დღეს ეკლესიაში იგალობება საგალობელი: ჯვარსა შენსა თაყჟანსა ვსცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ. ჯვარი და აღდგომა! ერთი შეხედვით მათ შორის რა კავშირი უნდა არსებობდეს. ჯვარი, ვიდრე მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე გაეკვრებოდა, ყველაზე სამარცხვინო იარაღი იყო წამებისა და სიკვდილისა. ჯვარზე სიკვდილი იმდენად სამარცხვინოდ ითვლებოდა, რომ თუ ადამიანს რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, რაც არ უნდა დიდი დამნაშავე ყოფილიყო, მისი ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა, ამიტომაც იყო, რომ პეტრე მოციქული რომში ჯვარზე გააკრეს, ხოლო პავლე მოციქულს, რომელსაც რომის მოქალაქის წოდება ჰქონდა, თავი მოჰკვეთეს.
ჯვარი და აღდგომა მართლაც ორი უკიდურესობაა, ერთი დამცირებას, ტანჯვას, სიკვდილს გულისხმობს, მეორე დიდებით აღდგომასა და სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვას, უფალმა იესო ქრისტემ ჯვარი და აღდგომა ერთმანეთთან დააკავშირა და შეაერთა, ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯვარი იმგვარ უძლეველ იარაღად იქცა, რომელსაც ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ დაამარცხებს. ამიტომაცაა, რომ ყოველი მღვდელმოქმედება, ყოველი საიდუმლო და ყოველი ლოცვა, რომელიც ეკლესიაში სრულდება, ჯვრის გამოსახვით იწყება და მთავრდება. მაგრამ არის ჯვარი ქრისტესი და არის ჯვარი ადამიანისა, არის ჯვარი ხილული და არის ჯვარი უხილავი. საინტერესოა, რა კავშირშია ჩვენი ჯვარი ქრისტეს ჯვართან.
ყოველ ადამიანს, მიუხედავად იმისა, მორწმუნეა თუ არა იგი, თავისი ჯვარი აქვს, რომელსაც ღმერთი აძლევს. მაგრამ ჯვარი, რომელიც არაა დაკავშირებული ქრისტეს ჯვართან, ადამიანს ვერ აცხოვნებს. მართალია, ამ ჯვრის ზიდვისას, რომელიც თანდათან მძიმდება და აუტანელი ხდება, ადამიანი ფრიად იტანჯება, წვალობს, განიცდის, მაგრამ ამ დროს იგი უგვირგვინო მოწამეა, რადგან ამ ტანჯვა-წამებისათვის ღვთისგან გვირგვინს ვერ მიიღებს. ამიტომ ჩვენი ჯვარი აუცილებლად ქრისტეს ჯვარს უნდა დავუკავშიროთ. აი, რას ბრძანებს ამის შესახებ უფალი ჩვენი: რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე (მარკოზი 8,34). როგორც ვხედავთ, უფალი კი არ გვაიძულებს, რომ აუცილებლად შევუდგეთ მას, არამედ თავისუფალი არჩევანის უფლებას გვაძლევს, როცა ამბობს: რომელსაც ნებავს, ე.ი. სასუფეველი ან ჯოჯოხეთი ჩვენ თვითონ უნდა ავირჩიოთ და ჩვენს ცხონებაში მონაწილეობა ჩვენ თვითონ უნდა მივიღოთ.
შემდეგ: მოწოდება უფლის: უარყავ თავი შენი, იმ ცოდვების უარყოფას ნიშნავს, რომელიც ადამიანის სულს ზღუდავს და მასში ღვთის ხატს ამცირებს. ვინც ცოდვებს არ შეებრძოლება და არ უარყოფს, ის ვერც იმ ჯვარს აიღებს, რომელიც ქრისტეს ჯვართან იქნება დაკავშირებული.
მაშასადამე, ადამიანის სული რომ გადარჩეს, ამისთვის პირველ რიგში საჭიროა მას თვითონ ჰქონდეს სურვილი ამისა ანუ ღვთის შედგომისა, მეორე პირობას საკუთარი თავის უარყოფა ანუ ცოდვების დაძლევა წარმოადგენს, რაც საკუთარ თავში ეგოისტური მისწრაფებების ჩახშობასა და მადლის მოპოვებას გულისხმობს. ერთი დიდი მამა ამბობდა, რომ ადამიანი, რომელიც ქრისტეს თუნდ სულ მცირე მადლს მოიპოვებს, თვითონაც ცხონდება და მის გარშემო მყოფ მრავალ ადამიანსაც აცხოვნებსო. მადლმოსილი კი ისაა, ვისაც შეუძლია დამნაშავეს აპატიოს, დაჩაგრული შეიბრალოს, წაქცეულს ასადგომად ხელი გაუწოდოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ხდება ადამიანის გული ტაძარი სულისა წმიდისა. უნდა გვახსოვდეს, რომ ვინც მადლს ვერ მოიპოვვბს, მას ვერავითარი ლოცვა და მარხვა ვერ უშველის და მის გულში უფალი, რომელიც სიყვარულია, ვერ დამკვიდრდება,
მესამე პირობას სულის გადარჩენისა ჯვრის აღება წარმოადგენს, ოღონდ ეს ჯვარი საკუთარი უნდა იყოს. მიაქციეთ ყურადღება, რას გვეუბნება უფალი, აღიღენ ჯუარი თჳსი, ე.ი. შენი და არა სხვისი. შეგახსენებთ, რომ ჯვარში ის განსაცდელი იგულისხმება, რომელიც ადამიანს ცხოვრების გზაზე ხვდება. ძალიან ხშირად ჩვენ გვეჩვენება, რომ სხვისი ცხოვრების გზა ნაკლებად ეკლიანია და სხვისი განსაცდელი შედარებით მსუბუქი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ყოველ ჩვენგანს იმ ჯვარს აძლევს, რომლის ზიდვაც ჩვენს ძალას არ აღემატება.
თუ ჩვენი ერის წარსულს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ იმ დღიდან, რაც საქართველოში კვართი უფლისა იქნა მოტანილი და რაც ჩვენმა ხალხმა მოციქულთა ქადაგება მოისმინა და ქრისტეს გზას შეუდგა, უფალმა მას ჯვარი მისცა, რომელსაც დღესაც ეზიდება. თითქოს ეს ჯვარი განსაკუთრებით მძიმე იყო, მაგრამ იგი ერთადერთია, რომელმაც საქართველო გადაარჩინა, კვლავაც გადაარჩენს და აღდგომამდე და ამაღლებამდე მიიყვანს,
ზოგიერთს ეგონა, რომ საქართველოს გზა გოლგოთით დამთავრდებოდა, მაგრამ შეცდა. ღვთის მადლით, გოლგოთის გზის დასრულების შემდეგ მას აღდგომა და სულიერი ამაღლება ელოდება.
ჯვრის თაყვანისცემის დღეს განსაკუთრებით უნდა ვსთხოვოთ ჯფალს, რომ ჯვრის ზიდვაში შეგვეწიოს, რათა შუა გზაში არ დავრჩეთ, იგი ბოლომდე მივიტანოთ და აღდგომისა და ამაღლების ღირსნი გავხდეთ.
დღეს წაკითხულ სამოციქულოში, სახელდობრ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეს მე-4 თავში პავლე მოციქული ყოველ ქრისტიანს მოუწოდებს: მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდარსა მას მადლისათა, რათა მოვიღოთ წყალობაჲ და ვპოვოთ მადლი ჟამსა შეწყნარებისასა. რა შესანიშნავი სიტყვებია. მოუჴდეთ უკუე განცხადებულად საყდარსა მას მადლისათა, მაშასადამე, რწმენას გულში ფარულად კი არ უნდა ატარებდე, არამედ განცხადებულად, რათა ყველამ დაინახოს, რომ ქრისტიანი ხარ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ მადლსა ღვთისასა.
მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს, ამინ!
16 სექტემბერი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.