ სულებს, რომელნიც ოდესღაც კეთილი ანგელოზები იყვნენ და ამპარტავნებისა გამო წარწყმდნენ, დიდი სურვილი აქვთ სხვებიც წარწყმიდონ. რადგანაც ამ ორი ადამიანის დაღუპვა ვერ შეძლეს, ითხოვეს, რომ უფალს მათთვის ღორების კოლტში შესვლის უფლება მაინც მიეცა, რაზედაც თანხმობა მიიღეს. კოლტმა ზღვის კბოდისაკენ იბრუნა პირი და წყალში შთაინთქა. ღორების მწყემსებმა ეს სურათი რომ იხილეს, ქალაქში. დაბრუნდნენ და ყველას უამბეს, რაც მოხდა. იესო ქრისტეს შესახვედრად მთელი ქალაქი გამოვიდა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ორი ადამიანის ბოროტი სულების ტყვეობისაგან განთავისუფლება გახარებოდა, უფალი ქალაქში მიეწვია და სნეულთა განკურნება ეთხოვა, მოსახლეობას ღორების კოლტი დაენანა და იესოს სთხოვა ამ ადგილებიდან წასულიყო. სამწუხაროდ, ადამიანები ძალიან ხშირად იმ ქალაქის მცხოვრებთა მსგავსად იქცევიან, ანუ თვითონვე ამბობენ უარს ღმერთთან სიახლოვეზე და ამის მიზეზი უმეცრება კი არაა, არამედ სიკეთისა და სიყვარულის უქონლობა, რის შედეგადაც წარმოშობილი სიბნელე ნათელს არ იღებს. მართალია, ნათელი და ბნელი ერთმანეთის გვერდით არიან, მაგრამ ურთიერთსაწინააღმდეგო ბუნების გამო ერთმანეთს ვერ შეერევიან. ადამიანმა თვითონ უარყო ღმერთიცა და მისი სიტყვაც, ანუ სახარება. განვლილ წლებში ხშირად იბეჭდებოდა ფსევდომეცნიერული ხასიათის წიგნები, რომელნიც თითქოსდა სახარების ტექსტში აღმოჩენილი წინააღმდეგობების საფუძველზე მასში გადმოცემული მოძღვრების ჭეშმარიტებას უარყოფდნენ. ამგვარი „მეცნიერული“ კვლევა მათეს სახარების ზემოხსესებულ ეპიზოდსაც შეეხო და იგი ნაყალბევად გამოაცხადა იმ მიზეზით, რომ ებრაელებს, რომელნიც ღორის ხორცს საერთოდ არ სჭამენ, ღორების კოლტი არ ეყოლებოდათ. მაგრამ მათ ავიწყდებოდათ, რომ მაშინ ებრაელები რომის იმპერიაში ცხოვრობდნენ და თავს ვაჭრობით ირჩენდნენ. მართალია, თვითონ არ ჭამდნენ ღორის ხორცს, მაგრამ ღორებს გასაყიდად და ფულის მოსაგებად მაინც ზრდიდნენ. ასე რომ, აქ ისტორიულ სინამდვილესა და სახარების ტექსტს შორის არავითარ წინააღმდეგობას არა აქვს ადგილი.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება. განსაკუთრებით კარგია 90-ე ფსალმუნის წაკითხვა დღეში რამდენჯერმე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბოროტი სული სამუდამოდ განიდევნება და მის წინააღმდეგ ბრძოლა აღარ იქნება საჭირო, რადგან, როგორც ვიცით, ამ ბრძოლისაგან თავისუფალნი თვით წმინდანებიც კი არ იყვნენ. წმიდა ანტონი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ როცა მას მაღალი წარმოდგენა შეექმნა საკუთარ თავზე და იფიქრა, ყველაზე დიდი სულიერი მამა და მოღვაწე ვარო, ღვთისგან ებრძანა, რომ წასულიყო ერთ-ერთ სოფელში, სადაც იგი ნახავდა ორ ქალს, რომელნიც მასზე მაღლა იდგნენ. წმიდა ანტონი წავიდა და მართლაც ნახა ორი გათხოვილი ქალი, რომელთაც მონაზვნობა სურდათ, მაგრამ ქმრებმა არ გაუშვეს და თავიანთი მორჩილებითა და ოჯახში მოღვაწეობით ისეთ სიწმიდეს მიაღწიეს, რომ წმიდა მამასაც კი აღემატებოდნენ. ასევე საინტერესოა ანტონი დიდის ცხოვრებიდან სხვა ეპიზოდიც. ერთხელ წმიდა მამამ, რომელიც უდაბნოში მიდიოდა, მიწაზე ძვირფასი ლითონის სინი შეამჩნია. სხვა ადამიანი აუცილებლად აიღებდა ამ სინს, წმ. ანტონი კი მიხვდა, რომ ბოროტმა სულმა დაუგო მახე, რადგან შეუძლებელი იყო ამ გაუვალ უდაბნოში ეს სინი ვინმე მგზავრს დავარდნოდა. მართლაც გადასახა თუ არა წმიდა მამამ ჯვარი სინს, იგი მაშინვე გაქრა.
ასე რომ, ბოროტი სული ყოველ ადამიანში დამკვიდრებას ცდილობს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ზოგი აძლევს მას ამის საშუალებას, ზოგი კი ებრძვის.
როცა ადამიანი სახარებაში მოხსენიებული ქალაქის მცხოვრებათა მსგავსად განდევნის ღმერთს, მაშინ მის სულიერ სამყაროში ადგილს ბოროტი სული დაიკავებს და მას თავის იარაღად აქცევს. ასეთი კაცი მხოლოდ სიძულვილს, ღვარძლსა და შურს თესავს, რადგანაც ესაა მისი მოვალეობა.
ღმერთმა მოგვცეს ძალა ბოროტ სულებთან ბრძოლისა და გვიხსნას მათი ზეგავლენისაგან.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად სქართველო! ამინ!
19 ივლისი, 1992 წ.