დიდი დღეა დღეს. დღევანდელ დღეს წმიდა ეკლესია ზეიმობს ილიაობას, ილია წინასწარმეტყველის დღეს, რომელიც თავისი დიდი რწმენით, თავდადებით ისრაელში იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ქართველმა ერმა მრავალი ტაძარი ააშენა ილია წინასწარმეტყველის სახელზე, მის სახელს ატარებდა ჩვენი დიდი წინაპარი - ილია ჭავჭავაძე. ყოველ წელიწადს იგი დღესასწაულობდა წმიდა ილია წინასწარმეტყველის დღეს, ილიაობას.
ამიერიდან კი ჩვენ, ქართველები, წმიდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვა-კურთხევით, მუდამ ვიზეიმებთ ჩვენი ახალი წმიდანის, დიდი ქართველი მწერლის, საქართველოს უგვირგვინო მეფის, მისთვის წამებულისა და მისი გადამრჩენლის, ილია ჭავჭავაძის - ილია მართლის დღეს.
ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა იწყება საქართველოსთვის საბედისწერო ჟამს, როცა ჩვენმა სამშობლომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, როცა საქართველოს ეკლესიას მოჰკვეთეს თავი და დაუმორჩილეს რუსეთის ეკლესიის სინოდს, როცა ერის სული იყო ჩამკვდარი, სიწმიდე შელახული, - ბეთლემი უკაცური.
ამ დროს ღვთის განგებით მოგვევლინა ილია, როგორც წინასწარმეტყველი და მქადაგებელი, როგორც „ხმა მღაღადებელი უდაბნოსა შინა“, სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რათა ბიბლიურ მოსესავით აეღო მოწამებრივი ტვირთი ერის წინამძღვრისა.
მისი გენია, მისი საოცარი ნებისყოფა მირონცხებული და შინაგანად მომზადებული აღმოჩნდა ამ ისტორიული მისიისათვის.
თითქოს ილიაზე განმეორდა იერემია წინასწარმეტყველისადმი თქმული უფლის სიტყვები: „ვიდრე გამოხვიდოდი შენ საშოდან, მე განგწმიდე შენ, წინასწარმეტყველად ხალხთა დაგადგინე შენ“ (იერემია 1,4-5).
მან იტვირთა ჯვარი სრულიად საქართველოსი და შეუდგა გოლგოთის აღმართს.
მან გაბედულად აღიმაღლა ხმა ადამიანთა უფლებების დასაცავად, დაჰგმო სიკვდილით დასჯა, როგორც უმკაცრესი ზომა სამაგიეროს მიზღვისა, როგორც უკიდურესად მიწიერი და არაქრისტიანული ქმედება.
ილიამ იცოდა, დამოუკიდებლობისათვის ჩვენს ბრძოლასა და ეროვნულობის შენარჩუნებაში რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტიანულ რწმენას, ამიტომაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს ეკლესიისათვის უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალიის აღდგენის საქმეს.
სწამდა იმ ქვეყნისა, რომელიც ჯვარს ეცვა ჯვარცმული მაცხოვრისათვის, იმ ხალხის, რომელმაც თავის მკერდზე დაუდგა ქრისტიანობას საყდარი, ქვად საკუთარი ძვლები იხმარა, კირად - სისხლი, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ შემუსრავენ.
სწამდა, რომ მისი თანამედროვე საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას შეეძლო, რომელიც ასწავლის ხალხს გარჩევას კეთილისა და ბოროტისა, ცოდვისა და მადლისა, წვდომას ცხოვრების არსისა და მიზანისა, პიროვნების დანიშნულებისა, სიტკბოს ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ბედნიერებისა. იგი სულშეძრული წერდა:
„სად არის იგი მღაღადებელი
ქვეყნის ხსნისათვის, - ჭეშმარიტება?
სად არის იგი, ბიწის მდევნელი,
ჯვარცმულის ღმერთის მაღალი მცნება?“
ილიას ცხოვრების ეტლმა, ილია წინასწარმეტყველის ეტლის მსგავსად, ცეცხლის კვესებით გადაუარა საქართველოს ცას და წარუშლელი კვალი დატოვა.
გარდაცვალება არ ეთქმის მის სიკვდილს. ეს იყო ჯვარცმა და მწრაფლამაღლება, ეს იყო გარდასახვა, თითოეულ ქართველში განბნევა და მათში ერის სიყვარულად აღდგომა.
დიდებულად ბრძანა დიდმა აკაკიმ, თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მაშინ შენც მასთან ერთად უკვდავი იქნებიო.
ზეციური საქართველოს მკვიდრი, მიწიერი საქართველოს თანამდევი ილიას ნათელი, უკვდავი სული ჭეშმარიტად დღესაც თავს დაგვტრიალებს.
გვსურს ვაუწყოთ მრევლს, ჩვენს მორწმუნე ხალხს, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა აღასრულა თავისი ვალი და ილია ჭავჭავაძე - ილია მართალი, წმიდანად შერაცხა.
ამიერიდან მისი სული იკიაფებს იმ სათაყვანებელ თანავარსკვლავედში, გზას რომ უნათებს მრავალტანჯულ, მაგრამ სულიერად გაუტეხელ, ყოველგვარი ბოროტების წინაშე ქედუხრელ ქართველ ერს.
ეს არ არის უბრალო განჩინება, ეს არის დიდი განგება ღვითსა... წმიდა სამებამ - მამამ, ძემ და სულიწმიდამ გამოხატა თავისი ნება და გამოაჩინა ახალი ბრწყინვალე წმიდანი, რომელიც იქნება მფარველი ჩვენი ერისა. ეს წირვა არის მისი პირვვლი დღესასწაული. ქართველი ერი ზეიმობს ილია მართლის, როგორც წმიდანის დღეს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს ამაზე, რომ ჩვენთან არს ღმერთი.
უნდა ვიცოდეთ:
დიდი ილია ჭავჭავაძის წმიდანად შერაცხვა არ არის მხოლოდ აღიარება მისი დამსახურებისა (დამსახურება კი მისი ერისა და ეკლესიის წინაშე მეტად დიდია), ეს უფრო მეტია. როცა ხდება ამა თუ იმ პიროვნების წმიდანად კანონიზირება, ღვთის ლოცვა-კურთხევით, მას ეძლევა განსაკუთრებული მადლი, განსაკუთრებული ძალა ერის შეწევნისა. ამიერიდან წმიდა ილია ჭავჭავაძე - წმიდა ილია მართალი არის შუამდგომელი წინაშე ღვთისა ჩვენი ერისა და ეკლესიისათვის.
რით დაიმსახურა წმიდა ილია მართალმა ეს პატივი? რა თქმა უნდა, თავისი ღვაწლითა და მოწამებრივი აღსასრულით.
წმიდანად აღიარების შემდეგ ილია არის არა მარტო პოეტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, არამედ გამორჩეული მოძღვარი, მქადაგებელი სიკეთისა და სიმართლისა, რწმენისა. წმიდანად აღიარების შემდეგ იგი არის დიდი სულიერი მფარველი ჩვენი კულტურის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ახალგაზრდობის, ჩვენი მომავალი თაობებისა.
მე მინდა მოგილოცოთ ეს ბედნიერი დღე, მოგილოცოთ თქვენ და თქვენთან ერთად მივულოცო სრულიად საქართველოს.
ადამიანი და ერი სულიერად და ფიზიკურად ძლიერი რომ იყოს, ღვთის შიში და ლოცვის ძალა უნდა ჰქონდეს. ჩვენ დღეს წმიდა სამების განგებითა და ასევე, დედა ღვთისმშობლის ლოცვითა და მფარველობით, რომლის წილხვედრიც ჩვენი ერია. დიდი ძალა შეგვემატება.
წმიდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვით, წმიდა ილია მართლის ლოცვით, ღვთისმშობელმა დედამ დაიფაროს თავისი დედობრივი კალთით სრულიად საქართველო.
შემთხვევითი არ არის, რომ ილიას ეწოდა მართალი. უზენაესი სიმართლე საღვთო წერილის მიხედვით, არის ღმერთი და სიმართლის მქადაგებელი, უპირველეს ყოვლისა, თვითონ უნდა იყოს მატარებელი სიმართლისა. თვითონ უნდა ცხოვრობდეს ამ სიმართლით.
წმიდა ილია მართალი სწორედ ამ სიმართლით ცხოვრობდა და სიმართლეს ქადაგებდა.
სიმართლე არ შეიძლება დაეტიოს ერთ ადამიანში. ისევე, როგორც სიწმიდე და მადლი. ისიც იღვრება, ეფინება ხალხს, ილია მართალი დაადგა მაცხოვრის გზას ანუ გზას გოლგოთისა, რომელიც თუმც მძიმეა, მაგრამ აღდგომითა და ამაღლებით მთავრდება.
წიწამური ჩვენი წმიდა გოლგოთაა. სამსხვერპლოა ყველა იმათი, ვინც იცავს ჭეშმარიტებას, სიმართლეს.
შევსთხოვ ღმერთს, წმიდა ილია მართლის ლოცვით, უფრო მეტად განამტკიცოს ჩვენი ერი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, სიყვარულითა და სიკეთით.
შევსთხოვ წმიდა ილია მართალს, იყოს აწ და მარადის გამორჩეულად მფარველი ჩვენი ახალგაზრდობისა, ჩვენი სტუდენტობასა. ამიერიდან ჩვენი ახალგაზრდობა მიმართავს მას განსაკუთრებული ლოცვით, და წმიდა ილია მართალიც ღვთის წინაშე მისი მეოხი იქნება.
ორივე ილიას მადლი გეწეოდეთ, ღმერთმა დალოცოს ჩვენი დიდი წინაპარი, წმიდა ილია მართალი. ამიერიდან ის, როგორც ბრწყინვალე ვარსკვლავი ჩვენს წმიდანთა შორის ბრძანდება.
მისი შეწევნა არ მოგაკლოთ ღმერთმა თქვენ და სრულიად საქართველოს.
სვეტიცხოველი, 20 ივლისი (2 აგვისტო), 1987 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.