ყველაზე დიდებული და ძვირფასი, რაც უფალმა შექმნა, ადამიანია. მასთან შედარებით თვით მთელი ქვეყნის ერთად შეგროვილი სიმდიდრეც კი უფასურდება. ამიტომაცაა ადამიანის გული და გონება და საერთოდ იგი, ბრძოლის ასპარეზი კეთილსა და ბოროტს შორის. ღმერთმა, რომელიც სიყვარულია, კაცი სიყვარულისა და ნეტარებისათვის შექმნა, იმ ნეტარებისათვის, რომელიც მხოლოდ სულიერი ამაღლებით მიიღწევა. ადამიანი თავისი ბუნებით იმდენად დიდი და რთულია, რომ მისი ბოლომდე შეცნობა შეუძლებელია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან საკუთარი თავის შეცნობაზე, რომლისკენაც ჯერ კი ანტიკური დროის ფილოსოფოსები მოუწოდებდნენ, საერთოდ ხელი აიღოს. მართლაც, ყოველი ჩვენგანი მოვალეა დაფიქრდეს, საიდან მოვიდა, რისთვის მოვიდა და საითკენ მიდის. ჩვენ კი, სამწუხაროდ, უმეტესწილად საკუთარი თავის შეცნობას სხვათა შეცნობასაა და მათი ნაკლის დანახვას ვამჯობინებთ.
თავისი არსებობის მანძილზე კაცობრიობამ სცადა შეესწავლა თავისი თავი და ამ თვალსაზრისით გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ ბევრი რამ მაინც მიუღწეველი და დაფარული დარჩა. მაგალითად, დღემდე ვერავინ გასცა პასუხი კითხვას - რა არის სიცოცხლე! ბოლომდე ხორბლის ერთი მარცვლის საიდუმლოც კი ვერ ამოვიცანით. მართალია, ჩვენ შევძელით შეგვექმნა ხორბლის ხელოვნური მარცვალი, რომლის ქიმიური შედგენილობა იგივეა, რაც ბუნებრივი მარცვლისა, მაგრამ რომ დავთესოთ, არ ამოვა, რადგან მას ის საიდუმლო სიცოცხლისა, რომელსაც ჩვენი გონება ვერ წვდება, არ გააჩნია. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი აზროვნებს, მაგრამ თუ როგორ წარმოიშვება და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი - ამ კითხვაზე პასუხი ჯერაც არავის გაუცია. საღმრთო წერილში ძალიან ხშირად იხსენიება ადამიანის გული. 50-ე ფსალმუნში დავით მეფე უფალს ევედრება: გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. სხვაგან ნათქვამია: აზრი კეთილი და აზრი ბოროტი ადამიანის გულიდან გამოდის. ცნობილმა ფიზიოლოგმა პავლოვმა გულს დიდი გონება უწოდა. ჩვენ ვგრძნობთ, რომ გული ადამიანის განსაკუთრებული ორგანოა, რომელიც მხოლოდ ბრძანებს და ბრძანებას არ იღებს. გულს ყოველთვის თავისი აზრი და შეხედულება აქვს და არავის ძალუძს მას საკუთარი აზრი და შეხედულება მოახვიოს. როცა ვინმეს შესახებ ამბობენ, რომ იგი გამოსწორდა, ხშირად ეს გამოსწოდება მხოლოდ გარეგნული საქციელის შეცვლას გულისხმობს. შეიძლება ადამიანი იმ შეცდომებს, რომლებსაც ადრე უშვებდა, აღარ უშვებდეს, მაგრამ არავინ იცის მის გულში რა სუფევს, არავინ იცის მისი ზრახვანი. სწორედ ამიტომ უფალი ადამიანისგან არა ცოდნას, ან მდიდრულ შესაწირავს, არამედ გულს მოითხოვს. იგი ყველა ადამიანს ეუბნება: შვილო, მომეცი შენი გული. თუ გული ამისთვის მზად გვაქვს, მივართმევთ, მაგრამ თუ გული მზად არ გვაქვს, ვერ მივცემთ.
ხშირად ადამიანები ცდილობენ ორ ბატონს, - ბოროტებას და სიკეთეს ერთდროულად ემსახურონ, რაც შეუძლებელია, რადგან ღმერთი ჩვენგან არა ნახევარ გულს, არამედ მთელსა და თანაც განწმენდილს მოითხოვს. გულის განწმენდაში შემწეობა უფალს უნდა ვთხოვოთ, ისევე როგორც დავით წინასწარმეტყველმა სთხოვა: გული წმიდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო...
როგორც საღმრთო წერილი გვასწავლის, თუ ჩვენ ერთმანეთის მხოლოდ სახეს ვხედავთ, უფალი გულს ხედავს და ყოველ ადამიანს გულის მიხედვით განსჯის. თუ გულის სუფთა არა გვაქვს, სულ ამაოა ჩვენი ლოცვა, მარხვა და ეკლესიაში სიარული, ასევე ფუჭია და განუხორციელებელი ოცნება ცხონებაზე. გულის განწმენდა მხოლოდ საკუთარ შეცოდებათა დანახვითა და განცდით შეიძლება. ამიტომაც ევედრებოდა ეფრემ ასური ღმერთს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა თჳსთა ცოდვათა...
როგორც მოგეხსენებათ, ეფრემ ასურის ლოცვა სამი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში იგი ღმერთს სთხოვს ააშოროს სული უქმობისა, მთავრობისმოყვარებისა და ცუდად მეტყველებისა. ე.ი. პირველ რიგში ეფრემ ასური ღმერთს გულის განწმენდაში სთხოვს შემწეობას. ისევე როგორც გლეხი წმენდს ხოლმე თავის მამულს სანამ მას დაამუშავებდეს, თორემ თესლი ვერ აღმოცენდება და აუცილებლად დაიღუპება, ასევე უნდა განიწმინდოს გულიც უკეთესი ზრახვებისა და სურვილებისაგან. როგორც ღვინის ჩასხმამდე ჯერ ჭურჭელს ვრეცხთ, ასევე უნდა მოხდეს გულის შემთხვევაშიც. ამის შემდეგ ეფრემ ასური უკვე განწმენდილ გულში ღმერთს სიწმიდის დამკვიდრებას ევედრება. ხოლო სული სიწმინდისა, სიმდაბლისა და მორჩილებისა მომმადლე მე, მონასა შენსა. სულ ბოლოს კი უფლისგან საკუთარი ცოდვების განცდის ნიჭს ითხოვს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაჲ თჳსთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რაც გვირგვინია იმ სულიერი გეგმისა, რომლითაც ყოველი ადამიანი უნდა ცხონდეს. ვინც ამ გეგმას განახორციელებს, ის იმ სულიერ კიბეზე ავა, რომელიც იოანე კიბისაღმწერელმა აღგვიწერა, ვის ხსენებასაც დღეს ვდღესასწაულობთ.
როგორც სიტყვის დასაწყისში მოგახსენეთ, ყოველი ადამიანი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ასპარეზს წარმოადგენს. დღეს წირვაზე სახარების ის ადგილი იქნა წაკითხული, სადაც მოთხრობილია, რომ ერთმა კაცმა იესო ქრისტეს შვილი მიუყვანა, რომელიც სულით ავადმყოფი იყო და განკურნება სთხოვა, რაც მანამდე მოციქულებმა ვერ შეძლეს. მაცხოვარი შეჰყურებს შეწუხებულ მამას, მის ავადმყოფ შვილს, მოციქულებს, ხალხს და ამბობს: ჰოჲ, ნათესავი ურწმუნო, ხოლო შემდეგ მამას ეკითხება, სწამდა თუ არა იმისა, რომ შვილს განუკურნავდა. გატანჯული მამა პასუხობს: მრწამს, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. ეს პასუხი იმაზე მეტყველებს, რომ ეს კაცი თავის მცირედმორწმუნეობას თვითონ ხედავდა და გრძნობდა, მაგრამ არც მოციქულებს ჰქონდათ საკმარისი რწმენა იმისათვის, რომ სნეულში დაბუდებული ბოროტი სული განედევნათ. მამის რწმენასა და თავმდაბლობაში რომ დარწმუნდა, მაცხოვარმა ბოროტ სულს უბრძანა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა! როცა ავადმყოფი განიკურნა, უფალმა ბრძანა: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა. ე.ი. რწმენის გარდა ბოროტი სულის დასაძლევად და განსადევნად ლოცვაცა და მარხვაც ყოფილა საჭირო.
ბოროტი სულით შეპყრობილებს ჩვენ დღეს ფსიქიურად დაავადებულებს ვუწოდებთ, ხოლო მათ მკურნალ ექიმებს - ფსიქიატრებს. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად სულს ნიშნავს, მაგრამ როგორ უნდა შეძლონ თანამედროვე ფსიქოლოგებმა სულით ავადმყოფების განკურნება, როცა მათ თვით სული და მისი უკვდავება არა სწამთ.
და ბოლოს, ისევ შეგახსენებთ, რომ ადამიანის გული კარია, საიდანაც მასში კეთილი და ბოროტი როგორც შედის, ასევე გამოდის, ამიტომ თუ სულის განწმენდა გვსურს, პირველ რიგში გულის განწმენდაზე უნდა ვიზრუნოთ, ყოველი ჩვენგანი ერთმანეთის მიმართ ორგული კი არა, ერთგული უნდა იყოს და თითოეული ჩვენგანის გული, ნებისმიერ საზოგადოებაში როგორც ანთებული სანთელი ირგვლივ ნათელს უნდა ჰფენდეს.
ღმერთმა ინებოს, რომ მართლაც ანათებდეს თქვენი და ყოველთა ქართველთა გული.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ნათელი ქრისტეს განგვანათლებს ყოველთა, ამინ.
23 მარტი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.